ასეულობით მილიონ ლარს აღწევს ის თანხა, რაზეც ცნობილია, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აღარ გადასცემენ - აშშ-ის, ევროკავშირისა და დანიის შეჩერებული პროგრამების ღირებულება ამ ეტაპზე 380 მილიონ ლარს აჭარბებს.
ამავდროულად, საქართველოს კიდევ ერთი მსხვილი დონორი, გერმანია, აცხადებს, რომ წყვეტს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას და მიმდინარე პროგრამების გადახედვასაც გეგმავს. იმავეს აკეთებს ევროკავშირის მეორე უდიდესი ქვეყანა, საფრანგეთიც.
“აგენტების კანონის” მიღებით, ანტიდასავლური დეზინფორმაციით და ადამიანის უფლებების დარღვევით უკმაყოფილო დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ბიუჯეტი კიდევ უფრო მეტ დახმარებას დაკარგავს.
რა შედეგი მოჰყვება დახმარების შეჩერებას?
შეჩერებულ ფინანსურ დახმარებაზე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეკონომისტი ეგნატე შამუგია ერთმანეთისგან გამოყოფს ამ ნაბიჯების პირდაპირ და ირიბ ეკონომიკურ შედეგებს.
ეგნატე შამუგიას თანახმად, უცხოური საბიუჯეტო დახმარება იმ მასშტაბის არაა, რომ მისმა შეჩერებამ სახელმწიფოს ფინანსური პრობლემები შეუქმნას.
„ყველა ქვეყანამ რომ შეწყვიტოს საგარეო დახმარება, იმ პრობლემის წინაშე არ დავდგებით, რომ პენსიონერს პენსიას ან ჯარისკაცს ხელფასს არ გადაუხდიან“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან.
საქართველოსთვის 90-იან წლებში უცხოურ დახმარებას მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - მაგალითად, 1995 წელს, ქაოსში ჩაფლული ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი სწორედ უცხოურ დახმარებაზე მოდიოდა.
90-იანების მეორე ნახევარსა და 2000-იან წლებში ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის სტაბილიზაციას დახმარების შემცირება მოჰყვა, რეკორდული რაოდენობის უცხოური დახმარება კი საქართველოს ბიუჯეტში 2008 წლის ომის შემდეგ შემოვიდა.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ მოკრებილი გადასახადებია.
ამ ფონზე, საჯარო სექტორის ბიუჯეტში უცხოური დახმარების ხვედრითი წილი შემცირებულია - 2023 წელს 0.9%-ზე ჩამოვიდა, რაც დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, უკვე წლებია, უცხოური გრანტებით საქართველოს ბიუჯეტში ასეულობით მილიონი ლარი შემოდის - რაოდენობრივად, ეს ბევრად მეტია, ვიდრე 90-იანებისა და 2000-იანების დახმარებები.
ეგნატე შამუგიას თანახმად, დახმარების შეწყვეტის შედარებით უმნიშვნელო პირდაპირ შედეგს საქართველოს ფისკალური დისციპლინაც განაპირობებს. მაგალითად, 2023 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტმა, ანუ საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების სხვაობამ, მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2% შეადგინა.
ერთი შეხედვით, ეს არასახარბიელო რიცხვია - ქვეყანამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მიიღო, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მაჩვენებელი ბევრი ქვეყნისაზე უკეთესია. მაგალითად, მაასტრიხტის ხელშეკრულებით, ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოებისთვის ბიუჯეტის დეფიციტის დასაშვებ ზღვრად მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს განსაზღვრავს. ამის მიუხედავად, ბრიუსელს ხშირად აქვს კონფლიქტი წევრ სახელმწიფოსთან დიდი საბიუჯეტო დეფიციტის გამო.
2011 წელს მიღებული „ეკონომიკის თავისუფლების აქტით“, საქართველოში კანონით განისაზღვრა ბიუჯეტის დეფიციტის მაქსიმალური ზღვარი, რაც ევროკავშირის მსგავსად, 3%-ია.
ამ მხრივ საკმაოდ სახარბიელო მდგომარეობის გამო, საქართველოს ბიუჯეტი ნაკლებადაა დამოკიდებული უცხოურ დახმარებაზე, თუმცა მის შეწყვეტას შეიძლება ბევრად რთული ირიბი ეკონომიკური შედეგი ჰქონდეს.
მისი აზრით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ამგვარი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოსა და პოტენციურ ინვესტორებზე.
„ეკონომიკური აქტივობა დამოკიდებულია ინსტიტუციურ და პოლიტიკურ გარემოზე. როდესაც შენი დასავლელი პარტნიორები რიტორიკული დაგმობისა და განცხადებების მიღმა ქმედებებზე გადადიან, ეს ნიშანია იმისა, რომ შენს ქვეყანაში არასასურველი გარემოა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაქვს სურათი, როცა პოტენციური ინვესტორისთვის რისკები გაზრდილია.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ამერიკული კომპანია ასე ხედავს, რომ მის მთავრობას ამ ქვეყანასთან პრობლემები აქვს. ეს უკვე დამაფიქრებელია. ეს უკვე მისთვის გაზრდილი რისკის პრემიაა“, - უთხრა ეკონომისტმა რადიო თავისუფლებას.
დასავლეთი დახმარებას გადაამისამართებს
საბიუჯეტო გრანტების შეჩერება ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტას არ ნიშნავს. დიპლომატების განცხადებებიდან და ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები აპირებენ, დახმარებას მისამართი შეუცვალონ.
