ასევე ბუნებრივი ცდუნებაა, პარალელები გავავლოთ ჩვენს არჩევნებთან: რომელია იქ „ქოცი“, რომელია ჩვენი პროდასავლური ძალების მსგავსი.
მაგრამ პირდაპირ და ცხად გავლენებზე ლაპარაკი, სულ მცირე, ნაადრევი და სპეკულაციურია, ხოლო საქართველოს შიდა სიტუაციასთან პარალელები - ზედაპირული და ყურით მოთრეული.
ტრამპის არჩევა ნაკლებად შეეხება ამ წუთში ჩვენთვის ყველაზე „ცხელ“ საკითხს: რა პოზიციას დაიკავებს ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს არჩევნების მიმართ. ტრამპი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას მხოლოდ იანვრის ბოლოს ჩაიბარებს, მანამდე კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
ის კი ვიცით, რომ აქამდე, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ისევე კრიტიკულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ, როგორც დემოკრატები.
ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკის არჩევნებს მხოლოდ ზოგადი ინტერესით შევხედოთ, როგორც „რეალის“ და „ბარსელონის“ თამაშს. ამერიკა მსოფლიოს ყველაზე მძლავრ სახელმწიფოდ რჩება და დიდ გავლენას ახდენს გლობალურ პოლიტიკურ კონტექსტზე. ეს კი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ჩვენი ქვეყნის განვითარებასაც განსაზღვრავს.
ტრამპი და რუსეთ-უკრაინის ომი
საქართველოს პროდასავლური საზოგადოება ამერიკის არჩევნებს ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში უყურებდა. გავრცელებული მოსაზრებით, ტრამპის არჩევა ცუდია უკრაინისთვის, რადგან ტრამპი შეეცდება, პუტინს უკრაინის ინტერესების ხარჯზე მოურიგდეს და ომის დასრულებით ქულები დაიწეროს. კამალა ჰარისი, ამის საპირისპიროდ, უკრაინის დახმარების პოლიტიკას გააგრძელებდა.
თუ რუსეთი ომიდან გამარჯვებული გამოვა, მისი გავლენა რეგიონში გაიზრდება, რაც ავტომატურად ნიშნავს ივანიშვილის გაძლიერებას საქართველოში. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები სიხარულით შეხვდნენ ტრამპის გამარჯვებას.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?ეს ვერსია საფუძვლიანია. ტრამპს და მისი გარემოცვის ზოგ წევრს არაერთხელ გამოუხატავთ პუტინის მიმართ, სულ მცირე, შემწყნარებლური, ხოლო უკრაინის მიმართ - უპატივცემულო დამოკიდებულება: ამ საკითხში მორალურ სიცხადეს მათ ვერ დააბრალებ. ტრამპის მომხრეებს კონგრესში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება საბოლოოდ არ დაუბლოკავთ, მაგრამ შეუფერხებიათ და პოლიტიკური ვაჭრობის საგნად უქცევიათ.
მაგრამ ყველაფერი ცხადი არ არის. თუმცა ტრამპს უკვე აქვს პრეზიდენტობის ერთი ვადის გამოცდილება, ის მაინც ნაკლებად წინასწარმეტყველებად ფიგურად რჩება. გააჩნია, ვინ ეყოლება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გუნდში და რა ჭკუაზე იქნება ინაუგურაციის შემდეგ. ვერ გამოვრიცხავთ, რომ, საბოლოოდ, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის უკეთესიც აღმოჩნდეს.
ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ალტერნატივა, ანუ დღევანდელი მდგომარეობა. პრეზიდენტი ბაიდენი (ევროპელებთან ერთად) ქებას იმსახურებს უკრაინის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. მაგრამ მისი პოლიტიკის ობიექტური შედეგი სახარბიელო არ არის.
უკრაინელების გმირობამ და დასავლეთის მხარდაჭერამ პუტინის თავდაპირველი გეგმები ჩაშალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა სამხედრო ინიციატივა ისევ რუსეთის მხარესაა: უკრაინა გაჭირვებით იგერიებს მის შეტევებს, გზა მისი გამარჯვებისკენ არ ჩანს. დასავლეთში უკრაინის თემით დაღლის ნიშნებია.
ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ისიცაა, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება შეზღუდული რჩებოდა. ის თითქოს მხოლოდ იმაზე იყო გათვლილი, რომ უკრაინას თავი დაეცვა, მაგრამ არა იმაზე, რომ გაემარჯვა.
