რა პრობლემას უქმნის ამომრჩეველს საარჩევნოდ კიდევ უფრო პოლარიზებული ტელემედია

რა გზით იღებენ ინფორმაციას ბათუმელები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და რომელ საინფორმაციო წყაროებს იყენებენ ამისთვის? - ამ კითხვაზე ბათუმის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქართულენოვან სატელევიზიო არხებს უყურებს, ნაწილი კი ინფორმაციას ონლაინმედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით იღებს, თუმცა მათი უმეტესობა იმასაც აღნიშნავს, რომ:

„არასანდოა ქართული მედია, იმიტომ რომ არის რეალურად ორი ჯგუფი: ერთნი ამართლებენ ოპოზიციას, მეორენი ხელისუფლებას და რეალურ ინფორმაციას არ გადმოსცემენ, არიან მიკერძოებული, ჟურნალისტი ყოველთვის ეძებს სკანდალს და რაც ხალხს აწუხებს, იმ რეალურ პრობლემებზე ჟურნალისტები არ საუბრობენ“ (გიორგი კალანდაძე).

არაინფორმირებული ამომრჩეველი არის საქართველოში პოლიტიკური პარტიების მთავარი სამიზნე და ამას როგორ გაუშვებენ ხელიდან?

„ყველა პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკე საიტები გამოვრთე სოციალურ ქსელში, ტელევიზორი კი არ მაქვს და ახლო მეგობრები, რომლების პოლიტიკური ხედვა ჯანსაღად მიმაჩნია, მხოლოდ მათ პოსტებს ვკითხულობ. ვფიქრობ, რომ პრობლემაა, როცა ტელევიზიების მთავარი ნიუსები არის პოლიტიკური და პარტიულის გარდა ამბებს მხოლოდ 10 %-ს უთმობენ. პირიქით რომ იყოს, უკეთესი იქნება“ (ნინო ჩხაიძე).

„უნდა იყოს სივრცე, სადაც ხალხს შეეძლება დისკუსია რეალურ პრობლემებზე. მაგალითად, ამ ქალაქში არის ძალიან ბევრი პრობლემა: სივრცის პრობლემა, განაშენიანების პრობლემა, გადაადგილების და სხვა. ტელევიზია კი ამ დროს სერიალების გაშვებით არ უნდა იყოს დაკავებული, უნდა აჩვენოს, რეალურად რა ხდება ამ ქალაქში“.

„ქართული მედია ყველა ერთნაირად მუშაობს. საქმე იმაშია, რომ მედიას დაკვეთას აძლევენ და ყველა მოვლენის გაშუქების უფლებას არ აძლევენ. დღევანდელი მთავრობის ამბავია ეს“.

„იმდენად ბევრი ოპოზიციური არხი გვაქვს უკვე საქართველოში, რომ ვის უნდა ენდო? ვისგან უნდა გაიგო ის შუალედური ოქროს სიმართლე? ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. მიდის ერთმანეთის ლანძღვა. ამ შემთხვევაში ძალიან დაბნეულია ხალხი, ვისკენ გადავიხაროთ, ვის ვენდოთ, ვისგან გავიგებთ სიმართლეს? ჟურნალისტი მიუკერძოებელი უნდა იყოს! როგორც ექიმი დებს ფიცს და კი არ უნდა მოემსახუროს, არამედ დაეხმაროს... ასევე უნდა დაეხმაროს ჟურნალისტი ხალხს, ჩვეულებრივი ადამიანის ყურამდე უნდა მიიტანოს“ (ლია თევზაძე).

ქვეყანაში ერთმანეთს ებრძვის ორი პარტია, ორი ტელევიზია და საზოგადოებაში არის ძირითადად ორი განწყობა.

„არ მინდა ვიღაცაზე იარლიყის მიკვრა, მაგრამ ჩემი გადასახედიდან დღევანდელ დღეს ობიექტური ტელევიზია, სამწუხაროდ, არ გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და ზოგი ამბობს, ის ნაცია, ის კი ქოცი და 50/50-ზეა გადანაწილებული, ოქროს შუალედის პოვნა ქართულ ტელესივრცეში მიცდია, მაგრამ რომ ვუყურებ, ან იქეთ წონიან, ან აქეთ, თანაბრობა ნაკლებადაა რომელიმე ტელევიზიაში“ (კახა აფხაზავა).

