შსს-ს მონაცემებით, ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე 224 ადამიანია დაკავებული. მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. საქმის წარმოება დასრულდა 74 ადამიანის მიმართ. 36-ს დააკისრეს ჯარიმა, 34-ს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს, 4-ს შენიშვნა მისცეს.
1 დეკემბერს, უკვე დაღამებულზე დაიწყო თორნიკე ჭელიძის, ავთანდილ შავგულიშვილისა და დემეტრე ხურცილავას პროცესი. ისინი პარლამენტის წინ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 173-ე მუხლის პირველ ნაწილს ედავება, რომელიც სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას ან მათ შეურაცხყოფას გულისხმობს.
„ვიდექი მშვიდობიანად. ხუთი ადამიანი მოვიდა, წამაქციეს, მცემეს. ოთხმა კაცმა წამათრია. გზაში რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა. არც ქვა მისვრია, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია ვინმესთვის. მაგინებდნენ, შენი დედას შევეცი, ახლა ვნახავთ ვის შეაგინებ, ხარებას როგორ შეაგინებო“, - თქვა ავთანდილ შავგულიშვილმა სასამართლოზე.
„რა დავაშავე-მეთქი, რომ ვეკითხებოდი, კეფაში მირტყამდნენ. „ჩმორივით“ ნუ იქცევიო“, - ეს დემეტრე ხურცილავას ჩვენებაა.
თორნიკე ჭელიძე კი ჰყვება, რომ სპეცრაზმმა მაშინ დააკავა, როცა აქციიდან სახლში მიდიოდა - მანქანიდან გადმოათრიეს.
Your browser doesn’t support HTML5
სამივე მათგანმა თქვა, რომ დაკავებისას სასტიკად სცემეს, თუმცა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ამ თემაზე ლაპარაკი ადვოკატებს არ დაანება, იმ მოტივით, რომ ამჯერად ამ საკითხს არ განიხილავდნენ.
ის საკითხი კი, რომელსაც განიხილავდნენ - დაუმორჩილებლობა და პოლიციელების შეურაცხყოფა - სხვადასხვაგვარად ესმოდათ ადვოკატებს და იმ პოლიციელებს, რომლებმაც ბრალდებულები დააკავეს, მაგალითად, პოლიციის თანამშრომელმა ბერიკა მაჭარაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ავთანდილ შავგულიშვილს მისთვის დედა არ შეუგინებია, მაგრამ სადაც იდგა, იქ ხალხი ყველა ერთად ყვიროდა: „მონებო“.
„არ ვარ მონა, არც - ერის მოღალატე, ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა“, - ასე უპასუხა მაჭარაშვილმა ადვოკატის კითხვას, თუ რატომ არ ჯდებოდა სიტყვა „მონა“ გამოხატვის თავისუფლებაში.
ასევე ნახეთ ცემა, დაკავება, ზიზღი, ლოდინი სასამართლოში - "დაგვცინიან"რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, პოლიციელები აცხადებდნენ, რომ მათ პირადად არ გაუფრთხილებიათ ბრალდებულები, არ მოუთხოვიათ, სახლში წასულიყვნენ, მაგრამ წყლის ჭავლის მანქანის ამუშავებამდე აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდებენ („მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ…“), ეს უკვე გაფრთხილებად ითვლება და თუკი ხალხი ისევ ქუჩაში დარჩა, კანონს არღვევენ.
„აქციაზე ყოფნა ყოფილა თურმე დანაშაული“, - ასე შეაფასა პოლიციელების ეს პოზიცია ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ.
„ეს არ არის ის გადაცდომა, რომლის საფუძველზეც ადამიანს დააკავებ. გადაცდომაა, როცა პოლიციის უშუალო მითითებას არ შეასრულებ და არა ის, რომ წყლის ჭავლია და შენ სახლში რატომ არ მიდიხარ“, - თქვა თორნიკე ჭელიძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.
მოსამართლემ ჭელიძესა და შავგულიშვილს შვიდდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხურცილავას - 2800 ლარი ჯარიმა.
„ასეთი უკანონო გადაწყვეტილება იშვიათია, ვიდეომტკიცებულება წარვადგინეთ, რომ არაფერი ჩაუდენია და შვიდდღიანი პატიმრობა მისცეს. სრული სიგიჟეა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ავთანდილ შავგულიშვილის ადვოკატმა ნიკა სადრაძემ.
შსს აქციის მონაწილეებს უმეტესად სწორედ 173-ე მუხლს ედავება. ამავე მუხლით გასამართლდნენ გიორგი მაისაშვილი, ლუკა წულაია და ანრი გოგუაძე. სასამართლომ მაისაშვილი და წულაია ადმინისტრაციულ პატიმრობაში დატოვა, გოგუაძე 2600-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„პოლიციამ თავიანთი ახსნა-განმარტების გარდა მტკიცებულება ვერ მოიტანა. ჩვენ წარვადგინეთ კადრები, თუ როგორ უსწორდება პოლიცია ამ ადამიანებს, სასამართლომ კი ჩათვალა, რომ სარწმუნო მხოლოდ იმ პოლიციელების ჩვენება იყო, რომელთა ჩვენებები ერთმანეთისა და მათივე დაწერილ ოქმებს ეწინააღმდეგებოდა, - ჰყვება მათი ადვოკატი ლევან ჩხეიძე, - ხუთ საქმეში გამოვდიოდი ადვოკატად და ხუთივე საქმე ერთი და იგივე სიტყვებითაა დაწერილი. სასვენი ნიშნებიც კი არ შეუცვლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სპეცრაზმი აკავებდა ამ ადამიანებს, მერე მიჰყავდა პოლიციელებთან და ეუბნებოდა, აი, შენ ამის დამკავებელი იქნები, შენ - იმისო. მერე მოდიოდნენ ეს პოლიციელები სასამართლოში და ვერ ჰყვებოდნენ, სად იდგნენ ეს ადამიანები, რა ჩაიდინეს, როდის მოხდა. შეურაცხყოფა მოგვაყენესო, ძაღლებს, მონას და რუსულ მილიციას გვეძახდნენო“.
Your browser doesn’t support HTML5
ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ 173-ე მუხლი არღვევს კონსტიტუციის დათქმას, რადგან ნებისმიერი საჯარო მოხელე ვალდებულია ითმინოს მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. რაც შეეხება დაუმორჩილებლობას, „მოწოდება უნდა იყოს მკაფიო, ინდივიდუალური და აღქმადი. კანონში ეს განმარტებული არ არის, სასამართლო კი ასე განმარტავს, მეგაფონით გამოვაცხადე და დაემორჩილეო. თან შესრულებაც უნდა ესწრებოდეს, შემთხვევა გვაქვს, გაფრთხილებიდან სამ წუთში დააკავეს ადამიანი, სამ წუთში რუსთაველს ვერ დატოვებ“.
თბილისსა და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი