რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის დირექტორთან

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი კრიზისის ადგილზე გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველმა თქვა, რომ თუ ვითარება არ მოგვარდა, ეს აუცილებლად აისახება ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასებისას. ნინო ლომჯარიამ 5 დეკემბერს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებთან, შემდეგ კი დირექტორთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ პროცესს „საკმაოდ სახიფათო“ უწოდა და დირექტორ გიორგი კოხრეიძეს ურჩია, მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ჩარევისგან. 3-4 დეკემბერს რეგიონულ მაუწყებელში შეხვედრები გამართეს ბათუმში სპეციალურად ჩამოსულმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებმაც. ამ შეხვედრების შეჯამებისას დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს თქვა, „ეთიკის ქარტიის გარეშე ფეხს აღარ გადავდგამო“.

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ტელევიზიის შენობაში შეხვდნენ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების, ასევე რადიოსა და ვებსაიტის თანამშრომლები. ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ახალ დირექტორს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლა სურს, რაც, მათივე თქმით, პირველივე თათბირებზე გამოჩნდა, როცა გიორგი კოხრეიძემ მიუღებელი ფორმით მისცა მათ შენიშვნები მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით. იყო შანტაჟი და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, აღნიშნეს ჟურნალისტებმა და სწორედ ამით ახსნეს ის ფაქტი, რომ 4 დეკემბერს ტელევიზიის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია „ნუ ჩაგვერევი“.

ასევე ნახეთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები დირექტორისგან შანტაჟის შეწყვეტას მოითხოვენ

სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ მხარი დაუჭირა მათ დამოუკიდებლობას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპს და დაჰპირდა, რომ მონიტორინგს გაუწევს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს:

ძალიან კარგია, მაგრამ მინდა იყოს უკეთესი. მე კი არ ვსაზღვრავ, ნებისმიერს, რასაც ვაკეთებ ან ხვალ გავაკეთებ, მინდა ეს უკეთესი იყოს, მათთან ერთად. ერთი დღე გავა, ორი და ადამიანები შემოვლენ კომუნიკაციაში...
გიორგი კოხრეიძე


„არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ეხებოდეს ცალკეულ ჟურნალისტებს. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ რეალურად საფრთხის ქვეშ დგება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული მაუწყებლობა და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობა. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ეს განცდა და კონკრეტული ფაქტებით საუბრობდნენ“.

აჭარის ტელევიზიის დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, შეხვედრის შემდეგ კი ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მე მას ვურჩიე მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჟურნალისტების სარედაქციო საქმიანობაში ჩარევისაგან და აქცენტი გააკეთოს მუშაობის საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მხარეზეო.

„მე ვუთხარი, რომ ეს არაჯანსაღი ვითარება აუცილებლად აისახება ტელევიზიის სამომავლო საქმიანობაზე და რთული იქნება როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე დირექტორისთვის. მისგან მოვისმინე, რომ ეთიკის ქარტია ჩაერთვება აქტიურად. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი დირექტორსა და ჟურნალისტებს შორის ნდობის აღდგენაშია. უნდა დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია და ამ პროცესში კარგი იქნება ექსპერტების ჩართვა, მედიაორგანიზაციებისა და ქარტიის. სახალხო დამცველიც მზადაა, თავისი მანდატის გათვალისწინებით, პოზიტიური როლი შეასრულოს“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი კოხრეიძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ კი სახალხო დამცველთან შეხვედრის შეფასებისას თქვა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან გუშინდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ, რომ ადამიანებს უაზრო შიში გაუქრეთო. მისივე განმარტებით, თუ შინაარსთან დაკავშირებით ექნება წინადადებები, ეს, პირველ რიგში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წარედგინება, სამუშაო რეჟიმით განიხილავენ და, პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, ქარტია გასცემს რეკომენდაციებს, ხოლო თუ დირექტორის მიმართ იქნება უსაფუძვლო ბრალდება, ამასაც ქარტია უპასუხებს. გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვა:

გამოითქვა სიტყვიერი თანხმობა, რომ ნებისმიერი შინაარსის დავის დროს ქარტია იქნება ჩართული და მნიშვნელოვანი რგოლი. დირექტორს იქვე ჩამოვართვით პირობა და რამდენად შესრულდება ეს პირობა, ყველა ერთად დავაკვირდებით...
გიორგი მგელაძე


„ძალიან კარგია, მაგრამ მინდა იყოს უკეთესი. მე კი არ ვსაზღვრავ, ნებისმიერს, რასაც ვაკეთებ ან ხვალ გავაკეთებ, მინდა ეს უკეთესი იყოს, მათთან ერთად. ერთი დღე გავა, ორი და ადამიანები შემოვლენ კომუნიკაციაში. ...ნებისმიერ ადამიანთან მოვახერხებ კომუნიკაციას, იმიტომ რომ ჩვენი ხვალინდელი დღე ამასთანაა დაკავშირებული. მე ვარ მოწოდებული გამოსწორებისკენ და არა ვინმეს დასჯისკენ ან პრობლემის შექმნისკენ. არაფერი არ ემუქრებათ ადამიანებს და შეუძლიათ წყნარად გააგრძელონ მუშაობა“.

გიორგი კოხრეიძემ განაცხადა, აგრეთვე, ყოვლად უსაფუძვლოა ჟურნალისტების ბრალდება, თითქოს შანტაჟს ვეწეოდე, მომავალში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამო.

აჭარის ტელევიზიის 50-მდე ჟურნალისტი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია და აღიარებს ორგანიზაციის პროფესიულ პრინციპებს. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებსა და დირექტორს 3 და 4 დეკემბერს შეხვდა და, მისი შეფასებით, ეს იყო კონსტრუქციული საუბარი.

„გამოითქვა სიტყვიერი თანხმობა, რომ ნებისმიერი შინაარსის დავის დროს ქარტია იქნება ჩართული და მნიშვნელოვანი რგოლი. დირექტორს იქვე ჩამოვართვით პირობა, და რამდენად შესრულდება ეს პირობა, ყველა ერთად დავაკვირდებით, რომ ის არ ჩაერევა და არ მოახდენს „საქმის გარჩევას“ რომელიმე ჟურნალისტთან, როცა არ მოეწონება მისი სიუჟეტი. თქვა, რომ ჩვენს ინსტიტუციას ენდობა და რა შეფასებასაც დავდებთ ჩვენ, გაიზიარებს მას. მედიის მთავარი მონაპოვარი ქვეყანაში ისაა, რომ იგი თვითრეგულირებადია და ჩვენ, თვითონ ჟურნალისტები, ვავლენთ ჩვენივე შეცდომებს და ყოველგვარი სანქციისა და „დასჯის“ გარეშე ვიღებთ პასუხისმგებლობას მის გამოსწორებაზე“, - თქვა გიორგი მგელაძემ და იქვე შენიშნა, ბოლო წლებში ტელევიზიების მუშაობის საფუძვლიანმა შესწავლამ ცხადყო, რომ აჭარის ტელევიზია პოლიტიკურად ყველაზე მიუკერძოებელი მაუწყებელია და ბალანსის დარღვევის ყველაზე ნაკლები შემთხვევები აქვსო.