თუ აქამდე საქართველოში დასავლური გრანტების მთავარი ბენეფიციარი მთავრობა იყო, ახლა დონორები გეგმავენ, რომ ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების ხარჯზე გააძლიერონ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენი პირდაპირი დახმარება ბიუჯეტში შეწყდება და ეს დახმარება წარიმართება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ“, - თქვა საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ, როცა საქართველოს მთავრობის დაფინანსების შეჩერებაზე ილაპარაკა.
ეს ლეიტმოტივი გასდევდა სხვა დიპლომატების განცხადებებსაც. გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის მიერ მიღებული ზომები ეხებოდა სწორედ იმ დახმარებას, რომლითაც უშუალოდ ბიუჯეტი სარგებლობდა.
„ზუსტი რიცხვები არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია [გერმანიის საერთო დახმარების - რედ.], რაც არ მიემართება სახელმწიფოს”, - თქვა მაშინ პეტერ ფიშერმა. გერმანიის საელჩოს ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, გერმანული დახმარება 1.5 მილიარდი ევროს ღირებულებისაა.
გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ სტრატეგიით მოქმედებენ. ევროკომისიის ივნისის ზემოხსენებულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირი, საქართველოსთვის საბიუჯეტო დაფინანსების შემცირებისა და ეტაპობრივი შეწყვეტის პარალელურად, გაზრდიდა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაფინანსებას, რომელიც, ევროკავშირის აზრით, ხელისუფლების ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა რთულ ვითარებაში ჩააგდო.
12 ივლისს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა, საფრანგეთის ელჩის განცხადების ნაკლებმნიშვნელოვნად წარმოჩენა სცადა. პაპუაშვილის თანახმად, „საფრანგეთიდან არანაირი პირდაპირი დაფინანსება არ არსებობს“.
ამის პასუხად, საფრანგეთის საელჩომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2012 წლიდან მოყოლებული, საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 945 მილიონ ევროს უტოლდებოდა. აქედან 724 მილიონი ევრო მოდიოდა საბიუჯეტო სესხებზე, 185 მილიონი კერძო სექტორის სესხებზე და 35 მილიონი - გრანტებზე.
„ქართული ოცნების“ მესიჯბოქსის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც დასავლური დაფინანსებით ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობდნენ, რიცხვების გასაჯაროება გადაწყვიტა ევროკავშირმაც.
„საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ არასწორი ინტერპრეტაციის საპასუხოდ: 2019-2024 წლებში, სამინისტროებმა - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შედარებით - ევროკავშირიდან 11-ჯერ მეტი ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს”, - ეწერა ევროკავშირის წარმომადგენლობის 16 ივლისის განცხადებაში.
როგორც ევროკომისიის ანალიზიდან ირკვევა, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებმა და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებმა ბრიუსელისგან 517 მილიონი ევრო მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა (არასამთავროებმა, მედიამ და ა.შ.) კი 11-ჯერ ნაკლები - მხოლოდ 46.1 მილიონი ევრო.
ჯერჯერობით, აშშ-ის მიერ შეჩერებული 95-მილიონდოლარიანი ტრანში ყველაზე მსხვილი იყო, რაც დასავლურმა ქვეყნებმა საქართველოს შეუჩერეს. მოკავშირეების მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ეხებოდა საბიუჯეტო დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს მთავრობა. თუმცა აშშ-ს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რას უნდა მოხმარებოდა ეს თანხა.
"მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ"
“23 მაისს, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება”, - ეწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის 31 ივლისის განცხადებაში, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ევროპელების შემდეგ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტა აშშ-მაც გადაწყვიტა.
პირველი კი ევროკავშირი იყო. პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, 9 ივლისს გამოაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს უჩერებდა 30-მილიონევროიან დახმარებას, რომელიც ევროპული სამშვიდობო ფონდიდან იყო გამოყოფილი 2024 წლისთვის.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ძალიან მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა. კანონი მიღებულია, ახლა, სამწუხაროდ, შედეგების დრო დადგა.
ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც“, - თქვა მაშინ ევროკავშირის ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის სიტყვები თანხვედრაშია ევროკომისიის შემუშავებულ დოკუმენტთან, რომელიც რადიო თავისუფლებამ მის განცხადებამდე სამი კვირით ადრე, 14 ივნისს მოიპოვა.
დოკუმენტში ევროპის სამშვიდობო ფონდის 30-მილიონევროიანი გრანტის შეჩერება მოკლევადიანი ზომების ჩამონათვალში იყო, მომავალში კი, შესაძლოა, ევროკავშირმა სხვა დაფინანსებაც შეუჩეროს საქართველოს.
"მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ", - ეს უკვე გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა თქვა 10 ივლისს, როცა გამოაცხადა, რომ გერმანია აღარ აპირებდა, საქართველოს საბიუჯეტო დაფინანსებასთან მიმართებით ახალი ვალდებულებები აეღო და გადახედავდა არსებულ პორტფელსაც.
მეორე დღეს იგივე გაიმეორა საფრანგეთის ელჩმაც და თქვა, რომ საფრანგეთი საქართველოს ბიუჯეტის დახმარებას შეწყვეტდა.
30 ივლისს, ენტონი ბლინკენის განცხადების წინა დღეს, ცნობილი გახდა ისიც, რომ დანია საქართველოს უწყვეტდა სამხედრო დახმარების ოთხწლიან პროგრამას.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დეპუტატ თეონა აქუბარდიასთვის გაგზავნილი წერილიდან გაირკვა, რომ პროგრამის ღირებულება 71.5 მილიონი დანიური კრონა იყო (10.5 აშშ დოლარი/28.3 მილიონი ლარი), გადაწყვეტილების მიზეზი კი იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.