"ანეტში" ლეო კარაქსი კიდევ ერთხელ გამოავლენს კინოს ისტორიის უბადლო ცოდნას და ინტერტექსტუალობის გამოყენების უნარებს. მიუხედავად ამისა, კარაქსის ფილმები მხოლოდ კინომანებისთვის არაა განკუთვნილი. ციტატები მასთან თითქოს თავისთავად, ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ჩნდებიან. კარაქსი ციტირებს არა იმდენად ინტელექტუალურად, რამდენადაც ემოციურად. იგი ყველაფერს აკეთებს, რათა მაყურებელმა ციტატაზე ფიქრი კი არ დაიწყოს, არამედ უფრო განიცადოს, იგრძნოს. ციტატა გამოტანილი არ არის, "ბრჭყალებში" არაა ჩასმული. ციტატა კარაქსთან თხრობის ორგანული ნაწილი ხდება. ეს განასხვავებს მას სხვა სინეფილი ავტორებისგან, მაგალითად, "გოდარისტებისგან"... არადა, სწორედ ჟან-ლუკ გოდარმა მოახდინა პირდაპირი გავლენა ლეო კარაქსის ენაზე.
"ანეტში" დაკვირვებული თვალი გოდარის თითქმის ყველა ფილმის კვალს შენიშნავს. გაახსენდება ლუიჯი კომენჩინის "პინოქიო", ძველი "კინგ-კონგი", ცხადია, "შერბურის ქოლგები", ცხადია, "ლა-ლა ლენდი". თუმცა პირადად მე ლეო კარაქსის ახალმა სურათმა პირველ რიგში ქვემოთ ჩამოთვლილი 10 ფილმი აღმიდგინა. თუკი რამე გამომრჩა, თუკი სხვას დაამატებთ, სიამოვნებით მოგისმენთ. "ანეტი" ხომ, როგორც წინა წერილში მოგახსენეთ, ფაქტობრივად კინოს ისტორიაა, წარმოდგენილი მუსიკალურ ტრაგედიაში.
1. "ნოსფერატუ" (1922, რეჟისორი ფრიდრიხ მურნაუ, გერმანია)
"ანეტი" თავისებური მთვარეული-კინოა. ფილმის სახვითი გადაწყვეტა აგებულია ღამის გამონათებების ეფექტებზე, ზუსტად ისე, როგორც კარაქსის საყვარელ რეჟისორთან, ფრიდრიხ მურნაუსთან. ადამ დრაივერი კი პირდაპირ იმეორებს მურნაუს პერსონაჟის, ნოსფერატუს მოძრაობებს, მიმართავს მისი პლასტიკის კოპირებას. თუმცა მთავარი სტილი არ არის. "ნოსფერატუ" ერთ-ერთი პირველი ფილმია კინოს ისტორიაში ძალაუფლების პერვერსიულობაზე, ესაა ძალადობის "მხატვრული კვლევა", რასაც საინტერესოდ იმეორებს კარაქსი "ანეტში". თუკი ვამპირს მზის სინათლე კლავს, გამოდის, რომ "ნოსფერატუ" თავიდან ბოლომდე კინემატოგრაფიული მეტაფორაა, რადგან სწორედ კინოა სინათლისა და ჩრდილის ხელოვნება.
2. "ბრბო" (1928, რეჟისორი კინგ ვიდორი, აშშ)
კარაქსი წერს, რომ "ანეტი" მიუძღვნა ედგარ პოს, რენე მაგრიტსა და კინგ ვიდორს. ამერიკელი რეჟისორის ფილმოგრაფიას თუ გადავხედავთ, "ანეტს" ყველაზე მეტად ვიდორის ადრეული შედევრი, ამერიკული სოციალური კინოს უნიკალური ნიმუში "ბრბო" გაგვახსენებს. თუკი "ანეტში" სოციალურ ფონს ვერ ამჩნევთ, აუცილებლად ნახეთ "ბრბო" და შემდეგ ისევ დაუბრუნდით კარაქსს. ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში შეძლო კინგ ვიდორმა გამოეხატა სახე ადამიანისა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბრბოს ნაწილია, რომელიც ცხოვრობს ბრბოს დაკვეთით და ოცნებობს წარმატებაზე "ბრბოს სივრცეში", ანუ ბედნიერია მაშინ, როცა ბრბო აფასებს. ტირაჟირება იდეისა "წარმატებას მოიპოვებ მაშინ, როცა ძალიან მოინდომებ!" კინგ ვიდორთან გამოცხადებულია, როგორც აბსოლუტური სოციალური ბოროტება, რადგანაც სწორედ ეს იდეა აბნევს ადამიანს; სიცოცხლის მიზანი ხდება საუკეთესო, კომფორტული ადგილის მოპოვება და არა ადამიანურობის შენარჩუნება ყველაზე არაადამიანურ გარემოში.
