რა საფრთხეებს ხედავენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გეგმებში

გიორგი კოხრეიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში რეორგანიზაციის გამოცხადებას ახლად არჩეული დირექტორი ხელმეორედ შეეცდება. გიორგი კოხრეიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განიზრახა ცვლილებების განხორციელება, მაგრამ რეგიონალური მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან ვერ მიიღო საჭირო ოთხი ხმა. დირექტორს, რომელსაც არჩევის შემდეგ ჟურნალისტებმა სარედაქციო საქმეში ჩარევის მცდელობაში დასდეს ბრალი, განზრახული აქვს ხუთი მოადგილე ჰყავდეს. ისინი ხუთ ახლად შექმნილ სამსახურს უხელმძღვანელებენ, რაც გულისხმობს ტელევიზიის, რადიოსა და ვებსაიტის სხვადასხვა მიმართულების მართვას. დირექტორის ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, ვინაიდან ფიქრობს, რომ დირექტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ტელევიზიის ვებგვერდის დაშლას ისახავს მიზნად, ნაცვლად მისი გაძლიერებისა:

„ტექნიკურ სამსახურს მიბმული იქნება ვები, როგორც იყო 2017 წლამდე. ამ დროს კი მხოლოდ ტელევიზიის არქივს ათავსებდა, რაც ნორმალური მოვლენა არაა, იმიტომ რომ ვები ყველაზე აქტიურია, ტელევიზიაზე და რადიოზე მეტად, წინ უსწრებს მათ ინფორმაციის მოპოვებასა და განთავსებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მნახველები 200-300 %-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფუნქციურად იგი გამოეყო ტექნიკურ სამსახურს. ამ სინათლეს რომ ჩააქრობ და სხვასთან გააერთიანებ, როგორ შეიძლება ეს წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს? სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპი, რაც ამ დრომდე იყო, რომ ცალ-ცალკე პლატფორმა ყოფილიყო ტელევიზია, რადიო და ვებსაიტი და ისინი ყოფილიყვნენ ხელშეუხებელნი, ირღვევა. სამ და ოთხ დაქვემდებარებაში აქცევენ“, - ამბობს გია ქარცივაძე.

მას ეშინია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ რგოლის, რომელიც ქმნის დამოუკიდებელ ნეიტრალურ შინაარსს, რასაც აქ მომუშავე ადამიანები დღესაც ვქმნით. ამის რომ ეშინია დირექტორს, ხომ მეტყველებს არაჯანსაღ პროცესზე?
სოფო ჟღენტი


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ამ ინიციატივას მხარს უჭერს მრჩეველთა საბჭოს წევრი, სოსო სტურუა. იგი ფიქრობს, რომ ცვლილებებით რეგიონალურ მაუწყებელში არსებული „ძველმოდური მართვა შეიცვლება რევოლუციურით“. ის უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ ჟურნალისტების პროტესტს, რომლებიც მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის მიერ არჩეულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, სარედაქციო საქმეში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ.

„გარკვეული სუბიექტების მიერ აგორებული ტალღა რომ გაცხადდა, ეს ჩარევის მცდელობააო, კოხრეიძის არჩევაც ჩარევის მცდელობააო, იმავე ტალღის გაგრძელებაა ეს. სრულიად მოკლებულია ლოგიკას. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა კანონით დაცულია. უნდა ვიცოდეთ, რა არის სარედაქციო პოლიტიკა, საერთოდ. როცა ინფორმაციის შინაარსზე მუშაობს გუნდი, იმაში ვერავინ ვერ ჩაერევა. ვერც ხელმძღვანელი“, - ირწმუნება სოსო სტურუა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი, წარსულში კი ამავე ტელევიზიის დირექტორი, რომლის მმართველობის დროსაც აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ორმა პროდიუსერმა სამსახური დატოვეს სწორედ იმის გამო, რომ სტურუა ჩარევაში დაადანაშაულეს. მათ შორისაა ჟურნალისტი სოფო ჟღენტი, რომელიც სტურუას დირექტორობის ვადის ამოწურვის შემდეგ კონკურსის გზით დაბრუნდა მაუწყებელში ონლაინსამსახურის ხელმძღვანელად. ეს სამსახური დღეს მაუწყებელში ქმნის დამოუკიდებელ შინაარსს, ხშირად წერს რეგიონის პრობლემებსა და გამოწვევებზე და მისი რეიტინგი მზარდია. სოფო ჟღენტი ამბობს, რომ დირექტორისა და მრჩეველთა ნაწილის მიერ შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, მაუწყებლის ვებსაიტი და ონლაინპლატფორმები ერთიანი აღარ იქნება და მას რამდენიმე სხვადასხვა სამსახური გადაინაწილებს:

გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ. არსებობს კითხვები დაგეგმილ რეორგანიზაციაზე, რაც ჟურნალისტებს აწუხებთ. ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ გაფართოვდეს წრე ხალხის, ჩაერთონ პროცესში ექსპერტები.
მამუკა ანდღულაძე


„პირდაპირ მითხრა კიდეც გიორგი კოხრეიძემ, ვებსამსახურს ცუდი ადამიანი რომ მართავდეს და იყოს ყველასგან დამოუკიდებელი, ეს არის ბომბი საზოგადოებრივ მაუწყებელშიო. მას ეშინია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში იმ რგოლის, რომელიც ქმნის დამოუკიდებელ ნეიტრალურ შინაარსს, რასაც აქ მომუშავე ადამიანები დღესაც ვქმნით. ამის რომ ეშინია დირექტორს, ხომ მეტყველებს არაჯანსაღ პროცესზე? “

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ბოლო დროს შექმნილი ვითარების შესასწავლად, ჟურნალისტებთან, მრჩეველთა საბჭოს წევრებსა და დირექტორთან შეხვედრებს მართავს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე. მისი შეფასებით, ქართულ მედიასივრცეში აჭარის ტელევიზია განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ბოლო დროს კი მიღწევებთან ერთად თავი იჩინა გარკვეულმა პრობლემებმა, რაც ჟურნალისტების პროტესტს იწვევს:

ასევე ნახეთ რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და ეთიკის ქარტია აჭარის ტელევიზიის დირექტორთან

„გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ. არსებობს კითხვები დაგეგმილ რეორგანიზაციაზე, რაც ჟურნალისტებს აწუხებთ. ჩვენი მთავარი თხოვნა იყო, რომ გაფართოვდეს წრე ხალხის, ჩაერთონ პროცესში ექსპერტები. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თავად მომუშავე თანამშრომლებს, არ აქვს მნიშვნელობა, შტატში არიან თუ ხელშეკრულებით, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მოსალოდნელ ცვლილებას. ჟურნალისტებმა კითხვებზე, მაგალითად, ვებსაიტის ბუნდოვანი მომავლის თაობაზე, მიიღონ ისეთი პასუხები, რომ აიხსნებოდეს შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბუნდოვანება დარჩება და ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს მედიის საქმიანობაზე“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე.