24 ივლისს რუსეთის არმიის ავიაიერიშს უკრაინულ პორტ რენიზე, სერიოზული შეშფოთება მოჰყვა რუმინეთში. მდინარე დუნაის მარცხენა ნაპირზე მდებარე უკრაინული პორტი, სულ რაღაც 200 მეტრითაა დაშორებული რუმინეთის საზღვრიდან.
რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა, დაგმო რუსეთის საავიაციო თავდასხმა, რომელსაც უწოდა „სახიფათო ესკალაცია“ შავი ზღვის ვრცელ რეგიონში.
ექსპერტების შეფასებით, რენის დაბომბვა გაგრძელებაა რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშებისა, რომლითაც მოსკოვს სურს შეაფერხოს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრა.
მარცვლეულის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი
ორშაბათს თვითმხილველებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ტელეფონის საშუალებით გადაღებული ვიდეო, რომელზეც ნათლად ჩანს, თუ როგორ მეთოდურად ესხმიან თავს უპილოტო თვითმფრინავები, რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე რენის პორტსა და ქალაქ იზმაილს. ეს უკანასკნელი, რუმინეთის გარდა, მოლდოვასაც ესაზღვრება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვა პორტ რენის თავზე დრონების ჩამოყრას.
უკრაინის სამხრეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, დრონებმა ჩამოგდებამდე მოასწრეს და გაანადგურეს მარცვლეულის საწყობი.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული დრონების იერიშის შედეგად მცირედ დაზიანდა რუმინული კომერციული ხომალდი (მისი სახელი უწყებას არ გაუმჟღავნებია), ხოლო ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
საგარეო უწყების ცნობით, რუმინეთის არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა რენსა და იზმაილზე მომხდარი იერიშების დროს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ტვიტერზე დაგმო დუნაის პორტზე მიტანილი იერიში.
„გადაჭრით ვგმობ, რუსეთის მიერ რუმინეთიდან ძალიან ახლოს, დუნაიზე მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახლახან განხორციელებულ იერიშებს. ეს გავლენას ახდენს ასევე უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტსა და, შესაბამისად, სურსათის გლობალურ უსაფრთხოებაზე“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.
იოჰანისს, ცხადია, მხედველობაში ჰქონდა ის გარემოება, რომ დუნაიზე მდებარე რენის პორტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ომის დროს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თვალსაზრისით.
რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომამდე, დუნაიზე მდებარე რენისა და იზმაილის პორტებით ხომალდებისა და საქონლის მოძრაობა შესაბამისად 4 და 2%-ს შეადგენდა, ომის შემდეგ ძირითადად მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარჯზე, ეს მაჩვენებელი 33 და 28%-მდე გაიზარდა.
უკრაინული მარცვლეულ მეზობელ მოლდოვაში სახმელეთო გზით ხვდება. 2022 წელის ზაფხულში რეკონსტრუირებული ბესარაბიასკა-ბერეზინის რკინიგზით, რომელიც 25 წლის განმავლობაში უმოქმედოდ იყო.
ამის შემდეგ, უკრაინული მარცვლეული მოლდოვიდან ტრანზიტით, პორტ ჯურჯულეშტისა და რუმინეთის საზღვარზე საბაჟო პოსტების გავლით ევროკავშირის ბაზრებს აღწევს.
უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის შესამსუბუქებლად ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ (რუმინეთმა, პოლონეთმა, ბულგარეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა) მოლდოვასთან ერთად განიხილეს მექანიზმები, რომელთა ამოქმედებამაც ხელი უნდა შეუწყოს მარცვლეულის კრიზისის განმუხტვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
ამ პრობლემის მოგვარებაში მნიშვნელოვანი რგოლია დუნაიზე მდებარე უკრაინის პორტი რენი, რომელსაც დრონებით თავს დაესხა რუსეთი 24 ივლისს.
როგორც მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სახელმწიფო მდივანმა, ვასილე შერბანმა უთხრა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს, ხელისუფლება, კერძოდ, განიხილავს პორტ ჯუჯრულეშტიდან სახმელეთო გზით ტვირთების მოძრაობის განბლოკვის საკითხს.
„ეს გადაამისამართებდა მარცვლეულის ნაკადს რენის პორტში, მაგრამ სიტუაცია დღითი დღე იცვლება. ჩვენ ვხედავთ იერიშებს დუნაიზე მდებარე ინფრასტრუქტურაზე, ასე რომ, როგორადაც უნდა ვეცადოთ, ჩვენი გეგმები ვერ იქნება გრძელვადიანი, რადგან გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა შებანმა.
რუსეთი სამიზნედ აცხადებს უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს
რუსეთმა უკრაინის ოდესის ოლქში მდებარე საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევები წამოიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისს ამოიწურა „მარცვეულის შესახებ შეთანხმება“.
შეთანხმება უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტს.
რუსეთმა 18 ივლისიდან, უკრაინის სამხრეთში „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ, გაახშირა თავდასხმები ოდესასა და მის სანავსადგურო ინფრასტრუქტურაზე.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კრემლი თავს ესხმის ნავსადგურებს, რადგან ფიქრობს, რომ უკრაინა იქ სამხედრო აღჭურვილობას ინახავს.
ასევე ნახეთ ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ოდესაზე თავდასხმები გაახშირა, რადგან ვარაუდობს, რომ იქ უკრაინა იარაღს ინახავსბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა მარცვლეულის რამდენიმე საწყობი ჩერნომორსკის ნავსადგურში და ასევე - ოდესის ისტორიული ცენტრი.
მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, უკრაინული მედიის ცნობით, განადგურდა დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული, რომელიც მზად იყო გადასაზიდად.
კრემლი ამტკიცებს, რომ ოდესის რეგიონს უტევს 17 ივლისს, ღამით, ყირიმის ხიდზე მომხდარი თავდასხმის გამო.
მოსკოვმა განაცხადა, რომ არ დაუბრუნდება მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას, სანამ არ შესრულდება მისი პირობები, მათ შორის - ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის აღდგენა.
გარდა ამისა, 20 ივლისიდან, რუსეთი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ აცხადებს ყველა გემს, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან.
დღეიდან რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.
ასევე ნახეთ რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ წასვლას გადაწყვეტენუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ მიმართა.
ასევე ნახეთ უკრაინა-ნატოს საბჭო 26 ივლისს იმსჯელებს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზეგადაწყდა, რომ უკრაინა-ნატოს საბჭო 26 ივლისს განიხილავს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს იქნება საბჭოს პირველი სხდომა, რომლის შექმნა 12 ივლისს გამოცხადდა ვილნიუსში, ნატოს სამიტზე.
თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზად არის გამოყოს 1,5 მილიარდი ევრო რუსეთის საავიაციო იერშების შედეგად დაზარალებული კიევის, დონეცკისა და საპორტო ქალაქ ოდესის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.