ბირთვული და რადიაციული გამოწვევები საქართველოსთვის - რისთვის ვართ მზად?

უკრაინაში რუსული აგრესიისა და ბირთვული მუქარის ფონზე, 8-9 ნოემბერს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოების” თემაზე. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, არის თუ არა საქართველო მზად პოტენციურ თუ რეალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული [ქბრბ] საფრთხეების შემცირება და რეგულირება არაერთ უწყებას აკისრია. არსებობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოც, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობს.

ვინ აკონტროლებს საფრთხეებს?

რადიაციული საფრთხეების შემცირება და ინციდენტების გაკონტროლება გარემოს დაცვის სამინისტროს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს” ფუნქციაა. ეს სააგენტო მართავს რადიოაქტიური ნარჩენების საცავსა და სამარხსაც.

სააგენტოსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, რადიაციულ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც უნდა მოახდინოს.

დაცვისა და რეაგირების საშუალებები - რა გვაქვს?

რადიაციულ ინციდენტებზე რეაგირებისთვის საქართველოს აქვს:

  • „მაღალი გამავლობის ავტომობილები, სპეციალური მისაბმელებით, სადაც განთავსებულია აღჭურვილობა ისეთი ფორმით, რომ მორეაგირემ შეძლოს მისი სწრაფად გამოყენება;
  • პირადი დაცვის საშუალებები, თანამედროვე უახლესი, სასუნთქი გზების დაცვის საშუალებები;
  • დეტექტირების და იდენტიფიცირების საშუალებები;
  • ​„დეკონტამინაციის” [მომშხამავი აირებისგან, ან სხვა მავნე ნივთიერებებისგან განთვისუფლება ან ნეიტრალიზაცია] აღჭურვილობა.

„დეკონტამინაციის” აღჭურვილობა გვაქვს როგორც ლოკალური, მცირე მასშტაბისთვის, ასევე შესაძლებელია მასობრივი დაბინძურების შემთხვევაში მოვახდინოთ მასობრივი "დეკონტამინაცია". დაახლოებით, 1 საათში ჩვენ შევძლებთ 60-მდე დაზარალებულის "დეკონტამინაციას"“, - თქვა [ქბრბ] ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა მალხაზ ლაგურაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების ფორუმზე 9 ნოემბერს.

საერთაშორისო ფორუმი, სადაც შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება განიხილეს.

საიდან აქვს საქართველოს ტექნიკური აღჭურვილობა?

საქართველოს ტექნიკურ უზრუნველყოფაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) დაეხმარა. წლების განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა აღჭურვისა და შესაბამისი წვრთნების და ტრენინგების პროექტი. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, საქართველომ DTRA-ს პროექტის მეშვეობით მიიღო „დეკონტამინაციის” პირველი აღჭურვილობა.

გამოწვევები და ნაკლოვანებები - რა წერია ეროვნულ სტრატეგიაში?

საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაამტკიცა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების 2021-2030 წლების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტი 2014 წლიდან იქმნება და „საკანონმდებლო მაცნეშია“ გამოქვეყნებული. სტრატეგია აღწერს ბირთვულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების კუთხით მიმდინარე გამოწვევებს, საჭიროებებს, პრევენციის გზებს. მათ შორისაა:

  • „საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში სამედიცინო რეაგირების გეგმების შემუშავება;
  • ცოდნის მუდმივი განახლების მიზნით სწავლებებში შესაბამისი უწყებების ყველა დონის წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობა;
  • ბუნებრივი რადიაციული ფონის სრულყოფილი მონიტორინგის არარსებობა, რაც განპირობებულია ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებული სირთულეებით;
  • ადრეული შეტყობინების სისტემის, ავტომატური მონიტორინგის ქსელის გაფართოება;
  • რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსება;
  • საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე – საკმაოდ მაღალი რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ტრანზიტის რისკი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკონტროლო სიტუაცია ბირთვული მასალების, რადიოაქტიური წყაროების და მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირების მხრივ;
  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი”.

საზოგადოების ინფორმირება და მზადყოფნა - რა გვჭირდება?

„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” დამფუძნებელი შორენა ლორთქიფანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სახელმწიფოს საფრთხეებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია აქვს, მაგრამ მოსახლეობამ უფრო მეტი უნდა იცოდეს.

„[სახელმწიფო] ნაკლებს ლაპარაკობს, რათა პანიკა არ შექმნას. მეორეს მხრივ, არც ევროპული ჟურნალ-გაზეთებია აჭრელებული რადიაციაზე ლაპარაკით. რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ რეალური საფრთხის დადგომის შემთხვევაში იქნება სწრაფი რეაგირება, დროული ინფორმაციის მიწოდება ტელევიზიით, მობილური აპლიკაციით…”. ევაკუაციის დროს თავშესაფრების არსებობაზე დასმულ კითხვაზე იგი ამატებს: „სამალავები არის, მაგრამ მგონი, არცერთი არაა ისეთ მდგომარეობაში, სადაც შეიძლება, დაიმალო”.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ბირთვული საფრთხის გასამკლავებლად მზადყოფნაზე დასმულ კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ვერ ხედავს საქართველოში დაცვის გამართულ მექანიზმებს:

„კი ბატონო, შეიძლება გამოყენებულ იქნას თბილისის მეტრო თავშესაფრისთვის, მაგრამ სხვა ქალაქებმა, სხვა რეგიონებმა რა უნდა ქნან? ამის გარდა, მოსახლეობის ცნობიერება უნდა ამაღლდეს, როგორ მოიქცეს რადიაციული საფრთხის დროს. ასე რომ, იმედი ვიქონიოთ, მსგავსი რამ არ მოხდება, სანამ ჩვენ მოვემზადებით”.

