რატომ არღვევს ევროკავშირი ჭურვების თაობაზე უკრაინისათვის მიცემულ პირობას?

საგამოძიებო პროექტ "სქემების" ფოტოკოლაჟი

ევროკავშირი, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოების შესაძლებლობების შეფასებისას, როგორც ჩანს, სასურველს რეალობად ასაღებს.

ასეთ დასკვნამდე მივიდა რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტი „სქემები“, რომელიც, ევროპელი ჟურნალისტების კონსორციუმთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა პასუხები შეკითხვაზე, მართალია თუ არა ევროკავშირის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებები საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების ზრდის ტემპის შესახებ და სრულდება თუ არა მათი დაპირებები უკრაინაში ჭურვების მიწოდების მოცულობასთან დაკავშირებით.

საბრძოლო მასალის მწარმოებლების და მყიდველების, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და უკრაინაში ოფიციალური პირების, პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველების გამოკითხვამ ცხადყო, რომ ევროპელ იარაღის მკეთებლებს ბრიუსელის მიერ განცხადებული საბრძოლო მასალების დაახლოებით ნახევრის წარმოება შეუძლიათ. ხოლო 2024 წლის ივნისის მონაცემებით, უკრაინამ ევროკავშირისგან დაპირებული ჭურვების მხოლოდ ნახევარი და ისიც საკმაოდ დაგვიანებით მიიღო.

„ევროპის საწარმო შესაძლებლობა წელიწადში 500 ათას ჭურვზე აშკარად ნაკლებია“

2024 წლის მარტში ევროკომისიამ განაცხადა, რომ მისი მუშაობის წყალობით, 155 მმ ჭურვების წარმოების ევროპულმა სიმძლავრემ ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე, იანვარში, წელიწადში 1 მილიონს მიაღწია.

სამი თვის შემდეგ, 2024 წლის ივნისში, ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტიერი ბრეტონმა კიდევ უფრო ამბიციური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამა წლის ბოლოსთვის ევროკავშირის მწარმოებლები, ჭურვების წარმოების სიმძლავრეს წელიწადში 1,7 მილიონამდე გაზრდიან, რაც შემდგომშიც გაგრძელდება. ამასთან, ევროპის იარაღის ინდუსტრიის ერთ-ერთი ანონიმი მაღალჩინოსნის თქმით, ამჟამინდელი სიმძლავრე დღემდე ამ მაჩვენებლის მხოლოდ მესამედით შემოიფარგლება.

დასავლური წარმოების 155-მილიმეტრიანი M-777 ჰაუბიცა მოქმედებაში. დონეცკის რეგიონში, 2022 წლის ნოემბერი

„ეს (ევროპული წარმოების სიმძლავრე - რედ.) 2024 წლისთვის ნამდვილად 500 ათას ჭურვზე ნაკლებია. აი, ასეთია ეს საერთო სიმძლავრეები. იგი ძალიან შორს არის იმ 1,4 მილიონსა თუ 1,7 მილიონ ჭურვზე, რომელზეც ბორელი და ბრეტონი საუბრობდნენ“, - განუცხადა ანონიმურობის დაცვით ევროპული ინდუსტრიის ინფორმირებულმა წარმომადგენელმა ნიდერლანდურ გამოცემა „ინვესტიგეიშენ დესკს“ (The Investigative Desk). „ძალიან ცუდი იდეაა საკუთარი თავის დარწმუნება და გადაწყვეტილების მიღება იმის გათვალისწინებით, რომ სამჯერ დიდი საწარმოო სიმძლავრე იქნება. შემდეგ კი შეიძლება მოულოდნელად აღმოჩნდეს, რომ ქარხნებიდან არაფერს უშვებენ და თქვენ ვერ უზრუნველყოფთ (ჭურვებით - რედ.) უკრაინას“.

ეს მტკიცებულება ემთხვევა კიდევ რამდენიმე, როგორც უკრაინელი, ისე ევროპელი ინფორმირებული წყაროს მონაცემებს. ისინი ივნისში ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ ჟურნალისტებს და, მათი შეფასებითაც, ევროპული ინდუსტრიის წლიური სიმძლავრე ნახევარ მილიონზე მეტ ჭურვს არ აღემატება.

„არ არის დასაბუთებული ევროკავშირის ლიდერების განცხადება, მიმდინარე წლის ბოლოსათვის მიღწეული საწარმოო სიმძლავრეების თაობაზე. წარმოების ზრდა მთელ ევროპაში ჩამორჩება, ხოლო ამჟამინდელი საერთო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 580 000 ჭურვს შეადგენს“, - განაცხადა წყარომ, რომელიც კარგად იცნობს ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის საარტილერიო წარმოებას.

