ამჟამად რამდენიმე პოლიტიკური პარტია იბრძვის ამომრჩეველთა იმ ნაწილის გულის მოსაგებად, რომელიც 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. მესამე ძალის, "მესამე ცენტრის" გამოჩენას ისურვებდა. რა რესურსი აქვთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ე.წ. ორპოლუსიანობის დამსხვრევას ცდილობენ? რატომ შეჩერდა ალტერნატიული ცენტრის შექმნის პროცესი და რა წვლილი მიუძღვის "ქართულ ოცნებას"?
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციური სპექტრის პარტიებს ხშირად კრებით „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ ანდა - „სატელიტებსა“ და „დანაყოფებს“ უწოდებენ. აქ ძირითადად იგულისხმება ყველა ის ოპოზიციური პარტია, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიას მმართველი პარტია დიდწილად ისევ ორპოლუსიანობის შენარჩუნებისა და „სისხლიანი ცხრა წლის“ ლოზუნგებით ჩაატარებს.
„ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი დღეს ყველაზე დიდ სეგმენტს წარმოადგენს. ეს ის კატეგორიაა, რომელსაც არც წარსული უნდა და არც აწმყო. შესაბამისად, ხელისუფლება თვლის, რომ თუ ორპოლუსიანობა შეინარჩუნა და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ გაჩნდა, ამ გადაუწყვეტელ ამომრჩევლს, სხვადასხვა სახის მოსყიდვის გზით, თავად წაიყვანს თავის ბეღელში“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
ასევე ნახეთ IRI-ის კვლევა: „ქართული ოცნება“ – 33%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 16%აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგებით:
- ჯამში, გამოკითხულთა 28%-ს არა აქვს პასუხი ანდა არ ამხელს - თუ რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს არჩევნებზე;
- „არ ვიცი“ პირველ პასუხად გამოკითხულთა 11%-მა, ხოლო მეორე პასუხად 52%-მა დაასახელა.
არსებობს თუ არა მესამე ძალა, მესამე ცენტრი?
ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელსაც არც ძირითადი ოპოზიციური ჯგუფები უნდა და აღარც „ქართული ოცნება“, საკუთარ თავს დღეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია სთავაზობს.
თავს მესამე ძალად მოიაზრებენ, მაგალითად:
- მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ლელო საქართველოსთვის“;
- ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“;
- „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების“ – „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“;
- ეკა ბესელიას პარტია „სამართლიანობისთვის“.
ამ პარტიათა ლიდერები მაჟორიტარ კანდიდატებადაც იყრიან კენჭს.
მაგალითად, ალეკო ელისაშვილს ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები მაჟორიტარულ სარბიელზე გაცილებით უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, ვიდრე მის ახლადშექმნილ პარტიას - პროპორციულ ნაწილში.
ამ საკითხზე თავად ელისაშვილი ამბობს, რომ პარტიას მხოლოდ ერთი არჩევნებისთვის არ ქმნის.
IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2-2%-იანი მხარდაჭერა მიიღეს „ლელომ“ და ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურმა ძალამ. დანარჩენი ორი კი საერთოდ არ გვხვდება დასახელებულთა შორის.
- ამ სპექტრიდან მხოლოდ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგენლები არცერთ ეტაპზე არ მონაწილეობდნენ ლეიბორისტული პარტიის მასპინძლობით შემდგარი ოპოზიციური ერთობის ფორმატში;
- ამ სპექტრიდან მხოლოდ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ სახელდება არადესტრუქციულ „ახალ ოპოზიციად“„ქართული ოცნების“ მიერ.
ოპონენტებს ეჭვები უჩნდებათ ე.წ. „ახალი ოპოზიციის“ მიმართ. თუმცა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ გეგმებს ორივე მხარე უარყოფს.
„ზოგადად, საქართველოში ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს. საქართველოში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს ქვეყანაში “ - უთხრა რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნება“ ალტერნატიული ცენტრის წინააღმდეგ?
12 აგვისტოს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა და მათ შორის არის ლევან კობერიძეც - „ქართული ოცნების“ რიგებიდან დემარშით წამოსული დეპუტატი.
