რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო 4 წლის გოგონა ოჯახში

როგორ უნდა მოიქცეს სოციალური მუშაკი და საპატრულო პოლიცია, რომ ოჯახში სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გადარჩეს და მარტო არ დარჩეს მაგალითად, მოძალადე მშობლის პირისპირ? სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სოციალური მუშაკების საქმიანობის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს კონკრეტული კანონი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების შესახებ“, რომელიც 2016 წელსაა მიღებული. კანონში დეტალურადაა გაწერილი ის საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს სოციალურმა მუშაკმა და საპატრულო პოლიციამ იმისათვის, რომ ბავშვი დაიცვას ოჯახში ძალადობისგან.

ანუ, აქსიომაა, რომ ბავშვს, რომელიც შესაძლოა იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო უნდა იცავდეს. თუმცა, შეიძლება ისეც აღმოჩნდეს, რომ მიუხედავად ფიზიკური დაზიანებებისა და მშობლისათვის გამოწერილი შემაკავებელი ორდერისა, ბავშვი ისევ შესაძლო მოძალადე მშობლის გვერდით დარჩეს. რამდენიმე დღეში კი ის დაუდგენელ ვითარებაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალოს.

ასევე ნახეთ დატოვა თუ არა სისტემამ უყურადღებოდ 4 წლის გოგონა?

თუკი „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ კანონის მეთორმეტე მუხლს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ დეტალურადაა გაწერილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა.

რას აკეთებს სააგენტო ასეთ დრო? - კანონის განმარტება

  • შეტყობინების შესვლისთანავე სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან.
  • თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემთხვევას, ის დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
  • ბავშვზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბავშვი განცალკევდება მოძალადისგან.
  • მშობლისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.
  • გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლისა და სხვა ისეთი პირების გამოკითხვას, რომლებსაც შეუძლიათ სასარგებლო ინფორმაცია მისცენ პოლიციის თანამშრომელს/სოციალურ მუშაკს, საჭიროების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციას გადის ადგილზე მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმთან. ამის საფუძველზე პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი აფასებს შემთხვევას და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის განცალკევების შესახებ.
  • სოციალური მუშაკი ამ პროცედურებით დადგენილი წესით განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

როგორ აღასრულა კანონი პოლიციამ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 4 წლის გოგონას შემთხვევაში, რომელიც 22 იანვარს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა და რომლის დედასაც 16 დღით ადრე, პოლიციამ ბავშვზე ძალადობის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა?

შედეგი - ანუ, ბავშვის გარდაცვალება, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კანონი ვერ იქნა სათანადოდ აღსრულებული და 4 წლის გოგონა სისტემამ მარტო დატოვა. მიუხედავად შემაკავებელი ორდერისა, მიუხედავად საავადმყოფოში გატარებული ორი დღისა, 8 იანვარს, სოციალური მუშაკის თანდასწრებით, გოგონა კვლავ იმ სახლში დაბრუნდა, საიდანაც ღიად გამოხატული ფიზიკური დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იაშვილის კლინიკის ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს, რომ გოგონას გაწერის დღეს, 8 იანვარს, საავადმყოფოში იმყოფებოდა სოციალური მუშაკი.

არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა?

ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდება ქვეყანაში სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დღეს 239 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათ შორის 87 თბილისში. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა.

მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი და ისან-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს წევრი რადიო თავისუფლებასთან საუბრობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც მას წლების განმავლობაში დაუგროვდა ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სოციალური მუშაკების საქმიანობის მიმართულებით.

პირველ რიგში, მაია მგელიაშვილი ცალსახად აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციისას, ანუ, მაშინ, როდესაც საქმე ეხება მშობლის მიმართ გამოწერილ შემაკავებელ ორდერს, ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ ოჯახიდან: „ასეთ დროს სოციალური მუშაკი დაუყოვნებლივ იძიებს ან ახლო ნათესავს, სადაც ბავშვი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ან განისაზღვრება ალტერნატიული ზრუნვის ფორმა, მათ შორის მინდობითი აღზრდა ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულება, სადაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ბავშვის გადაყვანა“.

რაც შეეხება ე.წ. რუტინულ შემთხვევას, როდესაც არსებობს ეჭვი შესაძლო ძალადობის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტო კონკრეტულ საქმეს აწერს სოციალურ მუშაკს, რომელიც მიდის მისამართზე და იწყებს გამოკვლევას და ინფორმაციის შეგროვებას შესაძლო ძალადობის შემთხვევაზე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მწირია სოციალური მუშაკების რაოდენობა, მაია მგელიაშვილის თქმით, ხშირად დედაქალაქში, თითო მუშაკს 70-80 საქმე ეწერება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ფაქტებზე დროულ და სათანადო რეაგირებას: „დღეს კანონმდებლობით არ რეგულირდება თუ რამდენი საქმე შეიძლება ჰქონდეს დაწერილი ერთ სოციალურ მუშაკს, თუმცა, სოციალური მუშაობის თეორიაში განსაზღვრულია, რომ საქმეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. თუკი სოციალური მუშაკების რაოდენობა არ გაიზარდა, რეაგირების თვალსაზრისით სიტუაცია ვერ შეიცვლება. სავარაუდო ძალადობის ფაქტების შეტყობინების შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია, რომ თავდაპირველად თვეში რამდენჯერმე და შემდეგ უკვე თვეში მინიმუმ ერთხელ აწარმოოს ოჯახის მონიტორინგი, თუმცა, ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, ხშირად უწევთ დიდ დისტანციაზე სიარული, მათ არ ემსახურება მანქანა და არ აქვთ გამოყოფილი თანხა გზის ხარჯების დასაფარად“, - ამბობს მაია მგელიაშვილი.

4 წლის ნინოს გარდაცვალების საქმეში სოციალური მუშაკების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა ორი დღის წინ დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე სოციალური მომსახურების სააგენტო კომენტარს არ აკეთებს.

ასევე ნახეთ 4 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ კავთისხევში გადაასვენეს

რაც შეეხება კიდევ ორ მცირეწლოვანს, რომლებიც 4 წლის გოგონასთან ერთად ცხოვრობდნენ, ისინი 22 იანვარს მინდობით აღზრდაში გადაიყვანა სოციალური მომსახურების სააგენტომ.