კახპა და ოლიგარქის ვაჟი

„ანორა“ ამერიკული ოცნების მითის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეკონსტრუქციაა კინოს ისტორიაში.

„ანორა“ (აშშ, 2024, რეჟისორი შონ ბეიკერი)

თბილისის კინოთეატრებში უჩვენებენ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთი ლიდერის, შონ ბეიკერის ფილმს „ანორა“, რომელიც გრეტა გერვიგის ჟიურიმ წლევანდელ კანის ფესტივალზე, ყველასთვის მოულოდნელად „ოქროს პალმით“ აღნიშნა. „ანორა“ ამერიკული ოცნების მითის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეკონსტრუქციაა კინოს ისტორიაში. თანაც დეკონსტრუქცია სულ სიცილ-სიცილით! კონკიას ზღაპარი, რომელიც ამავე დროს დღევანდელობის შესანიშნავი პორტრეტია.

რუსი ოლიგარქის გათამამებული და ზრდაშეჩერებული შვილის ამერიკული თავგადასავალი უცხო არაა ჩვენთვის - ქართველ ოლიგარქებსაც ჰყავთ თავიანთი პრინცები, რომლებსაც დასავლეთში უშვებენ სასწავლებლად. ალბათ, აკონტროლებენ კიდეც, რომ ფეხი არ დაუცდეთ და დაიცვან „ოჯახური ფასეულობები“... მოძღვარსაც მოუძებნიან და კუნთმაგარ დაცვასაც. ოლიგარქების შვილები, ჩვეულებრივ, ემორჩილებიან მდიდარი მშობლების მანიპულაციებს, რადგანაც დამოუკიდებელი არსებობა მათ, უბრალოდ, არ შეუძლიათ.

მაგრამ ეს ანალოგია მეტისმეტად ვიწროა იმ მასშტაბებთან შედარებით, რომლებსაც ეჭიდება „ანორა“. კანის ფესტივალზე სამშობლოდან განდევნილი რუსი კრიტიკოსები („აგენტები“) აღშფოთებას ვერ მალავდნენ ჟიურის გადაწყვეტილებით. მათმა უმრავლესობამ „ანორაში“ რუსების ეგზოტიზაცია, რუსული სულის რომანტიზაცია, რუსული კულტურის გაუქმებაზე უარის თქმა, გამომწვევი აპოლიტიკურობა („ანორას“ სცენარი დაიწერა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრამდე) დაინახა. მოგვიანებით არგუმენტის სახით იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ პუტინის ცენზურამ ბეიკერის ფილმი მთლად კინოთეატრებში გამოუშვა, რადგანაც „ანორაში“ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ავტორის პოზიცია არ დაფიქსირებულა.

მაგრამ, ვფიქრობ, რუსმა კოლეგებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ბეიკერის მიზანი არც ყოფილა რაღაც კონკრეტული, დროსა და სივრცეში შეზღუდული რეალობის აღწერა. საგულისხმოა, რომ „ანორა“ კინოთეატრებში ოქტომბერ-ნოემბერში გამოუშვეს - არჩევნების დროს, საქართველოშიც და შეერთებულ შტატებშიც. თუკი დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოლიგარქიამ, ფულმა, „ბიზნესმა“, მაშინ „ანორას“ აღვიქვამთ როგორც ფილმ-წინასწარმეტყველებას ზოგადად ეპოქაზე, რომელშიც ფული და ძალაუფლება კონსერვატორული ღირებულებების ნიღბით ცდილობს საერთოდ გააუქმოს ადამიანის ხმა. რუსული კულტურა კი არ გააუქმოს... გააუქმოს ადამიანი, მოკლას მასში პიროვნება და ღირსება.

შონ ბეიკერი მარგინალური სამყაროს საუკეთესო პორტრეტისტად ითვლება. მან თავიდანვე მიიქცია ყურადღება როგორც რეჟისორმა, რომელიც ახერხებს თავისი პერსონაჟები ყოველგვარი ეგზოტიზაციის, შეცოდების და, მით უმეტეს, გაკიცხვის გარეშე წარმოგვიდგინოს. „ამ ფილმს ვუძღვნი ყველა სექსმუშაკს მსოფლიოში!“ - აღნიშნა ბეიკერმა კანში გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, „ჩემი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების კვლევა იყო“-ო.

მარგინალური სამყაროს შვილია ანორაც, იგივე ანი, ახალგაზრდა ქალი, უზბეკური სისხლით („ანორა“ უზბეკურად, თურმე, ბროწეულს ნიშნავს), დასთან ერთად რომ ქირაობს პატარა ბინას ბრაიტონ-ბიჩზე და ცოტა ესმის რუსული ენა. ანორა მუშაობს ბრუკლინის სტრიპტიზის კლუბში, სადაც ნამდვილი „ღამის დედოფალია“. ერთხელ კლუბს ესტუმრება რუსი მილიონერის ვაჟი, 21 წლის ვანია, რომელსაც „გასართობად“ სწორედ ანორას შეურჩევენ. აქ დაიწყება სასიყვარულო ისტორია Pretty Woman-ის სტილში, თუმცა კონკიას ამბავი მოულოდნელად დრამატულად განვითარდება. ის, ვინც საოცნებო პრინცი გვეგონა, აღმოჩნდება მშიშარა, ზრდაშეჩერებული ბავშვი, რომელიც მშობლების ხარჯზე ცხოვრობს და ამბოხების უნარი არა აქვს, რადგანაც ინსტინქტურად გრძნობს, რომ ამბოხების ცდაც კი ყველაფერს დააკარგვინებს.

