იმ დროს, როდესაც თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი ნახევრად ცარიელია, ასობით ადამიანი ღამეს ქუჩაში ათევს. რატომ არ მიდიან ისინი თავშესაფარში?
მაია მათიაშვილთან ერთად მის ახალ კარავში ვზივარ. ძირს რამდენიმე საბანი ერთმანეთზეა დაგებული, რამდენიმე წამოხურული აქვს, მეც თბილად მაცვია, მაგრამ დილაა და მაინც ძალიან ცივა. სტაფილოსფერი კარვიდან, რომელიც გუშინ მოხალისეებმა აჩუქეს, პირდაპირ საპატრიარქოს გალავანს ვუყურებ. 52 წლის მაია უკვე წლებია, რაც აქ, პატარა სკვერში, ცხოვრობს.
ქუჩაში იშვიათად გადის, მხოლოდ მაშინ, როცა საკვები შემოაკლდება და მოწყალება უნდა ითხოვოს. როცა ვეკითხები, თავშესაფარში წასვლას ასეთი ცხოვრება რატომ ურჩევნია, მიპასუხებს: იქ „ათასი გათახსირებულია“, თუმცა ამას ვისზე ამბობს და რისი შიში აქვს, კარგად ვერ მიხსნის. მისმა მეხსიერებამ ძველი ამბები უკეთ შემოინახა, ვიდრე ბოლო წლების მოვლენები.
მაიას “მეზობლად” 61 წლის ოთარ ლობჟანიძე ცხოვრობს. შიგადაშიგ ოთარი თვალს ადევნებს, რომ მაიამ გასათბობად მთელ თავის ქონებას ცეცხლი არ წაუკიდოს. თავად ოთარი ხან აქ, საპატრიარქოს ბაღში, ათევს ღამეს, ხან მიტოვებულ შენობას აფარებს თავს, მაგრამ თავშესაფარში დაბრუნება აზრადაც არ მოსდის.
Your browser doesn’t support HTML5
„როგორც კარგ და დამპალ ვაშლს, ისე არჩევენ ადამიანებს ერთმანეთისგან“, - მეუბნება ოთარი და მიამბობს, როგორ მიიყვანა შარშან პატრულის მანქანამ ის და კიდევ ერთი კაცი თავშესაფარში. „ორივეს თითს გვიშვერდნენ [მიმღების თანამშრომლები] და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ესეც ქუჩაში ცხოვრობს და ესეცო. მის გასაგონად ამბობდნენ, რომ ყარს. ასეთი რამე როგორ შეიძლება უთხრა კაცს?!” - ოთარი ახლაც ნაწყენია თავშესაფრის თანამშრომლების ქედმაღლური და გულგრილი დამოკიდებულების გამო. მაშინ ის თავშესაფარში ერთი თვე დარჩა.
ერთი თვის თავზე არაყი დალია და თავშესაფრიდანაც გამოუშვეს. „შეიძლება იყო მთვრალი და შეიძლება იყო დალეული. მე ვიყავი დალეული, მაგრამ არ მომისმინეს, გამომიშვეს ეგრევე“, - ამბობს ოთარი გულდაწყვეტით. ხშირად ნახულობს ყოფილ „თავშესაფრელებს“, რომლებიც მასავით წამოვიდნენ და უკან მიბრუნებას აღარ აპირებენ. ახლა თავს მიტოვებულ შენობებს აფარებენ ან ღამის ავტობუსებს ეკედლებიან. ოთარი დარწმუნებით ამბობს, რომ ასეთი ყოფა ურჩევნია იმ დამოკიდებულებას, რომელიც თავშესაფარში იგრძნო. იმის იმედიც აქვს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სამსახურსაც იშოვის.
რას სთავაზობს თავშესაფარი უსახლკაროებს
ორჯერადი კვება, პირადი ჰიგიენის ნივთები და ტანსაცმელი, ოჯახის ექიმთან კონსულტაცია - ამ სიკეთეებით სარგებლობის სანაცვლოდ თავშესაფარში ბენეფიციარს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვს - დაემორჩილოს იქაურ წესებს. მაგალითად, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ბენეფიციარი თავშესაფარში გადასვლისას ხელმოწერით ადასტურებს, რომ მზადაა ეს წესი დაიცვას. წესის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში კი თავშესაფარში ცხოვრების უფლებას კარგავს. ასეთ დროს ოფიციალურად შესაბამისი დოკუმენტიც კი დგება.