ამ შეზღუდვის უკან იდგა „ესკალაციის“ ბუნდოვანი შიში, რაღაც გაუგებარი წითელი ხაზები, რომლებიც უკრაინას არ უნდა გადაელახა, რომ პუტინი ძალიანაც არ გაბრაზებულიყო და ემანდ ბირთვული ღილაკისთვის თითი არ დაეჭირა. მაგრამ როგორ უნდა მოეგო უკრაინას პუტინის გაუბრაზებლად?
დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის არსებული დონე და ფორმა საკმარისი არ აღმოჩნდა. სიტუაცია ჩიხურს ჰგავს. ტრამპს შანსი ექნება, რაღაც შეცვალოს, თუმცა არავინ იცის, როგორც მოიქცევა ის.
საფრთხე ამერიკის დემოკრატიისთვის?
ტრამპის გამარჯვებამ იმ კუთხითაც გამოიწვია შეშფოთება, რომ ის ამერიკის დემოკრატიისთვის სერიოზული საფრთხეა.
ამის ყველაზე თვალსაჩინო არგუმენტი ისაა, რომ მან არ აღიარა მარცხი 2020 წლის არჩევნებში, თუმცა საამისოდ ხელმოსაჭიდი საბუთები არ ჰქონია. მეტიც, მან თავისი მომხრეები ამერიკის კონგრესის შენობის შტურმისთვის წაახალისა. ამის შედეგად, ისტორიაში პირველად ამერიკამ ვერ ჩააბარა დემოკრატიის ძირეული ტესტი - ვერ მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
დამაფიქრებელია ტრამპის მინიშნებებიც, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის გამოიყენებს გავლენას სამართალდაცვის სისტემაზე იმისთვის, რომ თავის პოლიტიკურ ოპონენტებს გაუსწორდეს.
ასევე ნახეთ პუტინი ცდილობს, ტრამპის გამარჯვებას გულგრილად შეხვდესსხვები - მათ შორის ისინიც, ვინც ტრამპის უამრავ პიროვნულ ნაკლს აღიარებს - შიშებს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. როცა ტრამპი 2016 წელს პირველად აირჩიეს, ლიბერალურო ამერიკა პანიკამ მოიცვა: ისმოდა, რომ „დემოკრატია საფრთხეშია“, „კანადაში უნდა გავიქცეთ“ და ა.შ. ცნობილი ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი მაშინ წერდა, რომ ამერიკულ დემოკრატიას მაქსიმუმ ერთი წელიღა დარჩენოდა: უახლოეს ხანში რაიხსტაგის ხანძრის მაგვარი მოვლენა მოხდებოდა, რაც ტრამპის დიქტატურით დამთავრდებოდა.
ახლა ეს ცოტა სასაცილო ჩანს. ვერ ვიტყვით, რომ ტრამპმა დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის ერთგულება გამოიჩინა, მაგრამ ძალაუფლების დანაწილების ღრმად ფესვგადგმულმა ინსტიტუტებმა მისი იმპულსები მოთოკა. მისივე რესპუბლიკური პარტია და მისი დანიშნული თანამდებობის პირებიც შემაკავებელ ფაქტორებად იქცნენ.
ამაზე სკეპტიკოსები უპასუხებენ, რომ ამჯერად ტრამპს ნაკლები შემაკავებელი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია უკვე პირადად მისი ერთგულია, ადმინისტრაციასაც უფრო მორჩილი კადრებით დააკომპლექტებს. ასე რომ, ამერიკული დემოკრატიის მედეგობას შეიძლება უფრო მძიმე გამოცდა ელოდოს.
ეს ყველაფერი ასეა: ტრამპისტული პოპულიზმი ნამდვილად სახიფათოა დემოკრატიისთვის. მაგრამ საქმე ისაა, რომ არანაკლები პრობლემები მეორე ფლანგიდანაც მოდის.
გავრცელებული აზრით, დემოკრატიის მომავლის გამო შფოთვა ძირითადად ჰარისის მომხრეებს ახასიათებდა, მაშინ როდესაც ტრამპის ამომრჩეველს უფრო უკონტროლო მიგრაცია, კრიმინალის ზრდა და სხვა პრობლემები აწუხებდა. ეს შეცდომაა: ტრამპს ბევრი სწორედ იმიტომ მიემხრო, რომ მეორე მხრიდან ხედავდა დემოკრატიის ძირეული პრინციპების სისტემურ შელახვას.
