ცნობილმა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა მეჰმან ჰუსეინოვმა, რომელიც პოლიციის ცილისწამების ბრალდებით ციხეში ორწლიან სასჯელს იხდის, ორი კვირის წინ შიმშილობა გამოაცხადა. საკვებზე უარის თქმის მიზეზი გახდა 26 დეკემბერს ჰუსეინოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე. მას კოლონიის თანამშრომლის, ალი აბდალოვის, ცემაში ადანაშაულებენ. რომ არა ეს საქმე, ჰუსეინოვი 2019 წელს გათავისუფლდებოდა, მაგრამ ამ ბრალდების გამო შესაძლოა დამატებით 5-7 წელი მიუსაჯონ.
საქმის აღძვრის შემდეგ კოლონიის თანამშრომლებმა ბლოგერი კარცერში ჩასვეს. მან პროტესტის ნიშნად საკვებისა და წყლის მიღებაზე უარი განაცხადა.
მშრალ შიმშილობას ბლოგერმა 5 დღე გაუძლო, უკვე 30 დეკემბერს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ, ნათესავების დაჟინებული მოთხოვნით, ჰუსეინოვმა წყლის სმა დაიწყო, მაგრამ საკვებზე კიდევ კვირის განმავლობაში ამბობდა უარს.
7 იანვარს აზერბაიჯანის ომბუდსმენი ჰუსეინოვს ბაქოს საგამოძიებო იზოლატორში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ბლოგერმა შიმშილობაზე უარი თქვა და ხელი მოაწერა განცხადებას საპტოტესტო აქციის შეწყვეტის შესახებ. „ექიმის ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
მაგრამ ბლოგერის ადვოკატი, რომელმაც ის ასევე ინახულა 7 იანვარს, არ ადასტურებს, რომ ბლოგერმა საპროტესტო აქციაზე უარი თქვა. თავის ფეისბუკგვერდზე მან დაწერა, რომ ჰუსეინოვმა, ექიმების რჩევით, მცირე რაოდენობით რძის პროდუქტების მიღება დაიწყო, რადგან მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა.
მეჰმან ჰუსეინოვისა და და აზერბაიჯანის მთავრობის დაპირისპირება
სამი საათი პირქვე ვიყავი, თავზე ტომრით. მირტყამდნენ. ვგრძნობდი, რომ ცხვირიდან სისხლი მომდიოდა. ვითმენდი. სუნთქვა არ მყოფნიდა. მლანძღავდნენ.
ჰუსეინოვი აზერბაიჯანში მამხილებელი ვიდეორგოლებით იყო ცნობილი. მან ვიდეორეპორტაჟების მთელი სერია მოამზადა მთავრობის უმაღლესი ეშელონების კორუფციასთან კავშირის შესახებ. საუბარია მინისტრებზე, დეპუტატებსა და ოლიგარქებზე. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული იყო.
ხელისუფლებამ არაერთხელ აღძრა საქმე ჰუსეინოვზე და მისი საქმიანობის შეზღუდვას შეეცადა. პირველი სისხლის სამართლის საქმე ბლოგერის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2012 წელს აღიძრა: მაშინ მეჰმანი ხულიგნობაში დაადანაშაულეს - კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფასა და ძალის გამოყენებაში. ჰუსეინოვს აზერბაიჯანიდან გასვლა აეკრძალა.
ემირ ჰუსეინოვმა, რომელიც „რეპორტიორების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი და ბრალდებულის ძმაა, განაცხადა, რომ მის ძმას პოლიტიკური მოტივით დევნიან, ხოლო ბლოგერის ახლობლები ამბობდნენ, რომ მეჰმანის საქმეს იყენებდნენ მის ძმაზე ზეწოლისთვის. ის ოპოზიციონერი ჟურნალისტია და ამჯერად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
2017 წლის იანვარში ჰუსეინოვი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა გაურკვეველმა პირებმა პირდაპირ ბაქოს ცენტრში დააკავეს. ბლოგერი ის-ის იყო კაფედან გამოვიდა და მეგობრებთან შესახვედრად მიიჩქაროდა. მას რამდენიმე ადამიანი მიეჭრა, პირი დაუმუწა, მანქანაში ჩატენა და თავზე ტომარა ჩამოაცვა.
