მიუხედავად იმისა, რომ გარღვევას არავინ მოელის, საქართველოში არ დაობენ, რომ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ვიზიტი (23 აგვისტო) უაღრესად დიდი მოვლენაა. თბილისი ლაპარაკობს გერმანიის ძლიერ მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით და ეს ცხადია ანალიტიკოსებისთვისაც, თუმცა მხარდაჭერა ასე გამოკვეთილი არ არის, როცა საქმე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას შეეხება. ზოგად სკეპტიციზმთან ერთად, აქ თავს იჩენს რუსეთის ფაქტორი. ბერლინისა და მოსკოვის გზები მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით, რისთვისაც გერმანიამ აშშ-ის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა. სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში წინ უსწრებდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, თუმცა ამ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის, უკრაინისგან განსხვავებით, არ იყო ნახსენები საქართველოს საკითხი.
„მისი (ანგელა მერკელის) ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში... ის ფაქტი, რომ გერმანიის კანცლერი საქართველოში ჩამოდის (პუტინის გერმანიაში) ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო არის და მომავალშიც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რუსეთთან გერმანიის ურთიერთობებში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ეჭვქვეშ დააყენა ოპონენტების წუხილი იმის გამო, რომ 19 აგვისტოს ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინის 3-საათიანი შეხვედრაზე არ განხილულა საქართველოს საკითხი. მართალია, შეხვედრის შემდეგ მერკელსა და პუტინს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განსახილველ საკითხთა საჯარო ჩამონათვალში ნამდვილად არ იყო ნახსენები საქართველო.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩავა სამხრეთ კავკასიაში„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი, რომლისთვისაც ეს ფაქტი, სხვა ბევრი ექსპერტის მსგავსად, საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს ხელისუფლების არასაკმარისი მუშაობის მანიშნებელია. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს, გერმანიასთან ურთიერთობის განმტკიცებასთან ერთად, მოეთხოვება სწორება ახალ ხედვაზე, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ჩამოაყალიბა და რომელშიც საქართველო უფრო მომგებიან პოზიციაზე დგას.
Your browser doesn’t support HTML5
ანალიტიკოსები ხშირად იხსენებენ გერმანიის განსაკუთრებულ სკეპტიციზმს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი, რამაც დიდწილად განაპირობა ის ფაქტი, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს არ მიანიჭეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). გერმანიას ასევე სკეპტიკური მიდგომა აქვს ევროკავშირის გაფართოებისადმი და არც იმაში იყო მაინცდამაინც იოლი ბერლინის დაყოლიება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცემოდათ. ამ ფაქტებს ბევრი ხშირად ბერლინისა და მოსკოვის განსაკუთრებულ ურთიერთობებს უკავშირებს და ეს ურთიერთობები ენერგეტიკულ ინტერესებს ეფუძნება. სწორედ ეს გახდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მწვავე კრიტიკის სამიზნე 2018 წლის ივლისში, ნატოს ბრიუსელის სამიტზე.
განსაკუთრებული ენერგეტიკული ურთიერთობების მიუხედავად, გერმანია არც რუსეთის წინააღმდეგ წასვლას ერიდება. ანალიტიკოსებს კარგად ახსოვთ, რომ გერმანიის სიტყვა ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო საიმისოდ, რომ ევროკავშირს რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები არ გაეუქმებინა. შესაბამისად, რუსეთის ფაქტორის მიუხედავად, ანალიტიკოსები ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გერმანიასთან. თსუ-ის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შესახებ, რომლის დროსაც რუსეთს მუდმივად უნდა ეწოდოს ოკუპანტი.
Your browser doesn’t support HTML5
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, საქართველოს სტუმრობდა 2008 წლის აგვისტოშიც, მალევე რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ინტერესი ძალიან დიდია, რას იტყვის ის თბილისში აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ და უწოდებს თუ არა რუსეთს ოკუპანტს. ანალიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ, რომ გერმანიის კანცლერი ასეთ შეფასებას მუდმივად ერიდებოდა.