ასეთია, კერძოდ, მერიტოკრატიის ჩანაცვლება ე.წ. იდენტობის პოლიტიკით, როდესაც ინდივიდი კანის ფერით თუ სქესით ფასდება და არა პიროვნული დამსახურებით; ღია შეტევა სიტყვის თავისუფლების პრინციპზე; სამართლის უზენაესობის (კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის) სისტემური უგულებელყოფა; კუდიანებზე ნადირობის პრაქტიკის დამკვიდრება ე.წ. გაუქმების კულტურის სახით; იდეოლოგიურად „თავისიანთა“ მხრიდან ფიზიკური ძალადობის გამართლება (კერძოდ, 2020 წლის ზაფხულში მასობრივი აქციების დროს, რაც პოლიციის ხელში შავკანიანი კაცის სიკვდილს მოჰყვა); და ა. შ.
შეიძლება თქვან, რომ ეს ყველაფერი დემოკრატიული პარტიის ულტრამემარცხენე ფლანგს ახასიათებს; მაგრამ პარტიის ხელმძღვანელობაც (მათ შორის ბაიდენიც) ამ ფლანგს ვერ გაემიჯნა და, დიდწილად, მის ტყვეობაში აღმოჩნდა. ჰარისმა სცადა, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზომიერი პოზიციები დაეკავებინა, მაგრამ ეს არადამაჯერებელი აღმოჩნდა, რადგან წინააღმდეგობაში მოდიოდა მის ადრინდელ რადიკალურ გამონათქვამებთან.
ამ ფონზე, სუბიექტური შეფასების საგანი გახდა, ამერიკულ დემოკრატიას „მარჯვნიდან“ უფრო ემუქრება საფრთხე, თუ „მარცხნიდან“. როგორც პენსილვანიაში ჩატარებულმა ეგზიტპოლმა გამოავლინა, იმ ამომრჩევლებს შორის, ვისაც ამერიკის დემოკრატიის მომავალი მწვავე პრობლემად მიაჩნდა, უფრო მეტმა ტრამპს მისცა ხმა, ვიდრე ჰარისს. მათ შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ მათ სწორედ ტრადიციული ამერიკული ლიბერალური პრინციპების დაცვა ამოძრავებდა და არა რასიზმი ან მიზოგინია (რაც, ანტიტრამპისტთა აზრით, მის მომხრეთა მთავარი ნიშანია).
დასკვნა: ძლიერი ამერიკის საჭიროება
საქართველოს ინტერესებს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენთვის მთავარი არ იყო, ვინ გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი თუ კამალა ჰარისი. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამერიკა იყოს რაც შეიძლება ძლიერი ქვეყანა. ეს აქცენტი, სრულიად სწორად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც დასვა.
„ძლიერი“ ნიშნავს მყარ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, წარმატებულ ეკონომიკას, მოწინავე სამხედრო რესურსებს და ყოველივე ამასთან დაკავშირებულ „რბილ ძალას“. ასევე მნიშვნელოვანია, ამერიკას ჰქონდეს ნება, თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლი ითამაშოს.
ამ ვითარებას ჩვენზე პირდაპირი გავლენა აქვს. დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინმა იმიტომ მიიღო 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება, რომ ამერიკა სუსტად ჩათვალა. თუ გავიხსენებთ, როგორ დატოვა ავღანეთი ამერიკის ჯარმა, გასაკვირი არაა, მას ასეთი შთაბეჭდილება შეჰქმნოდა.
ასევე ნახეთ „ჩვენი კაცუნა“ - კრემლი ტრამპის გამარჯვებით გამოწვეულ გრძნობებს მალავსასეთსავე აღქმას ემყარებოდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, დასავლეთისთვის ზურგი ექცია ევრაზიული ორიენტაციის სასარგებლოდ.
თუ ზემოხსენებული კრიტერიუმიდან ამოვალთ, არც დონალდ ტრამპისა და არც კამალა ჰარისის კანდიდატურები ოპტიმალური არ ყოფილა. მაგრამ დემოკრატიული პროცესი არაწინასწარმეტყველებადია და ხანდახან უჩვეულო ფიგურები გამოჰყავს წინა პლანზე. განგაშის ზარების ცემა იმის გამო, რომ ტრამპის მოსვლით ამერიკული დემოკრატიის მზე ჩაესვენა, დიდი და სახიფათო გაზვიადებაა. სინამდვილეში ჯერ არავინ იცის, რას მოუტანს ამერიკას და მსოფლიოს დონალდ ტრამპის მეორე ვადა.
ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.