რუსული მედიისა და პროპაგანდის გავლენის მიუხედავად, აქცენტები ბევრად რბილი და მოზომილია, ხშირ შემთხვევაში კი სრულადაა აცდენილი კრემლის პოზიციას.
რუსული პროპაგანდა პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთისთვის სასარგებლო და ხელსაყრელია ნებისმიერი კონფლიქტი მსოფლიოში. ამის შესახებ ღიად ილაპარაკა ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ტიგრან კეოსაიანმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა კი კონფლიქტის ესკალაციაში ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაადანაშაულა.
რუსი სოციოლოგი, პრაღის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დმიტრი დუბროვსკი იხსენებს რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ახლა ნებისმიერი ომი რუსეთისთვისაა“, რომლის შინაარსიდან გამომდინარე რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად ნერგავს იმ აზრს, რომ ომი ნორმალურია, რომ ომები ახლა ჩვეულებრივი ამბავია და, რომ არაფერი არაორდინარული ამაში არაა.
„გვეუბნებიან, ყველა ომობს: აზერბაიჯანმა შეუტია სომხეთს, "ჰამასმა" დაარტყა ისრაელს და ა.შ. რუსეთიც იმავეს აკეთებს, აგვარებს თავის სამხედრო პრობლემებს უკრაინაშიო. ვხედავთ ომის ნორმალიზების მცდელობას არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში“.
რუსული პროპაგანდა ზუსტად იმავეს უმტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც, რომლებსაც ეუბნება, რომ მათი ბედი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. ამაზე ილაპარაკა ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა ჟენევის დისკუსიების 15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მოსკოვი-სოხუმი-ცხინვალის ვიდეოხიდში.
„ადრე თუ გვიან მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების აღიარება, ადრე თუ გვიან ისინი დაიკავებენ თავიანთ ადგილებს გაეროში, მაგრამ ბევრი თვალსაზრისით ახლაც და მომავალშიც ეს დამოკიდებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგებზე“, - თქვა რუსმა დეპუტატმა მოსკოვიდან ჩართვის დროს.
ასევე ნახეთ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს - ბჟანიაასეთსავე გამართლებას უძებნის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის მშენებლობას, თუმცა აფხაზეთში ბევრს ესმის, რომ ახალი სამხედრო ბაზა მათთვის საფრთხესაც წარმოადგენს.
„ნებისმიერი სამხედრო ბაზა წარმოადგენს დაცვასაც და საფრთხესაც. ეს საკითხი ძალიან ჰგავს ჯოხის ორ ბოლოს“, - ამბობს ექსპერტთა ფონდ „აამტას“ წარმომადგენელი გივი კვარჩიაა.
სოხუმში აკვირდებიან ისრაელ-ჰამასის ომს. ერთ-ერთი აფხაზური Telegram-არხი („Медиацентр МИД Абхазии“) წერს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ირიბად აფხაზეთზეც მოახდენს გავლენას, რადგან შეამცირებს ირანის მიერ რუსეთისათვის გაწეულ დახმარებას:
„გაჭიანურებული ომის პირობებში პროირანული დაჯგუფებები (პირველ რიგში "ჰეზბოლა") მოითხოვენ თეირანის რესურსებს, ამის გამო კი შესუსტდება ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა. თუ ინტიფადა სირიასაც შეეხება, მაშინ შედეგები სრულიად არაპროგნოზირებადი იქნება“.
კიდევ ერთი Telegram-არხი (Абхазия-центр) წერს, რომ ჰამასის „სიყოჩაღემ“ ორი დღე გასტანა, შემდეგ კი მოუწია სისხლიანი შაბათ-კვირის მწარე ნაყოფის გასინჯვა:
„მართალია ისრაელმა იწვნია იმიჯური ზიანი (გამოეპარათ მოწინააღმდეგის მასშტაბური სამზადისი), მაგრამ ამან ებრაელებს მიანიჭა მორალური უპირატესობა: ისინი თავდასხმის მსხვერპლნი არიან და აქვთ მიზეზი, რომ ენის მოჩლექით არ ელაპარაკონ მტერს, იმოქმედონ პრინციპით: თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. ახლა "ჰამასი", "რაინდული გამბედაობით", იმალება მძევლების უკან და დაბომბვის შემთხვევაში მათი დახოცვით იმუქრება. მძევლებთან დაკავშირებული ამბებით ისრაელს ვერ გააკვირვებ. მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. დაიღუპებიან მძევლები, დაიღუპებიან ტერორისტები. ეს ახლო აღმოსავლეთია, აქ სისუსტე არ უნდა აჩვენო, თორემ შეგჭამენ“.
