"ანტიქრისტეს გამოჩენასთან" დაკავშირებული მესიჯები, ბოლო პერიოდში, გააქტიურდა საქართველოშიც - ანტიდასავლურ და რუსეთის მხარდამჭერ ძალებში, რომლებსაც არასოდეს დაუგმიათ უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ისინი ირწმუნებიან, რომ უკრაინის შემდეგ, ტაძრებს საქართველოშიც "დახურავენ".
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება კიევ-პეჩერის ლავრის მონასტრებიდან ხატების გამოტანას, მორწმუნეებისთვის კარის დაკეტვასა და ამ ტერიტორიის „მუზეუმ ნაკრძალად“ გადაქცევას გეგმავს. სინამდვილეში, კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიას მანამდეც ნაკრძალის სტატუსი ჰქონდა და მოსკოვის საპატრიარქო იქ მხოლოდ იჯარის საფუძველზე საქმიანობდა.
როგორც უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ეპიფანე განმარტავს, კიევ-პეჩერის ლავრაში ღვთისმსახურება კვლავ გაგრძელდება და იქ დარჩენა შეუძლია ყველა სასულიერო პირს, ვინც "რუსულ სამყაროსთან" არ არის თანაზიარი.
ბარგის გატანა და დარჩენა
კიევ-პეჩერის ლავრასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა ბოლო დღეებში შეამჩნიეს, თუ როგორ ეზიდებოდნენ სასულიერო პირები ბარგს, მიუხედავად УПЦ-ს მიტროპოლიტ პავლე ლებედის განცხადებისა, რომ ტერიტორიიდან მათი გაყვანის იურიდიული საფუძველი არ არსებობს და ამიტომ არც გასვლას გეგმავენ.
მაშინ რატომ გააქვთ ბარგი სასულიერო პირებს? - რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის შეკითხვას მიტროპოლიტი პასუხობს, რომ „ყველას აქვს თავისი საკუთრების გატანის უფლება“ და იქვე სვამს რიტორიკულ შეკითხვასაც - „სხვა ბინაში რომ გადახვიდეთ საცხოვრებლად, რომ გამოგაგდონ [თქვენი ბინიდან], ხომ გაიტანთ თქვენს ბარგს?“
უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მიტროპოლიტი პავლე (ზედმეტსახელად „პაშკა მერსედესი“) 29 მარტს განსაკუთრებული გაღიზიანებით გამოირჩეოდა. ის კატეგორიულად უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მის გამგზავრებასთან დაკავშირებით, რისი ეჭვიც გამოიწვია მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ერთ-ერთ საპასპორტო სერვისცენტრში.
მიტროპოლიტ პავლეს წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის იანვარში აღიძრა; ხოლო 2022 წლის დეკემბერში, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მოხვდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ სანქცირებულთა სიაში. 10-წევრიანი სიის ფიგურანტებს ბრალად ედებათ რუსეთის ინტერესების სასარგებლო საქმიანობა.
ასევე ნახეთ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პრორუს მიტროპოლიტ პავლეს წინააღმდეგ
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ იჯარის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართავენ და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დატოვებენ ტერიტორიას.
უკრაინის დუმის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკიტა პოტურაევმა რადიო თავისუფლების ეთერში, 29 მარტს თქვა, რომ УПЦ-ს წარმომადგენლების ნაწილი განწყობილია კონსტრუქციული დიალოგისთვის; ხოლო ნაწილი „პროვოკაციების მოსაწყობად არის მზად“, რათა „კიდევ ერთხელ დააზარალოს უკრაინის სახელმწიფო და საზოგადოება“ და „ჩვენმა მტრებმა და მათმა პატრონებმა მოსკოვში შეძლონ ასეთი ფაქტების გამოყენება პროპაგანდისთვის“.
- მანამდე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ კიევ-პეჩერის ლავრიდან სასულიერო პირების გამოსახლება არ მოხდება ძალის გამოყენებით, თუმცა სახელმწიფო არ დაუშვებს მათ უკანონო დიქტატს.
ნიკიტა პოტურაევის ინფორმაციით, კვლავ ძალაშია შეთავაზება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირებისთვის - გადავიდნენ უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში (ПЦУ); სასულიერო პირების დიდი ნაწილი „გარკვეული პირობებით“ მზად არის ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, УПЦ-დან ПЦУ-ში გადავიდა 400-ზე მეტი სასულიერო პირი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც УПЦ-მ უარი არ თქვა რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვებში მოხსენიებაზე.
