რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?

"სვობოდა.ლაივის" რუკა ასახავს კურახოვკის (უკრაინულად კურახივკა) გარშემო შეკრულ ალყას

რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

„გლობალურ საკითხებში ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას მიდგომისადმი "მშვიდობა ძალის მეშვეობით". ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მოახლოება. იმედი მაქვს, ჩვენ ამას ერთად განვახორციელებთ“, - დაწერა 6 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ნაკლებად იზიარებენ ვოლოდიმირ ზელენსკის ოპტიმიზმს იმ ფონზე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის, ისე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები ეჭვის ქვეშ აყენებდნენ უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

მეტიც, ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ ვარაუდობს, რომ ტრამპმა შესაძლოა უკრაინა ზეწოლით დაითანხმოს რუსეთთან „მძიმე ზავზე“.

უკრაინა "ძლიერი ამერიკის ეპოქის" მოლოდინში

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს უკრაინის არმიის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ვაშინგტონმა კიევს გადასცა არაერთი დასახელების აღჭურვილობა, მათ შორის, თანამედროვე ანტისატანკო შეიარაღება, „ჯაველინები“.

კიევმა პირველად 2018 წლის აპრილში შეიძინა აშშ-ისგან „ჯაველინის“ 37 მართვადი გამშვები დანადგარი და 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.

იმავე პერიოდში „ჯაველინები“ საქართველომაც მიიღო.

2019 წელს კიევმა ვაშინგტონს დამატებით კიდევ 100 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა შეუკვეთა.

იმავე წელს ვაშინგტონმა 50 მილიონი დოლარით მეტი, ჯამში 300 მილიონი დოლარი, გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისათვის, რასაც უკრაინელი ექსპერტები მაშინ „სასიცოცხლო მნიშვნელობისას“ უწოდებდნენ.

ასევე ნახეთ

სურკოვის თეზისები, უკრაინის ნაციონალური იდეა და სიგნალი ვაშინგტონიდან

მაგრამ ამჟამად, რუსეთთან ომში ჩაფლულ უკრაინის არმიას ბევრად უფრო მძლავრი შეიარაღება და სამხედრო დახმარება ესაჭიროება, რასაც კიევი იღებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე უკრაინამ შეერთებული შტატებისგან მიიღო დაახლოებით 58,7 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

სულ ახლახან, 2 ნოემბერს, აშშ-მა უკრაინისათვის 425 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა.

პაკეტში სხვა სამხედრო დახმარებასთან ერთად შედის NASAMS და HIMARS სისტემების რაკეტები, Stinger რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო c-UAS აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო Javelin და AT-4 სისტემები.

მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაგრძელება სათუო ხდება.

„საერთოდ უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ ჩაიბარებს ამ მიმართულებას ტრამპის ადმინისტრაციაში. როდესაც ეს ცნობილი გახდება, მაშინ ჩვენ დავინახავთ, თუ როგორ იქნება ურთიერთობის სისტემა და როგორ მოხდება ცხოვრებაში მათი რეალიზება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანდა.

ოქტომბის თვეში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მისმა ორმა უახლოესმა მრჩეველმა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერდა, გეგმა ითვალისწინებდა კიევის გაფრთხილებას, რომ აშშ მისთვის სამხედრო დახმარებას მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში გააგრძელებს.

მაგრამ დონალდ ტრამპმა, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, პირველად გადასცა შეტევითი შეიარაღება რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას, იქვე რუსეთიც გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებებზე ნებისმიერი მიზეზით უარის შემთხვევაში, უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაძლიერდება.

მოგვიანებით, უკრაინაში ვიზიტად მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა.


„ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ეს [ომი] დასრულდეს და ორივეს გვინდა სამართლიანი შეთანხმება. ის სამართლიანი უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ საჭირო დროს ეს მოხდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად.

ახლა, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია და ინაუგურაციის შემდეგ ოფიციალურად შეუდგება მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკისა და არმიის მქონე ქვეყნის მართვას, უკრაინის პრეზიდენტი იმედს არ კარგავს, რომ უკრაინისათვის მძლავრი ორპარტიული დახმარება დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.

„მოუთმენლად ველოდებით ძლიერი ამერიკის ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინისადმი შეერთებული შტატების განგრძობად ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას“, - დაწერა 6 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. იგი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მაშინ, როდესაც წინასწარი შედეგები ჯერ გამოცხადებული არ იყო.

„ის, რომ ზელენსკიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, ლოგიკურია და სწორია, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს“, - ამბობს ევჰენ მაგდა. „ზელენსკის იმედი აქვს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პრობლემატური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 2020 წელს დიდწილად სწორედ ზელენსკის პოზიციის გამო იქნა ინიციირებული წარმომადგენელთა პალატის მიერ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი“.

