კიდევ ერთი აქცია რუსთაველზე - რატომ აპროტესტებენ "თავდაცვის კოდექსს" და ვის წაიყვანენ ჯარში

საილუსტრაციო ფოტო: ქართული არმია

11 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, ახალგაზდების მონაწილეობით კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი, ამჯერად - ახალი "თავდაცვის კოდექსის" პროექტთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორია ოპოზიციური პარტია „გირჩი“, რომელიც ახალგაზრდების ჯარში გაწვევის სავალდებულო წესს ეწინააღმდეგება.

„გირჩი“თვლის, რომ სახელმწიფო ახალგაზრდებს 125 ლარად „საჯარო დაწესებულებაში მონური შრომისთვის“ - „ღილაკზე თითის დამჭერებად და შლაგბაუმების ამწევ-დამწევებად იმეტებს“.

პროექტის თანახმად, დაგეგმილია პოტენციურ გაწვეულთა წრის გაფართოება. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის გარემოება, რომ მთავრობის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციას („საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება”) აღარ ექნება საშუალება, რომ ახალგაზრდები სამხედრო სამსახურიდან დაიხსნას, რასაც ის წლების განმავლობაში აკეთებდა.

პარტია „გირჩში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აქციაზე ათასობით ადამიანს ელოდებიან და მხარდამჭერებისგან ისიც შეიტყვეს, რომ „ხალხი ოჯახებით, მეუღლეებით, ბავშვებით აპირებს აქციაზე მოსვლას“.

„ინტერესი ძალიან დიდია და ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ველოდით... ისეთი აქტიურობა არასოდეს ყოფილა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციებთან მიმართებით. ... ათიათასობით ადამიანი თავისუფლად ცხოვრობდა ამ მხრივ [მათ „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით არ ეხებოდათ სავალდებულო სამხედრო გაწვევა], ისინი დაცულები იყვნენ ამ მხრივ. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები ცხოვრებას აწყობდნენ იმ გათვლით, რომ მათ ეს [ჯარში გაწვევა] არ ემუქრებოდათ. ერთ დღესაც, ჩვენმა მთავრობამ დააბრეხვა - ყველას წაგიყვანთ და შლაგბაუმებზე დაგაყენებთო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.

კოდექსის პროექტით დაგეგმილი ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ - მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, არცერთი სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს აღარ რჩებათ შესაძლებლობა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს აარიდონ თავი. კანონში პრივილეგია ნახსენები არ არის, მაგრამ - მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება შეუძლიათ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით. ამ შეთანხმების მეოთხე პუნქტში წერია, რომ „სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან“.

ასევე ნახეთ მართლმადიდებელი მღვდელი ჯარს გვერდს აუვლის, სხვები ვერა - რა წერია თავდაცვის ახალ კოდექსში

ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაიწვევენ. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ასევე მოქალაქეს, „რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე“. განსხვავებული პირობების დაწესებას „დისკრიმინაციულს“ უწოდებენ ოპოზიციაში. ალტერნატიული სამსახურის გავლის ვადად 12 თვეა განსაზღვრული.

„თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს არაერთ ცვლილებას და მათ შორის არის:

  • „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის“ ვადის შემცირება - 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შემოთავაზებულია: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; ხოლო უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე;
  • სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები წვევამდელებს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში შეეძლებათ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „გაწვევა განხორციელდება სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით“;
  • სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მოსაკრებლის ოდენობის ზრდა - 2000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის), იქნება 10 000 ლარი (ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის);
  • 2024 წლის 1 იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში თუ სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა ხდება. მანამდე ეს ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჰქონდა.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტში განსაკუთრებით სადავო იყო სტუდენტების გაწვევის საკითხი.

აქციის წინა დღეს, 10 მარტს, თავდაცვის სამინისტრომ მედიასაშუალებებს აცნობა, რომ ჯარში სავალდებულო გაწვევა სტუდენტებს აღარ შეეხებათ. ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გავრცელდა 6 მარტსაც, როდესაც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე მსჯელობდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო კომიტეტის შენიშვნას გაითვალისწინებენ და სტუდენტებს სამხედრო სამსახურის მხოლოდ ნებაყოფლობითი გავლის საშუალება მიეცემათ.

ასევე ნახეთ სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ

„გირჩის" შეფასებით, სტუდენტების ჯარში გაწვევაზე უარის თქმა საკმარისი არ არის, რადგან ჯარში არასათანადო პირობებია და არსებული მრავალი პრობლემის გამო, ახალგაზრდების იძულებით წაყვანა, სამხედრო ძალების გაძლიერების მიზანს ვერ მოემსახურება. „გირჩი“ თვლის, რომ შეიარაღებული ძალები მხოლოდ საკონტრაქტო წესით უნდა შეივსოს და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფომ ღირსეული, მაღალი ხელფასი უნდა დაუნიშნოს.

„თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელიც მთავრობის მიერ ინიციირებული ახალი „თავდაცვის კოდექსის“ განმარტებით ბარათშია მითითებული.

„ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის კოდექსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია... ახალი კოდექსი ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მოაწესრიგებს და ამით ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ეფექტური და მიმზიდველი გახდება... ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღნიშნული დოკუმენტი იქნება სერიოზული მხარდაჭერის საფუძველი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისთვის“, - განაცხადა 6 მარტს, სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეონა აქუბარდიამ, კომიტეტის სხდომაზე, მხარი არ დაუჭირა „თავდაცვის კოდექსსა“ და მის თანმდევ საკანონმდებლო პაკეტს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა სხდომა დროზე ადრე დატოვა.

„გირჩის“ ლიდერი, დეპუტატი იაგო ხვიჩია კომიტეტის სხდომიდან გააძევეს.

ორგანიზატორი არ არის, მაგრამ პარლამენტთან დაგეგმილ აქციის მხარს უჭერს „გირჩი - მეტი თავისუფლება“. სპეციალური ფეისბუკპოსტი ზურაბ ჯაფარიძემ გამოაქვეყნა.

პირველი მოსმენის ეტაპზე, საკომიტეტო განხილვა დასრულებულია და, პროცედურების მიხედვით, „თავდაცვის კოდექსისა“ და მისი თანმდევი კანონპროექტების პაკეტი პლენარულ სხდომაზე ახლო მომავალში უნდა გაიტანონ.

თავდაპირველი ინფორმაციით, „თავდაცვის კოდექსი“, პარლამენტის სხდომაზე, პირველი მოსმენით 7 მარტს უნდა განხილულიყო; მაგრამ ეს არ მოხდა. იმავე დღეს დაიწყო მღელვარება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოულოდნელი განხილვის გამო, რაც მანამდე 9 მარტისთვის იყო დაგეგმილი. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და მათ შორის სწორედ ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ხელისუფლებამ მიტინგების დაშლა სპეციალური საშუალებებით (წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, „წიწაკის სპრეი“) არაერთხელ სცადა. დაშავდა ათობით ადამიანი.