„ხშირად, როცა შემოდის ბენეფიციარი და ვაცნობთ წესებს, გვეუბნება რომ დრო სჭირდება მოსაფიქრებლად, მისაღებია თუ არა მისთვის, და გასაუბრების ეტაპზევე ტოვებს თავშესაფარს“, - ამბობს ლანა ხუჭუა, მუნიციპალური თავშესაფრის სოციალური მუშაკი და ცდილობს ამიხსნას, რატომ უჭირთ მათ, ვინც ქუჩაში ცხოვრობს, თავშესაფრის წესებთან შეგუება.
კიდევ ერთი დათქმა: თუკი ბენეფიციარი გაუფრთხილებლად ხუთ ღამეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ცხადდება თავშესაფარში, ის “ირიცხება”, თუმცა შეუძლია თავშესაფარს მომავალშიც მიმართოს. უმრავლესობა თავშესაფარს მისვლიდან რამდენიმე დღეში ტოვებს.
თავშესაფრის ერთ ოთახს ათამდე ადამიანი იზიარებს, ხუთი ორსართულიანი საწოლით. თავშესაფარში მოსულ უსახლკაროებს, როგორც წესი, უჭირთ სხვებთან თანაცხოვრება, ბევრისთვის ძნელია მეზობლებთან შეგუება, ხშირია კონფლიქტური სიტუაციები.
მუნიციპალურ თავშესაფარს სამი სოცმუშაკი ემსახურება, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ სამჯერ ინდივიდუალურად ხვდებიან ბენეფიციარს, აფასებენ მისი ჯანმრთელობის, სოციალურ და ემოციურ მდგომარეობას და, ბენეფიციარის სურვილებიდან გამომდინარე, ეხმარებიან პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნაში. ადაპტაციაში ხელის შეწყობა ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. როგორც ლანა ამბობს, ადაპტაცია პირველ დღეებში განსაკუთრებით რთულია, თუმცა შეხვედრები მეტ-ნაკლებად ამსუბუქებს ამ მდგომარეობას და, საბოლოო ჯამში, ბენეფიციარების ნახევარი მაინც ახერხებს წესებთან ადაპტაციას.
მერიის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობაზე 2020 წელს თითქმის 100 ათასი ლარი დაიხარჯა. მუნიციპალური თავშესაფარი არასდროს ყოფილა სავსე. სოციალურ სამსახურში ვერ იხსენებენ ასეთ შემთხვევას. ზამთარშიც კი 240 ადამიანზე გათვლილ თავშესაფარში, ყველაზე მეტი, 170 ადამიანი თუ დარჩენილა.
“ჩემი კუთხე” ქუჩაში
“ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს არ უყვართ პატრულთან კომუნიკაცია და თავშესაფარში ხშირად არ მიჰყვებიან”, - ამბობს ფოკი ფაჩულია, „ზამთრის მარაგის“ კოორდინატორი. “ზამთრის მარაგი” მოხალისეების გაერთიანებაა, რომელიც ყოველდღიურად ათობით სოციალურად გაჭირვებულსა და უსახლკაროს ეხმარება. ფოკი ამბობს, რომ არ შეხვედრია ბენეფიციარი, რომელსაც თავშესაფარში წასვლა საკუთარი ნებით ნდომებოდა.
უსახლკაროთა უმეტესობამ არ იცის, რომ თავშესაფარში არ არის აკრძალული პირადი ნივთების შეტანა და ჰგონიათ, რომ მათი გადაყრა მოუწევთ. ზოგისთვის ეს მნიშვნელოვანი მიზეზია თავშესაფარზე უარის სათქმელად, რადგან წლების განმავლობაში დაგროვებული ნივთების მიტოვება არ უნდათ. ბევრი კი, უბრალოდ, თბილისში არ არის ჩაწერილი, რაც ასევე თავშესაფარში დარჩენის ერთ-ერთი პირობაა, და რეგიონიდან უკეთესი პირობების საძიებლად ან სამკურნალოდ ჩამოსულები ღია ცის ქვეშ რჩებიან.
