ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად, კვლავ უმრავლესობას წარმოადგენს სამი ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი:
- ევროპის სახალხო პარტია/EPP - 189 მანდატით;
- სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი/S&D - 135 მანდატით;
- RENEW ევროპული ჯგუფი - 79 მანდატით.
ისინი პროევროპული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები არიან.
ევროპარლამენტში სულ 720 სადეპუტატო მანდატია. უმრავლესობის მოსაპოვებლად 361 ხმაა საჭირო. ამა თუ იმ ქვეყნისთვის განკუთვნილი კვოტა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ამომრჩევლები კენჭს უყრიან ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს და არჩეული დეპუტატები, უკვე საერთო ევროპული პოლიტიკური ოჯახებისა და ჯგუფების მიხედვით ნაწილდებიან. არჩევნები 6-9 ივნისს გაიმართა. საბოლოო, დაზუსტებული მონაცემები ჯერ ისევ არ არის ხელმისაწვდომი.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ცვლილებებისა და კერძოდ - ულტრამემარჯვენე და პოპულისტური ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერების მოლოდინი ჰქონდა. იკვეთებოდა შიშიც, რომ ამ ძალების მომძლავრება უკრაინის დახმარებას შეასუსტებდა. ეს შიში არ გამართლდა.
ძალთა გადანაწილება ახალ ევროპარლამენტში
არჩევნების მთავარი შედეგი ის არის, რომ ევროპარლამენტის სამი მსხვილი პროევროპული პოლიტიკური ჯგუფის - EPP, S&D, RENEW - მანდატების რაოდენობა 403-ს შეადგენს და ეს შთამბეჭდავად გამოიყურება.
მართალია, ამ სიაში, მეორე და მესამე ადგილზე გასულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საერთო ჯამში, 27 მანდატი დაკარგეს, მაგრამ 13 მანდატით მეტი მოიპოვა პირველ ადგილზე გასულმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა EPP-მ, რომელსაც, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს.
ურზულა ფონ დერ ლაიენს აქვს რეალური შანსი, რომ შემდეგი ვადითაც უხელმძღვანელოს ევროკომისიას. ის ევროკავშირის გაფართოებისა და უკრაინის აქტიური მხარდამჭერია. წინასწარი დათვლებით, EPP პირველ ადგილზე გავიდა 17 ქვეყანაში, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაში არის კიდევ ათობით სხვა წევრი, პოლიტიკურ პარტიებსა თუ ჯგუფებში, რომლებსაც ასევე პროევროპული და პროუკრაინული პოზიცია აქვთ, მათ შორის:
- "მწვანეების ჯგუფი - ევროპის თავისუფალი ალიანსი"/Grn/RFA - 53 მანდატი. [წინა პარლამენტში "მწვანეებს" 19 მანდატით მეტი ჰქონდათ];
- "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები"/ECR - 73 მანდატი.
ნაციონალისტური ECR არცთუ იშვიათად აკრიტიკებს ევროკავშირს, თუმცა იმითაც გამოირჩევა, რომ სიმკაცრეს იჩენს რუსეთის მიმართ და მხარს უჭერს უკრაინას. ამ პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის იტალიის პრემიერის, ჯორჯა მელონის პარტია „იტალიის ძმები“ და, მაგალითად, პოლონური „კანონი და სამართლიანობა“ (PiS).
ECR-ისგან განსხვავებით, ღიად პრორუსულია ულტრამემარჯვენე - „იდენტობა და დემოკრატია“ (ID). შესაბამისად, ევროპარლამენტში მათი გაერთიანება ნაკლებად წარმოსადგენია.
წინასწარი ინფორმაციით, იტალიაში ID-ის პოლიტიკური ოჯახის პარტიამ (Lega Salvini Premier) 8 მანდატი მოიპოვა (14-ით ნაკლები, ვიდრე წინა არჩევნებზე).
ულტრამემარჯვენეებისა და პოპულისტების შედეგები
ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ჯგუფმა „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) ევროპარლამენტში სულ 58 მანდატი მოიპოვა, 9 მანდატით მეტი, ვიდრე წინა პარლამენტში ჰქონდა.
საფრანგეთი
ულტრამემარჯვენე ძალების წარმატება გამოვლინდა საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და გერმანიაში - თუმცა სხვადასხვანაირად.
