დედოფლისწყარო
18 საჩივრიდან 15 "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დაწერეს, 3 - "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) დამკვირვებლებმა.
ISFED-ის წარმომადგენელი ირმა ბურდული საჩივარში წერს, რომ მე-12 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას კენჭისყრის შენობაში და ზეწოლა მოხდა თავად დამკვირვებელზე.
"სამართლიანი არჩევნები" კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ირმა ბურდულის კიდევ ერთი საჩივრის მიხედვით, დედოფლისწყაროს მე-17 უბანზე დაირღვა ფარულობის პრინციპი. "ამომრჩეველს კაბინიდან გამოსვლის შემდეგ არ ჰქონდა დაკეცილი ჩარჩო კონვერტი. ადვილად შესაძლებელი იყო იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ხმა. ასეთი რამ ოთხი ამომრჩევლის შემთხვევაში დაფიქსირდა" - დაწერა დამკვირვებელმა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჩივრებში წერია:
- დედოფლისწყაროს პირველ და მეორე საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორებმა ამომრჩეველზე გასცეს 2-2 ბიულეტენი.
- დედოფლისწყაროს მერვე უბანზე სარეგისტრაციო მაგიდები კედელთან ახლოს იყო, რის გამოც დამკვირვებლებს ეზღუდებოდათ დაკვირვების უფლება.
- მეათე, სოფელ გამარჯვების საარჩევნო სიებში აღმოჩენილია სამი გარდაცვლილი.
- დედოფლისწყაროს მეოთხე უბანთან, მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც ჰქონდათ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები.
სიღნაღი
26 ოქტომბერს ორი საჩივარი დაიწერა სიღნაღში, სადაც 25 უბანი იყო გახსნილი.
- „კოალიცია ცვლილებების“ (გვარამია, მელია, გირჩი, დროა) წარმომადგენლის ნანა ქოქიაშვილის საჩივარში წერია, რომ 25-ე, ბოდბის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ მათ დამკვირვებელს გიორგი ბაღაშვილს არ მისცა უფლება გაჰყოლოდა გადასატან ყუთს.
- "კოალიცია ცვლილებების" მეორე საჩივრის მიხედვით, ისინი ითხოვდნენ 25-ე, ბოდბის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდების კედლიდან მოშორებას, რათა დამკვირვებლებს შესძლებოდათ პროცესზე ზედამხედველობა, თუმცა თავმჯდომარემ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
ყვარელი
ყვარლის მე-16 საარჩევნო ოლქში სულ 12 საჩივარი დაიწერა. აქედან 9 "სამართლიან არჩევნების" წარმომადგენლებმა დაწერეს.
- "სამართლიან არჩევნების" საჩივრის მიხედვით, მე-13 საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან იდგნენ ქართული ოცნების კოორდინატორები, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს ეუბნებოდნენ შემოეხაზათ 41 ნომერი.
- ამავე უბანზე შევიდა უცხო პირი, რომელსაც არ ჰქონდა “ბეიჯი”. ის იქ მყოფ თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს ეკითხებოდა - “რა ხდება ხომ ყველაფერი რიგზეა, ისე მიდის როგორც ვვარაუდობდითო?” თავმჯდომარეს მანამდე არ ჰქონია რეაგირება, სანამ “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა არ მიუთითა დარღვევაზე.
- ყვარლის მესამე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდები ისე იყო განთავსებული, რომ დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ საშუალება სრულად დაჰკვირვებოდნენ პროცესს.
გურჯაანი
26 ოქტომბერს სამი საჩივარი დაიწერა გურჯაანში, სადაც 44 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის თამუნა მინდორაშვილის ინფორმაციით, 26-ე უბანზე არჩევნების წინასწარი შედეგები ისე ამობეჭდეს, რომ გადასატანი ყუთის მონაცემები/ბიულეტენები არ იყო შეტანილი ხმის მთვლელ აპარატში. ორგანიზაცია კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს.
„კოალიცია ცვლილებების“ (გვარამია, მელია, გირჩი, დროა) წარმომადგენლის სოფიო ბეზარაშვილის საჩივრის მიხედვით, მერვე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი და თავმჯდომარე გასული იყვნენ საარჩევნო უბნიდან ისე, რომ ისინი არ ჩაუნაცვლებია სხვა რეგისტრატორს. ამან გამოიწვია ამომრჩეველთა რიგი და უკმაყოფილება. კოალიცია ითხოვს კომისიის თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
"საქართველოს მომავლის აკადემიის" დამკვირვებლის თამარ დიაკვნიშვილის ინფორმაციით, გურჯაანის მეოთხე უბანზე მას არ ეძლეოდა საშუალება სრულყოფილად დაჰკვირვებოდა საარჩევნო პროცესს.
მიზეზად დასახლებულია რეგისტრატორის მაგიდების ისე განლაგება, რომ ვერიფიკაციის აპარატებთან თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელი იყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჩივარი დილით 08:15 საათზე დაიწერა, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
საგარეჯო
საგარეჯოში 2 საჩივარია - ერთი დაწერა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ „ღია სივრცე კავკასია“, მეორე - "სამოქალაქო იდეა - სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული ევროატლანტიკური არჩევანისათვის". ამ ორგანიზაციის საჩივარში წერია, რომ დამკვირვებელ თეონა ჯაფოძე საგარეჯოს 31-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მიეცა.
"ხმის დათვლის მოსამზადებელი პროცედურების ჩატარების დროს, საუბნო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა "ღია სივრცე კავკასიის" დამკვირვებელი, რომელსაც სურდა, ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, როგორც მეთვალყურეს, რის უფლებსაც კომისია არ აძლევდა და სთხოვდა მოშრებოდა მაგიდას. კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა პოლიცია და დამკვირვებელი უბნიდან გააძევა“ - წერია საჩივარში. ორგანიზაცია "ღია სივრცე კავკასია" ითხოვს, საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საგარეჯოს 39-ე უბანზე საჩივარი დაწერა ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეამ". დამკვირვებელი გიგა თოდაძე წერს, რომ 39-ე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხმა მისცა 2003 წელს გაცემული ძალადაკარგული ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობით.
საჩივრის მიხედვით, რეგისტრატორმა ხელით შეიყვანა ამომრჩევლის მონაცემები და დარღვევა არ დაუფიქსირებია.
მომჩივანი მსგავსი ტიპის დარღვევაზე, რეგისტრატორის დისციპლინურ პასუხისმგებლობას ითხოვს.
თელავში, სადაც 43 საარჩევნო უბანი მუშაობდა, ერთი საჩივარი დაიწერა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის, თამაზ ლაჩაშვილის ინფორმაციით, მე-13 უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში გადაიღო ფოტო, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს არ ჰქონდა რეაგირება.
ერთი საჩივარია დაწერილი ლაგოდეხის მე-15 ოლქში. "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ეკატერინე პაქსაშვილი საჩივარში წერს, რომ მე-16 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის კაბინაში ფოტოს გადაღების არაერთი შემთხვევა იყო, რაზეც კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.
კახეთის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც საჩივარი არ დაწერილა, ახმეტაა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით.
არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება - 53,93%;
- კოალიცია ცვლილებისთვის - 11,03%;
- ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10,161%;
- ძლიერი საქართველო - 8,814%;
- გახარია - საქართველოსთვის - 7,771%.
ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე ნახეთ არჩევნები 2024 - ლაივბლოგი