Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: კრემლმა სცადა ბახმუტის დაპყრობა გადამეტებულად წარმოეჩინა ისტორიულ გამარჯვებად


საილუსტრაციო ფოტო. ომით დანგრეული ბახმუტის ერთ-ერთი რაიონი
საილუსტრაციო ფოტო. ომით დანგრეული ბახმუტის ერთ-ერთი რაიონი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, როგორც ჩანს, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში დაიკავა დასავლეთი ადმინისტრაციული საზღვარი, მაშინ, როცა უკრაინის ძალები ისევ კონცენტრირებული არიან კონტრშეტევებზე ქალაქის განაპირას.

ამერიკელი ანალიტიკოსები ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ, რომ გამოფიტული „ვაგნერი“ შეძლებს ბახმუტის საზღვრებს გარეთ ბრძოლის გაგრძელებას.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს უკრაინელი სამხედროების განცხადებებზე, რომ ამჟამად თავდაცვის ძალები აკონტროლებენ ტერიტორიის მცირე ნაწილს ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთში. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს იმის მდუმარე აღიარებაა, რომ რუსულმა ძალებმა დაიკავეს, თუ მთლიანად არა, ბახმუტის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა ბახმუტის აღება წარმოაჩინეს გადამწყვეტ, ისტორიულ მოვლენად, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დონეცკის ოლქის სხვა ქალაქების, ბახმუტიდან 41 და 35 კილომეტრში მდებარე სლავიანსკის და კრამატორსკის, არამედ დაახლოებით 215 კილომეტრში მდებარე დნიპროს აღებასაც. ერთ-ერთმა სახელმწიფო ტელეკომპანიამ ისიც კი გამოაცხადა, რომ „ვაგნერელები" ბახმუტში თავს ისე უნდა გრძნობდნენ, როგორც მათი ბაბუები ბერლინში.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლმა სცადა ბახმუტის დაპყრობა გადამეტებულად წარმოეჩინა ისტორიულ გამარჯვებად, რადგან უკრაინაში კვლავ ვერ აღწევს ტაქტიკურ წარმატებებს. ამასთან, თავად ულტრანაციონალისტი ე.წ. "სამხედრო ბლოგერები" აცხადებენ, რომ ბახმუტი ბერლინი არ არის და ქალაქის დაპყრობა მხოლოდ ერთი ნაბიჯია უკრაინაში რუსეთის მიზნების მისაღწევად.

20 მაისს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ არტიომოვსკის აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი "მთლიანად გაათავისუფლეს". რუსეთი ბახმუტს არტიომოვსკად მოიხსენიებს. 21 მაისს, პრეზიდენტმა პუტინმა "ვაგნერელებს" და რუსეთის არმიის სამხედროებს "მიულოცა არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულება". უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტის დაკარგვა ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს ინტენსიური შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ბახმუტი, სადაც ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად დანგრეულია.

XS
SM
MD
LG