კიდევ ორი დოკუმენტის თანახმად, წელიწადში ნახევარი მილიონი ჭურვით ფასდება ევროპული ინდუსტრიის საწარმოო შესაძლებლობა.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის დეკემბრის საჯარო ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წარმოების სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 600,000 საარტილერიო ჭურვით არის შეფასებული. ეს ინფორმაცია ასევე ემთხვევა 2024 წლის იანვრიდან - ივნისამდე პერიოდში გერმანული მწარმოებლის Rheinmetall-ის შეფასებას. კომპანიის ამ შიდა დოკუმენტში, რომელიც ჟურნალისტებმა მოიპოვეს, ნათქვამია, რომ დასავლეთ ევროპის იარაღის ყველა მწარმოებელს ერთად, წლის დასაწყისისთვის, წელიწადში დაახლოებით 550 ათასი ჭურვის წარმოება შეუძლია.

პრობლემას დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გლობალური დეფიციტი წარმოადგენს

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ არის შეუსაბამობა ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებებსა და მედიის დასკვნებს შორის, ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ მათი შეფასება ევროპული წარმოების შესაძლებლობების შესახებ ემყარება „ფაქტებს“ და ინდუსტრიაში „მიმდინარე ინვესტიციებს“ ითვალისწინებს.

ჟურნალისტურ კონსორციუმში რადიო თავისუფლების უკრაინული პროექტის „სქემების“ გარდა გაერთიანებულია რამდენიმე ევროპული გამოცემა: გერმანული „ველტი“ (Die Welt), ჩეხური „ინვესტიგაცე.ჩზ“ (Investigace.CZ), პოლონური „ვსქუარე“ (Vsquare) და „ფრონტსტორი“ (Frontstory.PL), ფინური „ილტალეჰტი“ (Iltalehti), სლოვაკური „იან კუციაკის ინვესტიგეიტივ სენტერ“ (Ján Kuciak Investigative Centre) და ნიდერლანდური „ინვესტი“ (The Invest).

იარაღის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების თქმით, პრობლემა მდგომარეობს დენთისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გლობალურ დეფიციტში, ასევე ინდუსტრიის დასაფინანსებლად სახსრების ნაკლებობაში, რადგან დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები დიდი ხალისით არ აწერენ ხელს ქარხნებთან გრძელვადიან კონტრაქტებს.

მაგრამ ევროკავშირის ხელმძღვანელობისა და იარაღის ინდუსტრიის წარმომადგენელმა მაღალი რანგის წყაროებმა, რომლებსაც „სქემები“ და მისი მედიაპარტნიორები დაუკავშირდნენ, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირის ბიუროკრატია დაადანაშაულეს. ხოლო საბრძოლო მასალების მიწოდების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად ანონიმურმა წყაროებმა ევროკავშირის მიერ საკუთარი წარმოების სიმძლავრის შეუსაბამო შეფასება დაასახელეს.

ამ ფონზე, უკრაინა, თავისი შეზღუდული საშუალებებით, დამოუკიდებლად ყიდულობს საბრძოლო მასალას და 2024 წლის მეორე ნახევარში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საჭირო 155 მმ-იანი ჭურვების საკუთარი სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს.

რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰქონდა მხოლოდ ერთი ცალი ნატოს სტანდარტის უკრაინული წარმოების „ბოჰდანი“, რომელსაც იმხანად მხოლოდ საცდელად იყენებდნენ.

ამავე დროს, უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრ კამიშინი თვლის, რომ მხოლოდ უკრაინა ვერასდროს შეძლებს ჭურვების შიდა საჭიროების დაკმაყოფილებას.

„ჩვენ ვერასდროს შევძლებთ იმდენი საბრძოლო მასალის წარმოებას, რამდენიც ახლა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სჭირდებათ“, - თქვა კამიშინმა „სქემებთან“ კომენტარში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ყოველთვიურად 200 ათასი ჭურვი სჭირდებათ, რასაც ერთად აღებული აშშ და ევროკავშირი ვერ აკმაყოფილებენ.

„ამ საჭიროების დაკმაყოფილება არ ძალუძს მთელ თავისუფალ სამყაროს, რადგან ჩვენი აქტიური ფრონტის ხაზი 1,5 ათას კილომეტრს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ ყოფილა“, - აგრძელებს თხრობას კამიშინი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც აუცილებლად ჩამოაშორებს ამერიკელებს საერთაშორისო საქმეებს, ხოლო ცალკეული პროგნოზის თანახმად, შესაძლოა, უკრაინისთვის დახმარების შემცირებაც გამოიწვიოს, - ევროკავშირის როლი ნატოს უსაფრთხოებაში უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე იყო.

155 მმ-ის კალიბრი, რომელიც ყველაფერს ცვლის

უკრაინამ, რომელსაც საწყობებში ადრე მხოლოდ საბჭოთა შეიარაღება ჰქონდა, რუსეთის სამხედრო აგრესიიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარებისა და მისი საბრძოლო მასალის (ჭურვების) მნიშვნელოვანი რაოდენობა.

