არჩევნები 2021: რატომ გვხვდება ქუჩებში ძირითადად "ქართული ოცნების" რეკლამები

თბილისსა და სხვა ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ლურჯი ფერი სჭარბობს - ქუჩებში ძირითადად "ქართული ოცნების" საარჩევნო ბილბორდებია გამოკრული; მხოლოდ აქა-იქ - ელისაშვილის “მოქალაქეებისა” და ინაშვილის “პატრიოტთა ალიანსის”.

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა - მესამე ძალამ”, “ევროპულმა საქართველომ”. წელს საერთოდ უარი თქვა ამომრჩევლებს ქუჩის ბილბორდებით მიმართოს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ახსენა ოპოზიციის გადაწყვეტილება და თქვა, რომ:

"ისინი არ იყენებენ გარე რეკლამისთვის განკუთვნილ სივრცეებს, მათ შორის არ აქვთ სარეკლამო ბილბორდები, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ისაუბრონ, თითქოს კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა და ამის არგუმენტად სარეკლამო სივრცეების თანაფარდობა მოიყვანონ”.

გასულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე და შესაბამისად, მაღალი შემოსავლის მიმღებ პარტია “ნაციონალური მოძრობას” საქართველოში არცერთი ბილბორდი არ აქვს გამოყენებული. იმის მიუხედავად, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, ამომრჩევლის მისაზიდად გარე რეკლამას არ იყენებს.

“პრიორიტეტების ამბავია. შეუზღუდავი რესურსები პირადი მიზნებისთვის ამ ქვეყანაში მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს, შესაბამისად აქვს ერთ ქუჩაზე 100 ბანერი. ჩვენ არ გვაქვს შეუზღუდავი რესურსი, რაც გვაქვს იმის შესაბამისად ჩავთვალეთ, რომ პრიორიტეტები არის სხვა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს პარტიის ახალი სახე, ნიკა ობოლაძე.

კითხვაზე, ბილბორდების გაკვრაზე უარი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება ხომ არ არის იმის საჩვენებლად, რომ ქუჩებში მხოლოდ “ქართული ოცნების” რეკლამა დარჩენილიყო, ობოლაძე ასე პასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეზღუდული რესურსების ამბავი. ის, რომ ქუჩაში არის მხოლოდ “ქართული ოცნების” ბილბორდები, წარმოაჩენს იმ პოლიტიკური სპექტრის სახეს, რაც გვყავს ქვეყანაში რესურსების კუთხით”.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი წერეთელი რადიო თავისუფლებას სამ მიზეზს უსახელებს იმის ასახსნელად, თუ რატომ თქვა პარტიამ წელს უარი ბილბორდების გამოკვრაზე:

  • გეგმავენ სოციალური მედია გამოიყენონ აქტიურად;
  • არ არის ქალაქში სასურველ ადგილებზე ბილბორდის განსათავსებლად თავისუფალი სივრცეები;
  • არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი.

"არ ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო შეთანხმების ნაწილი. ბევრი პარტია ალბათ იმავეს გიპასუხებთ, რასაც მე გპასუხობთ - არის ფინანსების პრობლემა... ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. ფინანსებთან ერთად მთავარი ისაა, რომ არაა ხელმისაწვდომი ადგილები", - ამბობს გიგი წერეთელი.

მხოლოდ თბილისში და მხოლოდ 12 ბილბორდი გამოაკრეს “მოქალაქეებმა”. პარტიის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს სარეკლამო სივრცის გამქირავებლებთან პრობლემა არ შექმნიათ. ელისაშვილს არ სჯერა სხვა ოპოზიციური პარტიების არგუმენტების:

“ნორმალურ კამპანიას ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდან. მე რასაც ვხედავ, მათი ნაწილი მეორე და მესამე ადგილისთვის იბრძვის და უფრო იმისთვის, რომ შემდეგ თქვას, რა ცუდად ჩატარდა კამპანია… ტყუილია, რომ ოპოზიციას ფული არ აქვს ბილბორდებისთვის, ჩვენზე მეტი ერიცხებათ ბიუჯეტიდან”.

თბილისში მხოლოდ რამდენიმე ბილბორდი აქვს გაკრული "პატრიოტთა ალიანსს". პარტიაში ამბობენ, რომ შეზღუდული ფინანსების გამო რეგიონებში გარე რეკლამის განსათავსებლად მხოლოდ რამდენიმე სივრცის დაქირავებას გეგმავენ.

"თვითმმართველობის არჩევნების დროს ასეთ ბილბორდებს ნაკლებად ვიყენებთ ხოლმე... ეს პანდემია ოპოზიციურ პარტიებს ურტყამს, თორემ მმართველი პარტია სახელისუფლებო რესურსებს იყენებს. მაინცდამაინც ახლა უნდებათ ბინების დაკანონება - როდესაც ასეთ რაღაცებს ვხედავთ, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და “ქართულმა ოცნებამ” აზრი დაუკარგა არჩევნებს”, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე.

წელს, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, “სტრატეგი აღმაშენებელი” ამომრჩეველს ახალ გაერთიანებას “მესამე ძალას” სთავაზობს. მესამე ძალაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სარეკლამო ბილბორდებს გამოიყენებენ თუ არა საარჩევნო კამპანიაში ჯერ უცნობია.

იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ერთი პარტია ასახელებდა ბილბორდების განთავსების სივრცეების პრობლემას, რადიო თავისუფლება მაინც დაუკავშირდა ყველაზე დიდ კომპანიას, “ალმას”, რომელიც მსგავს სერვისს სთავაზობს პარტიებს. კომპანიის დირექტორმა, როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტი უკავშირდებოდა, ტელეფონი გათიშა:

“არ მაქვს სურვილი მაშინ. მადლობა".

2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული წინასაარჩევნო პერიოდი 2 აგვისტოდან დაიწყო. სწორედ ამ დროიდან პარტიებს დამატებითი ვალდებულებები გაუჩნდათ - მათ აუდიტის სამსახურს მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ დეტალური ანგარიშები უნდა წარუდგინონ, მათ შორის სარეკლამო ხარჯების შესახებ.