წინა თვეში, რუსუდანი “მაგრად ეჩხუბა” პატრულის თანამშრომლებს, რომლებმაც თავშესაფარში სცადეს მისი გადაყვანა. რუსუდან დიღმელაშვილი თბილისშია ჩაწერილი, საკუთარი თავის მოვლაც შეუძლია და არც ალკოჰოლზეა დამოკიდებული, მაგრამ თავშესაფარში გადასვლა არც მას უნდა. როდესაც თავშესაფარი ჯერ კიდევ მოსკოვის პროსპექტზე იყო, მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი და იმავე ღამეს წამოვიდა, საწოლი მოუხერხებელი ეჩვენა. თუმცა ეს მაინც საბაბია. “ვფიქრობ, რომ შეგუება გამიჭირდება, ჩემი კუთხე მირჩევნია“, - ამბობს რუსუდანი. ამჟამად ოპერის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ცხოვრობს, ლეიბი აქვს დაგებული, ნივთებს და პროდუქტს იქვე პარკებით ინახავს.
„წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებსაც სრულიად სხვა გარემოსთან უწევთ შეგუება [თავშესაფარში]. ეს არ არის მარტივი პროცესი. ნებისმიერ დაწესებულებაში არის რაღაც წესები რომელსაც უნდა შევეგუოთ. როცა ადამიანი მარტოა ქუჩაში, ეს ბარიერი არ არსებობს“, - ამბობს ანი სუბარი, მუნიციპალური თავშესაფრის ფსიქოლოგი, და ამატებს, რომ ქუჩაში ცხოვრებას ადამიანი ეჩვევა და იქ დარჩენას ამჯობინებს, ისევე როგორც ალკოჰოლზე ხანგრძლივად დამოკიდებულ ბენეფიციარებს თავშესაფარში ფხიზელ ცხოვრებას გარეთ ყოფნა ურჩევნიათ.
55 წლის მიხეილ ჭანკოტაძე პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ უსახლკაროა და დიდუბის მეტროს ჩასასვლეთან მუყაოს ნაჭერზე სძინავს. მოწყალების თხოვნით ნაშოვნ თანხას ხშირად სასმელში ხარჯავს - ზოგიერთი გამვლელი, ვინც მას უკვე იცნობს, ფულის ნაცვლად პირდაპირ არაყს უტოვებს.
„ჩემს გზა-კვალს ვეღარ ვპოულობ უკვე. დაბნეული კაცი ვარ, ბოთლი მიჭირავს და სიმწრისგან ვსვამ“, - მეუბნება ნასვამი მიხეილი, რომელსაც ჯიბიდან ხუთლარიანი ისე უვარდება, რომ ვერ ამჩნევს. ემა სანაია, გარემოვაჭრე, მიხეილის ჯიბიდან გადმოვარდნილ ხუთლარიანს უკან უდებს.
Your browser doesn’t support HTML5
„[თავშესაფარში] ეს არ წავა”, - მეუბნება ემა. - “მე ვუთხარი, წაგიყვან-მეთქი და არ წავალო“. მიხეილის თქმით, თავშესაფრის მცხოვრებლებთან ჭერის გაზიარება მისთვის მიუღებელია. მსგავსი გამოცდილება მონასტერში ცხოვრებისას მიიღო და იქ შეკედლებულ ადამიანებზე ამბობს: “ადამიანურ გრძნობას მოკლებული ხალხია, აი, შიმშილისგან რომ გაბოროტდა, ზოგი ნარკომანიც. ძირითადად უწიგნური ხალხია გარშემო”.
თავშესაფრის დამთრგუნველი გარემო ოთარ ლობჟანიძემაც აღნიშნა. „ისიცაა, იქ რომ მოხვდები, ათიდან შვიდი ისეთია, ვისთან ერთადაც ქუჩაში დაგილევია ან გიძინია და დაიწყებთ მოკითხვას - ეს მოკვდა, ის მოკვდა, ის დაიჭირეს… როგორია? იქ რანაირად უნდა იგრძნო თავი?!“
ფსიქოლოგი ანი სუბარი აღნიშნავს, რომ გარკვეულ წრეში ყოფნა ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანია და რაც უფრო კარგი სოციალური პირობების მიტოვება მოუხდათ, მით უფრო უჭირთ უცხოებთან ერთად ცხოვრება.
ყველა უსახლკარო, რომელსაც ვესაუბრე, მეუბნება, რომ ქუჩაში იმის გამო აღმოჩნდა, რომ სახლი იპოთეკით დატვირთა და დაკარგა. იმავე მიზეზს მისახელებენ რუსუდანი და ოთარიც. ორივეს ჰყავს ნათესავები და ოჯახის წევრები, მაგრამ არც მათთან ცხოვრება უნდათ.
