„ხის მოჭრა მოგვიწევს“ - რატომ ატყდა აფხაზეთში დიდი ამბავი ერთი ცაცხვის გამო 

ცაცხვი ლიხნის ველზე

ეს დღეები აფხაზეთში სოციალური ქსელი სოფელ ლიხნის ცაცხვის ვიდეორგოლებმა წალეკა. კადრებში ჩანს, რომ უზარმაზარ ხეს ირგვლივ ხერხის კვალი ატყვია. ჩემს ფეისბუკგვერდზე ამ ვიდეოს ყოველი მეორე აზიარებდა. დებდნენ ახალ ამბებსაც, რომლებშიც ხის სამომავლო ბედთან დაკავშირებით ბიოლოგები მსჯელობდნენ. ითქვა, რომ ადგილზე გავიდა მთავრობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი.

ასევე ნახეთ ოკუპირებულ აფხაზეთში დაზიანებულ ცაცხვს წვეთოვანით კურნავენ

ვინც აფხაზური რეალობა არ იცის, შეიძლება გაოცდეს, რატომ ატყდა ამხელა ამბავი ერთი დაზიანებული ხის გამო. მთავარი აქ ხის სიძველე არაა (პოსტებისა და კომენტარების ავტორთა უმეტესობა ამბობდა, რომ ის ას ორმოცდაათ წელზე მეტისაა. აფხაზეთის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, წამყვანი აფხაზი ბოტანიკოსი სერგეი ბებია კი ირწმუნება, რომ ორასის), არამედ ის, რომ ეს ადგილი აფხაზებისთვის ისტორიული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, საკრალურიც კი. აფხაზეთის „სახალხო კრება“ ხშირად სწორედ ლიხნს უკავშირდება, ლიხნის ვრცელ ველს. მის ერთ მხარეს ძველი მართლმადიდებლური ტაძარია, მეორე მხარეს კი აფხაზეთის მთავრის სასახლის ნაშთები. ეს სასახლე 1866 წელს, ლიხნის აჯანყების შემდეგ დაანგრიეს.

1989 წლის 18 მარტს ამ ადგილას ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ სსრკ-ის ხელმძღვანელობას ე.წ. ლიხნის მიმართვა გაუგზავნეს. 1992 წელს კი ამ ცაცხვის ქვეშ ვლადისლავ არძინბა იდგა და ეროვნულ კრებას მიმართავდა. მაშინ კრება საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალების მიერ აფხაზეთში განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდა.

მაინც რა დაემართა ცაცხვს? როგორც მასმედიით გავრცელდა, 5 აპრილის საღამოს, ლიხნის ველზე მცხოვრებლებს ხერხვის ხმა მოესმათ, მაგრამ ვერც კი წარმოიდგინეს, რომ ცაცხვს ჭრიდნენ. შსს-ს გუდაუთის განყოფილების ხელმძღვანელმა ზოსმა გიცმამ განაცხადა, რომ უფლებადამცველები შემთხვევის ადგილას მივიდნენ და ყველა გამოკითხეს. სავარაუდოდ, მომხდარს ვანდალიზმის კვალიფიკაცია მიენიჭება, რასაც შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვეს. მან ასევე დაამატა, რომ გამოძიებაში ქვეყნის ყველა სამართალდამცავი ორგანოა ჩარეული. (მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რელიგიურ-საკულტო ადგილის წაბილწვისთვის“ დააკავეს ორი ადამიანი, რომელთა ვინაობა ცნობილი არაა. დანაშაულის მოტივები დადგენილი არ არის, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილავს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მონაწილეობას - რ.თ.)

ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის რომან დბარას აზრით, ცაცხვი ალბათ ვერ გადარჩება: „ახლა გაზაფხულია, ხეში წყალი დგება, ამის გამო მცირეა იმის ალბათობა, რომ ცაცხვი გადარჩეს...“, - თქვა მან და დაამატა: - „ლიხნის ველი ისტორიული ადგილია. ამ ხესთან იკრიბებოდა ხალხი ქვეყნის გადამწყვეტ მომენტებში. ეს ხე ხალხის შეუპოვრობასა და სულისკვეთებას გამოხატავს“.

იმავე აზრისაა ბოტანიკოსი სერგეი ბებიაც: „ხის მოჭრა მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის განმავლობაში გახმება. თუ მოვჭრით, შეიძლება ისევ ამოიყაროს“.

რა იყო ამ დანაშაულის მოტივი? სოციალურ ქსელში ერთ აზრზე არიან: „ხალხს სულში ჩააფურთხეს“. მაგრამ თუ ზოგმა ამაში მიზანმიმართული ქმედება დაინახა, სხვებმა თქვეს, რომ კონსპირაციული თეორიების ძებნა არ ღირს, რადგან, როგორც წესი, ასეთი ძიების დროს ვინმეს სისულელეს უფრო გადააწყდებიან ხოლმე: „პატრონი არაფერს ჰყავს, ვინ სად რას ჭრის, კაცმა არ იცის“.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დაზიანებულ ხესთან

მე დავურეკე ცნობილ აფხაზ ისტორიკოს სოსლან სალაყაიას:

„- ლიხნის აჯანყების დროს ეს ცაცხვი იქ უკვე იდგა?

-კი, იდგა. იქ იმართებოდა სახალხო სასამართლოები, მჭევრმეტყველებაში შეჯიბრებები... ის მართლაც ორასი წლისაა.

- სხვათა შორის, ასეთივე ცაცხვი მინდვრის მეორე მხარესაც იზრდება, ტაძართან.

- კი, კი, იქ ორი ცაცხვია. ერთხელ ვიღაცამ დაწერა, რომ იქ მუხაა და მას შემდეგ ასე მიუთითებდნენ. მაგრამ ლიხნის ველზე კავკასიური ცაცხვები ხარობს.

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდა? ახლა ყველა მკითხაობს.

- არ ვიცი, ალბათ, რაღაც პროვოკაციის მაგვარია. სხვაგვარად რა გამოდის: უცოდინრობით და უგუნურობით ამას ვინ იზამდა?

- მაგრამ პროვოკაციის აზრი რაშია? ვის წინააღმდეგაა ეს პროვოკაცია?

- იცით, ბევრი საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებს... შესაძლოა, ეს ძალზე კონსპირაციული თეორიაა, მაგრამ უბრალოდ ასე... ვის უნდა მოსვლოდა ეს თავში და თან არავის რომ არ დაუნახავს, ისე!“

დღეს ფეისბუკზე ფოტოს გადავაწყდი, ხალხი ცაცხვის ფონზე იდგა, იქვე წარწერაც იყო: „ლიხნის ველზე ხალხი დილიდან იკრიბება“.

აი, რამდენიმე კომენტარიც:

„ამ ხის მეშვეობით ერი სულიერად მაღლდება. იქ ხალხი ლოცულობს. რამდენად უტვინო უნდა იყო, რომ ასეთ რამეზე ხელი აღმართო“.

„მგონი, ეს მტრების ნიშანია - აი, ასე გადავხერხავთ თქვენს სახელმწიფოებასო“.

„სული მტკივა. ეს ჭრილი თითქოს ხეზე კი არა, გულზე გადამატარეს. ვერ ვიაზრებ, ეს რატომ და რისთვის მოხდა. ვინც ეს გააკეთა, არ ეპატიება“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.