“აფხაზეთი უცნაურ ვითარებაში იმყოფება. ის არის თვითმმართველი ტერიტორია, დე ფაქტო სახელმწიფო, რომელიც საკმაოდ სტაბილურია და ნამდვილად არ დგას ჩამოშლის პირას, მაგრამ ის საერთაშორისო იზოლაციაშია და მსოფლიოსაკენ მისი მთავარი გზა რუსეთზე გადის“, - ასე იწყებს აფხაზეთისადმი მიძღვნილ ქვეთავს თავის ახალ წიგნში ტომ დე ვაალი, ბრიტანელი ჟურნალისტი, რუსეთისა და კავკასიის საკითხების ექსპერტი.
ქვეყნის აღიარება არის „შეგნებული აქტი“ და შეუძლებელია ის შემთხვევით, „მცოცავად“ მოხდეს.
წიგნში “Uncertain Ground” (არამყარი მიწა), რომელიც „საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდმა“ გამოაქვეყნა, ტომ დე ვაალი წერს XX საუკუნის კონფლიქტების შემდეგ წარმოქმნილ სამ სეპარატისტულ რეგიონზე: აფხაზეთზე, დნესტრისპირეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზე. ავტორი შენიშნავს, რომ ამ რეგიონებში, ბევრი პრობლემის მიუხედავად, არსებობს თვითმმართველობა და ნარჩუნდება სტაბილურობა.
ასეთ ვითარებაში ტომ დე ვაალს კონფლიქტების მოგვარების უგულებელყოფილ რესურსად მიაჩნია სეპარატისტულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. თუ ეს კარგად გააზრებულად გაკეთდება, ავტორის აზრით, შეიძლება მოგებული დარჩეს ყველა.
ტომ დე ვაალის აზრით, არსებობს აფხაზეთთან დასავლეთის თანამშრომლობის გააქტიურების რესურსი, განსაკუთრებით - ვაჭრობის სფეროში.
„აღიარებული სახელმწიფოების შეშფოთება, რომ უფრო აქტიური თანამშრომლობა ტერიტორიების „მცოცავ აღიარებამდე“ მიგვიყვანს, არ ეფუძნება სამართლებრივ შეფასებას“, წერს დე ვაალი და განმარტავს, რომ ქვეყნის აღიარება არის „შეგნებული აქტი“ და შეუძლებელია ის შემთხვევით, „მცოცავად“ მოხდეს.
აფხაზეთთან დაკავშირებით დე ვაალი იხსენებს „არაღიარებისა და თანამშრომლობის პოლიტიკას“, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით. ის მოიცავდა ორ ელემენტს: ერთი მხრივ, საქართველოსათვის დადასტურებას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას და, მეორე მხრივ, სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობის გააქტიურებას. მაგრამ, დე ვაალის თქმით, ეს პოლიტიკა და ევროკავშირის დახმარება რუსეთის გაცილებით უფრო მასშტაბურმა დახმარებამ დაჩრდილა.
ტომ დე ვაალის აზრით, არსებობს აფხაზეთთან დასავლეთის თანამშრომლობის გააქტიურების რესურსი, განსაკუთრებით - ვაჭრობის სფეროში.