2018 წლიდან გაზრდილია როგორც საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში წასული სარჩელების რაოდენობა, ასევე ინვესტორებთან წარმოებული საარბიტრაჟო დავების თანხის მოცულობა.
თუ სტრასბურგში ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული დავები ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ ქმნის შთაბეჭდილებას, არბიტრაჟში განხილული საქმეები საინვესტიციო გარემოს ახასიათებს.
აუდიტის სამსახური 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ სამინისტრო ფინანსური ანგარიშგებისას ახსნა-განმარტებით შენიშვნებში არ მიუთითებს ინფორმაციას საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავების შესახებ. ეს სისტემური პრობლემაა, რომელზეც აუდიტის სამსახური წინა წლებშიც ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, 2021 წელს, სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არც ის იყო განმარტებული, რომ უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ არსებული დავების მოცულობა ეროვნულ სასამართლოებში 42 მილიონ ლარს აჭარბებდა, ზოგადად კი სამინისტრო მოპასუხეს წარმოადგენდა საქმეებში, რომელთა ჯამური ღირებულება თითქმის 7 მილიარდი ლარი იყო.
რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა სამინისტროს მიერ საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების ჩამონათვალი, მათზე დახარჯული თანხის დეტალური ხარჯთაღრიცხვა და ასევე ინფორმაცია იმ სამართლებრივი დავების შესახებ, რომლებსაც სამინისტრო ადგილობრივ სასამართლოებში აწარმოებს.
სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ:
- 2018 წლიდან 2023 წლის 1 აპრილამდე საქართველომ საერთაშორისო სამართალწარმოებაში 22 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა - აქედან სამი მილიონი სტრასბურგში გაგზავნილ საქმეებზე იურიდიული მომსახურებისთვის იყო განკუთვნილი, 19 მილიონ-ნახევარი საინვესტიციო და კომერციულ საარბიტრაჟო დავებში დაიხარჯა ჯამში 13 საქმის წარმოებისთვის.
- კომერციული დავები ბიუჯეტს ყოველწლიურად უძვირდება - 2021 წელს დახარჯული თანხა თითქმის იგივეა, რაც ჯამურად წინა სამი წლის განმავლობაში. საუბარია მხოლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯზე და არა თანხაზე, რაც საქართველოს შეიძლება ამ საქმეების წაგება დაუჯდეს.
- ბოლო 6 წლის განმავლობაში საინვესტიციო და კომერციული საარბიტრაჟო 13 დავიდან 6 დასრულებული და ერთი მიმდინარე საქმე კონფიდენციალურია.
რა ვიცით საარბიტრაჟო დავებზე იმის გარდა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ამბობს
საქართველოს მთავრობა ორი ტიპის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული - ან მას უჩივიან ინვესტორები, ან მთავრობა უჩივის სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიებს, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.
“შესაბამისი საარბიტრაჟო წესების ან/და მხარეთა შეთანხმებით მიმდინარე საარბიტრაჟო პროცედურების უმეტესობა არის კონფიდენციალური”, - მოგვწერა იუსტიციის სამინისტრომ არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოების წარმოებაში არსებულ ზოგიერთ დავაზე.
საქართველოს წინააღმდეგ იმ საქმეებში მოთხოვნილი კომპენსაცია, რომლებიც საჯაროა, 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
რადიო თავისუფლებამ საერთაშორისო დავებზე დამატებითი ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან მოიძია და აღმოაჩინა, რომ:
- არბიტრაჟში განსახილველი ერთ-ერთი საქმე შესაძლოა იყოს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის დავა საქართველოს წინააღმდეგ.
- ერთ-ერთი ბოლო საქმე, რომელიც საქართველომ არბიტრაჟში წააგო 2023 წლის თებერვალში, რუსულ კომპანია INTER RAO-სთან დავა იყო - სახელმწიფო ბიუჯეტს ეს წაგება 75,9 მლნ დოლარი დაუჯდა.
- 2022 წელს საქართველომ სამი დავა მოიგო საფრანგეთის საერთაშორისო არბიტრაჟში იმ კომპანიებთან, რომლებთანაც სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ასაშენებლად ჰქონდა ხელშეკრულება სახელმწიფოს გაფორმებული. მაგისტრალი, რომელიც 2013 წელს დაიწყო იმ პირობით, რომ მისი მშენებლობა 3 წელიწადში დასრულდებოდა, ჯერაც არ არის დამთავრებული, თუმცა საქართველომ მოგებულ საარბიტრაჟო დავაში დაახლოებით 187 მილიონი ლარი მიიღო კომპენსაციის სახით.
