გიორგი გვახარიას სტუმრები არიან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები - თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი და ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ისინი განმარტავენ სახალხო დამცველის პოზიციას ბურკის აკრძალვის საკითხზე და გვიამბობენ, როგორ წარიმართება პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი, ლობირებს.
გადაცემის სტუმრების თქმით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი აცხადებს, რომ ბურკის ტარების აკრძალვა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ამყოფებს მუსლიმ ქალებს, რომლებსაც ისედაც დიდი წნეხი აქვთ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და ოჯახის მხრიდან, ნიქაბისა და ბურკის აკრძალვა კი უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას - მათ შესაძლოა ვეღარ შეძლონ საჯარო ადგილებში თავისუფალი გადაადგილება.
კანონპროექტის მიხედვით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ისჯება და სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა ეკისრება. არის მოსაზრება, რომ კანონი არა მარტო დისკრიმინაციულია, არამედ მისი მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ტურისტულ ბიზნესს საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ დაფარული სახით სიარული საფრანგეთსა და ბელგიაში აკრძალულია, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ელოდება საფრანგეთისა და ბელგიის ხელისუფლებისგან განმარტებას, რატომ მიიღეს დისკრიმინაციული კანონი და აპირებენ თუ არა მის შეცვლას.