ასევე ნახეთ “ბირთვული თვითმკვლელობა” - ევროპაში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური იბომბება

რამდენად მაღალია ბირთვული ან რადიაციული საფრთხე?

უკრაინაში ოდესის ბირთვული გაუვრცელებლობის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლინა სინოვეცის თქმით, [საფრთხის შემცირებისთვის] ერთადერთი გამოსავალია აშშ-ის მიერ რუსეთის შეკავების მტკიცე სტრატეგია. მეორე მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ ბირთვული იარაღი ყოველთვის იყო პოლიტიკური შანტაჟის იარაღი, პოლიტიკური მანევრი.

პოლინა სინოვეცი

„ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს ბირთვულ ზამთარს, ტერიტორიის რადიაციით დაბინძურებას. ამას გავლენა ექნება არა მხოლოდ იმ ქვეყანაზე, რომელიც სამიზნეა, არამედ იმაზეც, ვინც გამოიყენებს ამ იარაღს, განსაკუთრებით რუსეთს. ჩვენ ყველაზე დიდი საზღვარი გვაქვს რუსეთთან. ჯარები კი ამ საზღვარზე არიან განაწილებული. თუ თეორიულად რუსეთი ასეთ იარაღს გამოიყენებს, ეს გავლენას მოახდენს რუსეთის მოსახლეობაზეც. ეს პუტინის იმიჯს არ წაადგება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი რუსეთისთვის უკანასკნელი ვარიანტია. რეალურად, არავის არ სურს მისი გამოყენება. მათ ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ ამ ბირთვული შანტაჟით ბევრს მოიგებენ, ნატოს ყურადღებას მიიქცევენ, რომ "კარგი, ბიჭებო, თუ კარგად არ მოიქცევით, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება...", მაგრამ ჯერ მაინც ეს არის რუსეთის პოლიტიკური ინსტრუმენტი”, - ამბობს პოლინა სინოვეცი.

ვახტანგ კაპანაძის მოსაზრებით, ბირთვული საფრთხე, უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობასთან ერთად იზრდება, თუმცა, ჯერჯერობით, ამის რეალობაში განხორციელების შესაძლებლობა არაა:

„თუკი გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი, არ იქნება ის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ვინაიდან არაფრის მომცემი იქნება ეს რუსეთისთვის. თუ გამოიყენებს, გამოიყენებს ოპერატიულ-სტრატეგიულ იარაღს, დიდი სიმძლავრის, ვინაიდან, საპასუხო ქმედება მისთვის ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იქნება ძალიან მძიმე. ის შეეცდება მაქსიმალურად შოკური, მაქსიმალურად გადამწყვეტი დარტყმა განახორციელოს ბირთვული დარტყმით. ამ შემთხვევაში, რადიაციული ღრუბელია თუ კატაკლიზმები, რასაც გამოიწვევს მსგავსი მოქმედება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც და შავ ზღვას შეეხება”.

სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორი მარიამ თოხაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ უნდა მოხდეს არასაჭირო შიშის გამოწვევა მოსახლეობაში, მაგრამ ამასთან, სახელმწიფოები უნდა მუშაობდნენ ვითარების დეესკალაციისთვის. მისივე სიტყვებით, ბირთვული გამოწვევა არის იმგვარი, რომ არავის ინტერესში არაა პოსტ-ფაქტუმ რეაგირება, ყველას ინტერესშია წინასწარ მომზადება, ხოლო საუკეთესო გზა პარტნიორებს შორის გამოცდილების გაზიარებაა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხდება შიშის ინსტრუმენტალიზაცია. ეს წარმატებით შეიძლება მოხდეს მხოლოდ მუქარით… მუქარით დათესილი შიში, შეიძლება, სახელმწიფოს ძალიან ძვირად დაუჯდეს. ამიტომ ერთი, რაც აუცილებლად უნდა კეთდებოდეს, არის საზოგადოებასთან მუშაობა. ხალხს უნდა ჰქონდეს ადეკვატური აღქმა მუქარის რეალისტურობაზე.

სწორ კომუნიკაციაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი უსაფუძვლო შიშების, პანიკის გავრცელებას, მაგრამ, მეორეს მხრივ, არც მარტივ უმნიშვნელო საკითხად უნდა წარმოჩინდეს”, - ამბობს მარიამ თოხაძე.

ასევე ნახეთ "ეს ბლეფი არ არის" - რუსეთშიც და ევროპაშიც ბომბსაფრებს ამზადებენ