დავიპყროთ სამხრეთი კავკასია, შავ ზღვას დავარქვათ რუსული - ტრამპმა კრემლის პროპაგანდისტებს მადა გაუხსნა

პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ რუსეთი დასავლეთთან ომისთვის უნდა ემზადოს და მიიტაცოს ყველა ტერიტორია, რომელზეც ხელი მიუწვდება.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გრენლანდია და პანამის არხი უნდა, რუს პროპაგანდისტებს მადა გაეხსნათ. ისინი კრემლს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების დასაპყრობად ახელებენ.

თუმცა, საქართველოს თითქმის არ ახსენებენ.

რატომ არ ვიპყრობთ სამხრეთ კავკასიასო, ბობოქრობდა კრემლის პროპაგანდის ბოსი, ვლადიმირ სოლოვიოვი რამდენიმე დღის წინ.

„თუკი საქართველოს და სომხეთს ვეტყვით, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, [ირანთან] სახმელეთო დერეფანი გვქონდეს… გვეტყვიან, იმპერიალისტებო და კოლონიალისტებო, როგორ ბედავთო? ანუ [ამერიკისთვის] გრენლანდია შეიძლება, კანადა შეიძლება, პანამა შეიძლება, აი, რუსეთი კი, რევიზიონისტია?” - ცხარობდა სოლოვიოვი ეთერში.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვადასხვა ქვეყანას ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს.

მაგალითად, 20 იანვარს, ინაუგურაციაზე, მან თქვა, რომ პანამის არხს დაიბრუნებს.

ტრამპის მტკიცებით, არხს, რომელიც აშშ-მა 90-იანების ბოლოს პანამას გადასცა, ახლა ჩინეთი აკონტროლებს. პანამის ხელისუფლება მის ბრალდებებს უარყოფს.

ასევე ნახეთ პანამამ გაეროში საჩივარი შეიტანა ტრამპის მუქარის გამო, რომ ხელში ჩაიგდებს პანამის არხს

დეკემბრის ბოლოს ტრამპმა გამოაცხადა, რომ „გრენლანდიის ფლობა და მასზე კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა“.

დანიის მფლობელობაში მყოფი ყინულოვანი კუნძულის დაბრუნებისთვის მან არ გამორიცხა არც „სამხედრო” და არც ეკონომიკური ზეწოლა.

ტრამპმა ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ სურს, მეზობელი კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს. და კიდევ - დადო პირობა, რომ მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს გადაარქმევს.

"ახალი მსოფლიო წესრიგი"

სხვადასხვა ქვეყნის დაპყრობის მადა ვლადიმირ სოლოვიოვს ტრამპის გამოსვლებამდე ბევრად ადრეც ჰქონდა.

მაგალითად, იგი ხშირად ამბობდა, რომ 2008 წელს რუსეთი არ უნდა გაჩერებულიყო და მთელ სამხრეთ კავკასიაზე უნდა დაემყარებინა კონტროლი.

თუმცა ბოლო ერთი თვის მანძილზე ამან სისტემური ხასიათი მიიღო.

სოლოვიოვი და სხვა პროპაგანდისტები მოუწოდებენ კრემლს, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციას აღარ დასჯერდეს და მიიერთოს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნები.

ტრამპისგან „მაგალითი უნდა ავიღოთ და ყველაფერი დავიბრუნოთ… ფინეთი, ვარშავა, ბალტიისპირეთი და მოლდოვა რუსეთის იმპერიას უნდა დაუბრუნდნენ”, - ამბობდა სოლოვიოვი 30 დეკემბრის გადაცემაში.

მოგვიანებით, 14 იანვარს, მან თქვა, რომ ტრამპი ქმნის „ახალ მსოფლიო წესრიგს“, რომელშიც სიმართლე ძლიერის მხარეს იქნება.

შესაბამისად, ამტკიცებდა სოლოვიოვი, არც რუსეთს აღარ მოეთხოვება საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა.

ასევე ნახეთ ტრამპი: ომის გაგრძელებით, პუტინი „რუსეთს ანადგურებს“

ძალის სამართალი

„ან ახლა გავაკეთებთ გაბედულ ნახტომს რუსულ მომავალში, ან დაგვასწრებენ”, - ამბობს ტელეგრამში რუსი ნაციონალისტი ალექსანდრ დუგინი.

„სამყაროში დღეს მხოლოდ ერთი შეთანხმებაა - ძალის სამართალი”, - დაწერა სამხედრო პროპაგანდისტმა, სერგეი კოლიასნიკოვმა.

ტრამპის მიბაძვით, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სარატოვის დეპუტატი დენის ბულანოვიც კრემლს სთხოვს შავ ზღვას სახელი გადაარქვას და რუსული ზღვა უწოდოს.

„შავ ზღვას საუკუნეების მანძილზე რუსული ზღვა ერქვა, როგორც ძველრუსულ, ისე ევროპელი და არაბი ავტორების ხელნაწერებში”, - თქვა ბულანოვმა.

ზოგი კი ამტკიცებს, რომ ტრამპის რიტორიკის მთავარი მიზანია, აიძულოს დასავლელი მოკავშირეები, თავდაცვაზე მეტი ფული დახარჯონ.

ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი დასავლეთთან ომისთვის უნდა ემზადოს და მიიტაცოს ყველა ტერიტორია, რომელზეც კი ხელი მიუწვდება, - ირწმუნება სამხედრო პროპაგანდისტი იური ბარანჩიკი.

მალე „რუსეთს დაუპირისპირდებიან პროპაგანდით დატენილი რევანშის მოსურნე უკრაინელები, ბალტიელები, პოლონელები, ფინელები, შვედები და სხვა მარიონეტული ქვეყნების მცხოვრებლები”.

რას იზამს ტრამპი?

ნამდვილად გულისხმობს ტრამპი იმას, რასაც ამბობს? ამერიკულ და ევროპულ მედიაში ამის შესახებ ბევრს მსჯელობენ.

მაგალითად, ამერიკული „ენბისი” რესპუბლიკურ პარტიაში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრენლანდიის და პანამის არხის გაკონტროლება ტრამპს მართლა გადაწყვეტილი აქვს, რადგან აშინებს ამ ტერიტორიებზე ჩინეთის გავლენა. აი, კანადას კი ის უბრალოდ „ტროლავს”.

ასევე ნახეთ ტრამპის გრენლანდიური ახირება იმაზე უფრო რაციონალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - აი, რატომ

ბრიტანული „სკაი ნიუსი“ კი ვარაუდობს, რომ ტრამპი აიძულებს დანიასა და პანამას, დათმობებზე წავიდნენ. ოღონდ არა სამხედრო გზით, არამედ მათთვის გადასახადების გაზრდით.

თუმცა იმისდა მიუხედავად, განახორციელებს თუ არა ის თავის მუქარას, აშშ-ს პრეზიდენტი უკვე ეხმარება კრემლს, გამართლება მოუძებნოს მის აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების წინააღმდეგ.

ტრამპი ამბობს, რომ გრენლანდიელებს თავად უნდათ იყონ ამერიკის ნაწილი. მაშინ მას "უნდა ახსოვდეს თუ რას ფიქრობენ რუსეთის ოთხ ახალ რეგიონში [ოკუპირებულ უკრაინაში] და მათ აზრსაც პატივი უნდა სცეს," - უთხრა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსს" კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ასევე ნახეთ რუსეთის "ოჯახის წელი" ნიშნავს ომს აბორტისა და განქორწინების წინააღმდეგ
ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."