რა ხდება ნატოს საზღვართან მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზებზე?

ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა „ისკანდერ-მ“

ნატოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან (პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია) მომდინარე საფრთხეების გასანეიტრალებლად, ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტს ბელარუსის ტერიტორიაზე ბალისტიკური სარაკეტო სისტემა "ორეშნიკის" განთავსება სთხოვა.

რუსეთის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2025 წლის მეორე ნახევარში. "ჩვენი წინასწარი გათვლებით, ამ დროისთვის, ჩვენ ავაწყობთ მათ სერიულ წარმოებას", - განაცხადა პუტინმა მინსკში, სადაც ორმა ლიდერმა ხელი მოაწერა შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საკავშირო სახელმწიფოს გარე საზღვრის დაცვას ყველა საშუალებით, მათ შორის - რუსული ტაქტიკურ-ბირთვული იარაღით.

თავდაცვის პირველ ეშელონში მინსკსა და მოსკოვს ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრის მახლობლად განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები ეგულებათ.

პოლონური გამოცემა Vsquare-ის ჟურნალისტებმა, ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ღია მონაცემებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომი სატელიტურ სურათების გამოყენებით ჩაატარეს გამოძიება, რათა დაედგინათ, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ნატოს ქვეყნებთან მოსაზღვრე რუსეთის არმიის სამხედრო ობიექტები.

რუსეთის მორიგი სამიზნე

პოლიტოლოგები და სამხედრო ანალიტიკოსები მუდმივად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების მორიგე სამიზნე სამხედრო შეჭრის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან. ჯერ კიდევ 2016 წელს, ყირიმის ანექსიის ფონზე, ტელეკომპანია "ბიბისიზე" გავიდა დოკუმენტური ფილმი "მესამე მსოფლიო ომი: თვალსაზრისი სამეთაურო პუნქტიდან", რომელშიც საუბარია რუსეთის ჯარების ლატვიაში შეჭრაზე. გერმანიის დაზვერვის უფროსი ფილმში ამბობს, რომ არაუგვიანეს ამ ათწლეულის ბოლოს "რუსეთი მზად იქნება ნატოზე თავდასხმისთვის".


ესტონეთის, ლიეტუვისა და ევროპის სხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა შეისწავლეს სატელიტური სურათები და გააანალიზეს რუსეთის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები ბალტიის საზღვრებთან. თავიანთი დასკვნები მათ პირობითად დაყვეს შეფასებებად "კარგი" და "ცუდი".

მათ პირველ კრიტერიუმს მიაწერეს ის, რომ სატელიტური ფოტოების თანახმად, ბალტიის რეგიონში რუსეთის ბაზები საგრძნობლად არის გამოცარიელებული. ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის დიდი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მესამე წელია აწარმოებს ფართომასშტაბიან გამანადგურებელ ომს. ცუდი ამბავი კი, გამომძიებელი ჟურნალისტების შეფასებით, არის ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ცხარე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთი ავითარებს თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, ბალტიის საზღვრებთან.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აქვთ რაკეტა "ისკანდერები", რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს. ისინი (რუსები) ფლობენ პლატფორმებს სხვადასხვა ტიპის სარაკეტო შეიარაღებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმების განხორციელება უმოკლეს ვადაში. როგორც ერთ-ერთმა წყარომ გვითხრა, ამ კომპლექსის გამოგორება პირდაპირ ფარეხიდან არის შესაძლებელი. მაგალითად, სამხედრო ბაზა "ლუგაზე", რომელიც 100 კილომეტრით არის დაშორებული ესტონეთის საზღვრიდან, სულ რაღაც ხუთ წუთში შეიძლება რაკეტა "ისკანდერის" დატენა და მათი იმ რაოდენობით გაშვება, რომლებსაც შეუძლიათ ესტონეთის მთელი და ლატვიის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაფარვა", - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი ჰოლგერ როონემა.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამშრომელი ლატვიისა და ბელარუსის საზღვარზე კრივანდის მახლობლად, აღმოსავლეთ ლატვიაში. AFP-ის ფოტო

ანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ არსებულ ვითარებაში კრემლს უფრო აინტერესებს არა ბალტიისპირეთის ქვეყნებში პირდაპირი სამხედრო შეჭრა, არამედ ე.წ. ჰიბრიდული ოპერაციები ნატოს ალიანსის სიძლიერის შესამოწმებლად.

დაზვერვის თანახმად, შესაძლო ჰიპოთეზურ სცენარი არის შემდეგი: რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით, რუსეთის ჯარების მიერ აღმოსავლეთ ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია. ამის შემდეგ ნატოს გაუგზავნის სიგნალს: "ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, თქვენ ხართ კი მზად, რომ გააჩაღოთ ბირთვული ომი ამ მცირე ტერიტორიისთვის?"