ასევე ნახეთ კიევ-პეჩორის ლავრის არქიმანდრიტი უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში გადავიდა
გაგრძელდება თუ არა წირვა-ლოცვა კიევ-პეჩერის ლავრაში?
კიევ-პეჩერის ლავრის მთელ ტერიტორიას ნაკრძალის სტატუსი ჰქონდა, УПЦ-სთან იჯარის გაწყვეტამდეც და მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, სახელმწიფო ნაკრძალად გადაქცევას მხოლოდ ახლა უპირებს. ტერიტორიაზე ლავრების გარდა, ათობით სხვა ნაგებობა და მუზეუმია.
ასევე ნახეთ უკრაინა ეკლესიებში „რუსული სამყაროს“ კვალს კრძალავს - ბრალდება წაუყენეს სასულიერო პირებსუკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ავტოკეფალიაც მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ 2019 წლის იანვარში აღიარა, აცხადებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივად გაგრძელდება. მიტროპოლიტმა ეპიფანემ, რომელიც ამ ეკლესიას უდგას სათავეში, ორიოდე დღის წინ განმარტა, რომ მიესალმება ყველა იმ სასულიერო პირის ლავრაში დარჩენას, რომლებიც არ არიან გასვრილი „რუსულ სამყაროსთან“ თანამშრომლობით.
„უსაფუძვლო მანიპულაციაა დღევანდელი მოვლენების შედარება კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან დევნასთან და მონასტრების დახურვასთან“, - ამბობს მიტროპოლიტი ეპიფანე და ამატებს, რომ „კრემლთან შეკრული“ მოსკოვის საპატრიარქო უკრაინაში წარმოადგენს „ჰიბრიდული აგრესიის იარაღს“, რომელიც, რუსეთის პროპაგანდის მსგავსად, უკრაინას ადანაშაულებს.
„მოვუწოდებ ლავრის ძმებს, ხელი შეუწყონ მოსკოვის უღლისგან განთავისუფლების პროცესს... მოსკოვის სასულიერო ხელისუფლება უკრაინაში არაკანონიკურია და ყველა ხედავს, როგორ იყენებს კრემლი მას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ლავრა არ უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი, არამედ პირიქით, [უნდა იყოს] – ლოცვის ადგილი, სამონასტრო ცხოვრების ... ადგილი, რომელიც სულიერად შთააგონებს ჩვენს თანამოქალაქეებს ამ რთულ დროში“, - აცხადებს მიტროპოლიტი ეპიფანე. მან ასევე აღნიშნა, რომ მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე - ლავრაში ღვთისმსახურება უკრაინული ენის გარდა, ძველ სლავურ ენაზეც შესრულდება.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია დღემდე არა აქვს აღიარებული საქართველოს ეკლესიას.
ასევე ნახეთ რუსეთისკენ თუ უკრაინისკენ - რა წერია და რა იკითხება პატრიარქის წერილშიდეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები
კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებული მოვლენების გარშემო დეზინფორმაციას ავრცელებენ როგორც რუსეთში, ასევე ანტიდასავლური და პრორუსული ძალები საქართველოშიც.
მაგალითად, მკაფიოდ პრორუსული „პრიმაკოვის სახელობის ფონდის“ დირექტორის მიერ 28 მარტს, უკრაინის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრის დახურვის შემდეგ, ჭეშმარიტი ქრისტიანობის მდევნელი, სატანის მხარდამჭერი ძალები ტაძრებს საქართველოშიც დახურავენ.
„დევნა... საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მრევლი არის პირდაპირი პასუხისმგებლობის ქვეშ იქ [კიევში] მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით - თუ რამდენად ხარისხობრივად სწორად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას... რატომ? თუ ვინმე ამ კითხვას დასვამს, მარტივად ვეტყვი - მეორე ვიქნებით ჩვენ - მერე იქნება სვეტიცხოველი, მერე იქნება ქაშვეთი, მერე იქნება ყოვლადწმინდა სამების ტაძარი... მერე იქნება ჩვენს მიმართ დევნა და დამსახურებული იქნება ეს დევნა“, - თქვა „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
„პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” საქართველოში 2013 წელს დაარსდა, პუტინის „გორჩაკოვის ფონდისა” და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ. დიმიტრი ლორთქიფანიძე მოსკოვის საკმაოდ ხშირი სტუმარია და ხშირად იმეორებს, რომ რუსეთისთვის საქართველო ორგანული ნაწილია, ხოლო დასავლეთი და ნატო მას მხოლოდ იყენებენ.
