8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები.
შეზღუდვები, რომლებიც იხსნება:
მიმოსვლა
- შესაძლებელი ხდება მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა.
ეკონომიკური საქმიანობა
- დასაშვები ხდება რესტორნების, ბარებისა და კაფეების დახურული სივრცის გახსნა;
- დასაშვები ხდება სასტუმროების მუშაობა, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს;
- ამუშავდება ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები.
შეზღუდვები, რომლებიც რჩება:
მიმოსვლა
- კვლავ აკრძალულია რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის;
- აკრძალულია ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ პირბადით.
განათლება და სპორტი
- სკოლებსა და უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროცესი დასაშვებია დისტანციურად. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება შეუძლიათ უსაფრთხოების წესების დაცვით;
- ტრენინგები, კონფერენციები და სემინარები უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
- კვლავ აკრძალულია ყველა ტიპის სპორტული ღონისძიება.
თავშეყრა
- აკრძალულია 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა;
- დახურულ სივრცეში ყველა პირი ვალდებული ატაროს პირბადე.
ეკონომიკური საქმიანობა
- აკრძალულია სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები.
- აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.