Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-ნატოს საბჭო 26 ივლისს იმსჯელებს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე


მუშები მარცვლეულს ტვირთავენ უკრაინის ქალაქ იზმაილის პორტში. 26 აპრილი, 2023.
მუშები მარცვლეულს ტვირთავენ უკრაინის ქალაქ იზმაილის პორტში. 26 აპრილი, 2023.

უკრაინა-ნატოს საბჭო 26 ივლისს საგანგებო სხდომაზე განიხილავს შავი ზღვით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს. ღონისძიება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოიწვია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით.

შეხვედრა ელჩების დონეზე გაიმართება, იუწყება ტელეარხი RTBF ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელ ოანა ლუნგესკუზე დაყრდნობით. ეს იქნება საბჭოს პირველი სხდომა, რომლის შექმნა 12 ივლისს გამოცხადდა ვილნიუსში, ნატოს სამიტზე.

შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მას შემდეგ შეწყდა, რაც 17 ივლისს დასრულდა მარცვლეულის თაობაზე შეთანხმება რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორის. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ დაუბრუნდება შეთანხმებას, სანამ არ შესრულდება მისი პირობები, მათ შორის - ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ექსპლუატაციის აღდგენა.

კიევმა განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაბამისი ინიციატივები ანკარასა და გაეროს გაუგზავნა. ზელენსკის თანახმად, გაეროსა და თურქეთს შეუძლიათ ერთობლივად უზრუნველყონ სურსათის დერეფნის ფუნქციონირება.

XS
SM
MD
LG