სამართალდამცავებმა იგი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითა და 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით 13 ივნისს დააკავეს.
ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. რადიო თავისუფლებასთან კომენტარს არ აკეთებს არც მისი ადვოკატი.
რას ამბობს გამოძიება?
საქმის პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს:
"სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავთ ბრალის დამძიმებას. მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვნის სიკვდილი მოჰყვა".
პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებული და მსხვერპლი "გარკვეული დროის განმავლობაში ერთსა და იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ". თუმცა, შემდეგ აზუსტებს, რომ ერთი და იმავე მისამართზე საუბრისას ის გულისხმობს „ერთ კორპუსს“ და არა "ერთ ბინას".
ალექსანდრე ძირკვაძის თქმით, ასევე არაა გამორიცხული, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დამატებითი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში, გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრეც.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბრალდებული დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“.
„ბოლო 10 დღე სულ ჩაიკეტა“ - რას უყვება რადიო თავისუფლებას ესმერალდას ოჯახის წევრი
იცოდა თუ არა ოჯახმა მოზარდის პრობლემის შესახებ და რა გააკეთა იმისთვის, რომ არასრულწლოვანი სუიციდისგან დაეცვა? რა იცოდა და რა უნდა სცოდნოდა სკოლას, რომ მოზარდს მსგავსი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება არ მიეღო?
განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ დაუკავშირდნენ სკოლას, მაგრამ „ამ საკითხზე რაიმე ხელჩასაჭიდი არაფერი იყო“.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ესმერალდა სკოლაში საერთოდ არ დადიოდა. ანუ ის სკოლის მოსწავლე აღარ იყო. მოზარდის ბებიის და, მარიამ ბალაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გოგონა სკოლიდან ცხრა კლასის დასრულების შემდეგ გამოვიდა:
„ძალიან კარგად ხატავდა. უნდოდა სამხატვროში ჩაბარება, მაგრამ მერე სამხატვროშიც, არ ვიცი... ეს ბავშვი როგორ იყო იცით?... სულ სახლში იყო ხოლმე. ერთი დაქალი ჰყავდა, სხვა არავინ“.
მარიამ ბალაძე ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, მოზარდს ხასიათი შეეცვალა, კიდევ უფრო „ჩაიკეტა“:
„ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. გიჟდებოდნენ შვილიშვილზე, ცივ ნიავს არ აკარებდნენ. დედა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, პატარა შეეძინათ, ცალკე გადავიდნენ, მაგრამ ესმერალდამ ბებია-ბაბუა არ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ცალკე ცხოვრობდა, სულ ერთად იყვნენ. ბავშვი რომ ჩაიკეტა და ეკითხებოდა დედა, რა ხდება, რამე პრობლემა თუ გაქვს, გვითხარი, ერთად მოვაგვაროთო, ამბობდა, რომ არაფერი აწუხებდა. გამოვიდოდა ოთახიდან, შეჭამდა, შეიკეტებოდა. დაქალთან ერთად თუ გაისეირნებდა და მერე ისევ ოთახში შეიკეტებოდა“.
ესმერალდას ბებიის დის თქმით, მოზარდის პრობლემის შესახებ მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობარმა იცოდა. მისივე თქმით, მეგობარი ოჯახს უყვება, რომ ესმერალდა ძალადობის მსხვერპლი არ იყო, სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ბრალდებულთან და შემდეგ მესიჯებს სწერდა და ეს ტექსტური შეტყობინებები გამოძიებას უკვე გადასცეს.
„დაქალისგან ვიცით, რომ იმ ბიჭმა უთხრა, რომ არ უყვარდა. ბავშვი ამის მერე ჩაიკეტა. განადგურდა. დედამ არაფერი იცოდა, რა სჭირდა ბავშვს. ეს რომ გვცოდნოდა, ისე მოვაგვარებდით, რომ ბავშვი თავს არ მოიკლავდა. ან გავაყოლებდით, ან ისე მოვაგვარებდით, რომ იმ ბიჭს ჩავაჯენდით ციხეში, მაგრამ არაფერს არ ამბობდა ბავშვი.
რამდენჯერმე სიკვდილიც ახსენა ესმერალდამ დედასთან ლაპარაკისას, სიკვდილის არ მეშინიაო. ჩემი დისშვილი რომ ეუბნებოდა, რა დროს შენი სიკვდილიაო, არ მეშინიაო, ამბობდა. მეტი არაფერი. ვინ იფიქრებდა, რომ ამას ჩაიდენდა.
როცა დედამ შეამჩნია, რომ ბოლო 10 დღე უფრო ჩაიკეტა, სთხოვდა, გამენდეო, ყველაფერზე უარს ამბობდა. დაქალისთვის უთქვამს, დედამ რომ გაიგოს, რაც დამემართა, თავს მოვიკლავო. ახლა წერენ, რომ თითქოს დედა-შვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. დედა ყოველთვის უყვირებს თავის შვილს, მაგრამ ისეთი დედა-შვილობა ჰქონდათ, რომ არაფერს უმალავდა ბავშვი“.
„თვითმკვლელობა არასდროსაა გამოსავალი“
„ამ მოზარდებისთვის უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო მესიჯი. როდესაც ბავშვს ჰგონია, რომ არის გამოუვალ მდგომარეობაში და ის ე.წ. გამოსავალს ხედავს თვითმკვლელობაში, უნდა იცოდეს, რომ დახმარება სჭირდება და დახმარებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს ვინმეს. და ეს „ვინმე“ იმ სიტუაციაში შესაძლოა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, მასწავლებელი, ახლობელი"- ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკა ჭყონია, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე.
"ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოზარდი გრძნობს, რომ გამოუვალ მდგომარეობაშია, ჩიხში შედის და თვითონ ვეღარ ახერხებს ამ ჩიხიდან გამოსვლას, უნდა თქვას და ამაში სასირცხვილო არაფერია, რადგან არ არსებობს სიტუაცია, რომლის გამოსავალიც მხოლოდ სუიციდია. მიმართვასავით გამომდის, მაგრამ ასე ჯობია - უნდა ილაპარაკოთ. შენი თავი ჩიხში არასდროს შეიყვანო. არასდროს არის გამოსავალი სასოწარკვეთა და საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა“. - ეკა ჭყონია ამბობს, რომ რომ მოზარდებში სუიციდის შემთხვევების გახშირების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საზოგადოება, მათ შორის, ოჯახი, სკოლა, იქ, სადაც ბავშვები ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებენ, სათანადოდ არ რეაგირებენ მოზარდების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ვერ აიდენტიფიცირებენ პრობლემას და ბავშვებს მარტოს ტოვებენ საკუთარ თავთან:
„ ჩვენ ამ პრობლემას სისტემურად უნდა შევხედოთ. სუიციდის შემთხვევები ამ ასაკობრივ ჯგუფში გახშირებულია და მასთან გამკლავების გზა ასეთია - ჩვენ, საზოგადოება, პედაგოგი, სკოლის ექიმი, ფსიქოლოგი, მანდატური ვიყოთ უფრო ყურადღებით ბავშვების ემოციური მდგომარეობის მიმართ. უნდა შეგვეძლოს იმ ნიშნების გამოვლენა, რომლებიც გვაძლევს სიგნალს, რომ ბავშვი თავს კარგად ვერ გრძნობს და შემდეგ უკვე უნდა არსებობდეს ქცევის სტრატეგია, რა ღონისძიება უნდა გატარდეს ასეთ შემთხვევაში. სუიციდის გადაწყვეტილებამდე მოზარდი აუცილებლად ავლენს ნიშნებს, უბრალოდ, ამას საზოგადოება არ აქცევს სათანადო ყურადღებას, რადგან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერება არის დაბალი, ან შესაძლოა, „მერე რა მოხდას“ გზით მივდივართ ხოლმე, რას აბსოლუტურად გაუმართლებელი სტრატეგიაა“.
ეკა ჭყონია ამბობს, რომ თითოეულმა მოზარდმა, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე სხვადასხვა პრობლემის გამო, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელობა პრობლემიდან გამოსვლის გზა არ არის და ამ ჩიხიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად არ უნდა სცადონ.
რა უნდა იკვლიოს გამოძიებამ?
16 წლის ესმერალდა მესამე არასრულწლოვანია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც სექსუალური ხასიათის ძალადობის ფონზე, თვითმკვლელობის ნაბიჯს დგამს და მათ შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
ეკა ჭყონია ამბობს, რომ მოზარდებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მიზეზი, სექსუალური ხასიათის ძალადობა, ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი თუ სხვა, მასთან დაკავშირებული მიზეზები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქცეს თვითმკვლელობის საბაბად.
ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტია. სწორედ ანა იყო ჩართული 2021 წელს, ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის საქმეში. ის ნინის დის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატი იყო. ნინიმ თავი 2021 წლის თებერვალში მოიკლა.
ასევე ნახეთ როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიანმოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებამ საბოლოოდ ორი პირი დააკავა. 23 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოზარდზე სექსუალურად იძალადა და ბავშვის ბაბუა, რომელიც 14 წლის ნინის მას შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად, რაც შეიტყო, რომ მის შვილიშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ანა თავხელიძის თქმით, იმ კატეგორიის საქმეებში, სადაც მოზარდზე სექსუალური ძალადობა ფიგურირებს, აუცილებელია, რომ საგამოძიებო უწყება არ შემოიფარგლოს მხოლოდ იმ ფაქტებით, რაც ზედაპირზე დევს და ერთი შეხედვითაც ჩანს.
იურისტი ამბობს, რომ 16 წლის ესმერალდას თვითმკვლელობის საქმის გამოძებამ უნდა გაარკვიოს ხომ არ იკვეთება სხვა მოძალადეც:
„როგორც წესი, სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, ოჯახში ძალადობის რისკი ძალიან მაღალია და ამის კლასიკური მაგალითია 14 წლის ნინის საქმე. როდესაც ოჯახი იგებს, რომ ბავშვი ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია ან თუნდაც ჰქონდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, მის მიმართ ოჯახში ძალადობის რისკი არის ძალიან მაღალი და ეს ფაქტორიც უნდა იკვლიოს გამოძიებამ“.
ანა თავხელიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმითაც, ვინ იცოდა, მოზარდზე ძალადობის ფაქტის შესახებ.
„უნდა გაირკვეს, ხომ არ ჰქონდა თავად ბავშვს მიმართული სამართალდამცავებისთვის ან სხვა პირს ხომ არ ჰქონდა ამ ბავშვთან დაკავშირებით შეტყობინება გაკეთებული. ასევე, თუკი მეზობლებმა ან სხვა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ბავშვი შესაძლოა რაიმე ტიპის ძალადობის მსხვერპლი იყო და არ გააკეთეს შეტყობინება, აუცილებლად უნდა დააყენოს სახელმწიფომ მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, რასაც თითქმის არასდროს აკეთებს და ამით ხელს უწყობს ბავშვებზე ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობას“.
16 წლის ესმერალდას გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების (140-ე) მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაშა ნინიძეს შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ „ცუდი ფიქრები მაქვს“ - ვუსმენთ ჩვენს შვილებს, როცა მათ უჭირთ?