2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დახურა კიევში მოქმედი „გორჩაკოვის ფონდის” საინფორმაციო ცენტრი და მიზეზად „ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის გავრცელება“ დაასახელა.
ასევე ნახეთ უკრაინის "დესატანიზაცია" - რუსეთის ახალი გეგმა
ანტიდასავლურმა და პრორუსულმა ძალებმა გაააქტიურეს დისკუსიები უკრაინაში "ანტიქრისტეს მხარდამჭერებისა" და "სატანისტების" არსებობის შესახებაც, რითაც აჭრელებულია რუსეთის სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიები.
ტერმინი უკრაინის დესატანიზაცია, რუსეთის ხელისუფლების ლექსიკონში 2022 წლის შემოდგომაზე გაჩნდა, იმ ფონზე, როცა დღეებზე გათვლილ სამხედრო მიზნებს უკრაინაში აშკარა პრობლემები შეექმნა და ახლა უკვე წელიწადზე მეტია, კვლავ მიუღწევლად რჩება.
შარშანდელი წლის მიწურულს, რუსეთის პატრიარქმა, კირილემ მოწვეულ სტუმრებს უთხრა, რომ სწორედ რუსეთის ვალია „გლობალურმა ბოროტებისა“ და „ანტიქრისტეს მოძრაობის“ წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან წმინდა წერილებში სწორედ რუსეთია დასახელებული „შემაკავებელ ძალად“ მეორედ მოსვლის წინ.
„მართლმადიდებელ სამყაროში მეორედ მოსვლა არის, რა თქმა უნდა, დოგმატი. ამას საყოველთაოდ ყველა იზიარებს, მაგრამ არა იმ სახით, არა იმ ფორმებით, არა იმ შინაარსით, არა ასეთი პოლიტიკური ანგაჟირებით და მით უფრო რუსეთის დომინირებით, როგორც ამას რუსეთში და გარკვეული ძალები საქართველოში აღწერენ... ეს საკითხი ასე არსად გვხვდება ოფიციალურ საეკლესიო თხზულებებში, საეკლესიო კრებათა განწესებებში, ბიბლიურ მეხსიერებაში და წმინდანთა შეგონებებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი. მისი თქმით, მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობის გამო შეიძლება დაიჯერონ ადამიანებმა, რომ მართლმადიდებელი სამყაროს გადამრჩენელი რუსეთია.
„რასაც რუსეთი მართლმადიდებელ სამყაროს ახვევს თავს, ეს არის ფსევდოაპოკალიფტიკა - მითების, ლეგენდებისა და თქმულებების დონეზე დანერგილი ფობიები და ამას არანაირი კავშირი არა აქვს ბიბლიურ აპოკალიფსთან. ეს არის საუკუნეების წინანდელი რუსი წმინდანებისთვის დამახასიათებელი რიტორიკა, რომელიც რუსეთის საკრალიზებასა და დანარჩენი სამყაროს დემონიზებას ემსახურება“, - განმარტავს თეოლოგი.
ასევე ნახეთ პუტინის დაგმობა ან მოსკოვთან კავშირის აღიარება - უკრაინის ეკლესიის (УПЦ) არჩევანი„ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ გააქტიურებაზე ლაპარაკობს თავის ერთ-ერთ ფეისბუკპოსტში, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენელი მოძრაობის - „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი; ხოლო მეორე, უკვე უშუალოდ კიევ-პეჩერის ლავრასთან დაკავშირებულ პოსტში, ის წერს, რომ „ლიბერალი ფაშისტები“ (როგორც ხელისუფლება და სხვა ძალები ოპონენტებს მოიხსენიებენ) საქართველოს ლუციფერისთვის, ანტიქრისტესთვის ჩაბარებაზე ოცნებობენ.
