ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული 56 წლის ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც პატიმრობაში 2 წელი და შვიდი თვე იმყოფებოდა, ამბობს, რომ შორეულ ნაოსნობაში აღარ წავა. მას შემდეგ, რაც 6 მაისს ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნდა, გადაწყვიტა მეზღვაურის კარიერა დაესრულებინა. სოსლან კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში, კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით, მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე ეკიპაჟის ყველა წევრთან ერთად დააკავეს. იხსენებს, რომ დაპატიმრებისას სამი სხვადასხვა ციხე გამოიარა, განსაკუთრებით მძიმე კი ბოლო საპატიმრო იყო:
Your browser doesn’t support HTML5
„ბოლოს ვიყავით მედიკაში, რომელსაც სიმკაცრისა და ცუდი პირობების გამო უწოდებენ გვანტანამოს ციხეს. მაგრამ, ალბათ, გვანტანამოს ციხეში უფრო კარგი პირობებია, ვიდრე იქ იყო. ეს იყო ჩემი მესამე ციხე. ძალიან ცუდ პირობებში ვიყავით, 30 ადამიანს გვეძინა ერთ ოთახში, ერთ საწოლზე ერთმანეთზე დაწყობილებს. სიცხე, პირობები - ცუდი, საჭმელიც - ცუდი“.
სოსლან კაკაბაძე მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემის დაპატიმრებული ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთადერთი მოქალქე იყო. ხომალდზე მზარეულის საქმით იყო დაკავებული. ამბობს, რომ, ერთ-ერთ პროცესზე, როდესაც მოსამართლემ სიტყვა მისცა, თარჯიმნის საშუალებით მიმართა სასამართლოს:
„მოსამართლემ მითხრა, თქვი, რაც სათქმელი გაქვსო, მე კი ვუთხარი, რომ ხმელეთზე, ზღვაში თუ ცაში, მზარეული პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ მომზადებული კერძის ხარისხზე და მას არ შეუძლია ზემოქმედება იქონიოს უმაღლეს შემადგენლობაზე და ვითარება შეცვალოს. ვუთხარი, რომ მე არ ვარ დამნაშავე და რატომ ვარ აქ, ციხეში, ორი წელი და შვიდი თვე. ამის შემდეგ ჩანიშნეს შემდეგი სასამართლო პროცესი, საიდანაც გამათავისუფლეს“.
შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იქ ყოფნის დროს არსებული ვითარება, რაც გვეხმარება სახელმწიფო უწყებებს ორი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებისთვის შესაბამისი, დამატებითი სტრატეგიის შემუშავებაში. ორი ქართველი მეზღვაური, უკვე ექვსი თვეა, არის ლიბიის საპატიმროში...თამარ იოსელიანი
სოსლან კაკაბაძე ამბობს, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ლიბიაში, უნგრეთის საკონსულოში. მეზღვაური სწორედ ამ ქვეყნის საელჩოს ძალისხმევით გაათავისუფლეს. საქმეში ჩართული არიან საქართველოს სამთავრობო უწყებები, რომლებიც ამ დრომდე ლიბიაში დაპატიმრებული კიდევ ორი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებაზე მუშაობენ - კაპიტანი გენადი კომახიძე და კაპიტნის პირველი თანაშემწე რომა კაკალაძე 2017 წლის ოქტომბერში დააკავეს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მოცურავე გემზე.
პატიმრობიდან შინ დაბრუნებული სოსლან კაკაბაძე კი დღეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამუშაო შეხვედრაზე მიიწვიეს იმ მიზნით, რომ მისგან სწორედ ლიბიის საპატიმროში დარჩენილი ქართველი მეზღვაურების საქმის დეტალები მოესმინათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის, თქმით, პატიმრობაში დარჩენილი მეზღვაურები ლიბიიის სხვა ციხეში ნორმალურ პირობებში იმყოფებიან და სამშობლოში მათ დასაბრუნებლად უწყებები აქტიურად მუშაობენ:
დღეისათვის მათი საქმე გადაცემულია საბრალდებო პალატაში, სადაც მოხდება საქმის არსებითი განხილვა. პროცესი ჩანიშნულია მაისის მეორე ნახევარში და, სავარაუდოდ, 20 მაისს გაიმართება პირველი მოსმენა და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს...ვლადიმერ კონსტანტინიდი
„შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ იქ ყოფნის დროს არსებული ვითარება, რაც გვეხმარება სახელმწიფო უწყებებს ორი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებისთვის შესაბამისი, დამატებითი სტრატეგიის შემუშავებაში. ორი ქართველი მეზღვაური, უკვე ექვსი თვეა, არის ლიბიის საპატიმროში. მათაც ბრალი ედებათ კონტრაბანდის გადატანაში. 20 მაისსაა ჩანიშნული სასამართლო სხდომა და უფრო მეტი დეტალი სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინება. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი უწყება ისევ ვაგრძელებთ ინტენსიურ სამუშაოებს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელიც გათავისუფლებულ მეზღვაურთან შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნავს უცხოელი პარტნიორების - განსაკუთრებით კი, უნგრეთის, თურქეთისა და ბრიტანეთის საელჩოების - თანადგომას ქართველ მეზღვაურთა უფლებების დაცვის საქმეში:
„წინ უძღოდა ძალიან რთული და ინტენსიური სამუშაოები, ვინაიდან ლიბიაში დღეს არსებული ვითარების გამო სახელმწიფო ინსტიტუტები შეფერხებით ფუნქციონირებენ. გამოვიყენეთ ყველა შესაძლო ბერკეტი ყველა დონეზე - როგორც დიპლომატიური, ასევე სამართლებრივი. დღეისათვის მათი საქმე გადაცემულია საბრალდებო პალატაში, სადაც მოხდება საქმის არსებითი განხილვა. პროცესი ჩანიშნულია მაისის მეორე ნახევარში და, სავარაუდოდ, 20 მაისს გაიმართება პირველი მოსმენა და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათი უფლებები დაცული იყოს და მათი პოზიციები გაიზიაროს სასამართლომ და ბრალდების მხარემ“.
კონტრაბანდული ტვირთის გადატანის ბრალდებით ლიბიაში სულ ოთხი ქართველი მეზღვაური დააპატიმრეს. მათ შორის ორი სასამართლომ გაამართლა და ისინი უკვე სამშობლოში დაბრუნდნენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ურჩევს ყველა მეზღვაურს, რომ ვიდრე შორეულ ნაოსნობაში გაემგზავრებიან და სამუშაო კონტრაქტს მოაწერენ ხელს, იურიდიული კონსულტაცია გაიარონ უწყებაში, სადაც ცხელი ხაზი მოქმედებს. გარდა ამისა, სააგენტო მიაწვდის ინფორმაციას იმ საშიში რეგიონების შესახებ, სადაც ნაოსნობაში გამგზავრება მეტად სარისკოა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლიდან დღემდე უწყებამ შუამდგომლობა გაუწია საქართველოს მოქალაქე 105 მეზღვაურს, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნათ. მათ შორის კი ყველაზე ხშირად საქმე ეხებოდა მეზღვაურის გარდაცვალებას, სახელფასო დავალიანებას, გემის დაკავებას, ცუდ სამუშაო პირობებს, ქვეყნის დატოვებისა თუ საბუთების პრობლემას, აგრეთვე მეზღვაურის დაპატიმრებას.