„არ მინდა ჩემი შვილის შეწუხება, არ მინდა მას კისერზე ჩამოვეკიდო”, - ამბობს ოთარ ლობჟანიძე, რომლის ქალიშვილიც სხვა ქალაქში ცხოვრობს, მაგრამ ურთიერთობა აღარ აქვთ. „არაფერი მიჭირს, კარგად ვარ აქაც“, - მეუბნება რუსუდანი, რომელიც მეუბნება, რომ ძმასთან, კახეთის რაიონში, ჩადის ხოლმე, მაგრამ ბოლოს როდის იყო, ვერ იხსენებს.
მოზიდვა, შემზადება, დაკავშირება
თავშესაფარზე უარის თქმის მიზეზები მრავალნაირია და რომ გავიგოთ, უფრო ღრმად უნდა გამოვიკვლიოთ ეს მიზეზები, მიაჩნია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორს, ქეთი გიგინეიშვილს: „ქვეყანას არ აქვს სწორად დაგეგმილი პოლიტიკა. პირველ რიგში, ჩვენთან არ არის უსახლკარობის პრევენციის მექანიზმი, ანუ სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება უსახლკარობის რისკის შემცველი სიტუაციები - ფინანსური პრობლემები, ოჯახში ძალადობა, ეკოლოგიური კატასტროფები“, - ამბოს ქეთი და მიხსნის, რომ, მაგალითად, ევროპისგან განსხვავებით, სადაც უსახლკარობა ზოგჯერ პირადი არჩევანია, საქართველოში ის, როგორც წესი, მძიმე სოციალური პირობებითაა გამოწვეული.
ასევე ნახეთ ლაზარე ჯიბლაძე - "სახელმწიფომ არც კი იცის რეალურად რამდენი უსახლკარო ჰყავს"“მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი მეგობარი ქუჩაში გაიყინა, მაინც ურჩევნიათ ქუჩაში ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ცუდი პირობები, უბრალოდ, ვერ ექნებათ. აქ მენტალური სამუშაოა, ეს ადამიანები სხვა საზომებით ფიქრობენ. ურჩევნიათ კიდევ ერთი ზამთარი გარეთ გაატარონ და ალკოჰოლი მოიხმარონ“, - ამბობს სოციალური მუშაკი ქეთი გიგინეიშვილი, რომლის დაკვირვებით, ბენეფიციარები კი აცხადებენ, რომ წავიდოდნენ თავშესაფარში, მაგრამ მათი განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.
ზოგადად, სოცმუშაკები ცდილობენ უსახლკაროებს მათთვის ბუნებრივ გარემოში, ანუ ქუჩაში ესაუბრონ, მაგრამ საქართველოში ეს თავშესაფარში ჩარიცხვის შემდეგ ხდება. მისი აზრით, მუნიციპალიტეტის მიერ ბენეფიციარების მოზიდვამ და შემზადებამ შესაძლოა ადამიანებს დადებითი მოლოდინები გაუჩინოს და მიახვედროს, რა სურთ სინამდვილეში. „როცა ამაზე სრულიად უცხო გარემოში უწევთ დაფიქრება, რაც არ უნდა კარგი პროფესიონალი ელაპარაკებოდეთ, არ ენდობიან“, - ამბობს ქეთი.
არსებობს ასეთი მიდგომაც: ადამიანი, რომელმაც მსგავსი ცხოვრებისეული გამოწვევა დაძლია, გასაჭირში მყოფს გამოცდილებას უზიარებს.
საქართველოში უსახლკაროთა ზუსტი სტატისტიკა ჯერაც არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშნვნელოვანი დაბრკოლებაა პრობლემის მართვის მექანიზმის შესაქმნელად. სოცმუშაკები და ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ქუჩაში მყოფთა კონტინგენტი დიდია, ჩვენ კი მათი უარის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი ვიცით: ჩვევაში გადასული უსახლკარობა, ალკოჰოლიზმი და დეპრესია, ანდა მენტალური პრობლემები, როცა გარეთ მყოფი ბოლომდე ვერც კი იაზრებს, რომ უსახლკაროა.
„რა თავშესაფარი?“ - მეკითხება ერთ-ერთი უსახლკარო, რომელიც ინტერვიუს დროს საუბარში ერთვება.
„არც ვიცი, სად არის“.
რედაქტორი: ნინო ჯაფიაშვილი