ბინები, მიწები, ეკლესია - რა ქონებას ფლობენ ფარცხალაძის ცოლი, შვილი და რა დარჩა მას?

აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, 21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება აღარ აქვს - მან დაჩქარებული წესით ყველაფერი შვილის სახელზე გადააფორმა.

2013 წლის ივნისში, როცა ოთარ ფარცხალაძემ, როგორც საჯარო მოხელემ, პირველად შეავსო ქონების შესახებ დეკლარაცია, მისი ოჯახის საკუთრება იყო მხოლოდ ერთი ბინა თბილისში, სხვა უძრავი ქონება მათ არ ჰქონიათ. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ კი, სანამ აშშ ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ქართველ-რუს ოლიგარქს, სანქციებს დაუწესებდა, მას მილიონობით ლარის ქონება ეუკუთვნოდა, მათ შორის - მიწები, ბინები, სასტუმროს ნომრები.

მხოლოდ გუშინ, 20 სექტემბერს, მან შვილს გადაუფორმა 12 ქონება, მათ შორის - საკუთარ მიწაზე აშენებული ეკლესია. ფარცხალაძე შვილისთვის, ანდრია ანზორ ფარცხალაძისთვის ქონების გადაფორმებას ჩქარობდა და მხოლოდ ამ მომსახურებაში 4000 ლარზე მეტი დახარჯა.

სიჩქარის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ თუ ამ ქონების გადაფორმებამდე ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, საჯარო რეესტრის ბაზაში მისი იდენტიფიცირება მხოლოდ რუსული პასპორტით გართულდებოდა და ქონების განკარგვა სავარაუდოდ შეფერხდებოდა - ვერც გააჩუქებდა, ვერც გააქირავებდა და ვერც გაყიდდა.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ 21 სექტემბერს დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობის შესახებ ცნობები, შესაბამისი დოკუმენტების მითითებით, მედიაში ჯერ კიდევ 7 თვის წინ გაჩნდა. ფარცხალაძე აშშ-ის ხაზინის 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სანქციების სიაშიც რუსული პასპორტით მოხვდა, საქართველოს კონსტიტუცია კი ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უშვებს.

სანამ იუსტიციის სამინისტრო საჯაროდ გაავრცელებდა ინფორმაციას, რომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ანუ 20 სექტემბრის საღამოს 8 საათამდე, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შვილს გადაუფორმა:

  • სამი მიწის ნაკვეთი წავკისში, ჯამში 4089 კვადრატული მეტრის ზომის. აქედან 1030 კვადრატული მეტრის ზომის ნაკვეთზე ეკლესია აშენებული.

ოთარ ფარცხალაძის ეკლესია

იუსტიციის სამინისტროს „საკადასტრო რუკის” მიხედვით, ეკლესიის ეზომდე მისასვლელი გზა არ არსებობს და აუცილებელია სხვა მიწის მეპატრონეთა ტერიტორიაზე გავლა.

საჯარო რეესტრის ონლაინრუკა: ფოტოზე ჩანს ფარცხალაძის ოჯახის კუთვნილი მიწები და ეკლესია

„ეს [ეკლესია] იყო ოთარის და მისი ოჯახის კუთვნილი და თვითონ გადაწყვიტა ეკლესია აეშენებინა და აქამდე საბუთები გაიწელა. ტაძარი აშენდა და გადაეცემა საპატრიარქოს”, - უთხრა „ფორმულას” სასულიერო პირმა, რომელიც ამ ტაძარში რიტუალებს აღავლენს.

სანამ საპატრიარქოს გადაეცემა, ეკლესია ანდრია ანზორ ფარცხალაძის საკუთრება გახდა.

სანქცირებულმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა შვილს ასევე გადაუფორმა:

25 წლის ანდრია ანზორ ფარცხალაძის სახელზე, რომელიც საქართველოში კონსერვატორთა კავშირის დამფუძნებელი წევრია, ასეულობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და ბინები მამისთვის სანქციის დაწესებამდეც იყო გაფორმებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას ეკუთვნის:

  • ბაკურიანში ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამი მიწა (417, 406 და 119 კვ.მ);
  • მცხეთის მუნიციპალიტეტში, მუხათწყაროში, ტყესთან ახლოს ერთმანეთის გვერდიგვერდ მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამი მიწა (544, 1188 და 1138 კვ.მ);
  • თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „ჰილს დეველოპმენტისგან” ნაყიდი 67 კვადრატული მეტრის ბინა და 20 კვადრატული მეტრის ავტოსადგომი;
  • ვერაზე, ფიქრის გორაზე მამისგან 20 სექტემბერს ნაჩუქარი 91 კვადრატული მეტრი ბინის მიმდებარედ 38 კვადრატული მეტრის ზომის ბინა.

დღევანდელი მდგომარეობით, ოთარ ფარცხალაძის პირველი ქორწინებიდან შვილისა და მისი ამჟამინდელი ცოლის - ეკა ჩხიკვიშვილის საერთო საკუთრებაა წყნეთში, ე.წ. ელიტურ - კაკლების დასახლებაში მდებარე 1500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობები. რეესტრის მონაცემებით, ამ ეზოში არის 349 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სივრცე, 62 კვ.მ - საზაფხულო, 312 კვ.მ - სარდაფი, 75 კვ.მ - დამხმარე ფართი, 64 კვ.მ - ავტოსადგომი და 68 კვ.მ - აუზი).

საჯარო რეესტრის ონლაინრუკა: კაკლების დასახლებაში ფარცხალაძის ოჯახის ქონება

პრესტიჟულ უბანში ეს მიწა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა 2017 წლის დეკემბერში იყიდა და 2020 წლის მაისში შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა.

რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ჩუქების ხელშეკრულება დადეს მამა-შვილმა - 2021 წლის 15 მარტს შვილმა მამას ნაჩუქარი ქონების ნახევარი დაუბრუნა. ოთარ ფარცხალაძემ ეს კუთვნილი ნახევარი თავის მოქმედ ცოლს ორ დღეში, 17 მარტს აჩუქა.

შვილთან შედარებით მოკრძალებულია ოთარ ფარცხალაძის ცოლზე გაფორმებული ქონების სია:

ამ ეტაპზე აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციები მის ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება.

უცნობია ფარცხალაძის ანგარიშების და აქტივების ბედი ქართულ საბანკო სისტემაში. ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, მას 24 საათზე მეტი მიეცა საბანკო ანგარიშების განსაკარგად ისე, რომ არ დაირღვეოდა საქართველოს შიდა საბანკო რეგულაცია.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები ქართულ ბანკებში - რა იძებნება საჯაროდ?