კრემლის პროპაგანდის ხაზს საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მიჰყვება - ინალ არძინბამ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხის ეთერში სტუმრობისას თქვა, რომ ყველაფრის თავი და თავი ამერიკის პოლიტიკაა. არძინბამ ისიც დაამატა, რომ თურმე სწორედ ამერიკელებმა ჩაშალეს აფხაზეთსა და პალესტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მცდელობა.
„ამ კონფლიქტს აქვს 75-წლიანი რთული და ძალიან მტკივნეული ისტორია, რომლის საფუძველში დევს პალესტინის სახელმწიფოებრიობის პრობლემა. ყველაფრის თავი და თავი აშშ-ია. სწორედ მისი პოლიტიკის გამო იქმნება ასეთი ვითარებები. ჩვენ გვაქვს კარგი დიალოგი პალესტინის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთში, გვაქვს კარგი ურთიერთობა პალესტინის ელჩთან რუსეთში. მინდა გითხრათ, რომ სწორედ აშშ-ის წარმომადგენლებმა დაბლოკეს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთსა და პალესტინას შორის. ამაზე გულწრფელად მელაპარაკნენ პალესტინელი მეგობრები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამერიკელებს სურთ მონროს დოქტრინის პროეცირება გლობალურად, მათ უნდათ იყვნენ ყველგან, მათ სურთ თავიანთი დიქტატორული ნების კარნახი მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ბუნებრივი და გარდაუვალია მოძრაობა მრავალპოლუსიანი მსოფლიოსკენ, რასაც აშშ არ ცნობს“.
ცხადია, ინალ არძინბას პოზიციას ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით აფხაზეთში არა ერთი და ორი ადამიანი იზიარებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ბევრ საერთოს ხედავენ აფხაზებსა და ებრაელებს შორის და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტშიც ისრაელს ქომაგობენ. სოხუმში მცხოვრები საზოგადოებრივი აქტივისტი და პარლამენტის ყოფილი წევრი ახრა ბჟანია ერთი-ერთი მათგანია:
„ებრაელობა ინტელექტუალური ტექნოლოგიაა! არა ეთნიკურობა, არა კულტურულობა, არამედ უნარი უმაღლესი შედეგების მიღწევისა! თუ გადახედავთ ბოლო რამდენიმე ათასი წლის მიღწევებს, გაოცებული დარჩებით. რელიგია, საბანკო საქმე, ფიზიკა, სპორტი, კოსმოსი, კინო, პოლიტიკა, ომი - ებრაელების გარეშე არაფერი ყოფილა! მეტიც, რაც უფრო რთული იყო ამოცანა, მით მეტი ებრაელი იყო ჩართული! და, თუ გგონიათ, რომ ვხუმრობ, მაშინ გადახედეთ მანჰეტენის პროექტის მეცნიერთა სიას! კიდევ ერთი რამ... პატრიოტიზმი! დედამიწაზე გაფანტულებმა, პირველებმა მოახდინეს რეპატრიაციის სასწაული, აღადგინეს მკვდარი ენა, მოიგერიეს მრავალჯერ აღმატებული მტერი, ააგეს აგრონომიული ოაზისი უდაბნოში და, პირდაპირი გაგებით ცივილიზაციის სათავეში ჩადგნენ... შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ გვიხარია "ჰამასის" თავდასხმები? რატომ ვერ ვხედავთ ანალოგიებს საკუთარ თავთან. ჩვენც ასევე ცოტანი ვართ, მაგრამ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, ჩვენც ასევე გვინდა გვყავდეს ძლიერი მეგობრები, ჩვენც ასევე არ ვვაჭრობთ თავისუფლებით, ჩვენც ასევე (ამაში დარწმუნებული ვარ) დავძლევთ ყველაფერს და ვიქნებით აღთქმული მიწა ჩერქეზებისთვის. ასე რომ, მოდით, მაინც შევინარჩუნოთ სიტუაციის შესაბამისი ნეიტრალიტეტი ჩვენს განსჯაში და არ ვიჩხუბოთ იმათთან, ვისთანაც შესაძლოა უნდა ვიმეგობროთ!“
მეტი თვალსაჩინოებისთვის აფხაზურმა მედიამ კონფლიქტის არეალის მასშტაბის წარმოსადგენად ღაზის სექტორი გაგრის რაიონს დაატოლა. ღაზის სექტორის ფართობი 360 კვადრატული კილომეტრი ანუ 40 კმ სიგრძე და 6-დან 12 კმ სიგანის სანაპირო ზოლია, ხოლო გაგრის რაიონის ფართობი 772 კვ კილომეტრიაო.