- საფრანგეთში ID-ს პოლიტიკურ ოჯახშია მარინ ლე პენის მხარდამჭერთა ულტრამემარჯვენე პარტია - „ეროვნული გაერთიანება“ (RN), რომელსაც ახლა ჟორდან ბარდელა ხელმძღვანელობს.
- RN-მა საფრანგეთში ორჯერ მეტი მანდატი (30) მოაგროვა, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსმა“ (13), რის გამოც პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. რიგგარეშე არჩევნები ივნისის ბოლოს გაიმართება.
ასევე ნახეთ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა მემარჯვენე-პოპულისტების ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის შემდეგ
ავსტრია
ავსტრიაშიც, პირველ ადგილზე გავიდა პოპულისტური მემარჯვენე პარტია - FPÖ (6 მანდატი), ასევე ID-ის პოლიტიკური ოჯახიდან. მას ერთი მანდატით ჩამოუვარდება ევროპის სახალხო პარტიის EPP პარტნიორი ÖVP (5 მანდატი). ასევე 5 მანდატი მოაგროვა პარტია SPÖ-მ, S&D-ს ოჯახიდან.
ჯამში, ავსტრიიდან პროევროპულ და პროუკრაინულ პარტიებს მეტი მანდატი შეემატათ ევროპარლამენტში.
გერმანია
ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD); პირველ ადგილზეა (29 მანდატით) მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, ქრისტიან-დემოკრატთა კავშირი (CDU), რომელიც EPP-ის პოლიტიკურ ოჯახშია. მეორე ადგილზე კი - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია, “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) - 15 მანდატით. ეს პარტია ულტრამემარჯვენე ID-ის პოლიტიკურ ოჯახში იყო, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გააძევეს მიუღებელი გამონათქვამისთვის - ნაცისტების დროს SS-ის ყველა წევრი კრიმინალი არ იყოო.
კვოტის მიხედვით, გერმანიის სათვალავზე ყველაზე მეტი მანდატია - 96. ამ მანდატების უდიდესი უმრავლესობა ევროპარლამენტის - პროევროპული და პროუკრაინული პოლიტიკური ძალების ხელშია.
ბელგია
ბელგიაში დამარცხდა პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - როგორც ბელგიის საპარლამენტო არჩევნებში, ასევე - ევროპარლამენტის არჩევნებში და პრემიერმა თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა.
თუმცა, ასევე ბელგიაში, ჯამში, მეტი ხმა შეაგროვეს პარტიებმა EPP-ის, S&D-სა და RENEW-ს პოლიტიკური ოჯახებიდან.
ასევე ნახეთ ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს არჩევნებში წარუმატებლობის გამო
ულტრამემარჯვენე პოპულისტების პროგრესის შესახებ საუბრობენ ჰოლანდიისა და ესპანეთის შემთხვევაშიც, თუმცა ჰოლანდიაში, 31 მანდატიდან ID-მ მხოლოდ 6 მანდატი მოიპოვა; ხოლო ესპანეთის შემთხვევაში - საერთოდ არ ჩანს პარტია ID-ის პოლიტიკური ოჯახიდან. ორივე ამ ქვეყანაში უმრავლესობა პროდასავლური, პროევროპული პარტიების სათვალავზეა.
ექსპერტების შეფასებით, ულტრამემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა პოზიციების გაუმჯობესება შეძლეს, მაგრამ არა იმდენად, რომ ზეგავლენა მოახდინონ გადაწყვეტილებებზე.
ასეთმა შედეგებმა, საქართველოში, განსაკუთრებით უკმაყოფილო დატოვა ანტიდასავლური, პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ცვლილებებს დიდი იმედით ელოდებოდნენ და რომლებსაც, მანამდე, ჯერ კიდევ უკრაინაში ომის წლისთავზე - ევროპის გაყინვისა და შიმშილით ამოწყვეტის იმედი ჰქონდათ.
შედეგები ვერ პასუხობს "ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და მათი მოკავშირეების დიდი ხნის რიტორიკას, რომ ევროკავშირი რეფორმებსა და ცვლილებებს საჭიროებსრადგან და რომ, სხვა მიზეზებთან ერთად, ევროპარლამენტარებს საქართველოში არეულობა სურთ.