„ლელოს“ ის ოფიციალურად 11 აგვისტოს შეუერთდა, ხოლო უკვე მეორე დღეს - ვაკის ოლქის კანდიდატად დასახელდა.
როგორც ლევან კობერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ის დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა 30%-იანი პოტენციალის მქონე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის შეეწყო ხელი, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
„მესამე ცენტრში“ ის მოიაზრებდა ისევ „ლელოს“, „მოქალაქეებს“; „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსსა“ და ასევე ცალკეულ პოლიტიკოსებს, მაგალითად - თამარ ჩუგოშვილსა და ანა დოლიძეს.
რატომ არ გამოვიდა არაფერი?
კობერიძის ერთი ვერსიით - გაერთიანების შექმნას „ქართულმა ოცნებამ“ შეუშალა ხელი.
„პროცესი დაიწყო და მიმდინარეობდა... შემდეგ ჩემთვის მოულოდნელად მოხდა პროცესის შეჩერება...
ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვა - თუკი ამომრჩევლის მხრიდან არის ერთობის შექმნის მოთხოვნა, თუკი პროცესი დაიწყო და გარკვეული შეთანხმებისკენ ნაბიჯებიც გადაიდგა, რატომ უნდა შეჩერდეს ?
ერთი ვარიანტია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“თავის გავლენების ქვეშ მოაქცია გარკვეული ჯგუფები... მას შეიძლება მრავალნაირი გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრზე, სამწუხაროდ“.
თუმცა ლევან კობერიძეს, როგორც თავად ამბობს, ოპტიმისტური სცენარიც აქვს - „შესაძლოა, ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ თავი დამოუკიდებლად დაიმკვიდრონ“.
ის იმედოვნებს, რომ ჯერ კიდევ არის შანსი და „მესამე ცენტრის“ შექმნას ის ახლა უკვე „ლელოს“ რიგებიდან შეეცდება.~
ასევე ნახეთ გახარია: ეს უნდა იყოს ყველაზე სუფთა, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე წარმატებული არჩევნებითუმცა, თუკი გედევან ფოფხაძეს მოვუსმენთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი პარტია - „ჩვენი საქართველო“ არანაირ ერთობაზე აღარ ფიქრობს.
ფოფხაძემ გვითხრა:
- „ლევან კობერიძეს თუ უნდოდა, ჩვენს ფრაქციაში იყო და ჯერ ამ ჩვენს პარტიაში უნდა მოსულიყო და ეს პარტია გაგვემყარებინა“;
- „მერე ეს ჩვენი პარტია უნდა გამხდარიყო მიზიდულობის ცენტრი... ცოტა არალოგიკურია - პარტია გავაკეთო და მერე „ლელოსთან“ გავწევ რიანდე“;
- „ვერ შეიქმნა ეს ორბიტა, რადგან არის არსებითი განსხვავებები... ამიტომ ვთქვით - მოდით, ჯერ ამომრჩევლებს ვკითხოთ, რა უნდათ და არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ დანარჩენზე“.
„არ მეგულება დღეს მე მესამე ძალა, თავს არ მოვიტყუებ... წარმოდგენილ პარტიებს გამარჯვების რეალური რესურსი არა აქვთ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას "დემოკრატიული აუდიტის ცენტრის" ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი - არმაზ ახვლედიანი.
როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, "ქათული ოცნების წარუმატებელი ექსპერიმენტის" წინააღმდეგ ბრძოლაში „ლელოს“ შანსი გაცილებით უფრო გაიზრდებოდა, მას ძალები რომელიმე ძლიერ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, მაგალითად „ევროპულ საქართველოსთან“ რომ გაეერთიანებინა.
თავად არმაზ ახვლედიანი გვიდასტურებს, რომ ჩართულია მოლაპარაკებებში ოპოზიციური ერთობის საკოორდინაციო ფორმატში შემავალ პარტიებთან და შესაძლოა, მალე მისი გვარი და სახელი მაჟორიტარ კანდიდატებს შორის ვიხილოთ.