კონსტიტუციონალისტები მსჯელობენ გზებზე, თუ რას შეუძლია შეაჩეროს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი კანონის ამოქმედება, თუკი მას პარლამენტი მიიღებს.
რადგან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციით დაცული მიზნებია და ხელისუფლებასაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ევალება, კონსტიტუციონალისტები ხედავენ არაერთ საფუძველს იმისთვის, რომ კანონი თუ დამტკიცდება, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს.
მიუხედავად იმისა, რომ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები „ხალხის ძალის“ მიერ არის შემუშავებული და ინიციირებული, ყოფილ თანაგუნდელებს ყოველმხრივ ეთანხმება და ეხმარება „ქართული ოცნება“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში კვლავ „ხალხის ძალასთან“ ერთად რჩება და მათ, ერთობლივად, აქვთ კანონპროექტების მისაღებად საკმარისი მანდატების რაოდენობა.
როგორც უკვე გამოცხადდა, უმრავლესობა ყველა კენჭისყრის ჩატარებას საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს და ივნისის ბოლომდე აპირებს კანონპროექტების ე.წ. ქართული ან ამერიკული ვერსიის დამტკიცებას.
- რამ შეიძლება შეაჩეროს „აგენტებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების ამოქმედება?
სუსტი ბარიერები
დაგეგმილია, რომ პირველი მოსმენით დაამტკიცებენ „აგენტების“ შესახებ შემუშავებულ ორივე კანონპროექტს (ე.წ. ქართული და ამერიკული ვარიანტები) და ამის შემდეგ, ისინი ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. „თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ევროსტრუქტურა გამჭვირვალობაზე უარს ამბობს?!“ - ეს შეკითხვა, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „ხალხის ძალის“ რიგებიდან დაისვა.
ზოგადად, ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის და სხვადასხვა დროს, არაერთხელ მომხდარა მათი უგულებელყოფა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასევე დაგვიანებით და ნაწილობრივ გაითვალისწინა უნგრეთმა, უცხოური გავლენების შესახებ სადავო კანონში (Lex NGO), რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში დაგეგმილ და რუსეთში მოქმედ კანონებს ხშირად ადარებენ.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებსპრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ დამტკიცებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაგრამ ვერც ეს იქნება კანონის შეჩერების გარანტია, რადგან საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ წარმოადგენს, ვეტოს დასაძლევად საჭირო რესურსი აქვს. ასეთ შემთხვევაში, კანონს ხელს საბოლოოდ მოაწერს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე.
საქართველოში მიმდინარე ხმაურიანი პროცესის შეჩერების ყველაზე იოლი გზაა, რომ მასზე უარი თქვას „ოცნებამ“ და სადავო კანონპროექტები თავად ავტორებმა გაიწვიონ; ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ყველაფერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
საკონსტიტუციო სასამართლო და 78-ე მუხლი
„ამის [პრეზიდენტის ვეტოს შესაძლო დაძლევის] შემდეგ, ფორმალური ეტაპი რჩება უკვე - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია კანონის ნორმის ჯერ შეჩერება და შემდეგ გაუქმება... საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ მაგალითად პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს“, - გვეუბნება კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია და განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ კანონპროექტის საბოლოო, სამი მოსმენით დამტკიცებისა და ვეტოსთან დაკავშირებული პროცედურების ამოწურვის შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია:
- სწრაფად, დღეების განმავლობაში, შეაჩეროს კანონის მოქმედება მის შემდგომ განხილვამდე;
- ამის შემდეგ უკვე, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მთლიანად გააუქმოს დამტკიცებული კანონი;
- საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის პროცესში არ დგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა როგორც კონსტიტუციონალისტები განგვიმარტავენ, კონკრეტული პასუხისმგებელი პირები შესაძლოა მოგვიანებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ გამოავლინოს.
კოტე ჩოკორაია განმარტავს, რომ ამ კანონპროექტებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის არაერთი საფუძველი არსებობს, იქნება ეს გამოხატვის თავისუფლებასთან, პერსონალურ მონაცემებთან თუ 78-ე მუხლთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე ნახეთ აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირში მისწრაფებებთან შეუსაბამო იქნება - ფიშერი
78-ე მუხლთან მიმართებით, კონსტიტუციონალისტის შეფასებით, მტკიცებულებებად გამოდგება ის განცხადებები, რომლებიც დღეს საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის.
„რას ნიშნავს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ვალდებულება? ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის და მათ შორის არის - იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომლებიც აქვთ ამ სტრუქტურებს. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, ისინი, ვინც [გაწევრიანებასთან დაკავშირებით] გადაწყვეტილებებს იღებს, გვაფრთხილებენ; ასევე 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების გაფრთხილება, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება, რადგან ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას... თავისთავად, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი კანონის მიღება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან“, - ეუბნება კოტე ჩიკორაია რადიო თავისუფლებას.
