ერთიანი(?) ნაციონალური მოძრაობა - რა ხდება სააკაშვილის პარტიაში

Your browser doesn’t support HTML5

პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ნიკა მელიას მხარდამჭერები ტოვებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა დატოვა. ნოემბერიც მძიმე თვე იყო. პარტიაში, რომელსაც ბოლოს გამოკითხვებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის სულ მცირე 13% მისცემდა ხმას, ერთიანობის რღვევის ახალი ტალღაა დაწყებული.

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთთან საუბარსა და პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ. ძველი წყენების დავიწყებას და ერთიანობას მოითხოვს მიხეილ სააკაშვილი, მოძრაობის დამფუძნებელი, ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პატიმარი. ის "ლიდერობაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას" იღებს და ციხიდან გამოქვეყნებული წერილებით მითითებებს იძლევა.

სააკაშვილის მოთხოვნით დაიწერა ე.წ. ერთიანობის მანიფესტი, რომელმაც გაერთიანების ნაცვლად, კიდევ უფრო მკაფიო გახადა პარტიის დანაწევრება. ამ დრომდე გაურკვეველია, სად დგას ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია - პარტიაში, თუ მის მიღმა. ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მელია "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ წარმოადგენს. პარტიის მხარდამჭერების ნაწილი ამ განცხადების დოკუმენტურად დადასტურებას მოითხოვს. პარტიაში ერთმა ჯგუფმა ხაბეიშვილის გადადგომა და პოლიტსაბჭოს არსებული შემადგენლობით გაუქმებაც მოითხოვა.

პარალელურად, მოლაპარაკებები დაიწყო პოლიტსაბჭოში ძველი წევრების, მათ შორის, ნიკა მელიის მომხრეების დაბრუნებაზე. შედეგად, პოლიტსაბჭოს კარი მომდევნო ყრილობამდე ღია დატოვეს. და ამ აურზაურში ისევ გაისმის ბრალდებები პარტიაში "არაფორმალურ მმართველობაზე".

რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"? ვინ მართავს პარტიას? რატომ გამწვავდა შიდა დაპირისპირება? ვინ არიან და რა მიზანი ამოძრავებთ მხარეებს? ვინ როგორ გაიგო ერთიანობის მანიფესტი? რისთვის იბრძვიან - ძალაუფლების გადასანაწილებლად, ერთიანობისთვის, თუ დაყოფისთვის - ვარკვევთ ამ სტატიაში.

განხეთქილება

იმის გასაგებად, თუ რა ხდება ახლა, უნდა გავიხსენოთ 2022 წლის ნოემბერი. ბოლო შიდაპარტიული დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" სწორედ მაშინ დაიწყო.

2022 წლის 9 ნოემბერს "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" ენმ-ის წევრების ნაწილი, მათ შორის, რეგიონების წარმომადგენლები, შეიკრიბნენ და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. იმ დროს პარტიას ჰყავდა თავმჯდომარე - ნიკა მელია. მელია ახალ არჩევნებს დათანხმდა და დამარცხდა.

არჩევნების მეორე დღესვე პარტიის ერთ-ერთმა სახემ, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა. (მოგვიანებით, ის პარტიიდანაც წავიდა. პარტია დატოვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც).

პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ თანამდებობა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დატოვა. არადა, ლევან ხაბეიშვილმა არჩევნების წინა დღეს, 27 იანვარს თქვა, რომ “ყველას თანამშრომლობის ხელს უწვდიდა“.

ერთ კვირაში კი პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილი აირჩიეს. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა.

ასევე ნახეთ ახალი რეალობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ - ვინ ვინ არის?

ყოფილი თავმჯდომარის მომხრეთა უმეტესობა ახალ პოლიტსაბჭოში ვეღარ მოხვდა, მათ შორის:

  • პარტიის ერთ-ერთი სახე ნუგზარ წიკლაური;
  • პრესმდივანი გიორგი პატარაია;
  • თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ონიანი;
  • ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა;
  • კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი;
  • თბილისის საკრებულოს წევრი ნინო კვიტაიშვილი;
  • პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა მელიქიშვილი და სხვები.