მაგრამ ეს სწრაფად არ მომხდარა.

2022 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთის ჯარები უკრაინის საზღვრებთან იყვნენ განლაგებული და შეჭრისთვის ემზადებოდნენ, უკრაინის ხელისუფლება და მათი დასავლელი პარტნიორები რუსეთის აგრესიისგან ქვეყნის დასაცავად საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალას ეძებდნენ. იმ დროს უკრაინას შეიარაღებაში გააჩნდა დაახლოებით 1000 ერთეული122 მმ-იანი და 152 მმ-იანი არტილერია. რაც შეეხება ნატოს სტანდარტის 155 მმ-იან ქვემეხს, უკრაინას ჰქონდა მხოლოდ ერთი ცალი უკრაინული წარმოების ნატოს სტანდარტის „ბოჰდანი“, რომელსაც იმხანად მხოლოდ საცდელად იყენებდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი (სურათზე მარცხნივ) და უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი (მარჯვნივ). ბრიუსელი, 12 ოქტომბერი, 2022 წელი


უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის თქმით, სრულმასშტაბიანი რუსული ომის დაწყების წინა დღეს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ის საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალა შესთავაზა, რომელიც მათ თავის დროზე ავღანეთისთვის შეიძინეს და მთელ ევროკავშირში ინახავდნენ.

„ჩვენ ამერიკელებთან შევთანხმდით და, კონგრესის გადაწყვეტილებით, ევროპაში განლაგებულ მათ სამხედრო ბაზებზე ავღანეთის ოპერაციისათვის დაგროვილ საბჭოთა წარმოების შეიარაღებასა და საბრძოლო მასალაზე სრული დაშვების ნებართვა მივიღეთ“, - განუცხადა რეზნიკოვმა „სქემებს“ და დააზუსტა, რომ ეს იყო 152 მმ-იანი და 122 მმ-იანი კალიბრის საარტილერიო ქვემეხები, რომლებიც ავღანეთიდან ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციის შემდეგ იყო დაგროვილი აშშ-ის მოკავშირე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

რეზნიკოვი ირწმუნება, რომ ეს ჭურვები დაეხმარა უკრაინას, მაგრამ ისინი მალე ამოიწურა. და მალე ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კალიბრის საბრძოლო მასალის წარმოების შეზღუდული ევროპული შესაძლებლობები არ შეესაბამებოდა ფრონტზე მყოფი უკრაინის არმიის საჭიროებას.

რეზნიკოვის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, უკრაინა ყოველდღიურად მის ხელთ არსებული ყველა კალიბრის დაახლოებით 20,000 ჭურვს იყენებდა. რაც არის მესამედი იმისა, რასაც რუსეთი იყენებდა ბრძოლაში და რაც 12-ჯერ აღემატება 152 მმ-იანი და 122 მმ-იანი ჭურვების წარმოების მხრივ არსებულ, ევროპის ყოველდღიურ შესაძლებლობას.

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინამ მოახერხა დაერწმუნებინა დიდი ბრიტანეთი და აშშ, მიეწოდებინათ მისთვის 155-მილიმეტრიანი საარტილერიო დანადგარები და ამავე კალიბრის ჭურვები. მათი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის გახდა სიგნალი, რათა დაეწყოთ უკრაინისთვის მსგავსი იარაღის გადაცემა.

„სქემების“ კვლევის თანახმად, უკრაინას ამჟამად შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული სულ მცირე 12 ტიპის ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი, ასევე უკრაინაში დამზადებული, ნატოს სტანდარტის შესაბამისი 155 მმ-იანი თვითმავალი „ბოჰდანის“ კლასის ქვემეხი.

სამხედრო ანალიტიკოს ნიკოლაი ბელესკოვის თქმით, 500-600 ერთეულამდე გაიზარდა უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარების საერთო რაოდენობა, რაც რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინ, როგორც ზემოთ ითქვა, მხოლოდ ერთი ცალი იყო.

ასეთი ტიპის არტილერიის გამოჩენამ მეტი რწმენა შესძინა ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინის დამცველებს.

„მას (პოლონურ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "კრაბს" - რედ.) შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. მას შეუძლია გაანადგუროს აბსოლუტურად ნებისმიერი სამიზნე: ბლინდაჟები, სანგრები, დროებითი თუ გრძელვადიანი საცეცხლე წერტილები, ყაზარმები, მძიმე, საშუალო თუ მსუბუქი ტექნიკა და ქვეითი ჯარის ნაწილი“, - განუცხადა უკრაინის 40-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მებრძოლმა, ფსევდონიმით „არტურმა“, საგამოძიებო პროექტ „სქემებს“.