„ანორა“ არა მარტო გაგართობთ და არა მარტო გასიამოვნებთ, როცა ჩვენს, ქართულ სინამდვილესთან პარალელებს აღმოაჩენთ. შონ ბეიკერის, ერთი შეხედვით, სრულიად უპრეტენზიო კინო ბედნიერება და სიხარულია პირველ რიგში კინოს მოყვარულებისთვის, რომლებიც დამეთანხმებიან, ალბათ, რომ ბურლესკისა და დრამის ასეთი შთამბეჭდავი ნაზავი ბილი უაილდერის შემდეგ ჰოლივუდს არ ღირსებია. იშვიათია, კომედია ჩვენ თვალწინ გადაიქცეს სასტიკ იგავად, იშვიათია ერთდროულად ტკბილი და მწარე კოქტეილი, რომელშიც თითქმის იდეალურადაა დაცული (თუ არ ჩავთვლით ფილმის შუა ნაწილს, რომელშიც ბეიკერს რიტმი გაექცევა) ბალანსი აბსოლუტურად ხელოვნურ ფორმალიზმსა და სასტიკი რეალობის თითქმის ნატურალისტურ ჩვენებას შორის. ფილმის კლასიკური, ტრადიციული სცენარი და, ამავე დროს, სრულიად ორიგინალური სტრუქტურა ქმნის კინოსა და ტექსტის მკვეთრ დაპირისპირებას, რომელშიც საბოლოოდ კინო იმარჯვებს.

სექსის დროს ანორა სთხოვს ივანს: „ნუ ჩქარობ!“, რაზეც ბიჭი ორგაზმის მომენტში უპასუხებს: „მე ვფიქრობ, მიყვარხარ“. ეს თითქოს მხოლოდ და მხოლოდ სასაცილო დიალოგი, „ანორას“ ფორმის, მისი სტრუქტურის ახსნაა. თუ დავაკვირდებით, როგორ იცვლება ფილმის მსვლელობისას რიტმი, გადაღების ტექნიკა, როგორ „თანაარსებობს“ ხელის კამერით გადაღებული მოძრავი კადრები სტატიკურ სურათოვან მიზანსცენებთან, მთელი ფილმი დაემსგავსება მუსიკალურ ნაწარმოებს (თავისთავად „ანორას“ შესანიშნავი საუნდტრეკი აქვს), რომელშიც ფორმა ქმნის მხატვრულ იდეას.

თითქმის რეალურ დროში მოქმედების განვითარება (ყველაზე სასაცილო, აზრობრივად კი დრამატული სცენა, ივანის აპარტამენტებში, 25 წუთი გრძელდება!), შემდეგ აჩქარება, მერე ისევ შენელება... ჯოჯოხეთური სისწრაფე და ტემპის მოულოდნელი შეფერხება „ანორას“ ამ სტრუქტურას განსაზღვრავს. ფაქტობრივად, ბეიკერი გვთავაზობს ორ კინოს ერთ ფილმში, გვრთავს ორ კონტრასტულ ტემპს შორის შერკინებაში და ასრულებს მარათონს გაჩერებით, სტატიკით, ფიქრითა და ცრემლით. პრინცი გაიქცევა. მაგრამ ჯოჯოხეთურ სისწრაფეს ბოლო მოეღება. ანორას, ახლა უკვე სხვა ეტყვის იმას, რასაც ელის ადამიანებისგან: „მე ვფიქრობ. მიყვარხარ!“. მსახიობ იური ბორისოვის იგორი, აქამდე ჩეხოვის თოფივით რომ ეკიდა ფილმში და ხმას არ იღებდა, ფინალში უკვე იდენტიფიცირებულია ავტორთან, რომელმაც მაყურებელთან ერთად უნდა გადაარჩინოს ანორა და შესაძლებელია უფრო მეტიც - ადამიანის ღირსება და სიცოცხლე. ეს ეპიზოდი ფინალების ფინალია! თავისებური ანთოლოგიაა. ეპიზოდი, რომელიც ხსნის მთელი ამ ლაზღანდარობის არსს.

შონ ბეიკერის ფილმის კიდევ ერთი ღირსება კასტინგია. ფინალურ ტიტრებამდე ვხედავთ, როგორ უხარიათ მსახიობებს თამაში და როგორ ცდილობენ ეს სიხარული ჩვენც გადმოგვცენ. მარკ ეიდელშტეინი ივანის როლში, მისი სასაცილო სირბილით ბრუკლინსა და მანჰეტენს შორის, ბოლომდე გვიტოვებს იმედს, რომ არ შეეშინდება, არ უღალატებს. თუმცა ამ ფილმის ნამდვილი აღმოჩენა მაინც მთავარი როლის შემსრულებელია, მაიკი მედისონის ანორა - ბავშვური და სექსუალური ერთდროულად, „უმანკო კახპა“, რომელიც თითქოს შეგუებულიცაა იმ რეალობას, რომელშიც ქალის სხეული მომხმარებლური საზოგადოების ფეტიშად იქცა. რუსეთიდან მოვლენილი პრინცი, შესაძლებელია, მისი უკანასკნელი იმედია. თუმცა სექსი, როგორც იდეალი, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს კლასობრივ ბარიერებს, სოციალური პროგრესი და უანგარო სიყვარულის რწმენა - ყველაფერი ეს ქიმერა აღმოჩნდება.

გავერთეთ, ბევრი ვიცინეთ, დასრულდა ეს ჰიბრიდული სანახაობა და ვხვდებით, რომ ვნახეთ 2024 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი სოციალურ უთანასწორობაზე, მიზოგინიაზე, ფულის კულტზე, ყალბ იდეალებზე. თანაც, ყოველგვარი პუბლიცისტური სწორხაზოვნების, მორალიზმისა და ქედმაღლობის გარეშე.

ამისათვის მადლობა შონ ბეიკერს!