რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრესორმა დაიკავა მიკრორაიონ "კანალის" აღმოსავლეთი გარეუბანი და წინ წაიწია ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ზელენაიას ქუჩის გასწვრივ.
ამ ფონზე ყველაზე ხშირად სოციალურ მედიასა და ანალიტიკურ წრეებში შემდეგი შეკითხვები ტრიალებს:
- რა ტაქტიკით მოახერხა რუსეთის ჯარმა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის თუნდაც უმნიშვნელო გარღვევა?
- როგორ მიაღწია მოწინააღმდეგემ საბრძოლო მოქმედებების გადატანას ქალაქ ბახმუტის მახლობლად მდებარე სიდიდით მცირე, მაგრამ სამხედრო მნიშვნელობით არცთუ მეორეხარისხოვანი ქალაქის ქუჩებში?
- და დასავლელი პარტნიორების რა სახის დახმარება ესაჭიროება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორის იერიშების შესაჩერებლად?
გარღვევა ჩასივ- იარისკენ და შეტევა ხარკოვზე: არის თუ არა მათ შორის კავშირი?
უკრაინის სარდლობის ცნობით, პუტინის დავალებით, რუსეთის არმიას 9 მაისამდე უნდა აეღო დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ჩასივ-იარი. რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქალაქ ბახმუტიდან 12 კილომეტრით დაშორებული ჩასივ-იარის აღება რუსეთის არმიას გზას უხსნის ქალაქების კონსტანტინოვკის, დრუჟკოვკისა და კრამატორსკისკენ. 2014 წლიდან კრამატორსკი უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებული დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ფუნქციას ასრულებს.
ჩასივ-იარის გარდა რუსეთის არმია შეტევებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მიმართულებითაც აწარმოებს.
ჯერ კიდევ 20 მაისს Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ რუსეთის ჯარების შეტევა ხარკოვის ოლქში ქალაქ ჩასივ-იარისგან უკრაინის სამხედრო სარდლობის ყურადღების გადატანას ემსახურებოდა.
„ახლა ფრონტზე ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაციაა შექმნილი, რადგან დაიწყო რუსეთის შეტევის ახალი ტალღა ხარკოვის მიმართულებით. ძალიან ძლიერი ტალღაა დონბასშიც. მაგრამ ... სიმართლე გითხრათ, უკრაინის აღმოსავლეთში, კერძოდ, დონბასის მიმართულებით (კურახოვო, პოკროვსკი, ჩასივ-იარი) რეალურად უფრო დიდი ბრძოლებია, ვიდრე ხარკოვში", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ანუ უკრაინის ხელმძღვანელობამ წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით მიმდინარე ოპერაციას ჩასივ-იარზე შეტევის გასაძლიერებლად გამოიყენებდა და საკმაოდ გააძლიერა ამ ქალაქის თავდაცვა.
ასევე ნახეთ
ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს?მოგვიანებით, ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა 21 მაისის ანგარიშში აღნიშნეს, რომ პირველი დღეების სწრაფი ტაქტიკური წინსვლის შემდეგ, რუსული არმიის წინსვლის ტემპი შენელდა ვოლჩანსკისა და ლიპცის (ხარკოვის ოლქი) მიმართულებით მაშინ, როცა აგრესორის აქტიურობა კიდევ უფრო გააქტიურდა ჩასივ-იარის მიმართულებაზე.
22 მაისის საღამოს პროექტმა DeepState-მა გაავრცელა ცნობა ქალაქ ჩასივ-იარის მიმართულებით რუსეთის ჯარების წინსვლის შესახებ.
გარდა ამისა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა დაადასტურა რუსეთის არმიის წინსვლა ჩასივ-იარის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ კლეშჩიევკისკენ. 22 მაისის შუადღეზე რუსული წყაროები ამტკიცებდნენ, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაიკავა რუსეთის ჯარმა. მაგრამ ISW-ის ანალიტიკოსები ამ ცნობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოფლის მახლობლად სიმაღლეებს კვლავ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.
დინამიკური და ცვალებადი
ქალაქ ჩასივ-იარის მიმართულებაზე რუსეთს თავმოყრილი ჰყავს 25-ათასკაციანი, ელიტური ქვედანაყოფებისგან დაკომპლექტებული არმია, რაც რუსეთის შეტევით სტრატეგიაში დონეცკის ამ პატარა და თითქმის მთლიანად განადგურებული ქალაქის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
"ისინი ამზადებენ მოიერიშე ჯგუფებს თავიანთი სადესანტო ჯარების ელიტური დანაყოფებიდან. ის, რომ ამჟამად ჩასივ-იარის მიმართულებაზე ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს (რუსეთის) ორი (მე-11 და 83-ე) ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა, და ასევე 98-ე სადესანტო დივიზია, ხაზს უსვამს იმას, რომ (მოწინააღმდეგე) მას პრიორიტეტულად მიიჩნევს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის არმიის 26-ე საარტილერიო ბრიგადის პრესოფიცერმა, ოლეჰ კალაშნიკოვმა.
უკრაინის სამხედრო სარდლობა არც უარყოფს და არც ადასტურებს ცნობას რუსეთის არმიის მიერ ჩასივ-იარის ცენტრისკენ გაჭრის შესახებ. მაგრამ ეს ლოკალური წარმატება ამ მიმართულებაზე კონცენტრირებული ჭარბი რუსული სამხედრო ძალებით, არ უკვირთ სამხედრო ანალიტიკოსებს.