სამხედრო ანალიტიკოსი იან მატვეევი მიიჩნევს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის საფრთხე შეიძლება გაიზარდოს, თუ რუსეთი წარმატებით დაასრულებს ომს უკრაინაში: "ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს ან შეწყდეს რაიმე ვარიანტით. და, შესაბამისად, იქიდან უკვე ჯარების გადასროლა. რადგან, ბუნებრივია, ახალი ჯარისკაცების გაწვევას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ასე რომ, პრინციპში, ეს ალბათ ორი ან სამი კვირის საქმეა. იმიტომ, რომ უკრაინაში ფრონტზე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი საკმაო დანაყოფებია. ანუ, ყველაფერი, რაც საჭიროა მათი (ამ დანაყოფების) გადმოყვანისთვის. ამისთვის, ისევე როგორც იარაღით აღჭურვას და რეორგანიზებას, დიდი დრო არ დასჭირდება".

რომელ რეგიონს უწოდებენ "ერთ დიდ სამხედრო ბაზას"?

ლიეტუვისთვის, ექსპერტების თქმით, აქტუალურია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ბელარუსის, იმ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შეფასება, რომლის ტერიტორიიდან რუსეთი 2022 წლის თებერვალში თავს დაესხა კიევს. მნიშვნელოვანია ასევე კალინინგრადის რეგიონი, რომელსაც ლიეტუვა ესაზღვრება დასავლეთით და სადაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბალტიის ფლოტია ბაზირებული. რუსეთის ამ რეგიონს ანალიტიკოსები "ერთ დიდ სამხედრო ბაზას" უწოდებენ.

აქვეა, ექსპერტების შეფასებით, ბალტიის რეგიონისა და მთლიანად ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთი - ლიეტუვა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე სუვალკის დერეფანი (იგივე სუვალკის ყელი).

100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს (სუვალკის ყელს) ექსპერტები ნატოსთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.

სუვალკის დერეფანი ფეთქებადსაშიშ ზონად ითვლება, სადაც შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნატო და რუსეთი. ეს მოლოდინი უკავშირდება რუსეთისთვის ხელსაყრელ ვერსიას - რომ იზოლაციაში მოაქციოს ბალტიის სამი სახელმწიფო, პოლონეთსა და ნატოს სხვა ქვეყნებთან მათი კავშირის გაწყვეტის გზით.

სუვალკის დერეფანი აშორებს ერთმანეთთან ბელარუსსა და რუსეთის კალინინგრადს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს.

ლიეტუვის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი, ვაიდოტას მალინენისი აფრთხილებს, რომ ლიეტუვის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს რუსეთის "ჰიბრიდული ომის" ტაქტიკას, რათა ხელიდან არ გაუშვას მომენტი.

"ჰიბრიდული ომის ბუნება ისეთია, რომ თქვენ შეიძლება ვერ მიხვდეთ, რომ ეს უკვე ომია, ცალკეული თავდასხმა თუ უბედური შემთხვევა. იგივე დაზიანებული კაბელები ბალტიის ზღვაში. ან თვითმფრინავი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კატასტროფა განიცადა ლიეტუვაში. ეს თავდასხმაა თუ უბედური შემთხვევა? რომ აღარაფერი ვთქვა GPS-ს სიგნალთან დაკავშირებულ მუდმივ პრობლემებზე იმავე სუვალკის დერეფანში".

ლიეტუველ თადარიგის ოფიცერს მხედველობაში აქვს ბოლო ხანს რეგიონში მომხდარი ინციდენტი, რასაც "დივერსიის" კვალიფიკაცია მიეცა.

კრემლმა არაერთხელ უარყო ნატოს ქვეყნების მიმართ რაიმე სამხედრო ამბიციები. "თქვენ რა, სულ გაგიჟდით?!", - ასე უპასუხა მიმდინარე წლის ივნისში ვლადიმირ პუტინმა მათ, ვისაც სჯერა, რომ რუსეთი ალიანსს ემუქრება.

მაგრამ ასე იყო უკრაინაში ომის გაჩაღებამდეც. 2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს კრემლმა ასევე განაცხადა, რომ ის არ აპირებდა უკრაინაში შეჭრას. მანამდე, 2014 წელს, პუტინმა უარყო რუსეთის არმიის ჯარისკაცების მონაწილეობა ყირიმის ანექსიაში, მაგრამ მოგვიანებით მანვე დაადასტურა სამხედრო ჩარევა.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბოლო წლებში მშპ-სთან შეფარდებით მნიშვნელოვნად გაზარდეს თავდაცვის ხარჯები და ამ მაჩვენებლით ნატოს ქვეყნების ლიდერებს შორის არიან.

ასევე ნახეთ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი ევროკავშირის დაფინანსებას ითხოვენ საზღვრის დაცვის მასშტაბური ხაზის ასაშენებლად
ასევე ნახეთ ნატოს წევრი პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსიდან თავდასხმის მოლოდინში

ასევე ნახეთ პუტინი აცხადებს, რომ "ორეშნიკის" სამიზნე შესაძლოა გახდეს "გადაწყვეტილების მიღების ცენტრები"