დასახელებულია პირველ ეტაპზე მისაღები კონკრეტული პრეპარატიც - ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა აიცრან ჯანდაცვის სექტორის მუშაკები და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, 75 წელზე უფროსი ასაკის და 65-დან 74 წლამდე ასაკის მოქალაქეები.
ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყანაში ჯერჯერობით არ დაწყებულა. მოქალაქეთა უმრავლესობა ინფორმაციას მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელებით იღებს, ეს ცნობები კი არცთუ იშვიათად მცდარი და გადაუმოწმებელია. მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ აიცრება და მათაც, ვინც ამას არ აპირებს, თავისი არგუმენტები აქვთ.
ასევე ნახეთ რატომ იგვიანებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია?„ვაქცინაციაშია ჩვენი შველა“
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული, მათ შორის მძიმე პაციენტების მიღება 2020 წლის სექტემბერში დაიწყო. საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, ექიმ გია კიკაბიძეს მედიასთან თითქმის ყოველდღე უწევდა გარდაცვლილ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე საუბარი. COVID-19-ით ამ კლინიკის სამი ექიმიც გარდაიცვალა. თავად გია კიკაბიძემ და მისი ოჯახის წევრებმა კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაამარცხეს. გვეუბნება, რომ პრეპარატის შემოტანის შემდეგ, როცა პირველ ეტაპზე მედიკოსების აცრას დაიწყებენ, ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს.
„ვაქცინაციაშია ჩვენი შველა. გადარჩენის საშუალებაა და რატომ არ უნდა გავიკეთოთ?! ამდენი მილიონი ადამიანი უკვე აიცრა. მე და ჩემი ოჯახის წევრებიც მზად ვართ, რომ ვაქცინა გავიკეთოთ. ჩვენთან, კლინიკაში ჯერ არ გამიგია ვინმესგან, აცრას არ გავიკეთებო“.
„გავიკეთებ იმიტომ, რომ გავიდე ხალხში“
ვაქცინის მოლოდინშია 80 წლის ბათუმელი პროფესორი ნოდარ ჩხეიძე. როგორც ამბობს, თითქმის ერთი წელია, ეპიდემიამ ის და მისი მეგობრები სახლში გამოკეტა. ერთმანეთს იშვიათად, მხოლოდ ქუჩაში ხვდებიან პირბადით და დისტანციის დაცვით. ნოდარ ჩხეიძე ვაქცინების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ეცნობა და ამერიკულ და ბრიტანულ პრეპარატებს ენდობა.
„გავიკეთებ იმიტომ, რომ გავიდე ხალხში. აბა, სახლში ვიჯდე?! ენერგია მაქვს, ყველაფერი მაქვს და სახლში ვზივარ. გავიკეთებ იმიტომ, რომ ოჯახი მინდა გადავარჩინო. მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილიშვილები, ყველა გაიკეთებს. ჩემს გარშემო განწყობა ასეთია - აუცილებლად გაიკეთებენ ვაქცინას“.
თუმცა როგორც ნოდარ ჩხეიძემ გვითხრა, სკეპტიკოსებსაც იცნობს და ფიქრობს, რომ მათ უარყოფით განწყობაზე გავლენა აქვთ ეკლესიას და ტელევიზიას.
„სავარაუდოდ გავიკეთებ“
58 წლის ნინო ნაკაშიძე გრიპის ვაქცინას 2016 წლიდან იკეთებს, მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა H1N1 ვირუსით. სინანულით ამბობს, რომ მაშინ არ იცოდა, რამდენად აუცილებელი იყო ვაქცინაცია, რომელსაც შესაძლოა, მისი ოჯახის წევრი გადაერჩინა.
„ვიკეთებ ვაქცინას სეზონურად და მას მერე ყოველი ვირუსული სეზონი გადამაქვს კარგად და არანაირი უკუჩვენება არ მივლინდება. პირიქით, კარგად ვგრძნობ თავს, გამხადა მდგრადი, ჩვეულებრივი ვირუსისადმიც კი. ვეცნობი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინებზე ინფორმაციას და სავარაუდოდ გავიკეთებ“.
ნინო ნაკაშიძე, რომელიც თავს „მორწმუნე მაზიარებელი მრევლის“ წარმომადგენელს უწოდებს, ამბობს, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ზოგადად, ყველა ვაქცინას ეწინააღმდეგება, თუმცა ის მამები, რომლებთანაც თავად აქვს ურთიერთობა, წინააღმდეგ არ არიან. ნინო ნაკაშიძეს იმედი აქვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდიც დადებით პოზიციას დააფიქსირებს.
ასევე ნახეთ “არ გავიკეთებ!” - რატომ ამბობენ უარს კოვიდის ვაქცინაზე ერთნი, როცა სხვები მას ელოდებიან„მე კი მეშინია“
ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსზე აცრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, ზოგჯერ უცნაური არგუმენტებიც აქვთ. მაგალითად, ის, რომ თავს არავის „დააჩიპინებენ“.
ასე არ ფიქრობს, თუმცა ვაქცინას არ გაიკეთებს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, 53 წლის ქალი, რომელმაც გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გამოვაქვეყნოთ. გვითხრა, რომ ზოგადად ვაქცინაციას არ ეწინააღმდეგება და ცოტა ხნის წინ გრიპზეც აიცრა, რადგან ეს ვაქცინა მრავალი წელია გამოცდილია.
„კორონავირუსის ვაქცინა კი ახლახან შეიქმნა. თავად ამ დაავადების ბუნებაზეც ბოლომდე არავინ არაფერი იცის. მგონია, რომ ეს ახალი ვაქცინები კარგად გამოცდილი არ არის და კარგად არ არის შესწავლილი გვერდითი მოვლენები. ნაჩქარევად შექმნილია იმიტომ, რომ ფორსმაჟორია და გასაგებიცაა, რომ მეცნიერებმა რაც შეძლეს, ის გააკეთეს. ვისაც უნდა გაიკეთებს, მე კი მეშინია. ეს ჩემი პერსონალური შეხედულებაა და არ ნიშნავს, რომ სხვამაც უნდა გაიზიაროს. როცა კარგად გამოცდიან, მერე შეიძლება გავიკეთო“.