ახალი პოლიტსაბჭო პროტესტის ნიშნად დატოვეს ენმ-ს ვეტერანებმა: ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ.

მელიას მომხრეები შარშან ნოემბერში დამტკიცებულ პოლიტსაბჭოს დღემდე "არალეგიტიმურს" უწოდებენ.

ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის ყრილობაზე, სადაც თავმჯდომარედ დაამტკიცეს

თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე თვეში ლევან ხაბეიშვილმა მელიას მხარდამჭერები ბათუმის საკრებულოს ე.წ. სათადარიგო სიიდან ამოიღო. მაშინ პირველად გაჩნდა ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნაც.

პარტიის განაწყენებული წევრები, ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად, ახალი თავმჯდომარის შიდაპარტიულ ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ.

"არაფორმალური მმართველობა"

ნიკა მელია დღემდე ამტკიცებს, რომ პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევით "არაფორმალური მმართველობა" გაფორმდა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მან "ჩეკისტური მეთოდებით" პარტიაზე არაფორმალური მმართველობის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

კეზერაშვილმა ნიკა მელიას ბრალდებებს მისივე დაფუძნებული ტელეკომპანია "ფორმულის" ინტერვიუში უპასუხა, - თქვა, რომ "არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში", თუმცა დაეხმარება ყველას, ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს.

ხაბეიშვილს არ უარუყვია, რომ კეზერაშვილი უჭერს მხარს. კეზერაშვილი ჩემი "პოლიტიკური პარტნიორი არ არისო", თქვა მან და იქვე მიესალმა, რომ ბიზნესმენი ოპოზიციას ეხმარება.

დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებელი

2016 წელს, როდესაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პირველად გამოეყო ლიდერების დიდი ჯგუფი და ახალი პარტია "ევროპული საქართველო" დააფუძნა, ხაბეიშვილი და მელია, ორივე კეზერაშვილს აკისრებდა პასუხისმგებლობას პარტიის გაყოფის გამო. ხაბეიშვილი უფრო შორს წავიდა და 2017 წელს კეზერაშვილის "მოპარული მილიარდებიც" ახსენა.

პოზიცია მოგვიანებით ორივემ შეიცვალა. მელიამ - ორჯერ:

2021 წელს მან თქვა, რომ მზად იყო კეზერაშვილთან პარტნიორობისთვის, რადგან მისგან ყველა კითხვაზე "დამაკმაყოფილებელი პასუხი" მოისმინა. უკვე 2022 წელს კი კეზერაშვილს კვლავ დაუპირისპირდა. ხაბეიშვილმა კი განმარტა, რომ მისი განცხადებები კეზერაშვილის "მილიარდებზე" "მისი აზრი" იყო და მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

რა შეიცვალა?

2023 წლის ნოემბერში "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა და თქვა, "პოლიტიკური ლიდერობას" ვიღებ საკუთარ თავზეო. მსჯავრდებული პრეზიდენტის ინტერესმა "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ფლანგის ქცევა შეცვალა - ისინი ერთმანეთს კიდევ უფრო მკვეთრად დაუპირისპირდნენ.

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა საქალაქო სასამართლოში პროცესზე

3 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში პროცესზე დისტანციური ჩართვისას ექსპრეზიდენტმა თქვა: "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა".

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს იმავე დღეს გამოეხმაურა. ის ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი ნიკა მელია იყო: "მე რომ ვთქვა ახლა, რომ მელიას არ გულისხმობს-მეთქი, საზოგადოება დამიჯერებს? ცხადია, ამაზე იყო საუბარი. თან მინ­და ენმ-ის წევ­რო­ბა, თან აგი­ნებ­დე კო­ბა­ხი­ძის, „იმე­დის“ ენით, ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი".