- საქართველოს დავა აქვს სხვა კონტრაქტორებთანაც, მაგალითად, კანადურ კომპანია „ბეჰლენ ინდასტრისთანაც“ (Behlen Industries), რომელთანაც ხელშეკრულება კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2016 წელს დადო სამ ქალაქში, გორში, თელავსა და ბათუმში სპორტის სასახლეების ასაშენებლად. კომპანია ატბიტრაჟში წასვლისას ამტკიცებდა, რომ ვალდებულებები თითქმის სრულად ჰქონდა შესრულებული, სამინისტრო კი ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად სწორედ შეუსრულებელ ვალდებულებებს ასახელებდა.
- არბიტრაჟში მოხვედრილი ანაკლიის პორტის საქმეზე სახელმწიფოს თანხის დახარჯვა მოუწია არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთვის იურიდიული მომსახურების შესყიდვაში, არამედ ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოსთვისაც. ამ უწყებამ 2017-2022 წლებში მილიონ დოლარზე მეტი იურიდიული მომსახურება შეისყიდა იმავე კომპანიებისგან, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო საარბიტრაჟო დავებისთვის ქირაობს. 11-დან 9 კონტრაქტი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე დაიდო.
“საარბიტრაჟო დავებში საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ზიანი, მატერიალური და პოლიტიკური, ეს საქმეები გავლენას ახდენს ქვეყნის რეპუტაციაზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას Gnomon Wise-ის მკვლევარი, ეგნატე შამუგია. საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავებში მონაწილე ბიზნესმენებზე დაკვირვება მას საშუალებას აძლევს, თქვას, რომ საქართველოში ინვესტორები უმეტესად შემოდიან არა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან შეძლეს “დალაგება” და მათთვის ხელსაყრელი თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება.
“თეორიულად, როცა მთავრობა მუდმივად არღვევს მის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, ეს ქმნის ბუნდოვან საინვესტიციო გარემოს, სადაც ინვესტორისთვის იზრდება რისკი, რომ მისი ხელშეკრულების დადება გაძვირდება და იძულებული გახდეს სასამართლოს გზით დააკისროს ზიანის ანაზღაურება. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, რომ ინვესტორმა ვერ გააკეთოს პროგნოზი, რა იქნება მისი კაპიტალდაბანდების უკუგება და ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ინვესტორები უარს ამბობენ ინვესტიციებზე. თუმცა, ეს არის თეორიულად და პრაქტიკაში, მე ვთვლი, რომ ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. არბიტრაჟში წასული საქმეების ნაწილი არა იმდენად ბიზნესი, რამდენადაც კერძო და საჯარო სეგმენტების პარტნიორობაა. როცა მთავრობა ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას, რომ კერძო კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ რისკებს დააზღვევს, ეს არ არის სტანდარტული ბიზნესი”, - ამბობს ეგნატე შამუგია და განმარტავს, რომ ზოგადად, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის მთავარი კრიტერიუმები ბიზნესის კეთების სიმარტივე და თავისუფალი, ეფექტური სასამართლო სისტემაა და როცა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე გამოწვევად არის აღიარებული და ბიზნესის საკეთებლად ხელისუფლებასთან სათანადო კავშირების დამყარებაა საჭირო, საინტერესო ინვესტიციების მოზიდვაც სირთულეს წარმოადგენს.
მანიპულაცია სტრასბურგის სასამართლოს სტატისტიკით
„სანამ ჩვენი მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, სასამართლო სისტემა იყო გაგრძელება პროკურატურის. საქმეები, რაც გაიგზავნა სტრასბურგში, ეს არ იყო ათეულობით, იყო ათასობით სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. შედარებისთვის ვიტყვი, წელს 150 საქმე გაიგზავნა აპელაციის კონტექსტში სტრასბურგში. ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ არის ევროპული საშუალო ზომის ზემოთ - 52/55%. სამართლის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო არის პირველ ადგილზე არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - თქვა დღეს, 30 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლება სტრასბურგში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი საქმეებით მანიპულირებს ისე, რომ არ ახსენებს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან შეტანილ 3300 საჩივარს, რასაც კამპანიური ხასიათი ჰქონდა საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მისაყენებელად და რამაც სრულიად შეცვალა სტატისტიკა. ჯერ კიდევ 2019 წელს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავდა იმედთან ინტერვიუში, რომ “11-ჯერ (4453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა“.
2008 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო რუსეთის მიერ შეტანილი საჩივრების გამო მართლაც შედიოდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლის წინააღმდეგაც ყველაზე მეტი საჩივარი იყო შესული სტრასბურგში. თუმცა, საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლომ 2021 წელს დაადგინა, რომ 2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში რუსეთი “ეფექტურ კონტროლს” ახორციელებდა როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ასევე მის მიერ დაკავებულ ბუფერულ ზონაზეც.
