Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში დაზიანებულ ცაცხვს წვეთოვანით კურნავენ


ეკოლოგებს ხის გაჯანსაღების იმედი აქვთ
ეკოლოგებს ხის გაჯანსაღების იმედი აქვთ

სოფელ ლიხნში კავკასიურ ცაცხვს ჩინური წარმოების პრეპარატით მკურნალობენ. 30 წვეთოვანი ხეზე ჩინელმა და აფხაზმა ეკოლოგებმა დაამაგრეს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიის „სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარის, საველ ჭითანავას თანახმად, პრეპარატი პეკინიდან მოსკოვში, შემდეგ კი აფხაზეთში ჩაიტანეს.

„ერთი კვირის შემდეგ კიდევ 30 წვეთოვანს დავუყენებთ და აღდგენის კურსს დავასრულებთ“, - განაცხადა ჭითანავამ.

მისი სიტყვებით, ეკოლოგებს სჯერათ, რომ ხე გაჯანსაღდება და მეორე გადასხმის შემდეგ გამოცოცხლების ნიშნები გამოჩნდება.

ამ ხეებს „აფხაზეთის სულიერ სიმბოლოს“ უწოდებენ. კავკასიური ცაცხვი 5 აპრილს ხერხით დააზიანეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა „“ეხო კავკაზაც წერდა. ხის გარშემო ნაჭდევის სიღრმე 20 სანტიმეტრია.

საქმე „ხის უკანონო ჭრის“ მუხლითაა აღძრული. ეჭვმიტანილი ძმები ირაკლი და დაურ ბაღათელიები 11 აპრილს დააკავეს. ირაკლის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, დაური კი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

19 აპრილს „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს" თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა) ცაცხვის ხის დაზიანებაში „დონეცკიდან აფხაზეთში ჩამოსული მართლმადიდებელი მღვდლის“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

მანამდე „აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოში" განაცხადეს, რომ რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, „მათ შორის უცხოური სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას, ასევე აფხაზეთში შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვას“.

XS
SM
MD
LG