ნიკა მელია, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე

ნიკა მელიამ სააკაშვილის განცხადებაზე ერთი დღის დაგვიანებით 4 ნოემბერს ისაუბრა და იქვე ხაბეიშვილი გააკრიტიკა, "სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალითო". მელიამ, ასევე, თქვა, რომ პარტიის დამფუძნებელი ლიდერის, პატიმარი ექსპრეზიდენტის ნათქვამის ბრმად შესრულება "მისი გზა" არ იყო.

"პასუხის პასუხი" მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა "იმათ საყურადღებოდ, ვინც მისი გამოსვლა ნიკა მელიასა და მისი გუნდის კრიტიკად" გაიგო. სააკაშვილმა თქვა, რომ მელიასა და მის გუნდზე მაღალი წარმოდგენისაა.

ხაბეიშვილმა ამის შემდეგ დააზუსტა, რომ "როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა", სააკაშვილიც "იტყვის სახელსა და გვარს", თუ ვისზე საუბრობსო.

წერილი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას გუნდზე დადებითად საუბრობდა, მისი ფეისბუკის კედელზე აღარ იძებნება. რადიო თავისუფლებამ ვერ დაადგინა, ვინ მიუთითა და ვინ წაშალა წერილი.

7 ნოემბერს ასევე ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილის წერილის წაშლაზე წერს, რომ: "ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ არის არაფორმალური მმართველობა პარტიაში. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული (კვიპროსში დავით კეზერაშვილი ცხოვრობს და იქ ხშირად ხვდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - რ.თ.) ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს".

სააკაშვილის ერთიანობის მოწოდება და მელიას "სამი-ერთში" შეთავაზება

მიხეილ სააკაშვილმა "პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღება" პარტიაში ერთიანობის მანიფესტის ინიციატივით დაიწყო. მან "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრსა და მხარდამჭერს მოუწოდა, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავამდე, 23 ნოემბერამდე მოემზადებინათ ტექსტი, რომელიც პარტიის ღირებულებით ჩარჩოს და ერთიანობის შეთანხმებას ასახავდა.

თუ ვინმე ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის "ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლაო", - დაიწერა სააკაშვილის ფეისბუკზე.

პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი, 2017 წლის 20 იანვარი

იმავე განცხადებაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად ვერ გაიზიარებს მოსაზრებას "ლევან ხაბეიშვილის, პეტრე ცისკარიშვილის და პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით ...."

9 ნოემბერს, სააკაშვილის საპასუხოდ ნიკა მელიამ ალტერნატიული მანიფესტი გამოაქვეყნა და პარტიას მართვის ახალი სტილი შესთავაზა - ნდობის აღდგენა მხოლოდ პარტიის "გადატვირთვითაა" შესაძლებელიო. მელიას მანიფესტის შინაარსს იზიარებენ მელიას გუნდის წევრები და პარტიის ის ჯგუფიც, რომელიც ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის წინააღმდეგია.

მელიას გამოსავალი, რომელსაც ის პარტიას სთავაზობს, ასეთია: შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო. გადაწყვეტილების მიმღები ერთგვარი სამი-ერთში ორგანო პარიტეტულ საწყისებზე, სადაც ინტერესთა ყველა ჯგუფს ეყოლება წარმომადგენელი და რომელიც თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ფუნქციებს შეასრულებს.

"კარჩაკეტილობამ და არაფორმალურმა მართვამ პარტია უფსკრულის პირას მიიყვანა. უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; - არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში", - წერია მანიფესტში, რომელსაც, 2023 წლის 4 დეკემბრის ინფორმაციით, ხელს 42 340 ადამიანი აწერს. ხელმოწერების სტატისტიკა მანიფესტის ოფიციალურ გვერდზე ახლდება. ხელმოწერა კონფიდენციალურია.

ვინ მართავს პარტიას?