„ყველა ევროსკეპტიკოსი [ულტრამემარცხენეების ჩათვლით] ერთად აგროვებს სადღაც 120 მანდატს. გადაწყვეტილებებზე არავითარი გავლენა არ ექნებათ და ევროკავშირს ვერ დაანგრევენ და აქ რა უხარიათ, ვერ გავიგე... არ მახსოვს, რომ ლეპენის პარტიასთან ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს „ოცნებას“... ევროსკეპტიკოსების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას არ მოველოდი, მცირედით რომ გაიზრდებოდა - ეს ცნობილი იყო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.
ის განმარტავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოვლენილი ცვლილებები დიდწილად რუსეთთან ომში ჩართვის შიშით არის განპირობებული, თუმცა ცვლილება მცირე იმიტომ არის, რომ - „თანდათან ყველა ხვდება - რუსეთთან დათბობის პოლიტიკა არ ჭრის“.
რეაქციები თბილისში
"ოცნების" დამფუძნებელთან და ამჟამად საპატიო თავმჯდომარესთან - ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, შეთქმულების თეორიებით გამორჩეული ფილოსოფოსი - ზაზა შათირიშვილი ევროპელების განწყობის გამოთვლას ცდილობს და თავის ანალიზს ძირითადად - დღევანდელი ევროპის დასაკნინებლად იყენებს. მის მორიგ წერილში, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს, წერია:
- „[ევროპარლამენტი] არანაირი პოლიტიკური წონის და მნიშვნელობის მქონე არ არის“;
- „[ევროპარლამენტი] კონკრეტულმა ძალებმა დააკნინეს მიზანმიმართულად, კორუფციის, ლობიზმისა და ბინძური ინტერესების გამტარ ბუდედ აქციეს“;
- „ოდესღაც ყველასათვის სანატრელი და შესაშური ევროპისგან აღარაფერია დარჩენილი“.
- „ამერიკისგან მართული ევროპული პოლიტიკური ელიტა" იგივე "ნომრიანი აგენტურაა", რომელიც აშშ-ის დავალებით, "ევროპის დასუსტებას და სუვერენიტეტის გაჩანაგებას" ახდენდა, მაგრამ "პროცესში თავადაც გაიფუჭეს საკუთარი თავი“.
„[ევროპარლამენტის არჩევნებზე] დამდგარი შედეგებიდან გამომდინარე მეტად ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. დიდ სურათში ტენდენცია საკმაოდ დამაიმედებელია და ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე ევროპელმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად გადაიაზრა მის წინაშე არსებული კატასტროფული პრობლემები, რაც უკვე კონკრეტულ ადამიანებს შეეხო“, - შათირიშვილის ლოგიკით, უკრაინაში რუსეთის ომისთვის პასუხისმგებელი ძალები არა რუსეთში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებში არიან.
შათირიშვილის წერილში არის კიდევ რამდენიმე საყურადღებო პასაჟი: მას მიაჩნია, რომ ევროპაში ხალხის აზრის შეცვლის პროცესში „საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია“. „ჩვენ მიერ ბევრჯერ და ხმამაღლა ნათქვამ სიმართლეს მილიონობით ადამიანი უსმენს“, - წერს შათირიშვილი. ის ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ადგილი არა დღევანდელ ევროკავშირში, არამედ იმ ევროკავშირშია, რომელიც „საბოლოოდ დააღწევს თავს აგენტოკრატიას“, აირჩევს „ქვეყნების ინტერესების გამტარ პოლიტიკურ ძალებს“ და შეძლებს „დაიბრუნოს ძველი ღირსება“.
ევროპის გაჯანსაღების აუცილებლობაზე ხშირად ლაპარაკობენ "ქართულ ოცნებაშიც".
22 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირისა და აშშ-ის დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზეც ილაპარაკა, „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული, დღემდე ბევრისთვის გაუგებარი თეორიის ფარგლებში. ამ თეორიის მიხედვით, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები „გლობალური ომის პარტიას“ ემორჩილებიან.