მაგრამ კონსტიტუციონალისტს დიდი იმედი არა აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის გათვალისწინებით, ის არ მოელის, რომ ხელისუფლების ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ასევე ნახეთ "არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია" - 237 პროფესორი პარლამენტს ასევე ნახეთ რატომ არ უსმენს ხელისუფლება მათ, ვისგანაც მილიარდობით ლარის დახმარებას იღებს
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ასახელებს კიდევ ერთ საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, წესით, უნდა იქცეს სახელმძღვანელოდ 78-ე მუხლის დარღვევის დასადგენად და ეს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს უკვე აქვს მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება უნგრეთში დამტკიცებულ მსგავს კანონზე და თქვა სასამართლომ, ევროკავშირის კანონმდებლობას არ შეესაბამებაო, არაო... ამის საპირწონე პასუხი ვერ ექნებათ ჩვენთან „რუსული კალკის“ [კანონპროექტის] ავტორებს... მათ არაერთხელ მიუთითებიათ სწორედ უნგრული კანონმდებლობა [როცა თავიანთ კანონპროექტზე ლაპარაკობდნენ]“, - ამბობს ალაფიშვილი.
ასევე ნახეთ უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროპული მისწრაფებები კონსტიტუციური ნორმით თავად მათი აქტიურობით განმტკიცდა და არავის მისცემენ იმის თქმის უფლებას, რომ ისინი ამ გზას ეწინააღმდეგებიან.
საერთაშორისო პარტნიორების არაერთი საპირისპირო განცხადების მიუხედავად, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა 3 მარტს, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტები „რა თქმა უნდა, არ მოდის წინააღმდეგობაში“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან. მისი თქმით, მიზანია მხოლოდ ის, რომ „მოქალაქე იყოს ინფორმირებული“ და ვერ გაუგია „რატომ არის პრობლემა ინფორმირებული მოქალაქე?!“. მაჭარაშვილი არჩევნებსაც ახსენებს:
„ინფორმირებული მოქალაქე ჩვენთვის არის საშუალება იმისა, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთოს. დემოკრატიის ერთ-ერთი საწყისია ეს, მათ შორის - არჩევნებთან დაკავშირებით. როდესაც მოქალაქე ინფორმირებულია, რომელი არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება, რომელი როგორ იქცევა, ამაში ცუდი შეიძლება დაინახოს იმან, ვისაც დასამალი აქვს“.
ასევე ნახეთ მივხვდი რუსულს რატომ ეძახიან, იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან, უსამშობლო ხალხია - ყაველაშვილი
სადავო კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები ყურადღებას არ აქცევენ ოპონენტების არგუმენტებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემთხვევაში ყველა ინფორმაცია ისედაც გამჭვირვალეა და სახელმწიფო ყველა ამ მონაცემს ფლობს.
კიდევ ერთი საფუძველი
ლევან ალაფიშვილი ასევე ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ 78-ე მუხლამდე, ანუ შინაარსობრივ განხილვამდე, შესაძლოა, საქმე არცკი მივიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ამ კანონპროექტებთან მიმართებით, პროცედურულად, პარლამენტში უკვე დაირღვა საკონსტიტუციო მოთხოვნა.
„როგორც საჯაროდ არის ცნობილი, პარლამენტის რამდენიმე წევრმა [თეონა აქუბარდია და პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები] ამ „რუსული კალკის“ საწინააღმდეგოდ წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი და ამ საკითხზე მსჯელობაზე უარი ითქვა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, რაც უკვე კონსტიტუციის დარღვევაა... მეტი დარღვევაც კი აღარ არის საჭირო, რომ იმ ორი კანონპროექტიდან, თუკი რომელიმე დამტკიცდა და მივიდა ბოლომდე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს“, - გვეუბნება ალაფიშვილი.
6 მარტს, პარლამენტში პრობლემები თავად ლევან ალაფიშვილსაც შეექმნა - ის ვერ მოხვდა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტებთან“ დაკავშირებული განხილვა მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში ოფიციალურად ლობისტად არის დარეგისტრირებული. ალაფიშვილი გვეუბნება, რომ ლობისტის მოწმობა უცხო პირებმა, გზაშივე, მესამე სართულზე გამოართვეს და გარკვეული დროის შემდეგ დაუბრუნეს ბუნდოვანი, აუხსნელი პასუხით - რომ კომიტეტის სხდომაზე არ დაუშვებენ.
ალაფიშვილი თვლის, რომ პროცედურული ბრძოლის პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან პოზიციის გამოხატვა, რადგან ყველა პოლიტიკოსის „ლეგიტიმაცია ხალხში დევს და ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებიც არალეგიტიმური იქნება“.
„ეს მხოლოდ დასაწყისია... ეს პროცესი ასე იოლად და მმართველი პარტიისთვის დაუზიანებლად არ ჩაივლის. მე ვერ ვიძალადებ, რადგან კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ... მე მჯერა თაობის, რომელიც 2015 წლის წყალდიდობის შემდეგ გამოჩნდა - „ივნისის თაობა“ ვუწოდე მე მათ. დღესაც ვნახე პარლამენტის შენობასთან ისინი, ვესაუბრე, აღფრთოვანებული ვარ მათით. ზუსტად ისინი არ მოგვცემენ საშუალებას, რომ იმაზე მეტი გავაფუჭოთ, ვიდრე შეგვიძლია. ნურავის ექნება იმედი იმისა, რომ საქართველოში შეძლებს საბჭოთა კავშირის აღდგენას“, - ეუბნება ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ 7 მარტს აქცია დაიგეგმა - „აგენტების“ პროექტზე ოპოზიციასთან შეხვედრა დასრულდა