20 ნოემბერს, მორიგ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა გაიმეორა, რომ პარტიის მართვის პასუხისმგებლობასთან ერთად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა: "რომ ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული ადამიანი, რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემს თავზე ხელმძღვანელობას", - თქვა სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედის" პალატიდან ჩართვისას, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2022 წლის მაისში გადაიყვანეს.

კლინიკა "ვივამედი", სადაც მიხეილ სააკაშვილი 1 წელი და 5 თვეა მკურნალობს

ექსპრეზიდენტმა პარტიაში არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდებები უარყო და თქვა, "არაფორმალურად ვერავინ მმართავსო".

20 ნოემბრის შემდეგ, ხაბეიშვილის და პოლიტსაბჭოს ყველა ნაბიჯი და პოლიტიკური გზავნილი სააკაშვილის ფიგურის, როგორც "გამაერთიანებლისა" და "შემაკავშირებლის" გარშემო ტრიალებს.

"რუსი ოლიგარქი ან საქართველო" - სააკაშვილის მანიფესტი

მანიფესტის ტექსტი "ნაციონალურმა მოძრაობამ" 22 ნოემბერს გამოაქვეყნა, ისე როგორც სააკაშვილი ითხოვდა. 11-პუნქტიანი დოკუმენტის სათაურია "რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე".

"ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტზე ხელმომწერები ადასტურებენ, რომ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა "კრავს და აძლიერებს პარტიას".

ტექსტში ხაზგასმულია ენმ-ის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირთა როლიც. მოგვიანებით ეს ჩანაწერი ორ ბანაკს შორის დაპირისპირების მორიგი მიზეზი გახდა.

"ვთანხმდებით, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მისი წევრების ფართო ჩართულობით, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების შედეგად არჩეული, სრულად ლეგიტიმური თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაიონული ორგანიზაციები", - წერია მანიფესტში, რომელიც მთავრდება სიტყვებით: "ამ მანიფესტზე ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება შიდაპარტიული ერთიანობისა და ძალების კონსოლიდაციისკენ".

ასევე ნახეთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე „გამარჯვების პლატფორმამ“ პრიორიტეტები დაასახელა

ტექსტის გასაჯაროებამდე, პარტიის ლიდერების განცხადებებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ერთიანობისთვის დაწყებული პროცესი ნიკა მელიასა და მისი მომხრეების გამიჯვნით დასრულდებოდა.

"ეს ადამიანი (ნიკა მელია) ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე და მოაწერს ხელს მანიფესტს, ან მოგვიწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროისთვის საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას საკუთარი პოზიციებით. თუ იურიდიულად დააინტერესებს „მგლის ბილეთი“, მოგვწერს და გავცემთ პასუხს, არის თუ არა წევრი", - თქვა ხაბეიშვილმა.

ნიკა მელიამ საკუთარ მანიფესტზე მიუთითა და თქვა, რომ მეორე მანიფესტს ხელს იმ შემთხვევაში მოაწერდა, თუ ამ ტექსტში "არაფორმალური მმართველობის დასრულების შესაძლებლობას" დაინახავდა.

"პარტიის მენეჯმენტი გაჯიუტებულია შეცდომაში და 1-წუთიან აგრესიულ, უმდაბლესი პოლიტიკური კლასის კომენტარში, ავლენს და ამბობს იმას, რაც დაავალეს და რაც აკეთა, მთელი 9 თვე... ერთობის დაკვეთას და ნებას, პასუხობს „მგლის ბილეთით“...", - თქვა მელიამ.

ვინ (არ) მოაწერა ხელი მანიფესტს?

მანიფესტზე ხელმოწერის ცერემონია 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავის საზეიმო შეკრებაზე დაიგეგმა, სადაც პარტიის ყველა წევრი დაპატიჟეს. მთავარი ინტრიგაც ეს იყო - ვინ მივიდოდა და ვინ არა.

შეკრებაზე ნიკა მელია არ მივიდა. არ მივიდნენ არც ის ლიდერები, რომლებიც მელიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან. მათ მანიფესტს ხელი არ მოაწერეს.

