Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ


ფოტოილუსტრაცია: ქართული არმია
ფოტოილუსტრაცია: ქართული არმია

თავდაცვის ახალ კოდექსში მოქმედის ვარიანტის მსგავსი იქნება მუხლი, რომელიც სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას გულისხმობდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახური სტუდენტებს არ შეეხებათ.

უწყებაში აზუსტებენ, რომ სტუდენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწვევენ, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამს. ამ შემთხვევაში სტუდენტს რამდენიმე არჩევანი ექნება.

თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებს გაუგზავნა დღეს, 10 მარტს. ხვალ პარლამენტთან პარტია "გირჩის" ინიციატივით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე აქციაა დაგეგმილი. პარტია თბილისის ცენტრში ახალგაზრდებს ელოდება.

"ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს. იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა. მონობა ამორალურია!" - აცხადებენ პარტიაში.

სტუდენტს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება:

  • თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში, 1 თვით 4 წლის განმავლობაში.
  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში. სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მათ მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერმიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში 45 დღე. სამი წლის ამოწურვის შემდგომ მათ წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აღნიშნული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა. მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს, რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ. კანონმდებლობის თანახმად, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა კაცები.

XS
SM
MD
LG