ამტვირთავის მტკიცებით, ფაილები ნამდვილია. იგი წერს, რომ სპეცსამსახურები უკანონოდ უთვალთვალებენ ათასობით მოქალაქეს, რათა მათი პირადი ცხოვრება შემდგომ შანტაჟისა და დაშინებისთვის გამოიყენონ.
გამორთული საიტი
„არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს - სათაური კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!” - ეს ნაწყვეტია ტექსტიდან, რომელიც ფაილებს წინათქმასავით აქვს დართული.
ტექსტიცა და ფაილებიც „დევს” 12 სექტემბერს დარეგისტრირებულ ვებგვერდზე. ყველა მასალა იმავე დღეს აიტვირთა. საიტის მფლობელზე არაფერი ვიცით. რეგისტრაციისას მან ისარგებლა ისეთი კომპანიის მომსახურებით, რომელიც ფარავს დომეინის კლიენტების დეტალებს.
საიტის ბმული მედიასაშუალებებს 13 სექტემბერს დილით გაუგზავნა ანონიმურმა საფოსტო მისამართმა. დღის ბოლოს ვებგვერდის მონახულება შეუძლებელი იყო ქართული IP მისამართებიდან. თუმცა VPN-ის გამოყენების შემთხვევაში, საიტზეც შედიოდი და ფაილებიც იტვირთებოდა.
[VPN (Virtual Private Network) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიაა, რომელიც ცვლის თქვენს IP მისამართს.]
„რადიო თავისუფლება” დაუკავშირდა შსს-ს იმის გასარკვევად, ხომ არ შეზღუდეს ვებგვერდზე წვდომა საქართველოსთვის, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
სტატიის დაწერის მომენტში ვებგვერდი გამორთულია. 14 სექტემბერს ის სულ ორჯერ ჩაირთო, ისიც რამდენიმე წუთით. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ვებგვერდი გადატვირთულია დიდი „ტრაფიკის” გამო.
სიმართლეს ისევ ვერ გავიგებთ?
მომხდარით უკვე დაინტერესდა პროკურატურა. გამოძიება დაწყებულია „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე”.
გამოძიების დაწყებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალევე გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში სუს-ი მზადაა, ითანამშრომლოს პროკურატურის გამოძიებასთან, თუმცა, ამასთან, იცავს უწყების „პატივს და ღირსებას”.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რადგან მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას, ამცირებს ნდობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და უკიდურესად აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნახეთ სუს-ი აცხადებს, რომ მზადაა ჩანაწერების საქმის გამოძიების ყველა ეტაპზე ითანამშრომლოს პროკურატურასთანსუს-ი უკანონო თვალთვალში წელს უკვე არაერთხელ დაადანაშაულეს. თებერვალში „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი აცხადებდა, რომ პირადი ინფორმაციის მოპოვების მიზნით 2016 წელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის ლეპტოპში ვირუსული პროგრამა “DarkComet” დააყენა.
„ჩვეულებრივი ვირუსია… რომელიც იტვირთება კომპიუტერში და ისმენ, ყველაფერს აკეთებ. კამერას ისე რთავ, რომ ვერ ხვდება ადამიანი ვერაფერს”, - თქვა მან.
1 აგვისტოს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუს-ი პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის ამსახველ ანგარიშებს პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის აგროვებს. მისი თქმით, ავთენტიკური ჩანაწერები, „მთავარი არხის” დირექტორმა პირდაპირ ეთერში წაიკითხა.
ერთ-ერთი ჩანაწერი ნამდვილი რომაა, მაშინ დაამოწმა „რადიო თავისუფლების” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ.
13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში საკუთარი თავი სხვადასხვა გამოცემის, მათ შორის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა უკვე ამოიცნეს.
ბერკეტების გარეშე
თუ ეს ჩანაწერები ნამდვილია, კანონიერია მათი მოპოვების გზები? უფლებადამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ამაში ეჭვი ეპარებათ. უკვე წლებია, ისინი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას სპეცსამსახურები განაგრძობენ იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში აკეთებდნენ - უკანონოდ უთვალთვალებენ მოქალაქეებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში მუდმივად იყო და დღემდე რჩება ძალაუფლების ერთ-ერთ მთავარ კერად, სადაც თავმოყრილია ადამიანებზე კონტროლის, დაშინების, მანიპულაციისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმები. ამას ხელს უწყობს სუს-ის ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც მოკლებულია ანგარიშვალდებულების პროცედურებს და ერთი უწყების ხელში ჭარბი ძალაუფლების თავმოყრას იწვევს”, - წერია 14 სექტემბერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწორედ ამ ძალაუფლების შესაზღუდად, ანგარიშვალდებულების გასაზრდელად და მოქალაქეების პირადი ცხოვრების დასაცავად, შეიქმნა პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური, რომელიც 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურად გადაკეთდა.
„რადიო თავისუფლებასთან” საუბარში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ სამსახურს უბრალოდ არ გააჩნია ბერკეტები უკანონო მოსმენების შესაჩერებლად. სუს-ის საქმიანობა კვლავ თითქმის უკონტროლოდაა დარჩენილი. მაგალითად, თუ უშიშროება წყვეტს მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მოპოვებას და ამას სადაზვერვო ან კონტრდაზვერვითი საქმიანობით ასაბუთებს, უძლურია როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ისე სასამართლოც. მისი თქმით, „პასუხისმგებლობას ირიდებს” საქართველოს პარლამენტიც.
„ის მონიტორინგი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც ამ სამსახურის დღევანდელ კომპეტენციაში შედის, არის ზღვაში წვეთი… კონტრდაზვერვით მიზნებით ფარული მიყურადება, ნებისმიერ სივრცეში კამერის ან მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება შეიძლება მოხდეს ისე, რომ არავითარი კონტროლი, არც შიდა და არც გარე არ არსებობს”, - თქვა გურამ იმნაძემ „დილის საუბრების” ეთერში.