ვარდების რევოლუციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

"პოლიტიკური საბჭოდან იდეალისტთა უმრავლესობა იქნა გამოძევებული და ამ ყველაფრის ახლა ლეგიტიმურად გასაღება და ამ ხელმოწერის დასმა სწორად არ მიმაჩნია", - უთხრა 29 ნოემბერს რადიო თავისუფლებას გიორგი კირთაძემ.

ამ საუბრიდან 5 დღეში გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და იქვე მიანიშნეს, რომ ბრძოლას ნიკა მელიასთან ერთად გააგრძელებენ.

"ნიკა მელია გამორჩეული და რეიტინგული პოლიტიკოსია. ჩვენ უახლოეს პერიოდში გეტყვით, როგორ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და რა პოლიტიკური გაერთიანება იქნება", - თქვა კირთაძემ.

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, მათ შორისაა გიორგი კირთაძე

კირთაძემდე მელიას თავად არ ჰქონდა გაკეთებული განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ხაბეიშვილი ირწმუნებოდა, მელია პარტიას აღარ წარმოადგენსო.

წარმოადგენს თუ არა ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობას”?

ეს კითხვა 4 დეკემბრისთვის ჯერ ისევ უპასუხოა, მიუხედავად ხაბეიშვილის ამ განცხადებისა: "საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით".

ლევან ხაბეიშვილმა ეს "ფორმულის" ეთერში თქვა. ჟურნალისტებმა პარტიაში მელიას სტატუსის დაამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი მოსთხოვეს, რაც მან ვერ წარმოადგინა. შემდეგ ჟურნალისტმა დაწერა და ლევან ხაბეიშვილმა ხელი მოაწერა ფურცელს, რომ მელია "არ არის, არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას". ამ ფურცელზე ხელმოწერის გამო პარტიის თავმჯდომარე არამხოლოდ მელიას თანამოაზრეებმა გააკრიტიკეს.

ასევე ნახეთ ხაბეიშვილი ამბობს, რომ მელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის

"კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ. ენმ-ის წესდებით, ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას", - დაწერა ფეისბუკის გვერდზე პარტიის ვეტერანმა, გიორგი ბარამიძემ.

მოგვიანებით, ენმ-ს სახელით განცხადებაც გავრცელდა. ტექსტის მიხედვით, პარტია თვეებია ცდილობს, ყოფილი თავმჯდომარე უკან დააბრუნოს. თუმცა ნიკა მელია "არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის "არ არის ნაციონალურ მოძრაობაში".

"ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", - წერია განცხადებაში და განმარტებულია ისიც, რომ "ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას".

პარტიაში განვითარებულ პროცესებზე ნიკა მელია ჯერ დუმილს ირჩევს. მან არც რადიო თავისუფლების კითხვებს უპასუხა.

ვინ ითხოვს ხაბეიშვილის გადადგომას?

ნიკა მელიას მომხრეების გარდა, 23 ნოემბრის შეკრება კიდევ ერთმა პარტიის წევრმა, გიორგი მუმლაძემ გამოტოვა. ის რიგითი წევრი არ არის და "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანია.

გიორგი მუმლაძე, "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი

მუმლაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაუპირისპირდა მელიას და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. არქივი მელიასა და მუმლაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირების ისტორიასაც ინახავს. მუმლაძე ამბობდა, რომ ნიკა მელია არასაკმარისს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად, ამიტომ არ იმსახურებდა თავმჯდომარის პოსტს.

მუმლაძემ სააკაშვილის ინიციატივით შექმნილი მანიფესტის ტექსტს ხელი არ მოაწერა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში ბრიფინგი გამართა და ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვა. მელიას მანიფესტის მსგავსად, მუმლაძეც თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებას და პოლიტსაბჭოს პარიტეტული წესით დაკომპლექტება-გაფართოებას მოითხოვს. "არც ერთი სკამი არ ღირს პარტიის რღვევად და დასუსტებად. ყველა განაწყენებული ადამიანი პარტიას უნდა შემოუერთდეს და მისი მართვის ფუნქცია სათათბირო ორგანოს უნდა გადავცეთ", - უთხრა 30 ნოემბერს რადიო თავისუფლებას გიორგი მუმლაძემ.

ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდეს ენმ-ის თბილისის რაიონული ორგანიზაციის ყოფილმა წევრებმა და ფრაქციების დეპუტატებმა 12 რეგიონში: ზუგდიდში, ხობში, ჭიათურაში, მცხეთაში, ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, ცაგერში, ახალციხეში, კასპში, ხობში, მარნეულში.

2024 წლის არჩევნებამდე თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება მოითხოვა თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნახევარმა: ნინო კვიტაიშვილმა, ანა გოგოლაძემ, მამუკა გუგეშაშვილმა, გიორგი ონიანმა, ზვიად კუპრავამ, თორნიკე ბიკაშვილმა.

ასევე ნახეთ ენმ-ში ცვლილებების მოთხოვნის ფონზე პარტია პოლიტსაბჭოს შემადგენლობას აფართოებს

"უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად. ერთი ნიკა მელიას, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ვინ ბრუნდება პოლიტსაბჭოში?

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, ერთი მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს არჩეული ორგანოების ლეგიტიმაციას, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს გაფართოების რეკომენდაცია გასცა.

"საჭიროა, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სახელით 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში.

ეს განცხადება პარტიაში ახალი პროცესების დაწყების საფუძველი გახდა: ენმ-ს მენეჯმენტმა პოლიტსაბჭოს ძველ წევრებთან, მათ შორის, ნიკა მელიას მხარდამჭერებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

ლევან ბეჟაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუზუსტა, რომ ამ სიაში ნიკა მელია არ არის. ანუ მასთან მოლაპარაკებას არავინ გეგმავს. თუ ის თავად გადაწყვეტს დაბრუნებას და მანიფესტს ხელს მოაწერს, ყოფილ თავმჯდომარეს კარს არავინ დაუხურავს, აღარც პარტიის მიღმა დატოვებენ.

პარტიის ყოფილმა წევრმა რომან გოცირიძემ ამ ინიციატივას უკვე უწოდა "არა გაფართოების, არამედ მელიას მომხრეების გადმობირების" პროცესი. რაც უფრო მეტი ძველი წევრი დაუბრუნდება პოლიტსაბჭოს, ეს ნიშნავს, რომ ნიკა მელიას გავლენები პარტიაში შესუსტდება.

პოლიტიკური საბჭოს 20 ახალი წევრი ლევან ხაბეიშვილმა მედიას 29 ნოემბერს წარუდგინა. გაფართოების შემდეგ პოლიტსაბჭოში 97 წევრია. ახალ შემადგენლობაში - 11 ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროსაც ირიცხებოდა პოლიტსაბჭოში: ეკა წამალაშვილი; გია ჭანტურია; ნიკოლოზ ვაჩეიშვილი; გიგი კუბლაშვილი; სევდია უგრეხელიძე; ნიკა ჭურაძე; მაია ჯავახიშვილი; მერაბ ჯანელიძე; ვანო პეტრიაშვილი; ნატალია მჭედლიშვილი; ბესო ქათამაძე.

ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს 20 წევრი დაემატა

ეკა წამალაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მისცა ხმა, თუმცა ე.წ. ფლანგების წარმომადგენელი არასდროს ყოფილა. პოლიტსაბჭოში დაბრუნების გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღო, რაც სააკაშვილმა ძველ წევრებს პარტიის მართვაში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"დისკუსიისთვის კარი გახსნილია, პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ შიგნით და არ გავახაროთ მტერი, რომელიც ხელისუფლებაშია დაბუდებული, ეს უნდა გაიაზრონ ოპოზიციაში მყოფებმა", - ამბობს წამალაშვილი.