"ჩასივ-იართან სიტუაცია ისეთი იყო, რომ (მოწინააღმდეგემ) დიდი ძალებით შემოუტია და რიცხვითი უპირატესობით მოახერხა წინსვლა გარკვეულ უბნებზე. ისინი აქ მუდმივად ასეთი ტაქტიკით მოქმედებენ: ყველა მხრიდან უტევენ მცირე ჯგუფებით და დიდი სატანკო კოლონებით“, - უთხრა „დონბას. რეალიის“ სამხედრო მიმომხილველმა დენის პოპოვიჩმა. ეს იგივე ტაქტიკაა, რასაც რუსეთის არმია ქალაქ ბახმუტზე შტურმის დროს იყენებდა.
ასევე ნახეთ
ISW: კრემლმა სცადა ბახმუტის დაპყრობა გადამეტებულად წარმოეჩინა ისტორიულ გამარჯვებადპოპოვიჩი ქალაქ ჩასივ-იარის გარშემო შექმნილ ვითარებას დინამიკურს უწოდებს: „ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მალევე იბრუნებენ კონტროლს დაკარგულ პოზიციებზე“.
მაგრამ რიცხობრივი უპირატესობისა და ტანკების გარდა, რუსეთის არმია არც დრონების, ავიაციისა და საბრძოლო კომპლექტის ნაკლებობას განიცდის.
აპრილიდან რუსეთის არმიამ რეაქტიული სისტემებისა და საარტილერიო ქვემეხების (ე.წ. ლულიანი არტილერიის) გამოყენებაც გაზარდა.
გარდა ამისა, უკრაინის არმიის საცეცხლე პოზიციების გასანადგურებულად რუსეთის არმია იყენებს ე.წ. კორექტირებად საავიაციო ბომბებსაც. პოზიციების საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ იერიშზე გადადიან უკვე ტაქტიკური ჯგუფები, ტანკები და ჯავშანტექნიკა.
26-ე საარტილერიო ბრიგადის პრესოფიცერ ოლეჰ კალაშნიკოვის თქმით, უკრაინის არმიისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა ღამის ხედვის მოწყობილობით აღჭურვილი დრონებიც. ასეთი დრონები თავს ესხმიან უკრაინის არმიის ლოგისტიკის კუთვნილ ავტომობილებს, რომლებიც სწორედ ღამის საათებში ამარაგებენ ფრონტზე მყოფ ჯარს.
"პატრიოტიზმით ომს ვერ მოიგებ"
თუ მოწინააღმდეგის იერიშების შესაჩერებლად ჩასივ-იარის მიმართულებაზე უკრაინის ჯარი რუსეთის არმიის ერთ რომელიმე მიზანს 20-მდე ჭურვს უშენდა, ამჟამად ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.
„ისინი გრძნობენ, რომ ჩვენ არასაკმარისი საბრძოლო მასალა გვაქვს და, რომ არ შეგვიძლია მათ გვარიანად დავაყაროთ“, - უთხრა ერთ-ერთმა არტილერისტმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
უკრაინის არმიას დიდი ჩამორჩენა აქვს განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის საშუალებების მხრივ, რაზეც ხშირად ამახვილებს ყურადღებას მოკავშირეებთან შეხვედრებისას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ხარკოვისა და ჩასივ-იარის მიმართულებებზე შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ კიევს აქვს მხოლოდ ერთი მეოთხედი საჰაერო თავდაცვის იმ საშუალებების, რომლებიც აუცილებელია ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად.
ასევე ნახეთ
ზელენსკის თქმით, უკრაინას საჰაერო თავდაცვის საჭირო საშუალებების მხოლოდ მეოთხედი აქვსზელენსკიმ კვლავ მოუწოდა მოკავშირეებს, უკრაინას საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალებები და ავიაგამანადგურებლები მისცენ.
რუსეთსა და უკრაინას შორის ძალთა თანაფარდობის კიდევ უფრო რთული სურათი დახატა ცოტა ხნის წინ რუსეთის ოპიზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დევნილობაში მყოფმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.
19 მაისს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია, პირდაპირ თქვა, რომ უკრაინა წელს ხარკოვს დაკარგავს.
„ასეთი მომარაგებითა და ძალთა თანაფარდობით უკრაინა წლის ბოლოს დაკარგავს ხარკოვს, მომავალი წლის შუაში - ოდესას. 2026 წლისთვის უკრაინა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მცირე პარტიზანული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“, - თქვა ხოდორკოვსკიმ.
ასევე ნახეთ
ხოდორკოვსკის პროგნოზს წლის ბოლომდე ხარკოვის დაკარგვის შესახებ კიევში პანიკურს უწოდებენქალაქ ჩასივ-იარის დამცველი უკრაინელი ჯარისკაცები არ მალავენ, რომ მოწინააღმდეგეს მათზე დიდი უპირატესობა აქვს როგორც ადამიანური რესურსის, ისე არტილერიისა და საბრძოლო მასალების მხრივ. მაგრამ მთავარი, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები არ უჩივიან, ეს არის ენერგია და ამოუწურავი პატრიოტიზმი.
"ფიზიკური ძალებიც გვაქვს და პატრიოტიზმიც, თუ რა იქნება შემდეგ, ეს პარტნიორების დახმარებაზეა დამოკიდებული. [მხოლოდ] პატრიოტიზმითა და სულისკვეთებით ომს ვერ მოიგებ", - ამბობენ ჩასივ-იარის დამცველი უკრაინელი სამხედროები.