“[რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-ზე მეტი საჩივარი] რუსეთის ხელისუფლების სტრატეგიის ნაწილია და ვერ იქნება ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის გასაზომად ვარგისი. შესაბამისად, ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესაფასებლად თუ სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხის გასაზომად, ამ კონკრეტული საჩივრების გამოყენება, სტატისტიკური მაჩვენებლებით მანიპულირებაა”, - მიიჩნევს კვლევითი ორგანიზაცია Gnomon Wise.
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების მიუხედავადაც, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2009-2012 წლებში საქართველოდან მართლაც უფრო მეტი საქმე შედიოდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ვიდრე ბოლო წლებში შედის, თუმცა 2012 წლიდან საქმეების კლება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას. თავად სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლიდან შეცვალა პრაქტიკა გადატვირთულობის გამო და ზოგადად იკლო ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შესული საქმეების რიცხვმა.
საქართველოდან საჩივრების კლების ტენდენცია იმის დასტურადაც ნაკლებად გამოდგება, რომ ქვეყანაში ადგილობრივი სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა და იმის თქმაც შეუძლებელია ცალსახად, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის დროს კლების ტენდენცია უცვლელია. 2018 წლიდან ყოველწლიურად იმატებს სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და საბოლოოდ, 2022 წელს 2017 წელთან შედარებით გაორმაგდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საქმეების რიცხვი.
2023 წლის 25 აპრილს IRI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში სასამართლოს მოსახლეობის 39% ენდობა.
ასევე ნახეთ “სამი წლის თავზე ჩვენ ისევ ვიბრძვით სამართლიანობისთვის” - 20 ივნისის დაზარალებულების უშედეგო ბრძოლა
რას ამბობს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი საქმეები?
“ზოგადად საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო სამართალწარმოებაში საჩივრების რაოდენობა შეიძლება იყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი, მაგრამ არა ყოველთვის. საჩივრის უკან შეიძლება იდგეს ათეულობით და ასეულობით ადამიანი და ზოგადადაც მნიშვნელოვანია არა საჩივრების ოდენობა, არამედ ის პრობლემები, რასაც შეეხება ის. მნიშვნელოვანია ისიც, რას სწავლობს სახელმწიფო საერთაშორისო სამართალწარმოებისგან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დათა ჯავახიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. ის და მისი ორგანიზაცია წლებია ეხმარებიან ადამიანებს საერთაშორისო სასამართლოებში თავიანთი სიმართლის დამტკიცებაში. საიას მიერ სტრასბურგში წლების განმავლობაში გაგზავნილი საჩივრები ცხადყოფს, რომ საქართველომ თითქმის “ვერაფერი ისწავლა” შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების დაცვის აუცილებელი სტანდარტის შესახებ - საია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება როგორც 20 ივნისის საქმეზე, ასევე ცალკეული დემონსტრანტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევები გამოაჩინა მაისის დასაწყისში გამოქვეყნებულმა გადაწყვეტილებამ “ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” - ეს არის აქტივისტ, ლეიბორისტული პარტიის წევრ ლაშა ჩხარტიშვილის მესამე საქმე სტრასბურგში, სადაც მან დაამტკიცა, რომ უკანონოდ შეეზღუდა პროტესტის უფლება.
ასევე ნახეთ “არა ლობიოს სამართალს” - ლაშა ჩხარტიშვილმა საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო“ხშირად დარღვევები მეორდება, შეიძლება რეფორმები ტარდება, მაგრამ ეს რეფორმები ტარდება მხოლოდ ფურცელზე. სახელმწიფო შეიძლება იღებდეს იდეალურ კანონებს, მაგრამ ეს კანონები სრულიად განსხვავდება იმ კანონმდებლობისა და სამართლისგან, რაც რეალურად მოქმედებს”, - ამბობს დათა ჯავახიშვილი.
“ევროსასამართლოში შეტანილი საქმეები სრულად არა, მაგრამ ძირითადად უნდა ირეკლავდეს საზოგადოების პრობლემებს. ამიტომ საკმაოდ უცნაური იყო, როცა ბევრი თემა, რომელზეც საზოგადოება მწვავედ რეაგირებდა, ვერ მოხვდა სასამართლოში. მაგალითად შემიძლია დავასახელო ბავშვებზე ძალადობის საქმეები (ამ თემაზე ასევე იხილეთ ქვევით) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ სასწავლო დაწესებულებებში არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ასევე წლები ველოდით ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების საქმეს. ეს მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყოველწლიურად ასეთ ბევრ შემთხვევას აქვს ადგილი. ასევე უმცირესობების დევნის გახშირებული ფაქტების მიუხედავად, ევროსასამართლოში ასეთი სარჩელების რაოდენობა არ გაზრდილა. იგივე ეხება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს”, - ეს სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ნონა წოწორიას დაკვირვებაა. ის თვლის, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც საერთაშორისო სამართალწარმოებაში ეხმარებიან ადამიანებს, სწორედ ეს მიმართულება უნდა ჰქონდეთ პრიორიტეტად დასახული.