რატომ გამორიყა სოხუმში ზღვამ ღორები?

სოხუმი

ამ დღეებში სოხუმის ზღვაში მობანავე ხალხის წინ მოულოდნელი და არცთუ სასიამოვნო სანახაობა გადაიშალა, ტალღებმა სანაპიროზე მკვდარი ცხოველები გამორიყა.

ლეშები აფხაზეთის ტელევიზიითაც აჩვენეს. რესპუბლიკის მთავარმა ექიმმა ალა ბელიაევამ ხალხი დააწყნარა, ცხოველებმა გახრწნა ვერ მოასწრეს, გამოიტანესო. ცხოველები ზღვაში აფხაზეთის მდინარეებმა, ან რომელიმე ერთმა მდინარემ ჩაიტანა. მათი დაღუპვიდან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული. „ეხო კავკაზა“ ალა ბელიაევას დაუკავშირდა.

„ჩვენს მდინარეებს რა არ ჩააქვთ ზღვაში. როდესაც სოხუმში მდინარე აძაფშს წმენდდნენ, იქიდან რა არ ამოიღეს: მაცივრები, სარეცხი მანქანები, დივანიც კი. ის მდინარეები, რომელთა ნაპირზეც ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებით ცუდ დღეშია. უკვე აღარ ვიცი, როგორ გავაგებინო მათ, რომ წყალში ნაგავი არ უნდა ჩაყარო“, - გვითხრა ალა ბელიაევამ.

მან უარყო ხალხში გავრცელებული ვერსია, რომ მკვდარი ღორები ზღვაში კახოვკის კაშხლის დანგრევის შედეგად მოხვდა: „რატომღაც დაასკვნეს, რომ ეს ღორები ჩვენთან იქიდან მოცურდნენ. კატასტროფა ორი კვირის წინ მოხდა, თან ცხელა. წარმოგიდგენიათ, აქამდე ეს უბედური ღორები რას დაემგვანებოდნენ?!“

- თუ არ ვცდები, ოდესაში კვლევები ჩაატარეს და ითქვა, რომ შავ ზღვაში წყალი უფრო გამტკნარდა. ჩვენამდე ეს ალბათ ვერ მოაღწევს.

- ვერა. იქ წყლის დინება ისეთია... დინებების რუკის ნახვა ინტერნეტშიც შეიძლება... ჩვენ საწინააღმდეგო მხარესაა მიმართული, ბულგარეთისკენ.

- წყლის გამტკნარება ალბათ დროებითია და ზღვა მარილიანობის ძველ დონეს დაიბრუნებს?

- რა თქმა უნდა. წყალი იმიტომ გამტკნარდა, რომ მოკლე დროში ზღვაში დიდი რაოდენობით წყალი ჩაიღვარა. დნეპრი ისედაც იქ ჩაედინებოდა, წყალსაცავში რამდენიმე მილიონი ტონა წყალი იყო დაგროვილი და ის მთლიანად ზღვაში აღმოჩნდა. ზღვა თავის ნიშნულს დაუბრუნდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.

ასევე ნახეთ დავისვენო წელს შავ ზღვაზე?

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.