3. "მზეთუნახავი და ურჩხული" (1946, რეჟისორი ჟან კოქტო, საფრანგეთი)
მნიშვნელოვანია, რომ სიურრეალისტმა კოქტომ ეს ფროიდისტული ზღაპარი, "სტოკჰოლმის სინდრომის" ეს ფანტასტიკური ინტერპრეტაცია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადაიღო. ამბავი მზეთუნახავზე, რომელსაც ურჩხული ("თავისი მახრჩობელა"?) შეუყვარდა, უფრო დღეს აღიქმება ბანალობად და მიზოგინიადაც კი. იმხანად, როცა დიდმა პოეტმა ძველი გრავიურების ატმოსფერო გააცოცხლა ეკრანზე, სქესთა შორის ურთიერთობებსა და პატრიარქალურ ხედვაზე ნაკლებად მსჯელობდნენ. კოქტომ უბრალოდ მოაჯადოვა მაყურებელი თავისი სიურრეალისტური ატრაქციონებით, მუსიკით, კამერის მოულოდნელი გადაადგილებებით... მას ნაკლებად აინტერესებდა მზეთუნახავის და ურჩხულის ურთიერთობის პრობლემა (მზეთუნახავი და ურჩხული ცალ-ცალკე ხომ არც არსებობენ, ორივე - ერთი მთლიანობის ნაწილია), კოქტოს "გზავნილი" მაინც სხვა იყო - ყველა ურჩხულში ცხოვრობს პრინცი! "ანეტი" ამ მხრივ კოქტოს ზღაპრის სრულიად თავისუფალი ინტერპრეტაციაა. დაახლოებით ისეთი, როგორიც ფილიპ გლასის ოპერა, დაწერილი კოქტოს ფილმის თემაზე. სხვათა შორის, მართლა საინტერესო იქნებოდა, გლასის მუსიკის კინოვერსიას... კარაქსი თუ შემოგვთავაზებდა.
4. "ვარსკვლავი დაიბადა" (1954, რეჟისორი ჯორჯ კიუკორი, აშშ)
ამერიკული კინოს შედევრი, ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო სატირა, ტკივილნარევი ამბავი მომხმარებელ საზოგადოებაზე, რომელიც ხელოვნებისგანაც კი ქმნის "სარგებელს" და კომფორტს მოითხოვს... და ბოლოს შესანიშნავი დრამა სიყვარულზე, თავგანწირვაზე ჯუდი გარლენდის ბენეფისით. რა თქმა უნდა, ისეთი ემოციური კაცი, როგორიც კარაქსია, ამ სურათის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა. ეგაა, რომ მარიონ კოტიარს არც ნიჭი ჰყოფნის და არც ენის სახე არაა დრამატურგიულად იმდენად დახვეწილი, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ჯუდი გარლენდის პერსონაჟს.
5. "ტომი" (1974, რეჟისორი კენ რასელი, დიდი ბრიტანეთი)
კენ რასელი პირველი რეჟისორი იყო, რომელმაც როკოპერას ამ ოპერის თეატრალურ პრემიერამდე მიმართა. ეს განასხვავებს "ტომის" როკოპერის პირველი ეკრანიზაციისგან კინოს ისტორიაში, "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავისგან" და ეს აახლოებს "ანეტთან". ამას დავუმატოთ ორივე რეჟისორის, ლეო კარაქსის და კენ რასელის "ბაროკალური სტილის" თავისებურებები - ფეერიულობა, ფანტასმაგორიული სახეების მიმართ მიდრეკილება, კიტჩის აქტიური ჩართვა ფილმის სახვით გადაწყვეტაში და, რა თქმა უნდა, მუსიკალური კლიპის კოლაჟური ფორმებით აზროვნება, სწორედ ის, რაშიც კენ რასელს დღემდე არა ჰყავს ბადალი კინოს ისტორიაში.
