ორი დღის წინ, ანალიტიკურმა პროექტმა Deep State-მა გაავრცელა ცნობა რუსეთის არმიის მიღწეულ წარმატებებზე დონეცკის ოლქის სოფელ კურახოვკისა (უკრაინულად კურახივკა) და გორნიაკის (ჰირნიკა) მიმართულებით.
8 ოქტომბერს პროექტის ანალიტიკოსები იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის არმიამ დაიკავა დონეცკის დასავლეთით მდებარე სოფელი კრასნოგოროვკა და გაარღვია უკრაინის არმიის თავდაცვის ხაზი ქალაქ გორნიაკთან მდებარე სოფელ ცუკურინოში.
Deep State-ის რუკის მიხედვით, კურახოვკისა და გორნიაკის მახლობლად მოწინააღმდეგის ძალებმა შექმნეს დაახლოებით 6 კილომეტრის დიამეტრის ნახევრადქვაბი (ეს სამხედრო ჟარგონი, ისევე როგორც "ტომარა", აღნიშნავს ალყის შევიწროებას. რედ.), სიტუაცია, რომელმაც, მსგავსი სცენარების გათვალისწინებით, შესაძლოა უკრაინული ძალების გაყვანა გამოიწვიოს ამ ორი დასახლებული პუნქტიდან.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ასეთი განვითარება აგრესორს საშუალებას აძლევს, დაიკავოს ადმინისტრაციული ცენტრი კურახოვო (უკრაინულად კურახოვე), დონბასის უკანასკნელი დიდი ქალაქი, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებს.
დღესვე უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ ტორეცკს მიადგნენ და მისი აღებისთვის ემზადებიან.
სამხედრო მიმომხილველების თანახმად, ტორეცკის რუსეთის არმიის ხელში მოხვედრა უკრაინის ჯარისთვის ნიშნავს მომარაგების მნიშვნელოვანი არხის გადაკეტვას.
7 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიკავა სოფელი ჰროდივკა, ხოლო ერთი კვირის წინ დაეცა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი უგლედარი.
ფორუმი