ჯობს ნანგრევებში იყო, ვიდრე რუსეთის მონობაში - რას პასუხობენ უკრაინაში "ქართული ოცნების" კამპანიას

"ქართული ოცნების" ბანერი

"ეს არის ფარისევლობის მწვერვალი - რუსული პროპაგანდა ქართული ვერსიით. საქართველოს მმართველ პარტიას მეტი ღირებული არაფერი აქვს კამპანიისთვის? სხვა არაფერი ამომრჩევლების მოსაზიდად? ომის საფრთხის ნარატივს იყენებს ლუკაშენკა, რომ როგორმე გაიუმჯობესოს რეიტინგი".

ეუბნება რადიო თავისუფლებას კიევში მცხოვრები ოლგა ვასილცოვა. ის "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე ლაპარაკობს, რომლებზეც უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოებია დაბეჭდილი წარწერით - "არა ომს, აირჩიე მშვიდობა".

"ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა" თბილისში, 26 სექტემბერს გამოჩნდა. ორ მათგანზე ჩანს რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოები, მათ გვერდით კი - თბილისის სამების ტაძარი და სენაკის თეატრი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

ასევე ნახეთ "რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" კამპანიაა" - პარტიაში საარჩევნო ბანერებს განმარტავენ

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია ნაჩვენები, გადახაზულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები.

მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მწვავე შეფასება მაშინვე მოხვდა თითქმის ყველა უკრაინულ მედიაგამოცემაში. "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის საშინელი შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, საეკლესიო სიწმინდეებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის სურათების გამოყენებას პოლიტიკურ რეკლამაში.

ქართველ ხალხს შეიძლება არ ეშინოდეს ახალი ომის, სანამ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას. ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე არის მშვიდობა საქართველოში", - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ 26 სექტემბერს.

ასევე ნახეთ უკრაინა გმობს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებზე ომის კადრების გამოყენებას

საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის მიმომხილველი ტანია პასოვა ამბობს, რომ ეგონა საქართველოში ყველას ესმოდა, ვინ იყო დამნაშავე უკრაინის ქალაქების განადგურებაში.

"საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის, ხშირად მიმართავენ ბინძურ მეთოდებს. რუსეთია დამნაშავე უკრაინის ქალაქების განადგურებაში. მეგონა, საქართველოში ეს ყველას ესმოდა. არ ვიცი, რა ვუთხრა ან ავუხსნა "ქართულ ოცნებას". აუხსენით, რომ უკრაინა თავს არ იბომბავს. რუსეთის ვასალად ყოფნა არ ნიშნავს უსაფრთხოდ ყოფნას. უკრაინელებისთვის ეს აშკარაა. ჩვენი სახელმწიფო იბრძვის უმაღლესი ღირებულებისთვის - თავისი თავისუფლებისთვის. და რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ამას მივაღწევთ. ჯობს ნანგრევებში იცხოვრო, ვიდრე მონებად ელეგანტურ ცათამბჯენებში", - ეუბნება ტანია პასოვა რადიო თავისუფლებას და ამატებს:

"ვიცით, რომ საქართველო რთულ პერიოდს გადის. ჩვენ ვერ შეურაცხგვყოფს „ქართული ოცნების“ განცხადებები, ჩვენს მხარეს მთელი ქართული ბატალიონი იბრძვის. ეს ბიჭები უკრაინისთვის ყოველდღე რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს და ბევრი მათგანი დაიღუპა", - ამბობს ტანია პასოვა.

"ყოველდღე ვიღაც კარგავს შესაძლებლობას, გაიგოს საყვარელი ადამიანების ხმა, "ქართული ოცნება" კი [ამით] არჩევნებში ხმების მოპოვებას ცდილობს", - ამბობს ვალერია ვორჟეინოვა, რომელიც მარიუპოლში იმყოფებოდა ქალაქის ბლოკადის დროს.

უკრაინის რადის დეპუტატისთვის, ალექსეი გონჩარენკოსთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში უკრაინის დაბომბილი ქალაქების ფოტოების გამოქვეყნება პრორუსული ნარატივის მაგალითია.

"პუტინი ესალმება ქართველებს და [თან] თავდასხმით იმუქრება. მაგრამ რატომ დაავიწყდა "ქართულ ოცნებას" 2008 წლის ფოტოს ჩვენება, როცა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა? ალბათ, კრემლმა აკრძალა მისი ჩვენება, არა?", - კითხულობს გონჩარენკო.

"ქართული ოცნების" კამპანია ომის საფრთხითა და მისი შედეგებით ბანალურ მანიპულირებად მიაჩნია ოდესაში მცხოვრებ მარია შევჩუკს.

"ბევრ უკრაინელს ჰქონდა ილუზია 2022 წლის 24 თებერვლამდე, რომ თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც [რუსეთში] მოითხოვენ, სამხედრო შემოჭრა არ დაგვემუქრებოდა, ასე რომ... ჩვენი ილუზიების დაკარგვის შედეგი ჩანს "ქართული ოცნების" ბანერებზე. ჩემი მშობლიური ქალაქი, ოდესა დროდადრო იბომბება, ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად მიწევს რუსეთის ომის დანაშაულებებთან გამკლავება და განადგურების საკუთარი თვალით ხილვა", - ამბობს მარია.

მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების გამოჩენას დედაქალაქში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის თავის გვერდზე დაწერა, რომ "ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი" უნახავს. დღის ბოლოს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა მოკლე კომენტარით: "აი ღირსების მაგალითი! მადლობა უკრაინას!"

რამდენიმე საათში უკრაინის საგარეო უწყების პოსტზე ასეულობით ქართველმა დატოვა კომენტარი. ფეისბუკის ქართველი მომხმარებლები "ქართული ოცნების" კამპანიის გამო ბოდიშს იხდიან და უკრაინას მხარდაჭერასა და გამარჯვებას უსურვებენ.

"ბოდიშს ვუხდი უკრაინელ ხალხს. საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს", - წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი.

"გამარჯვება და დიდება უკრაინას. ყოვლად გაუმართლებელია ეს საქციელი, ბოდიშს გიხდით".

"ბოდიში... გაიმარჯვე უკრაინა!.. ჩვენ თქვენთან ვართ", - ასეთია ასობით კომენტარის ძირითადი შინაარსი.