„სამი საათი პირქვე ვიყავი, თავზე ტომრით. მირტყამდნენ. ვგრძნობდი, რომ ცხვირიდან სისხლი მომდიოდა. ვითმენდი. სუნთქვა არ მყოფნიდა. მლანძღავდნენ“, - ჰყვებოდა შემდეგ ბლოგერი.
შემდეგ პოლიციამ სასამართლოზე აღიარა, რომ ჰუსეინოვი პოლიციელებმა დააკავეს და ბლოგერის წინააღმდეგ შემხვედრი ბრალდებაც წამოაყენა. მისი ვერსიით, ის თავდასხმის გამო იყო დაკავებული და „გააფთრებული დაუმორჩილებლობა“ გაუწია პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.
Your browser doesn’t support HTML5
პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ ჰუსეინოვი 200 მანათით (120 დოლარი) დააჯარიმა. ამის პასუხად, ჰუსეინოვმა, რომელიც სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებოდა, გადაწყვიტა ჯარიმის გადახდა აქციად ექცია: მან განაცხადა, რომ განზრახული აქვს ჯარიმა რაც შეიძლება წვრილი ფულით გადაიხადოს. ბლოგერის მხარდაჭერის ნიშნად ბევრ მის თაყვანისმცემელს ხურდა ფული მოჰქონდა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ, რომლის წინააღმდეგაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ასევე სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული, „Carrernt Time“-ს მოუთხრო, რომ ჰუსეინოვის საქმეში „ბოლო წვეთი“ ის გამოკითხვა გახდა, რომელიც მან 2017 წელს ბაქოს ქუჩებში ჩაატარა. ბლოგერი აზერბაიჯანის მოქალაქეებს ეკითხებოდა: „წარმოების ხელმძღვანელი რომ იყოთ, ცოლს მოადგილედ დაინიშნავდით?“. გამოკითხვაში კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ჰუსეინოვმა იგულისხმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ბრძანება, რომლის თანახმადაც, მან საკუთარი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა.
ამ ვიდეოგამოკითხვის შემდეგ სამართალდამცველმა ორგანოებმა ჰუსეინოვს გაახსენეს მისი სიტყვები, თითქოსდა დაკავებისას პოლიციელებმა აწამეს. მის წინააღმდეგ მორიგი საქმე აღძრეს - ცილისწამების ბრალდებით, განაცხადეს რა, რომ ის არ უწამებიათ. 2017 წლის მარტში ბაქოს სასამართლომ ჰუსეინოვს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2019 წლის გაზაფხულზე ის უკვე გარეთ უნდა გამოსულიყო.
რა შეიძლება გამოიწვიოს ჰუსეინოვის შიმშილობამ
შიმშილობამ, რომელიც მეჰმანმა გამოაცხადა, უკვე გამოიწვია ოპოზიციის პროტესტი აზერბაიჯანში, მაგრამ ხელისუფლება უხეშად ახშობს ნებისმიერ მცდელობას ჰუსეინოვის საქმე და მისი ციხეში ყოფნის პირობები ყურადღების ცენტრში მოექცეს.
სამწუხაროდ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალი ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიმართულია ცნობილი უფლებადამცველის, რომელსაც ჩვენ პოლიტპატიმრად ვთვლით, გასაჩუმელად.ევროსაბჭოს წარმომადგენლები
3 იანვარს ჰუსეინოვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის 4 მონაწილეს ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს, კიდევ ოთხი კი დააჯარიმეს.
6 იანვარს აქტივისტების მორიგი ჯგუფი შეეცადა ბაქოს სააპელაციო სასამართლოს წინ ბლოგერის მხარდასაჭერად კიდევ ერთი პიკეტი მოეწყოთ. პოლიციამ აქცია აღკვეთა. ექვსი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორი, მეთე თიურქსოი, დააკავეს. 7 იანვარს სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 513.1-ე მუხლით (შეკრების წესების დარღვევა) და 513.2-ე მუხლით (შეკრების წესების დარღვევაში მონაწილეობა). ჟურნალისტს Monitor TV-დან, ისმაილ ისლამოღლუს, და აქტივისტ გოშგარ ახმედოვს 20 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო მეთე თიურქსოის, როგორც ორგანიზატორს, - 25 დღე. კიდევ სამი ადამიანი დაჯარიმდა 400 მანათით (240 დოლარი) და იაშარ ჰასპოლადოვი - 450 მანათით (270 დოლარი).
