9 და 3 წლის ძმებმა თავის მძიმე დაზიანებები მიიღეს. უფროსი საავადმყოფოში გარდაიცვალა, უმცროსის მდგომარეობა კი მძიმეა. მას ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობენ.
13 მარტს დააკავეს პირი, რომელიც შს სამინისტროს განცხადებით პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ასევე ნახეთ ბათუმის ბულვარში 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავარა ხდებოდა დღეს შემთხვევის ადგილას?
ახალი ბულვარი, არდაგანის ტბაზე, მოცეკვავე შადრევნით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი ადგილია ბათუმში. ტბის გასწვრივ შავი ზღვის სანაპიროზე, სასეირნო ბილიკთან პლაჟის ნაწილზე საბავშვო ატრაქციონებია დამონტაჟებული. მათ შორის იყო საბავშვო ბატუტიც, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ტერიტორია დილიდან ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. ადგილზე საგამოძიებო უწყების თანამშრომლები მუშაობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა ბრალდებულის დაკავების შესახებ, პოლიციამ შემთხვევის ადგილი დატოვა და ყვითელი ლენტიც მოხსნეს.
ბათუმის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი პირად საუბარში გვეუბნება, რომ ბოლო ორი დღე ატრაქციონი გვიანობამდე იყო ღია.
„ორი დღე ბათუმში თბილი დღები იყო და ამ ბატუტის ხალხი მთელი დღე, გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ხანდახან მთელი ღამეც. ძლიერი ქარი იყო გუშინ. მოგლიჯა ეს ბატუტი და წაიღო მაღლა. ბავშვები თამაშობდნენ და ისინიც თან წაიღო. სიმაღლიდან ჩამოცვივდნენ“.
კითხვაზე, იყო თუ არა დამაგრებული ატრაქციონი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი გვიპასუხებს, რომ კონსტრუქცია მიწაზე ჯაჭვებით იყო მიმაგრებული, მაგრამ უცბად ამოვარდნილმა ქარმა ჯაჭვები მოწყვიტა.
მოწყვეტილი ჯაჭვები, მოგლეჯილი მრიცხველი და ელექტროგაყვანილობის ნაწილები ატრაქციონის ადგილას დღესაც ეყარა. ადგილზე ქვიშაში ნახევრად ჩაფლული მანქანის ხუთი საბურავი და ზედ რკინის ჯაჭვის ნაგლეჯები ჩანდა. ეს საგანგებოდ გაკეთებული მოწყობილობა საბავშვო ბატუტს ქვიშიან პლაჟზე ამაგრებდა. ქვიშიანი ნაწილის შემდეგ პლაჟზე დიდი ზომის ქვები ყრია.
არდაგანის ტბის მიმდებარედ რესტორნები, კაფე-ბარები და სავაჭრო ობიექტები დახურულია. მოშორებით მხოლოდ ერთი ჯიხური მუშაობს. ყავის გამყიდველი გვეუბნება, რომ ძლიერი ქარი საღამოს 9 საათზე ამოვარდა, ამიტომ ჯიხური დაკეტა და სახლში წავიდა, დილით მისულს კი უთხრეს, რომ ღამის 11 საათის შემდეგ ატრაქციონზე უბედური შემთხვევა მოხდა: „გავიგე, რომ საქანელებს ვინც უყურებდა, ის კაცი დააკავეს. ზედამხედველი რა შუაშია? პასუხი მაგან უნდა აგოს?“ - გვეკითხება ყავის ჯიხურში მომუშავე გოგო.
ასევე ნახეთ დაიღუპა 9 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში ბატუტზე ყოფნის დროს დაშავდაროგორ კონტროლდება ატრაქციონების უსაფრთხოება?
13 მარტს, დილით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მედიისთვის საერთო განცხადება გაკეთდებოდა, თუმცა პრესსამსახურის წარმომადგენელი და ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძე საღამოს სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობდნენ.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ბათუმის ბულვარში ატრაქციონების განთავსებისთვის ყოველ წელს აუქციონი ცხადდება. გამარჯვებულ მოიჯარეს აუქციონის პირობების თანახმად ატრაქციონების გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე საექსპერტო დასკვნის წარდგენა ევალება. ბულვარის ადმინისტრაციის სპეციალური სამსახური კი ამოწმებს ატრაქციონების უსაფრთხოებას ყოველდღე, თუმცა ეს არ ეხება ბატუტს. ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლის ინფორმაციით, ბატუტის განთავსების შემთხვევაში მოიჯარეს არ აქვს ასეთი ვალდებულება, რადგან საბავშვო ბატუტი საფრთხის შემცველ ატრაქციონად არ მიიჩნევა.