6. "ლენი" (1974, რეჟისორი, ბობ ფოსი, აშშ)
ამერიკული კინოს ახლა უკვე ნამდვილი კლასიკა, შესანიშნავი ფილმი, რომლის მთავარი გმირი რეალური ისტორიული ფიგურაა, ლეგენდარული კომიკოსი ლენი ბრიუსი. ყველაფერი, რასაც ადამ დრაივერის გმირი აკეთებს სცენაზე "ანეტში", ლენი ბრიუსის სტილის, იდეების, ქმედების ალტერნატივაა. შეიძლება ითქვას, ჰენრი არის ლენის "მეორე მხარე". ლენი მიმართავს პუბლიკის პროვოცირებას, აბრაზებს მას, რადგან სურს ამხილოს ეს ხალხი ფარისევლობაში. ჰენრი კი მხოლოდ და მხოლოდ პუბლიკის დაკვეთას ასრულებს, მის გემოვნებაზე თამაშობს. ლენის არ ეშინია, რომ ხალხი ქვებს დაუშენს, ჰენრის კი წარუმატებლობა თრგუნავს და ადამიანურ სახეს აკარგვინებს. ამ განსხვავებას კი ყველაფერთან ერთად დრო და გარემო ქმნის - ლენი ბრიუსი მოღვაწეობს 60-იანი წლების დასაწყისში, როცა ამერიკაში აბსოლუტურად ყველაფრის გადაფასება იწყება, კარაქსის გმირი კი დღევანდელი კომიკოსია - დაღლილი და შეშინებული ეპოქის მასხარა.
7. "კაზანოვა" (1975, რეჟისორი ფედერიკო ფელინი, იტალია)
"ვერ ვიტან ამ კაზანოვასო", წერდა ფელინი ფილმის გადაღების დღეებში, რომელიც სხვათა შორის რამდენჯერმე შეწყდა, რადგან მაესტრო პროდიუსერებს ეჯიუტებოდა. ასეა თუ ისე, ფელინიმ ჯაკომო კაზანოვასგან, როგორც თავად ამბობდა - "ვენეციელი არამზადისგან", შექმნა ტრაგიკული ფიგურა, გვიამბო სიყვარულის ნაკლებობაზე, რამაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს შეიძლება ჭკუიდან შეშალოს. კაზანოვა მთელი ცხოვრება ეძებდა ქალური სილამაზის იდეალს, არ ერიდებოდა ძიების პროცესში სახიფათო თავგადასავლებს, მაგრამ საბოლოოდ დარჩა თოჯინა, რობოტი, რომელსაც მისი ყველა სურვილი უნდა დაეკმაყოფილებინა. გვიანდელი ფელინის წარმოუდგენელი ნარცისიზმი, თავის თავის შეგრძნება დიდ მაესტროდ, რომელსაც ყველაფრის უფლება აქვს გადასაღებ მოედანზე, ასევე ქმნის ასოციაციებს კარაქსთან. "ანეტში" რეჟისორს საერთოდ დაკარგული აქვს ზომიერება და "საკმარისიას" განცდა. ეს ერთდროულად ფილმის ღირსებაცაა და ნაკლიც.