ოპოზიციურმა პარტია „მუსავათმა“, ჰუსეინოვისა და კიდევ ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით, 12 იანვარს, 15.00 საათზე, მიტინგი დანიშნა. სად ჩატარედება აქცია, ჯერჯერობით უცნობია.
ჰუსეინოვის გათავისუფლებას აშშ-ის რამდენიმე სენატორი ითხოვს, მათ შორის მარკო რუბიო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა აზერბაიჯანის მონიტორინგის მიმართულებით როჯერ გეილმა (დიდი ბრიტანეთი) და შტეფან შენახმა (ავსტრია) ასევე გამოხატეს თავიანთი შეშფოთება ჰუსეინოვის ახალი ბრალდების გამო და მოუწოდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას აბსოლუტური პრიორიტეტი მიანიჭოს მისი საქმის განხილვას.
„სამწუხაროდ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალი ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიმართულია ცნობილი უფლებადამცველის, რომელსაც ჩვენ პოლიტპატიმრად ვთვლით, გასაჩუმელად“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
ჰუსეინოვის შიმშილობამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღებაც მიიპყრო: ბევრმა გამოხატა მეჰმანის მხარდაჭერა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს მისი გათავისუფლება მოსთხოვა.
ჰუსეინოვი ერთადერთი ჟურნალისტი არ არის, ვისაც აზერბაიჯანში დევნიან
ორგანიზაციას „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიაჩნია, რომ „აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 2014 წლიდან მოყოლებული სასტიკი ბრძოლა აქვს გაჩაღებული ოპონენტების წინააღმდეგ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შეურაცხყოფენ, სცემენ, აშანტაჟებენ ან ცდილობენ მოისყიდონ. თუ ეს ყველაფერი უშედეგოდ რჩება, ციხეში ყრიან. დამოუკიდებელ მედიას, როგორიც არის, მაგალითად, „სარკე“ ან რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიურო, ეკონომიკური მეთოდებით ახრჩობენ ან, უბრალოდ, ხურავენ, ხოლო ჟურნალისტებს - ისეთებს, როგორიცაა ემინ მილი ან განიმათ ზაჰიდი - აიძულებენ ქვეყნიდან წავიდნენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში 10 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ჰუსეინოვის გარდა დაპატიმრებულია ასევე თბილისში მოტაცებული და ბაქოში მალულად გადმოყვანილი აფგან მუხთარლი, აფგან სადიგოვი, არაზ გულიევი, აზიზ ორუჯევი, ელქინ ისმაილი, ფიქრეთ ფარამაზოღლი, ნიჯათ ალიევი, სეიმურ ჰაზი და ზია ასადლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინააღმდეგ აღძრული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო ხადიჯა ისმაილოვას პროცესი. ის რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროსთან თანამშრომლობდა (მსს-ის ოფისი ბაქოში აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრძანებით დაიხურა). ისმაილოვამ გამოააშკარავა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ პრეზიდენტის ოჯახს მისცა უფლება დაემუშავებინა მომგებიანი ოქროს საბადო, ასევე ის, რომ ალიევის ორი ქალიშვილი ობშორული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტელეკომ-ოპერატორს - Azercell-ს.
ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, 2015 წელს, ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტი ბრალეულად ცნო გაფლანგვასა და ასევე დანაშაულში გადასახადების კუთხით. მას შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც შემდეგ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. ჟურნალისტს დღემდე აკრძალული აქვს ქვეყნის დატოვება.
რადიო თავისუფლების ბიუროს დახურვის გარდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეაჩერა დამოუკიდებელი ახალი ამბების სააგენტო Turan-ის მუშაობა. გარდა ამისა, იდევნებიან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.