თუმცა, 155 მმ-იანი ჭურვები მაინც ვერ იქცა პანაცეად უკრაინისთვის. ამის მიზეზი, როგორც ზემოთ ითქვა, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებით წარმოქმნილი დეფიციტია. ნატოს სტანდარტის საბრძოლო მასალას უკრაინის არმია იმაზე სწრაფად იყენებს, ვიდრე ევროკავშირს შეუძლია თავისი რეზერვების შევსება.

ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სიმძლავრე ვერ უპასუხებს უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს, აშკარაა თავად ევროპული შეიარაღების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

„უკრაინაში ომის გამოცდილება გვიჩვენებს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე არსებულ უზარმაზარ მოთხოვნას. დასავლურ სამყაროში არსებული საწარმოო სიმძლავრეები არ შეესაბამება ამ მასშტაბის მოთხოვნებს“, - განაცხადა ივნისში იარაღის ერთ-ერთმა წამყვანმა ევროპელმა მწარმოებელმა კომპანია Rheinmetall-მა.

ევროკავშირი იღებს ზომებს სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად. თუმცა, ეს ძალისხმევა, როგორც ჩანს, არაა საკმარისი.

წელს, საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტის (ASAP) საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკომისიამ ევროკავშირში ჭურვებისა და ნედლეულის მწარმოებლებს 500 მილიონი ევრო გამოუყო. 2024 წლის მარტში ევროკომისიამ შეიმუშავა მეორე საინვესტიციო გეგმა - ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამა (EDIP), რომლის ღირებულებაა 1,5 მილიარდი ევროა.

მაგრამ რუსეთი უკვე რამდენიმე ნაბიჯით წინ არის.

მაშინაც კი, თუ ევროკავშირი 2024 წლის ბოლოსთვის 1,7 მილიონი ჭურვის მოცულობაზე გავა, როგორც ამას ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი ტიერი ბრეტონი ისახავს მიზნად, ეს მაინც იქნება რუსული საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების ამჟამინდელი სიმძლავრის ნახევარი. ამჟამად რუსეთის მიერ გამოშვებული საბჭოთა კალიბრის საარტილერიო დანადგარების საშუალო რაოდენობა წელიწადში 4-დან 4,5 მილიონამდე მერყეობს.

ტელეკომპანია CNN-ის წყაროების თანახმად, რუსეთი ყოველთვიურად აწარმოებს 250 ათასამდე საარტილერიო ჭურვს, ანუ წელიწადში დაახლოებით 3 მილიონს. ამას ემატება სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა.

ასევე ნახეთ

ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა - სეული

უკრაინის წინაშე მდგარი ამ საარტილერიო დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ევროკავშირისა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ჩეხეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გასული წლის ბოლოს აამოქმედეს ინიციატივა, რომელიც უკრაინისათვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას ითვალისწინებს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას თქმით, ყველაზე დიდი ფულადი წვლილი გერმანიამ, ნიდერლანდმა და დანიამ გაიღეს. საერთო ჯამში, ჩეხეთის ინიციატივას 20-მდე ქვეყანა შეუერთდა.

„უკრაინაში რამდენიმე ხნის წინ ჩავიდა ჩვენი ინიციატივით შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა“, - დაწერა 25 ივნისს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში) პეტრ ფიალამ.

ასევე ნახეთ

უკრაინაში ჩავიდა ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში შეძენილი საბრძოლო მასალის პირველი პარტია - პეტრ ფიალა
  • ნატოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, CNN-ს უთხრა, რომ რუსეთი ორ ცვლად, 24 საათის განმავლობაში ამუშავებს ჭურვების მწარმოებელ ქარხნებს და თავდაცვის სექტორში დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი, მაშინ როცა უკრაინაში ომის დაწყებამდე ეს რიცხვი 2-2,5 მილიონი იყო. გარდა ამისა, რუსეთი ამ საბრძოლო მასალებს იღებს ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან.
  • ამასთან, CNN-ის წყაროთა თანახმად, რუსულ სამხედრო მანქანას, რომელიც ამჟამად სრული დატვირთვით მუშაობს, აქვს შესაძლებლობების ზღვარი, რომელსაც, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის მიაღწევს.
  • CNN-ის ცნობით, დასავლეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ფრონტზე ყოველდღე ხარჯავს 10 ათასამდე საარტილერიო ჭურვს, ხოლო უკრაინა - დაახლოებით 2 ათასს, ფრონტის წინა ხაზის ზოგიერთ მონაკვეთზე კი - უფრო ნაკლებს.

ასევე ნახეთ

FT: სერბეთი ჭურვებს აწვდის უკრაინის მოკავშირეებს, პრეზიდენტ ვუჩიჩს არ აინტერესებს, შემდეგ რა ბედი ეწევა მათ