რას ფიქრობენ ქუთაისში ობიექტების გახსნის სამთავრობო გეგმით განსაზღვრულ ვადებზე

ქუთაისი

დღეს დილიდან ქუთაისში გაიხსნა ტექნიკის, საკანცელარიო და სხვა ტიპის საცალო თუ საბითუმო მაღაზიების ნაწილი, რომელსაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვს. არაერთი მაღაზია, რომელსაც მუშაობის განახლების უფლება აქვს, ჯერ ისევ დაკეტილია. მაგალითად, ქალაქის ცენტრში მდებარე ქართული ხელნაკეთი ნივთების ორი მაღაზია, რომელთა მომხმარებლები ძირითადად ტურისტები იყვნენ. მუშაობის განახლების ნებართვა მთავრობისგან ჯერჯერობით არ მიუღიათ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს და დიდ სავაჭრო ცენტრებს. რამდენიმეეტაპიანი გეგმით, დიდი ცენტრების, მოლების, გახსნა 8 ივნისიდან იგეგმება, თუკი მთავრობა რაიმე ცვლილებას არ შეიტანს, ცენტრებს მიღმა არსებული მაღაზიების გახსნის დრო კი ჯერჯერობით უცნობია. სეზონური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის შეძენა უკვე არაერთ მოქალაქეს სჭირდება. ქუთაისელი ხათუნა ლანჩავა გვეუბნება, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ისარგებლა ონლაინ მაღაზიის მომსახურებით და შეიძინა როგორც საკვები პროდუქტი, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური პროდუქცია, მაგრამ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენას მაღაზიაში ამჯობინებს:

„გამოწერები ისევ აქტუალურია ჩემს ირგვლივ ადამიანებში, თუმცა ჩემთვის მაღაზიაში შეძენაა სასურველი, რადგან რამდენჯერმე, როცა გამოვიწერე ტანსაცმელი, ან ძალიან დიდი იყო, ან პატარა ჩამოვიდა და ვერ გამოვიყენე“.

ასევე ნახეთ სილამაზის სალონები აუცილებლად შესასრულებელი წესების დაზუსტებას ითხოვენ

მყიდველისთვის ონლაინ შეთავაზებას გეგმავს ჟანა კვიმსაძე. მისი ფეხსაცმლის მაღაზია სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში მდებარეობს და თითქმის ორი თვეა, დახურულია. როგორც ჟანა ამბობს, ამ ხნის განმავლობაში ოჯახის საარსებოდ საჭირო თანხის მოსაპოვებლად ძვირფასი ნივთები დააგირავა, ამჟამად კი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და გამოსავალს ეძებს. ჟანა კვიმსაძის თქმით, ფეხსაცმლის ონლაინ გაყიდვას თან გარკვეული პრობლემები ახლავს:

„არცთუ ისე იოლია ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში ონლაინ გაყიდვა. დავუშვათ ფეხსაცმელი არ მოერგო, ისევ უნდა დაბრუნდეს, კურიერი მოემსახუროს. გასინჯვის და მორგების დროს უჭირთ ადამიანებს ყიდვა. მგონია, რომ ონლაინ იმ რაოდენობის არ გაიყიდება, რაც სხვა დროს“.

სხვა მაღაზიები თუ გაიხსნა, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებმა რა დააშავა?!

ის ფაქტი, რომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და დიდი სავაჭრო ცენტრები ჯერჯერობით არ იხსნება, მომხმარებელთა ნაწილისთვის მისაღებია, რადგან ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მსგავს ადგილებში მეტადაა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა საჭიროა, მით უმეტეს, რომ დღეიდან გაიხსნა ყველა სახის წარმოება და საცალო და საბითუმო მაღაზიები:

„ხალხს უნდა ჩასაცმელი პირველადი მოხმარების. ძვირფას კაბას თუ ვერ ვიყიდი, წვრილმანებია საჭირო“;

„სხვა მაღაზიები თუ გაიხსნა, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებმა რა დააშავა?!“

„მთავრობის გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ, ახლა ისეთი მდგომარეობაა“;

კაფეს ჰყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ ძალიან განვიცდით, რომ ტურისტი არ გვყავს. ჩვეულებისამებრ, მარტიდან ვმასპინძლობდით სტუმრებს.

„თუ აქვს ხალხს ფული, გახსნან მაღაზიები. ფეხსაცმლის საყიდელი ფული კი არა, პურის ფული არ აქვს ხალხს“, - ამბობენ რესპონდენტები.

მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე კვების ობიექტები, რომლებსაც მხოლოდ შეკვეთის მიღების და მომხმარებლისთვის ადგილზე მიწოდების უფლება აქვთ. როგორც ერთ-ერთი კაფე-ბარის მენეჯერი, ნინო ჭოლაძე, ამბობს, მზა საკვებზე მოთხოვნა არ არის, ამიტომ მომხმარებელს გატანის სერვისით მხოლოდ ყავას სთავაზობენ:

„კაფეს ჰყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ ძალიან განვიცდით, რომ ტურისტი არ გვყავს. ჩვეულებისამებრ, მარტიდან ვმასპინძლობდით სტუმრებს. აქ ვინც ვმუშაობთ, დღიურ ანაზღაურებაზე ვართ და დიდი სტიმულით ველოდით წლევანდელ სეზონს, თუმცა ახლა რას ველოდებით, არ ვიცი“.

ქუთაისი

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა ნაწილი კმაყოფილია იმით, რომ ერთი კვირაა, ავტომანქანების სარემონტო პუნქტები და სამრეცხაოები ამოქმედდა. ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას მოითხოვს, რადგან შორ მანძილზე წასვლის დროს ტაქსით სარგებლობა უწევთ და ეს მომსახურება ძვირი უჯდებათ.