„გუშინ ჩემთვის ეს ომი დასრულდა, როგორც "რუსეთ-უკრაინის", დღეს სრულდება - როგორც "რუსეთ-დასავლეთის", ხვალიდან გადადის "ღვთისმშობლისა და ლუციფერს" შორის ფაზაში. სახელმწიფოებრივად უკვე მაგრად მკიდია - ვინ და როგორ მოიგებს. სარწმუნოებრივად - გამოიცანით, ვის მხარეზე ვარ. ასევე გამოიცანით - ვის საბოლოო გამარჯვებაში არ მეპარება ეჭვი დედამარიამის ყველა წილმხმვდომილობაში. მართლმადიდებლობის მხარეზე, იბერიის მხარეზე, ღვთისმშობლის მხარეზე ყოფნაც - "რუსული" პროექტია რამე? ვაი თქვენს პატრონს!“ - წერს ქართველიშვილი და აზიარებს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც, აღწერის მიხედვით, უკრაინელი სასულიერო პირების ტაძრიდან გამოდევნას ასახავს.
- ფეისბუკის მომხმარებლები, რომლებიც მანამდე ამტკიცებდნენ, რომ „კლოუნმა ზელენსკიმ დააქცია უკრაინა“, „გაწყვიტა უკრაინელი ხალხი“ - ახლა ემხრობიან ვერსიას, რომ „კიევ-პეჩერის ლავრას ეშმაკები ეპატრონებიან“ და „ლავრას ეპატრონება ქრისტესთან მებრძოლი ბრბო“. „ეს წარმოუდგენელი მკრეხელობა და სისასტიკე დააჩქარებს ზელენსკის ხროვის დასასრულს!“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. არის მოწოდებები ბრძოლისკენაც - „ბრძოლისთვის და დაუმორჩილებლობისთვის ვემზადოთ, ვისაც ცხონება გვსურს!“.
- ისინი კი, ვინც თავიდანვე თვლიდა, რომ მეზობელ ქვეყანაში არა უკრაინა, არამედ რუსეთი შეიჭრა, რუსეთი ხოცავს ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს და ანგრევს ქალაქებს - ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ კიევ-პეჩერის ლავრას კიევი მხოლოდ რუსეთის დაქვემდებარებული, კოლაბორანტი სასულიერო პირებისგან ათავისუფლებს და ისიც არა ძალადობრივი მეთოდებით. „ანტიქრისტეა პუტინი... ლავრა აქამდე იყო ტყვეობაში ცრუმოძღვრების და ანგარების მოყვარე სასყიდლით დადგინებული მოძღვრებისა და კვლავ ნამდვილი პატრონი უფალი ათავისუფლებს მას“, - წერს ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებელი.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსული შეთქმულების თეორიების საქართველოში დამკვიდრებას ხელისუფლებაც უწყობს ხელს. ამ კუთხით მაგალითად, მას შემთხვევითად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ინტერვიუში თქვა, რომ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ ხალხში, რამდენიმე ახალგაზრდას „სატანისტების ფორმები ეცვა“.
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედ ეკლესია-მონასტრებში რუსეთის „ძირგამომთხრელი საქმიანობის“ გამოსავლენად და აღსაკვეთად, უკრაინის ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება 2022 წლის მიწურულს დაიწყო.
ნოემბერ-დეკემბერში, სხვადასხვა ოლქის ასობით ეკლესიის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა თქვეს, რომ აღმოაჩინეს „რუსული სამყაროს“ ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები - დიდი ოდენობით რუსული ფული, რუსული პასპორტები და სხვა დოკუმენტები, რუსული პროპაგანდისტული ლიტერატურა, იარაღი და რუსი სამხედროებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვების შეკვრები.
გახმაურდა ასევე ეკლესიების ტერიტორიაზე საეჭვო პირების ყოფნის ფაქტები და ზოგიერთი სასულიერო პირი უკრაინაში არალეგალურად მყოფი რუსეთის მოქალაქეც აღმოჩნდა. გამოძიება დაიწყო არაერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ.
ცნობილი გახდა, რომ კიევ-პეჩერის მონასტრის ერთ-ერთ ტაძარში სიმღერა „მატუშკა რუსი" სრულდებოდა და ღვთისმსახურებისას „რუსულ სამყაროს“ განადიდებდნენ.
2022 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გაგრძელდება ბრძოლა უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“.