ერთი მტრის წინააღმდეგ გაერთიანების სურვილით ხსნიან დაბრუნების გადაწყვეტილებას სხვებიც. გია ჭანტურია ფიქრობს, რომ "ვინც მხარს ევროინტეგრაციას უჭერს, კონსოლიდაცია უნდა შეძლოს", ნიკა ობოლაძეს კი მიაჩნია, რომ "წერტილი დასმულია. შეუძლებელია ამაზე უფრო ფართო შეთავაზება ან უფრო დიდი კონსენსუსი მოხდეს".

ერთიანობის იდეას უერთდება თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე. ის პარტიაში ნიკა მელიას თავმჯდომარეობისას მივიდა და მისი გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

ეძგვერაძეს 2023 წლის 22 სექტემბერს გლდანში საკუთარ სახლთან ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა. ამ თავდასხმას ის თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტართან, კოტე ზარნაძესთან მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდა. "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად თანაგუნდელის მხარდასაჭერად გლდანში ნიკა მელია მივიდა. ლიდერების გამოჩენას მორიგი დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ბაჩო დოლიძესა და ზვიად კუპრავასთან ერთად მელიაც დააკავეს და მოგვიანებით, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ასევე ნახეთ გლდანში საკრებულოს წევრზე თავდასხმის საქმეზე პოლიციამ 6 პირი დააკავა

ირაკლი ეძგვერაძეს რამდენიმე დღის წინ გლდანის რაიონის ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს. ყრილობამდე მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მიიღო გადაწყვეტილება, შიდა დაპირისპირებაზე არ ისაუბროს.

პოლიტსაბჭოს გაფართოების ინიციატივა შესაძლოა ერთგვარ აღიარებად მივიჩნიოთ, რომ თავის დროზე ამ ორგანოს დაკომპლექტებისას ახალმა მენეჯმენტმა შეცდომა დაუშვა, - ამბობს გიორგი ბარამიძე:

"აღიარებაა იმ პრობლემის, რომ თავის დროზე გარკვეული ნაწილი ჩვენი მეგობრებისა არ მოხვდნენ პოლიტსაბჭოში. ამას მოითხოვდნენ ჩვენი მეგობრებიც... შეცდომა იყო", - თქვა მან.

რა ხდება, თუ პარტიის წევრია, მაგრამ არც ხელი მოაწერა მანიფესტს და არც პოლიტსაბჭოში დაბრუნდა?

- ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი თანაგუნდელები პარტიისგან საკუთარი გადაწყვეტილებით დისტანცირდებიან.

"ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად არ უნდათ, ამას მე, ლევან ხაბეიშვილი ვერ მოვაგვარებ", - თქვა ხაბეიშვილმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად 29 ნოემბერს, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

4 დეკემბრის მონაცემებით, იმ ადამიანების სიაში, რომლებიც არც მანიფესტს უერთდებიან და არც პოლიტსაბჭოში დაბრუნებას აპირებენ, ბევრი გავლენიანი ლიდერი ხვდება. მათ შორის: ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, აკო მინაშვილი, ზურა მელიქიშვილი, კობა ნაყოფია და სხვები...

თუ არც პარტიიდან გაუშვებენ და არც თავად წავლენ, მაშინ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში? ვინ ვისი სახელით მოქმედებს?

- "პარტიაში დარჩებიან, თუმცა პარტიის პოზიციას ვერ გამოხატავენ, აქტიური წევრები აღარ იქნებიან და მოვუწოდებთ, რომ პარტიის წინააღმდეგ საჯარო კამპანია არ აწარმოონ", - ასე პასუხობს რადიო თავისუფლების კითხვას ლევან ბეჟაშვილი.

ძველი წევრებისთვის პოლიტსაბჭოს კარს ღიას "ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობამდე ტოვებს. ყრილობის სავარაუდო თარიღი ჯერჯერობით უცნობია. იქამდე, დაპირისპირებულ ფლანგთან დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. მთავარი ინტრიგაა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია. სავარაუდოდ, ის "ნაციონალურ მოძრაობას" დატოვებს და ახალ პარტიას შექმნის.