რას ვეუბნებით მიშელს და რა ხდება რეალურად?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო 19 აპრილის შეთანხმებით გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება“ და შესრულების პროცესიც „მტკიცედ“ გრძელდება.

მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „შარლ მიშელის შეთანხმებით“ უკვე კარგა ხანია, არ ხელმღვანელობს, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ამავე შეთანხმებით განსაზღვრულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში, ქუთაისსა და თბილისში გამართული ორი შეხვედრის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მრავალჯერ განაცხადეს, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი აღარ აქვს 19 აპრილს გაფორმებულ „შარლ მიშელის შეთანხმებასთან“ და, შესაბამისად, ცვლილებების საბოლოო სახე მხარეებმა არგუმენტებით ბრძოლის შედეგად უნდა გამოკვეთონ.

„რაც არ არის, არ არის... რაც არ არსებობს, არ არსებობს... 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია“, – განაცხადა 17 აგვისტოს, თბილისში გამართული განხილვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელი დაარწმუნა შეთანხმების დღის წესრიგის ერთგულებაში

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც განხილვის პროცესშია, პარლამენტში მანამდეა ინიცირებული, ვიდრე 28 ივლისს „ქართული ოცნება“ „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ცალმხრივად „ანულირებულად“ გამოაცხადებდა.

შესაბამისად, აღარ არსებობს გარანტია, რომ ამ პროექტში ჩადებული პუნქტები ამავე სახით დამტკიცდება და ასეა მაგალითად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც.

რა არის მოსალოდნელი არჩევნებთან დაკავშირებით?

საკონსტიტუციო კანონის პროექტის თანახმად, მომავალი ორი (საპარლამენტო) არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარდეს.

ეს ჩანაწერი შესაბამისობაშია „შარლ მიშელის შეთანხმების“ შემდეგ მოთხოვნასთან:

„მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე“.

თუმცა განხილვების პროცესიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნება“ 3%-იანი ბარიერის შესაძლებლობებსაც განიხილავს. „ჩვენ თუ გვინდა პლურალისტული პარლამენტი, ფაქტობრივად, 3%-იანი (ბარიერიც) უზრუნველყოფს (პარტიების წარმომადგენლობის) საკმაოდ მნიშვნელოვან ზრდას“, - განაცხადა მაგალითად შალვა პაპუაშვილმა.

ბარიერთან დაკავშირებული დისკუსიების არსებობას ჩვენთან საუბრისას ადასტურებს საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის მდივანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი:

„არის მსჯელობა, რა ჯობია - 2%, 3% თუ 2.5%... ინიცირებულ პროექტში 2% წერია და მეც 2%-იან ბარიერს ვემხრობი ამჯერად, თუმცა შემდეგ, გრძელვადიანად, შეიძლება 3% უკეთესი იყოს... სხვა პარტიებსაც თითქმის ყველას ანალოგიური პოზიციები აქვს“.

იოსელიანი გვეუბნება, რომ ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა ასევე შეეხება ვადამდელ არჩევნებს, თუკი ის 2024 წლამდე დაინიშნება.

რა ხდება ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში?

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ გადალახავს 43%-იან ზღვარს. სწორედ ამ მოთხოვნას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ანულირებული „შარლ მიშელის შეთანხმება“.

  • პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ის უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით.
  • ამჟამად მოქმედი საკონსტიტუციო კანონის დათქმით, 2024 წლამდე ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს - შერეული სისტემით (120/30) და 1%-იანი ბარიერით.

ლევან იოსელიანი გვეუბნება, რომ პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები, წინასწარი გეგმით, პირველი მოსმენით, 7 ან 8 სექტემბერს დამტკიცდება. ხოლო მეორე და მესამე მოსმენა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იქნება. თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განხილვის ტემპი საკუთარი ინტერესების შესაბამისად განსაზღვროს.

„თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ის არა სრულად პროპორციული წესით, არამედ ძველი, შერეული წესით ჩატარდეს და აღარ დააჩქარებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას“, - ვარაუდობს იოსელიანი.

ასევე ნახეთ კვლავ "ანულირებისა" და გაურკვევლობის შესახებ საქართველოში

საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობდა კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. ზოგადად ის არც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ემხრობა და არც სრულად პროპორციულ არჩევნებს უჭერს მხარს. მაგრამ, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მისთვის მაინც მისაღები იქნება ამ ცვლილებების ფართო კონსენსუსით დამტკიცება.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დემეტრაშვილს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა პროექტს „ქართულ ოცნებაში“ წინააღმდეგობა შეხვდეს.

„პასუხებიდან, რომლებიც მე გამცა „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, შევამჩნიე, რომ შესაძლოა, არ იყოს ეს მხარდაჭერილი „ოცნების“ ნაწილის მხრიდან. გახსოვთ ალბათ, როდესაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპირებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაშინ ჩააგდო სწორედ მმართველი გუნდის ერთმა ნაწილმა... არ გამოვრიცხავ, რომ ეს ახლაც ასე მოხდეს“, - უთხრა დემეტრაშვილმა რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ ვადების თვალსაზრისით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებამდეც მოესწრება. მაგრამ, მისი აზრით, ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული - რა პოზიცია ექნება ექსპრემიერ გიორგი გახარიას. ავთანდილ დემეტრაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ „გახარია არის ტროას ცხენი, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილმა შეუშვა“.

ასევე ნახეთ შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ საფინანსო დახმარების მოლოდინში საქართველოს მთავრობა შეთანხმებების ერთგულებას აჩვენებს

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 24 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეახსენა „ქართულ ოცნებას“, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოიწვევს. ტექსტში ხაზგასმულია რეფორმების პროცესის გაგრძელების აუცილებლობაც.

შარლ მიშელის პოსტი ტვიტერზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს ის უკრაინაში შეხვდა საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. თავის მხრივ, ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შარლ მიშელს ყველაფერი სიღრმისეულად აუხსნა და გააგებინა კიდეც.

პარტიების ნაწილის მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა 28 ივლისს.