პოლარიზებული მედიაგარემო გახდა მიზეზი იმისა, რომ ჟურნალისტმა ქეთი დუმბაძემ პროფესია შეიცვალა და კერძო სექტორში გადავიდა. ამბობს, რომ, მიუხედავდ გაკეთებული არჩევანისა, ქართული მედიის მუშაობას აქტიურად აკვირდება და იმასაც ადევნებს თვალს, თუ რომელ საინფორმაციო საშუალებებს იყენებენ მოქალაქეები და რა გავლენა აქვს არჩეულ მედიასაშუალებას მათზე. ქეთი დუმბაძე ამბობს, რომ მის სანაცნობო წრეში ტელევიზორი ძირითადად ორ სხვადასხვა არხზე აქვთ ჩართული და მაყურებლების პოლიტიკური შეხედულებაც შესაბამისად განსხვავდება:

რაც არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ორმა ნაციონალურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა საზოგადოების მანიპულირება. ოჯახების ნაწილში ჩართულია „რუსთავი 2“, სხვა ოჯახებში კი ირთვება „იმედი“. თან მოვისმინეთ, ვნახეთ ტელეკომპანია „იმედის“ საგანგებოდ ეთერში მუშაობის დაწყების შესახებ განცხადება. ანუ, ქვეყანაში ერთმანეთს ებრძვის ორი პარტია, ორი ტელევიზია და საზოგადოებაში არის ძირითადად ორი განწყობა. მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ მესამე განწყობას და ამ საშინელი მდგომარეობიდან მთავარ გამოსავალს მაინც ვხედავ დარჩენილი მედიასაშუალებების - საზოგადოებრივი მაუწყებლის, იგივე რადიო თავისუფლების - მიერ მაღალი ხარისხის ანალიტიკური, სხვადასხვა მოსაზრების წარმოჩენაზე ორიენტირებული მედიამასალების მომზადებაში“.

არსებულ პოლარიზებულ მედიაგარემოში ხალხის მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის განსაკუთრებულ როლზე ამახვილებს ყურადღებას გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელსაც, მისივე შეფასებით, დღეს პულსიც კი არ ესინჯება:

„კომერციული ტელევიზიები, ვიცით, რომ არის პოლარიზებული და კონკრეტული პიროვნებების, პოლიტიკური პარტიების თუ გავლენიანი ჯგუფების ინტერესებით მუშაობენ. არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ ქვეყანაში იმაში, რომ ამ ტელევიზიების უკან დგას კონკრეტული ინტერესი და ეს ინტერესი არ არის საზოგადოების ინფორმირება, არამედ ეს არის ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით გარკვეული ჯგუფის შეხედულების გავრცელება. ამ ვითარებაში კი საზოგადოებრივ მაუწყებელს არც პულსი ესინჯება და არცაა მცდელობა, რომ რამე შეიცვალოს, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება იქცეს საშიში იმ ძალებისთვის, ვისაც აქვს საზოგადოების მართვის სურვილი ტელევიზიით და დღეს ვხედავთ ამას, რომ საარჩევნო გარემოა და სინამდვილეში ადამიანებთან კომუნიკაცია ადამიანებს არ აქვთ. არის მხოლოდ კომუნიკაცია ტელევიზორით. არის მარაზმში გადასული ჩანაწერების ჩვენება და მერე საწინააღმდეგო ჩანაწერებით პასუხი. ამას აკეთებს ყველა მხარე უკვე და ადამიანს ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან რთულია პროფესიონალი ჟურნალისტისთვისაც გაარკვიოს, ვინ სად იტყუება. ასეთ ვითარებაში დაბნეული ამომრჩეველი, არაინფორმირებული ამომრჩეველი არის საქართველოში პოლიტიკური პარტიების მთავარი სამიზნე და ამას როგორ გაუშვებენ ხელიდან?“ (ეთერ თურაძე).