8. "ოთახი ქალაქში" (1982, რეჟისორი ჟაკ დემი, 1982)
1982 წელს კინოხელოვნების მთავარმა ჟურნალმა "კაიე დიუ სინემამ" ჟაკ დემის ეს კინოოპერა "წლის ფილმად" დაასახელა. ეს მაშინ, როცა პრესამ, შეიძლება ითქვას, გაანადგურა "ოთახი ქალაქში"; მაგალითად, ფრანგმა ფილოსოფოსმა ალან ბადიუმ ჟაკ დემი ღალატსა და "ლიბერალურ კონფორმიზმში" დაადანაშაულა. ბადიუს არ ეყო იუმორის გრძნობა (რომლის გარეშეც დემის ფილმს საერთოდ ვერ გაუძლებს ადამიანი), კინოს ენის შეგრძნება და გადავარდა უსაზღვრო მორალიზმში. დაახლოებით იგივე ხდება ახლა "ანეტის" პრემიერის შემდეგ - "კაიე" კარაქსის ფილმს ყველაზე მაღალ შეფასებას აძლევს და ფილმის ოპონენტებს ისევ ახსენებს "იუმორს" და "ფორმის შეგრძნებას", რაც აუცილებელია იმისთვის, რომ "ანეტში" დიდი ხელოვნება დაინახო. რაც შეეხება ჟაკ დემისთან კარაქსის "ნათესაობას", აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს - "ანეტი" ჟაკ დემის შვილობილია! უფრო მძიმე და ტლანქი, ვიდრე "შერბურის ქოლგები", მაგრამ აბსურდისა და რეალობის ისეთივე ზღვარზე წარმოდგენილი, როგორც "ოთახი ქალაქში"
9. "ვერონიკას ორმაგი ცხოვრება" (1991, რეჟისორი ქშიშტოფ კიშლოვსკი, პოლონეთი)
კიშლოვსკი - სიცოცხლის სტიქიას ანიჭებს უპირატესობას, კარაქსი თავად ქმნის სტიქიას ("ანეტში" პირდაპირი მნიშვნელობით - სცენების უმრავლესობა თითქოს თეატრალურ სცენაზე თამაშდება, ხაზგასმულად ბუტაფორულ დეკორაციებში). მაგრამ ორივე ხელოვანს აერთიანებს სწორედ სტიქიის სიყვარული და ზებუნებრივის განცდა, სახე იღბლისა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და რომელსაც, თავის მხრივ, მათი გმირები ვერანაირად ვერ უწევენ წინააღმდეგობას. "ვერონიკას" იმ ეპიზოდში, რომელშიც პოლონელი ვერონიკა კონცერტის დროს მოულოდნელად კვდება, კამერა იწყებს ტრიალს გოგონას გარშემო, როგორც ღვთაებრივი ძალა, რომელმაც ვერონიკას ცხოვრება უნდა აღასრულოს. ეს სახე "ანეტის" თითქმის ყველა კადრში იგრძნობა - მოახლოებული კატასტროფის სახე, გაფორმებული "Sparks"-ის მუსიკით, ზოგჯერ ძალიან რომ ჰგავს ზბიგნევ პეიზნერის კვაზიკლასიკურ თემებს "ვერონიკას ორმაგი ცხოვრებიდან".
10. "ბერდმენი" (2014, რეჟისორი ალეხანდრო ინარიტუ, აშშ)
არტისტის ეგოს კვლევა, მით უმეტეს ჰეტეროსექსუალი მამაკაცის, ჰოლივუდისთვის ახალი თემა არაა, თუმცა ინარიტუც და კარაქსიც კარიერის ეტაპებს, აღმასვლას და დაცემას ერთნაირად გამოხატავენ - ცდილობენ, ერთმანეთს დაუკავშირონ დოკუმენტური სიზუსტე და თეატრალურობა, რეალური და ბუტაფორული. ორივე ფილმი ფაქტობრივად სპექტაკლია გადაღებული დოკუმენტური ფილმისთვის. დანარჩენი თემები - კინო და თეატრი, ვარსკვლავის პირადი ცხოვრება და პუბლიკასთან კეკლუცობა, პიროვნება და კოლექტივი - უბრალოდ ემთხვევიან ერთმანეთს, რაც ბუნებრივია - ინარიტუ და კარაქსი მაინც "სტუმრები", "უცხოენოვანი რეჟისორები" არიან ჰოლივუდში და აქ დამკვიდრებას უკვე აპრობირებული თემებით ცდილობენ. ამერიკის კინოაკადემიას "ოსკარის" კანდიდატების შერჩევისას, ყოველთვის ახასიათებდა ერთგვარი დემონსტრაციული ეგოიზმი - უპირატესობა ენიჭებოდა კინოს, რომელიც არა მარტო ვარსკვლავებს, არამედ კინოაკადემიაში გაერთიენებულ "მომსახურე პერსონალსაც" დააინტერესებდა - მაკიაჟისტებს, გამნათებლებს, ხმის ოპერატორებს. თუკი გინდა, ჰოლივუდში დამკვიდრდე, ამ ხალხის "დაკვეთაც" უნდა გაითვალისწინო! ინარიტუმ ეს მოახერხა. შეძლებს კი იმავეს კარაქსი? კანის ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც მისთვის უნდა გადაეცათ პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის (და არა "ოქროს პალმა"), კარაქსი არ ჩამოვიდა. "არ ანიჭებს მნიშვნელობას პრიზებსო", ამტკიცებდნენ მისი თაყვანისმცემლები. რამდენად არ ანიჭებს, ამას გაისად ვნახავთ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი "ანეტი" საფრანგეთმა "ოსკარზე" წარადგინა.