2020 წლის დონალდ ტრამპისადმი დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული ცნობები, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებდა უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევდა ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატში განახლდება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა

ფრონტის ხაზზე კატასტროფული სიტუაციაა?

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონია უკიდურესად რთული ვითარება რუსეთ-უკრაინის ფრონტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უბანზე. უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსეთის არმიის ალყის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ დონეცკის ქალაქ კურახოვკის (უკრაინულად კურახივკა) დამცველები.


„რუსეთის ჯარები კურახოვკას სამი მხრიდან უახლოვდებიან. იქ მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება“, - განაცხადა რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დილის ეთერში, უკრაინის 33-ე მექანიზებული ბრიგადის პრესოფიცერმა, ნაზარ ვოიტენკოვმა.

უკრაინის სამხედრო-ანალიტიკურ პორტალ „დიპსტეიტის“ (DeepState) ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში აგრესორი აღმოსავლეთის მხრიდან მიუახლოვდა ქალაქს და ხელთ იგდო სოფელი სტეფანოვკა.
ამჟამად რუსეთის არმია იმყოფება კურახოვკის წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომლის სამხრეთით ქალაქის დიდი ნაწილი მდებარეობს.

რუსეთის არმია კურახოვკისა და პოკროვსკის მიმართულებით ყოველდღიურად აძლიერებს იერიშებს მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში წარმატებით იგდო ხელთ ქალაქი უჰლედარი და სერიოზულ პლაცდარმს დაეუფლა შემდგომი წინსვლისთვის.

ასევე ნახეთ რას ნიშნავს უგლედარის დაკარგვა საალყო მდგომარეობაში მყოფი უკრაინის არმიისთვის?

როგორც რუკაზე ჩანს, ქალაქი კურახოვკა რუსეთის არმიისთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი აღება პოკროვსკისკენ წინსვლის კარგ შესაძლებლობას იძლევა.
„თუ რუსები გააგრძელებენ წარმატებულ წინსვლას და შეინარჩუნებენ ამჟამინდელ ტემპს, მაშინ შორს არ არის ის დრო, როდესაც ისინი შეძლებენ ზაპოროჟიე-დონეცკის ტრასა N-15-ზე გასვლას. ეს [მტერს] შესაძლებლობას მისცემს გადაჭრას ქალაქთან დამაკავშირებელი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კვანძი“, - განაცხადა „დონბას.რეალიის“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანმა, ალექსეი ჰეტმანმა.

კურახოვკის დაცემა რუსეთის არმიას გაუადვილებს ქალაქ პოკროვსკის ხელში აღებას. ხოლო პოკროვსკიდან დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე 15 კილომეტრზე ნაკლები მანძილი რჩება. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, რუსეთის არმია, წინსვლის ასეთი ტემპით, დონეცკის ოლქის საზღვრამდე გასვლას უკვე ნახევარ წელიწადში შეძლებს.


დასავლელი დამკვირვებლები სიტუაციას, ზოგადად, კატასტროფულს უწოდებენ. გერმანული გაზეთის Welt-ის გათვლებით, რუსულმა არმიამ სულ რაღაც ბოლო თვეში უკრაინის 470 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიპყრო. აქედან, 200 კვადრატული კილომეტრი, მხოლოდ ოქტომბრის ბოლო კვირაში, - ასეთ დასკვნამდე მივიდა საინფორმაციო პორტალი Bloomberg-ი „დიპსტეიტის“ რუკაზე დაყრდნობით.


ქალაქ პოკროვსკში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე 380 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარე ქალაქში 11 900 ადამიანი, მათ შორის 55 ბავშვია დარჩენილი. უკრაინის არმია ემზადება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დასაცავად, რასაც პოკროვსკის გარშემო და მის ქუჩებში აღმართული საფორტიფიკაციო ნაგებობებიც ადასტურებს.

საფორტიფიკაციო ნაგებობა, ე.წ. დრაკონის კბილები ქალაქ პოკროვსკის ქუჩებში

Deep State-ის მიხედვით, კურახოვკისა და გორნიაკის მახლობლად მოწინააღმდეგის ძალებმა შექმნეს დაახლოებით 6 კილომეტრი დიამეტრის ნახევრად ქვაბი (ეს სამხედრო ჟარგონი, ისევე როგორც "ტომარა", აღნიშნავს ალყის შევიწროებას - რ.თ.), სიტუაცია, რომელმაც, მსგავსი სცენარების გათვალისწინებით, შესაძლოა უკრაინულ ძალებს ამ ორი დასახლებული პუნქტის დატოვება აიძულოს.

ასევე ნახეთ რუსეთის არმია მიუახლოვდა კურახოვკასა და გორნიაკს, რომლებიც ნახევრად ალყაში ექცევიან - "დონბას.რეალიი"