„ეს არის ჩვენი გუნდის ოპტიმიზმი, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირი მოახერხებს დეოლიგარქიზაციას. ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეუძლია დეოლიგარქიზაციის მიღწევა და შესაძლებელი გახდება საკუთარი ეროვნული ინტერესების უფრო მტკიცედ დაცვა, ანუ, როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს და მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ევროპარლამენტის არჩევნებზე, როგორც პრობლემებისა და კრიზისის მანიშნებელზე, „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა ილაპარაკეს 11 ივნისს, პარლამენტის სხდომაზე.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდ ნაწილში შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური ელიტების მიმართ ამომრჩევლის მხრიდან მზარდი უნდობლობა, რამაც რიგ შემთხვევაში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას შეუწყო ხელი... არჩევნების შედეგებმა ისიც აჩვენა, რომ ევროპის მოსახლეობა უფრო მეტად კონსერვატიული ფასეულობების მხარდამჭერია. ყველაზე მეტი მანდატი ახალ ევროპარლამენტში სწორედ ლიბერალურმა პოლიტიკურმა ოჯახებმა დაკარგეს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომიტეტსაც ივნისი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 10 წლისთავის ანგარიშგების თვედ აქვს გამოცხადებული.
ევროკავშირში, სხვა საერთაშორისო პარტნიორების მსგავსად, მკაფიოდ თქვეს, რომ "აგენტების კანონის" დამტკიცების გამო საქართველოს ევროინტეგრაცია ვეღარ გაგრძელდება. სავიზო სანქციების პირველი ეტაპი უკვე გამოაცხადა აშშ-მა, მათ შორის - "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროპარლამენტში „იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა, არსებითად, მოვლენები განვითარდება ისე, როგორც აქამდე“. კობახიძე ევროპაში დემოკრატიის კრიზისზე ლაპარაკობს მაშინ, როცა მთელი ევროპა - საქართველოს დემოკრატიის უკუსვლის გამო წუხს.
„...გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში. ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება“, - ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ „ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში“.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუცია "ფეიკების" შედეგია, ჩალის ფასი აქვსევროპარლამენტი და ევროპარლამენტარები არაერთხელ გახდნენ „ქართული ოცნების“ შეტევის სამიზნე.
თავიდან დაპირისპირება ცალკეული ევროპარლამენტარების დადანაშაულებით დაიწყო, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ; ხოლო შემდეგ - კონფრონტაციული რიტორიკა სულ უფრო გაფართოვდა.
„ჩალის ფასი აქვს“ - მმართველმა გუნდმა და კონკრეტულად - ირაკლი კობახიძემ - ეს არაერთხელ განაცხადა ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუციების შესახებ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უსვამდა ხაზს, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებდა და მისთვის სანქცირებასაც ითხოვდა.
დაპირისპირებამ უკვე ღია, დაუფარავი სახე მიიღო - „აგენტების კანონის“ ფონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 28 მაისს საბოლოოდ დაამტკიცა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
უნგრეთი და სლოვაკეთი
ხელისუფლების, მათი მხარდამჭერებისა და მოკავშირეების კომენტარებში ყურადღების მიღმა რჩება მათ მიერ მოკავშირეებად აღიარებული სლოვაკეთისა და უნგრეთის არასახარბიელო შედეგები.
- კრემლისადმი ლოიალური სლოვაკი ლიდერის, პოპულისტი პრემიერ-მინისტრის - რობერტ ფიცოს პარტია (SMER) ევროპარლამენტის არჩევნებში (5 მანდატი) დამარცხდა - ლიბერალურ პარტიასთან „პროგრესული სლოვაკეთი“ (PS) - 6 მანდატი.
- უნგრეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიას (Fidesz) კი - ბევრისთვის მოულოდნელად, სწრაფად დაეწია მისგან რამდენიმე თვის წინ გამოყოფილი - „პატივისცემისა და თავისუფლების პარტია“ (TISZA). მათ, შესაბამისად - 11 და 7 მანდატი მიიღეს.
- TISZA ევროკავშირის მომხრეთა რიგებშია და ბრიუსელის მიმართ მეგობრული პარტიაა.
ევროპარლამენტის არჩევნებამდე, ორბანის პოლიტიკის წინააღმდეგ, უნგრეთში მასშტაბური აქციები იმართებოდა.
ფიცოსა და ორბანის პარტიები ევროპული პოლიტიკური ოჯახების გარეშე არიან დარჩენილი და ერთიანდენიან კატეგორიაში „წევრები პოლიტიკური ჯგუფის გარეშე“ (NI).
რობერტ ფიცოს პარტია - Smer-ი, S&D-დან გაუშვეს, შარშან;
ვიქტორ ორბანის Fidesz-ი კი, EPP-დან გაისტუმრეს, 2021 წელს.