თბილისში, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე მობილიზებული სამართალდამცავების ლანჩისთვის მხოლოდ 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.
რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ დღეს სამინისტრომ 200-დან 9 ათასამდე პოლიციელი გამოკვება.
ეს დადასტურებული, თუმცა არასრული მონაცემებია. შს სამინისტროს ხარჯები „უცხოეთის აგენტების კანონის" საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას არ არის სრულად გამჭვირვალე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას დროულად და სრულად არ აქვეყნებს, რაც ვალდებულებისა და კანონმდებლობის დარღვევაა.
შსს ამ დრომდე არ პასუხობს რადიო თავისუფლების შეკითხვებსაც აქციების დაშლაში მონაწილე საპოლიციო ძალების რაოდენობის, მათი სამუშაო გრაფიკისა და მათზე დახარჯული დამატებითი თანხის შესახებ.
ინფორმაცია სამინისტროსგან გამოთხოვილია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, დღეების მიხედვით.
ამ დოკუმენტების მიღებამდე გიყვებით იმას, რაც ვიცით:
პოლიციის და სპეცრაზმის კვება - რას აჭმევენ, როგორ აჭმევენ და რამდენს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუჩის აქციებისთვის თადარიგი წინასწარ დაიჭირა და პოლიციელთა საკვების შესასყიდად ტენდერი, "აგენტების კანონის" ხელახლა ინიცირებამდე 10 დღით ადრე გამოაცხადა.
გამარჯვებულ კომპანიასთან შსს კონტრაქტს ზუსტად იმ დღეს აფორმებს, როდესაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტი კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს უჭერს და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის.
საბოლოო ჯამში, Სამინისტრომ, აქციაზე მყოფი 1 პოლიციელისთვის განკუთვნილ “ლანჩის ნაკრებში” 9 ლარამდე (8.35 დან 8.85 თეთრი) გადაიხადა.
ლანჩის ნაკრები ასეთია
- 1 ცალი სენდვიჩი: პური, ლორი და ყველი
- 1 ცალი შოკოლადი, 55 გრამი
- 1 ბოთლი, 0.5-ლიტრიანი გაზიანი სასმელი
ლანჩის ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული შპს “ევროპული საცხობია” - 2023 წელს დაფუძნებული კომპანია, რომლის 65%-ს კვების სფეროში ცნობილი ბრენდი “დეგუსტო” ფლობს, 35%-ს - უკრაინელი ბიზნესმენი.
150-ათასლარიანი კონტრაქტი სამინისტროს და "ევროპულ საცხობს" შორის 15 აპრილს გაფორმდა, პირველი პარტია, 6000 ლანჩის ნაკრები, სამინისტრომ 17 აპრილს წაიღო, თუმცა აქ არის ერთი საინტერესო დეტალი.
ხელშეკრულების მიხედვით, "ევროპულ საცხობს" პოლიციელების მენიუში - კოკა-კოლა უნდა შეეტანა, თუმცა რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ 17 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შს სამინისტრო პეპსის ყიდულობს.
მაკა ქიქოძე, „ევროპული საცხობის“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებას უებნება, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 15 აპრილს შსს-დან ოფიციალური იმეილი მიიღო, სადაც სამინისტრო სთხოვდა კოკა-კოლა პეპსით ჩაენაცვლებინა. მისთვის ეს იმეილი საკმარისი აღმოჩნდა და სასმელი საკვების პირველსავე პარტიაში შეცვალა.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა მხოლოდ შემდეგ პარტიებს მიუსწრებს. ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილს შედის და კოკა-კოლა პეპსით ოფიციალურად იცვლება.
რადიო თავისუფლების შეგროვებულ ყველა დოკუმენტში, ტენდერით თუ ტენდერის გარეშე, შს სამინისტროს აქციებზე მომუშავე სამართალდამცავებისთვის ყველა ჯერზე პეპსი აქვს შეძენილი, ჯამში დაახლოებით 85 ათასი ბოთლი.
მაგალითად, 29 აპრილს, დღეს, როცა "ქართულმა ოცნებამ" რუსთაველზე მხარდამჭერები შეკრიბა და პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "აგენტების კანონპროექტი" მეორე მოსმენით განიხილა, შსს-მ გადაუდებელი აუცილებლობის წესით შეისყიდა 5 ათასი ბოთლი პეპსი. მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ტენდერის გარეშე, სასმელის გამარტივებული შესყიდვის გადაწყვეტილებას სამინისტრო ასე ასაბუთებს:
შსს: „შესყიდვის [5650 ლარის ღირებულების 5000 ბოთლი პეპსი - რ.თ.] განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას“.
დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საპროტესტო აქციების მასშტაბის და სიხშირის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერით განსაზღვრული ლანჩის რაოდენობა (17 ათასი ნაკრები) არ ეყო და სამინისტრომ აქციების დღეებში დამატებით დაიწყო საკვების პირდაპირი შესყიდვა.
კანონმდებლობა გადაუდებელი შესყიდვების უფლებას იძლევა, თუმცა იმ დათქმით, რომ შემდგომში ყველა დოკუმენტი საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში.
შს სამინისტრო ამ წესს არღვევს, მათი შესყიდვების დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილია საჯარო, დამალულია კონტრაქტები, რომლითაც გაირკვეოდა - რომელი კომპანიისგან, რა პირობებით შეიძინეს სამართალდამცავებისთვის საკვები უტენდეროდ.
Რადიო თავისუფლებამ რამდენიმე გადაუდებელი შესყიდვის შესახებ ინფორმაციის ნაწილობრივ მოძიება შეძლო, თუმცა ეს სავარაუდოდ არასრული მონაცემებია.
1 ლანჩი = 1 სამართალდამცავს?
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ ტენდერს მიღმა, პირდაპირ შეიძინა დაახლოებით 65 ათასი ლანჩის ნაკრები, რისთვისაც დაახლოებით 550 ათასი ლარი გადაიხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, რა ხანგრძლივობისაა აქციაზე მყოფი სამართალდამცავის სამუშაო დღე და რამდენჯერ კვებავენ მათ ამ პერიოდში.
თუ დავუშვებთ, რომ აქციაზე მყოფ 1 სამართალდამცველს დღეში 1 ლანჩის ნაკრებს აძლევენ, შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ აქციის მასშტაბსა და ქუჩაში მობილიზებულ სამართალდამცავთა რაოდენობის შესახებ დღეების მიხედვით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის მარტშიც ჰქონდა ტენდერი აქციაზე მყოფი სამართალდამცავების ლანჩით უზრუნველყოფისთვის, შარშანდელი ტენდერი 80 ათას ლარს არ აჭარბებდა, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ერთი წლის წინ "აგენტების შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციები მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა და მას შემდეგ შეწყდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი უკან გაიწვია.