კატრინ დენევის სიმდიდრე 

რეჟისორ ჟაკ დემის ფილმი „შერბურის ქოლგები“ (1964, საფრანგეთი)

„შერბურის ქოლგები“ (1964, საფრანგეთი, რეჟისორი ჟაკ დემი)

საფრანგეთი კატრინ დენევის იუბილეს აღნიშნავს. ახლა უკვე 80 წლის მსახიობმა ამას წინათ მძიმე ინსულტი გადაიტანა. თუმცა მაისში, კანის ფესტივალზე მაინც ჩამოვიდა და მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმის გახსნაზე (რომელიც მის ქალიშვილს, კიარა მასტროიანის მიჰყავდა), ლესია უკრაინკას ლექსი წაიკითხა. თვალცრემლიანი კატრინი ერთადერთი იყო, ვინც აქ უკრაინა ახსენა.

კანის ფესტივალი კატრინის იღბალია. სწორედ კანში შედგა პრემიერა ჟაკ დემის ფილმის „შერბურის ქოლგები“, რომელშიც დენევმა მთავარი როლი შეასრულა. თუმცა თავბრუდამხვევი წარმატება სულ მალე შეიცვალა ტრაგედიით - 1966 წელს კატრინს ავტოკატასტროფაში დაეღუპა და - ფრანსუაზა დორლეაკი (დენევი კატრინის დედის გვარია). ამ წელს მათ ერთად ითამაშეს ჟაკ დემის ახალ მიუზიკლში „როშფორელი ქალიშვილები“. ფრანგული პრესა წერდა, რომ ეს განსხვავებული გარეგნობის და ტემპერამენტის ქალები უჩვეულოდ ავსებენ ერთმანეთს. ფრანსუაზას სიკვდილის შემდეგ კატრინი თავისი დის პოპულარობის მემკვიდრე გახდა. ერთგვარად გაერთიანდა თავის ტემპერამენტულ ორეულთან. კატრინის ახალი იმიჯი, შინაგანი სექსუალურობისა და გარეგნული სიცივის ერთობლიობა, უმალ შენიშნა ლუის ბუნუელმა და 1968 წელს „შუადღის ლამაზმანში“ მთავარი როლი ათამაშა. შეუთავსებელი პლასტების ერთიანობით - გულუბრყვილობით და ეშმაკობით, ლირიკულობით და ვულგარულობით, თანაგრძნობის უნარით და ამპარტავნობით, უმანკოებით და პერვერსიულობით კატრინ დენევი სიურრეალისტური კინოს თავისებური სიმბოლო გახდა. ამის მერე ფაქტობრივად არ დარჩენილა ფრანგულ კინოში დიდი რეჟისორი, კატრინ დენევისთვის მთავარი როლი რომ არ შეეთავაზებინა. შემოქმედებითი ბიოგრაფია ამ ქალის სიმდიდრეა. მრავალი წელია საგანგებოდ მისთვის იწერება კინოსცენარები. თუმცა ყველას ახსოვს, რომ დედოფლის ტახტი დენევმა მაინც „შერბურის ქოლგებში“ დაიკავა. ჟაკ დემის ფილმში არის კადრი, რომელიც „არტეფაქტად“ იქცა - ჟენევიევა ტორტიდან ამოღებული დედოფლის გვირგვინით. იშვიათია ასეთი სილამაზის ახლო ხედი კინოს ისტორიაში. ისევე, როგორც იშვიათია საერთოდ, „შერბურის ქოლგების“ მსგავსი ფორმალური სრულყოფილება.

ხომ გახსოვთ, როგორ იწყება ფილმი: სურათის მთავარი გმირი, ავტომექანიკოსი გი და მისი შეფი საუბრობენ პროფილაქტიკაში... „მერსედესის“ ძრავის შესახებ. უფრო სწორად, კი არ საუბრობენ, არამედ მღერიან.

ფრანგი კინოჟურნალისტი კლოდ მორიაკი იხსენებს პუბლიკის რეაქციას „ქოლგების“ პრემიერაზე, კანში: „კონსერვატორებმა უმალვე დატოვეს დარბაზი. თუმცა იმ დღეს წვიმდა, ამიტომ უმრავლესობამ სეანსზე დარჩენა გადაწყვიტა. ფილმი გრძელდებოდა და მაყურებელს თანდათან ავიწყდებოდა, რომ „ქოლგების“ გმირები მღეროდნენ. ფილმი რომ დამთავრდა, საღამოს კაბაში გამოწყობილი შუახნის ქალი დენევს მიუახლოვდა და დაუჩოქა“.

ერთი კვირის შემდეგ ჟიურიმ, რომელსაც დიდი ფრიც ლანგი ხელმძღვანელობდა, „შერბურის ქოლგები“ „ოქროს პალმით“ აღნიშნა. დემის ფილმით აღფრთოვანება, რა თქმა უნდა, ჟენევიევას და გის სიყვარულის მელოდრამატულმა ამბავმა არ განაპირობა. ყველა მიხვდა, რომ უიღბლო სიყვარულის ამბავი „ქოლგებში“ მხოლოდ ნიღაბი იყო, რომლის მიღმა ჟაკ დემიმ უმდიდრესი კინემატოგრაფიული საღებავებით (და არა მარტო კინემატოგრაფიულით) აღადგინა 1957-58 წლის საფრანგეთი: ალჟირის ომი, რომლის ხსენებას კინოში ცენზურა აქამდე კრძალავდა, უამრავ ფრანგულ ოჯახში შემოიჭრა და ყველაფერთან ერთად სიყვარულიც დაანგრია. ამავე დროს, ისტორიული სინამდვილის გაცოცხლება დემის საერთოდ არ აინტერესებდა. მიშელ ლეგრანის მუსიკა, სიმღერა, რომელიც განუწყვეტლივ ჟღერს ფილმში, არა მარტო პერსონაჟების გრძნობებს ასახავს, არამედ უპირისპირდება კიდეც იმას, რასაც ჩვენ „რეალობას“ ვუწოდებთ.

მაგრამ რეალობას, რომელიც ანგრევს გრძნობებს, ომს, გაჭირვებას, ავტორიტარიზმს, უპირისპირდება თავად კინოც. ფილმის პროლოგში, როცა გი მეგობრებს („მუშათა კლასს“) გამოუტყდება, რომ შეყვარებულთან ერთად ოპერაში აპირებს წასვლას, მასსავით ღარიბი ბიჭი გეგმას დაუწუნებს და ეტყვის „ოპერა არ მიყვარს, კინო მირჩევნიაო“... და ფაქტობრივად ფილმიც აქ იწყება - კინო, რომელიც მღერის!

სხვა საქმეა, რომ ეს ფერადი და ზღაპრული სამყარო რეალობასთან ბრძოლაში მაინც მარცხდება. გი ოცნებობს ბენზინგასამართ სადგურზე და იქვე, პატარა სახლზე, რომელშიც ჟენევიევასთან ერთად იცხოვრებს. ფილმის ბოლოს თითქოს აღწევს მიზანს. ეგაა, რომ ამ სახლში ჟენევიევასათვის ადგილი არაა. დენევის გმირი მას „მერსედესით“ და ძვირფასი ქურქით გამოეცხადება. თმის ვარცხნილობაც შეიცვალა, ჩაცმის სტილიც. რომანტიკული იდეალები დაიმსხვრა. ფრანგები შობას ზეიმობენ.

იმხანად, 1964 წელს, ევროპელებმა ჯერ არ იცოდნენ, როგორ განვითარდება მოვლენები პარიზში, ლონდონში, რომში. არ იცოდნენ, რომ სტუდენტები და მათი ახალგაზრდა პედაგოგები ქუჩაში გამოვიდოდნენ ანტიკონფორმისტული ლოზუნგებით... და, მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ ეს ამბოხებაც მარცხით დასრულდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ნაწილი ამ მეამბოხეებისა მშვენივრად მოკალათდება „მერსედესებში“ და თავისი პატარა „სამყოფელოც“ დააკმაყოფილებს.

ასე გადაიქცევა „შერბურის ქოლგები“, ერთი მხრივ, წინასწარმეტყველებად (პირველ რიგში თავისი „ანტიჰეპიენდით“, რომელსაც ახალი წლის დღეებში საბჭოთა საქართველოს ტელევიზია გვიჩვენებდა ხოლმე), მეორე მხრივ კი, ფილმად, რომელმაც უტოპია შეაჩერა და ეს უტოპია თანამედროვე ზღაპრად გადააქცია - ჭრელი დეკორაციებით (ბერნარ ევეინმა, ფილმის მხატვარმა, საგანგებოდ შერბურის ქუჩებიც კი შეღება), შანელის კოსტიუმებით და მუსიკით, როგორც ადამიანთა კომუნიკაციის ერთადერთი ფორმით. საინტერესოა, რომ მთელი ფილმი გადაღებულია ე.წ. პლეიბეკ-სისტემით, ე.ი. თავიდან ბოლომდე ისეა გახმოვანებული, რომ არც ერთ კადრში არ ისმის მსახიობის ხმა. მათ ნაცვლად პროფესიონალი მომღერლები მღერიან. მანქანის ხმაურები, წვიმის წვეთები, ნაბიჯები - რეალობის აღმნიშვნელი ხმები, ორგანულადაა ჩართული მუსიკალურ ფონოგრამაში.

არა, კატრინ დენევი ფილმში არ მღერის. 1980 წელს, როცა ჟაკ დემი საგანგებოდ მისთვის დაწერს თავისი ახალი შედევრის სცენარს და მოემზადება ფილმისთვის „საწოლი ოთახი ქალაქში“, დენევი იტყვის, რომ ერთი პირობით დათანხმდება გადაღებაზე - თუკი თავად იმღერებს. დემიმ ამაზე უარი უთხრა (დენევის ნაცვლად დომინიკ სანდა გადაიღო). ფილმი ჩავარდა კინოგაქირავებაში („საწოლი ოთახი ქალაქში“ მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ დააფასა კრიტიკამაც).

იმ დროისთვის კატრინ დენევი თავად წყვეტდა, ვისთან უნდა ეთამაშა და როგორ ეთამაშა. კატრინი ფრანგული კინოს დედოფალი გახდა. ახლა უკვე ნამდვილი გვირგვინი ედგა და ასეთად რჩება დღემდე. კანის წლევანდელი ფესტივალის გახსნაზე, პროტოკოლით, სულ რამდენიმე სიტყვა უნდა ეთქვა - „გახსნილად ვაცხადებ კანის ფესტივალს“. მან კი ყველა წესი დაარღვია, მეტიც, საზეიმო საღამოზე ბრძანა, ხასიათზე არ ვარო და უკრაინას გამოუცხადა სოლიდარობა. ვინ შეაწყვეტინებდა? დედოფალია!

ასევე ნახეთ: